Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სადაც ძალადობაა, ყველგან ის არის”, - მანდატურების ხელშეუხებელი უფროსი


დავით მატიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი
დავით მატიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი

მოკლედ

  • ვინ უჩივის თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურს და მის უფროსს?
  • რა მოხდა პირველ ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში?
  • ვინ არის დავით მატიაშვილი და როგორ მართავს მანდატურის სამსახურს?
  • “ჩაგერიცხა სამი ლარი”? - როგორ მიმართავს მანდატურის უფროსი ჟურნალისტებს?
  • ვის ექვემდებარება მანდატურის სამსახური?
  • “დააყენე შუამდგომლობა და მომიხადე ბოდიში” - რატომ უყვიროდა დავით მატიაშვილი ადვოკატს?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს რამდენიმე აქტივისტი ძალადობაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. საჩივარი პროკურატურაში დღეს შევიდა. საქმე პირველი ოქტომბრის ინციდენტს ეხება, თუმცა მანდატურებისა და სასამართლო პროცესებზე დამსწრეთა ფიზიკური დაპირისპირება ადრეც მომხდარა.

პირველ ოქტომბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სხდომის დამსწრეები მანდატურებმა სასამართლოს დარბაზიდან, შენობიდან და შემდეგ ეზოდან, ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. კადრებში ჩანს, რომ მათზე ძალადობს (სახეში ხელს ურტყამს) მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილიც.

თბილისის პროკურატურაში, 3 ოქტომბერს შეტანილ საჩივარს ხუთი ხელმომწერი ჰყავს:

  • ანი ქავთარაძე
  • ნიკა კვიტატიანი
  • ნინო კვიტაიშვილი
  • მარიამ შუშანია
  • გიორგი პატარაია.

სხვადასხვა დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის პროკურატურაში დაახლოებით 10-მდე საჩივარია შესული. ეს საჩივრები ერთ საქმეშია გაერთიანებული, თუმცა, როგორც ორგანიზაცია “საფარის” იურისტი, თამარ ლუკავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, გამოძიებას ჯერ ყველა დაზარალებულიც კი არ გამოუკითხავს.

თამარ ლუკავა, ჯამში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მიერ დაზარალებულ 7 ადამიანს იცავს.

მან უკვე მიმართა თბილისის პროკურატურას, რომ პირველ ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს როგორც ძალადობის, ისე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების მუხლებით.

იურისტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული ვიდეოკამერების დაარქივება და ამოღებაც:

თამარ ლუკავა
თამარ ლუკავა

“ეს მოთხოვნა იმიტომ დავაყენეთ, რომ ჩვენ სხვა მანდატურების მიერ დაზარალებულ სხვა ადამიანებსაც ვიცავთ და როდესაც პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, მათგან მიიღეს პასუხი, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერებს არ ინახავენ გარკვეული დროის შემდგომ და არ მიაწოდეს სასამართლოს მასალები”, - ეუბნება ლუკავა რადიო თავისუფლებას.

რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს ბოლო თვეების განმავლობაში თბილისის პროკურატურის გამომძიებლებმა? რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება? გამოჰკითხეს თუ არა მოქალაქეები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს ძალადობაში ადანაშაულებენ? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ პროკურატურას მიმართა და პასუხებს როდესაც (თუ) მივიღებთ, აქვე ავსახავთ.

რა მოხდა პირველ ოქტომბერს სასამართლოში?

ანი ქავთარაძე, კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, თანაგუნდელის, გელა ხასაიას სასამართლო სხდომას სხვა თანამოაზრეებთან, გუნდის წევრებთან და აქტივისტებთან ერთად დაესწრო.

ქავთარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ხასაიას (ის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლითაა დაკავებული) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაღების აკრძალვის მიუხედავად, ამ მომენტის ამსახველი კადრებიც არსებობს.

“გადაწყვეტილება რომ გამოცხადდა, რადგან მეტის მოსმენა აღარ იყო საჭირო, წამოვდექით და დარბაზიდან გასვლა დავიწყეთ. ისმოდა ერთეული შეძახილები, “გელა გვიყვარხარ”, “გამაგრდი”, იქ არ იყო არანაირი საფუძველი, რომ მათ ჩვენზე ეძალადათ. გამოვდიოდით, თვითდინებით ვტოვებდით იქაურობას, როდესაც დერეფანში ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ." - ჰყვება ანი ქავთარაძე. მისი თქმით, იმ საღამოს, სასამართლოს დარბაზთან მანდატურების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა.

"გარდა იმისა, რომ გვაგინებდნენ, ფიზიკურად დაგვეტაკნენ. უმოწყალოდ ურტყამდნენ ყველას” - იხსენებს ის.

ანი ქავთარაძე
ანი ქავთარაძე

ანი ქავთარაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირადად მას ფიზიკურად გაუსწორდა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი დავით მატიაშვილი:

“რაღაც მომენტში მიგვყარეს ფანჯრებისკენ, დაიწყეს ძალადობა, ვის ურტყამთ, რატომ ურტყამთ-მეთქი და სწორედ მაშინ დავინახე მატიაშვილი, შემხედა თვალებში, რომ დაინახა ვინც ვიყავი და კარგად მიცნობს, რადგან ხშირად ვარ სასამართლოში, მომიქნია მუშტი. მე ინსტინქტურად გადავწიე უკან თავი და ამ დროს ქვედა ყბაში მომხვდა მუშტი”, - ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი.

ეს კი ის ვიდეოა, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ხელს დავით მატიაშვილი კოალიცია “ცვლილებისთვის” კიდევ ერთ წევრს, ნიკა კვიტატიანს.

“როდესაც გავიგეთ, რომ გელას უშვებდნენ წინასწარ პატიმრობაში, დავიწყეთ მასთან დამშვიდობება და ნაწილმა დარბაზიც დატოვა. ამ დროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები გადავიდნენ შეურაცხყოფის მიყენებაზე, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. არ ინდობდნენ არავის, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ქალი იყო თუ კაცი, ყველას ურტყამდნენ. პირადად ჩემზე დავით მატიაშვილმა იძალადა და ეს კადრებშიც ჩანს” - ეუბნება კვატატიანი რადიო თავისუფლებას.

ნიკა კვიტატიანი
ნიკა კვიტატიანი

პირველ ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში განვითარებული მოვლენებისა და ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

იმ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკური დაზიანებები მიიღო შუშანა მაცაბერიძემაც, რომელიც სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ასე იხსენებს:

ფოტო არქივიდან, შუშანა მაცაბერიძე, 19 მაისი, 2023 წელი
ფოტო არქივიდან, შუშანა მაცაბერიძე, 19 მაისი, 2023 წელი

„ჩვენს მეგობარს ვამხნევებდით. ამ დროს დარბაზში შემოვარდა მატიაშვილი და სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე... არ ვიცი, პირდაპირი მნიშვნელობით, სცემა. როდესაც ჩვენ ამაზე გვქონდა რეაქცია და გადავეფარეთ ყველა, გალიის კარი რომ გააღოთ და გამოუშვათ, ასე შემოვარდნენ მანდატურები, დაერივნენ ყველას. მოაწყვეს ორთაბრძოლა...

მარიამ შუშანიას, რომელიც არაფერს აკეთებდა და მეგობარს ელოდებოდა, თავი მიარტყმევინეს კარზე და გონება დაკარგა, გიორგი პატარაიას, რომელიც ასევე მეგობარს ელოდებოდა, სახეში ჩაარტყა მატიაშვილმა..."

შუშანა მაცაბერიძე ცდილობს ძალადობის მიზეზების ახსნასაც:

"პირველი, რომ ვინმე წამოიკიდონ და კიდევ გაჩნდნენ ახალი სინდისის პატიმრები, მეორე - ძალა გვაჩვენონ და მესამე - რომ იქ აღარ მივიდეთ... ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავჩუმდეთ და როდესაც იქ ჩვენი მეგობრები გამოდიან, ჩვენ მათ ყოველთვის გავამხნევებთ“...

ვინ არის დავით მატიაშვილი და როგორ მართავს მანდატურის სამსახურს?

დავით მატიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლოში ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე მუშაობდა - რიგით მანდატურად და შემდეგ დაწინაურდა.

მატიაშვილი სასამართლოს შენობაში განვითარებული ხმაურიანი მოვლენების, დაპირისპირების, ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. სანამ სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება ჯერ კიდევ დაშვებული იყო, არაერთი კადრი დაგროვდა, თუ როგორ იყენებს ის ძალას იქ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ვმოქმედებ კანონის ფარგლებში, ვიცავ წესრიგს, წაიკითხეთ კანონი“, - უთხრა მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ამ ზაფხულს. ჟურნალისტი ცდილობდა, მანდატურის სამსახურის უფროსისთვის ეჩვენებინა კადრები, სადაც მანდატურებს მოქალაქეები ძალის გამოყენებით, ძალადობის სხვადასხვა ფორმით გაჰყავთ შენობიდან. "არაფერს არ ვნახავ, არ მაინტერესებს, რას მაჩვენებთ, კანონს ვიცავ“ - თქვა მატიაშვილმა.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, რომელმაც სახელისა და გვარის გასაჯაროება პირადი უსაფრთხოების გამო არ ისურვა, დავით მატიაშვილს 40-მდე მანდატური ექვემდებარება. მისივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურების რაოდენობა დაახლოებით 60 უნდა იყოს, თუმცა, იმის გამო, რომ მათი ანაზღაურება დაბალია (ხელზე ასაღები თანხა 1470 ლარი), სამუშაო გრაფიკი კი დატვირთული, სასამართლოს მანდატურების ვაკანსიების შევსება უჭირს: „ვიცი, რომ რამდენიმე გასაუბრება ჩაიშალა კიდეც, ასევე სამსახურს ტოვებენ მოქმედი მანდატურებიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას წყარო და აგრძელებს:

“თუ გახსოვთ ერთი სერიოზული ინციდენტი მაინც, სადაც მატიაშვილი არ მონაწილეობს? სადაც ძალადობის შემთხვევაა, ყველგან ის არის. თუკი რაიმე დაპირისპირება ხდება, ამ დაპირისპირებას ყოველთვის ის იწყებს - “აბა, დავაი, გავყარეთ, გავყარეთ, მიაწექით, მიაწექით”, - თუკი თქვენც გიწევთ სასამართლოში ხშირად სიარული, ალბათ გაგიგიათ დერეფანში ან დარბაზში მისი ეს შეძახილები. ამ ზაფხულს შვებულებაში იყო და იმ პერიოდში, სასამართლოში არცერთი კონფლიქტი არ ყოფილა”.

მისივე თქმით, დავით მატიაშვილი უკმაყოფილებას გამოხატავს და ხმამაღალ შენიშვნას აძლევს იმ მანდატურებსაც, რომლებიც მის ბრძანებებს სათანადოდ არ ექვემდებარებიან, ერთ-ერთი მანდატური კი, რომელიც მოქალაქეებთან დაპირისპირებისას არ აქტიურობდა, აიძულეს, რომ სამსახურიდან წასულიყო:

“ტანით დიდი ადამიანი იყო, ჭარბწონიანი, ცდილობდა, რომ თავი აერიდებინა იმ სივრცისთვის, სადაც ხმაური იყო ხოლმე, იმდენი ქნეს, რომ აიძულეს, დაეტოვებინა სამსახური”.

წყაროს დაკვირვებით, აქტივისტების სასამართლოს შენობიდან “გაყრაში”, “საქმის 80%-ს სამსახურის უფროსი და 4-5 ყველაზე აქტიური მანდატური ასრულებს. დანარჩენები ფონს ქმნიან”. მისივე თქმით, ბევრს შეუნიშნავს, რომ მატიაშვილი განსაკუთრებული აგრესიით გახმაურებულ სასამართლო სხდომებზე დამსწრეების - აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევა:

“ვიღაცები ჰყავს თვალში ამოღებული, ისინი, ვინც ხშირად ხვდება თვალში, აქტიურობენ, მათ მიმართ განსაკუთრებით აგრესიულია. ძალიან ცუდი ენა აქვს. დამამცირებლად, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართავს ჟურნალისტებსაც… “წადით, დაიბანეთ, სუნი აგდით”…

“ჩაგერიცხა სამი ლარი”?

დავით მატიაშვილი რამდენიმე თვის წინ, სასამართლოს ფოიეში დაუპირისპირდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტსაც, მას პირადობის მოწმობა წაართვა და ჩივილით დაემუქრა.

მანდატურის სამსახურის უფროსის აგრესია კი იმან გამოიწვია, რომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, კოლეგის, უცხოური მედიასაშუალების, BBC-ის პროდიუსერის დახმარებას შეეცადა, რომელსაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლები შენობიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ. მანდატურები ამბობდნენ, რომ უცხოელი ჟურნალისტი მათ მოთხოვნას [ქართულენოვანს] არ დაემორჩილა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა:

„ჩაგერიცხა სამი ლარი? ჭამე სამლარიანი შაურმა? მოდიხართ აქ შენნაირები ხმაურისა და სკანდალის ასატეხად და კიდევ ჩვენ გვეძახით მოძალადეებს“, - უყვიროდა დავით მატიაშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს.

დავით მატიაშვილის მხრიდან მუქარისა და ფიზიკური ძალადობის მცდელობის სამიზნე სხვა არაერთი ჟურნალისტიც გახდა.

მათ შორის, ერთ-ერთი იყო „პუბლიკის“ რეპორტიორი, მინდია გაბაძე.

ფოტო არქივიდან, მინდია გაბაძე, 6 დეკემბერი, 2024 წელი
ფოტო არქივიდან, მინდია გაბაძე, 6 დეკემბერი, 2024 წელი

ის პირველ ოქტომბერს მანდატურის სამსახურის უფროსის ქცევას იხსენებს:

“გელას [ხასაიას] პროცესის დაწყებამდე დავით მატიაშვილი პირადად დამემუქრა სხვა მანდატურების პირისპირ, რომ გადაღების შემთხვევაში, „პოლიციას გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შემიყვანდა“. იქვე აღნიშნა, რომ იცის რასაც და როდის ვიღებ. ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებში ძალით მოქცეული მუქარა იყო - იმას ერიდება, რომ პირდაპირ მითხრას - ოთახში შეგიყვან და დაგლეწავო.

სასამართლოს შენობაში არაფერი გადამიღია… დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გამსწორებოდა - წიხლის ჩარტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით. კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი”, - ჰყვება მინდია გაბაძე.

ჟურნალისტი მანდატურის სამსახურისა და დავით მატიაშვილის წინააღმდეგ ჩივილს არ გეგმავდა, თუმცა, გადაწყვიტა, რომ იურისტებთან კონსულტაცია მაინც გაიაროს: „სასაცილოა მატიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში რომ ვირბინო, მაგრამ იმისათვის, რომ დამატებითი თავის დაზღვევის საშუალება მქონდეს, თუკი რაიმე პროვოკაციას წამომაგეს, ახლა გავდივარ კონსულტაციას იურისტებთან. ჯერჯერობით არ ვიცი, ვუჩივლებ თუ არა” - ამბობს მინდია გაბაძე.

ვის ექვემდებარება მანდატურის სამსახური?

რადიო თავისუფლების წყაროს თქმით, გახმაურებული სხდომებისას, სასამართლოს შენობასა და ეზოში მობილიზებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მანდატურის სამსახურის უფროსს “მხოლოდ რჩევებს აძლევენ” და "ამას არ აქვს ბრძანების ფორმა".

ოფიციალურად, მანდატურის სამსახური საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ექვემდებარება. მანდატურის სამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილებებს კი “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი განსაზღვრავს.

ამ კანონის თანახმად, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის, მანდატურებს აძლევს მითითებებს.

კანონში წერია, რომ მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები. აუცილებლობის შემთხვევაში კი დააკავოს სამართალდამრღვევი პოლიციისათვის გადაცემის მიზნით.

“დააყენე შუამდგომლობა და მომიხადე ბოდიში”

იურისტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიუთითებენ, რომ მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის ქმედებები სცილდება მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არღვევს კანონს და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

თამარ გაბოძემ, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა და მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვასილ მშვენიერაძეს, დავით მატიაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინ, 8 აგვისტოს მიმართა.

იმ დღეს, დავით მატიაშვილმა, სასამართლო სხდომიდან შესვენებაზე გამოსულ ადვოკატს უყვირა, ემუქრებოდა და აიძულებდა, რომ მისთვის ბოდიში მოეხადა, რადგან ნინო დათაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ სასამართლო დარბაზი დაეტოვებინა მანდატურის დაცვის სამსახურის უფროსს. მათი თქმით, ის იყო ერთ-ერთი მანდატური, რომელმაც 9 ივნისს ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გააძევა სასამართლოს შენობიდან.

მოსამართლემ დავით მატიაშვილს დარბაზის დატოვება მოსთხოვა, რამაც ის გააღიზიანა.

"შესვენებაზე მოვიდა ჩემთან და აგრესიული ფორმით, ყვირილით მაიძულებდა, რომ მოსამართლესთან დამეყენებინა შუამდგომლობა და მისთვის ბოდიში მომეხადა. მისი ეს აგრესია კი გამოწვეული იყო ჩემი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე. სწორედ იმიტომ მომვარდა და მიყვიროდა, რომ სხდომაზე წარვადგინე მტკიცებულებები, როგორ ძალადობდნენ მანდატურები მოქალაქეებზე."

თამარ გაბოძე
თამარ გაბოძე

“მას შემდეგ ორი თვე გავიდა, რა თქმა უნდა, არანაირი უკუკავშირი არ ყოფილა. ვითხოვდი რეაგირებას, რათა დაეწყოთ მის მიმართ დისციპლინური წარმოება, რადგან მანდატურებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ უფლება, რომ ადამიანებს, მათ შორის, ადვოკატებს, ჟურნალისტებს, სასამართლოში უყვირონ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მანდატურების უფლებამოსილება და ქცევა განსაზღვრულია “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონით და ფიზიკური ძალის გამოყენება იქნება ეს თუ სხვა, მანდატურის თანამშრომელს, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ამის უფლება, როდესაც უნდა შეაკავოს, მაგალითად, ძალადობრივი ქცევა.

არათუ რეაგირება არ ყოფილა სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, არამედ ჩვენ ყოველ დღე უარესს და უარესს ვხედავთ. ეს არის ძალადობის წახალისება”, - ამბობს თამარ გაბოძე.

რადიო თავისუფლება შეეცადა სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებას და მანდატურის სამსახურის, ამ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, სასამართლოს შენობასა და ეზოში, სავარაუდო დანაშაულების შემცველი ქმედებებისა და მათზე რეაგირების შესახებ კითხვების დასმას. თუმცა, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურში გვითხრეს, მხოლოდ და მხოლოდ წერილობით, ოფიციალურად გაგზავნილი კითხვების საშუალებით შევძლებთ მასთან კომუნიკაციას.

ჩვენს კითხვებზე პასუხი მიღება სტატიის გამოქვეყნებისთვის ვერ მოესწრო. მას შემდეგ, რაც კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მათ ამავე სტატიაში ავსახავთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG