Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე საქართველოში - რა ანგარიში წარუდგინა ჯო უილსონმა სახელმწიფო მდივანს?


კონგრესმენმა უილსონმა 21 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ საქართველოს ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს.
კონგრესმენმა უილსონმა 21 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ საქართველოს ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს.

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავდა, 21 მაისს, კონგრესმენ ჯო უილსონის მთავარი აქცენტები, მათ შორის - საქართველოს „ჩინეთისთვის მიყიდვასა“ და ქვეყანაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლს შეეხებოდა. კონგრესმენმა ისიც თქვა, რომ ამას „რონდელის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს.

კვლევის ბეჭდურ ვერსიაზე, რომელიც კონგრესმენს ხელში უჭირავს, ორი ორგანიზაციის ლოგოა გამოსახული: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ [TI] და „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ["რონდელის ფონდი"]”.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, კონგრესმენის მიერ წარმომადგენელთა პალატის საკომიტეტო მოსმენაზე წარდგენილი კვლევა სწორედ ის კვლევაა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 22 ნოემბერს გამოაქვეყნა - “როგორ იზრდება ჩინეთის გავლენა საქართველოში”. ტექსტი მოიცავს ასევე "რონდელის ფონდის" ანგარიშებში სხვადასხვა დროს ასახულ ინფორმაციას ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

TI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად:

  • 2024 წელს დარეგისტრირდა რეკორდული რაოდენობის [291] ახალი ჩინური კომპანიები. 2013-2024 წლებში 4-ჯერ მეტი ჩინური კომპანია [1893] დარეგისტრირდა, ვიდრე 2013 წლამდე.
  • 2024 წლიდან, უვიზო რეჟიმში, ჩინეთიდან ვიზიტები 83%-ით გაიზარდა [89 ათასი]; მნიშვნელოვნად გაიზარდა ავიარეისების რიცხვი.
  • საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების 70-80% აღჭურვილია ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერებით და უდიდესი ნაწილი წარმოებულია სანქცირებული ჩინური კომპანიების მიერ.
  • თბილისის მერია სათვალთვალო სისტემების მართვისა და მხარდაჭერისთვის იყენებს ჩინეთის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (HikCentral-ი).


კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესით დაინტერესებული ჩინური კომპანიები აშშ-ის მხრიდან არის შეზღუდული ან სანქცირებული. მაგალითებს შორის არის China Communications Construction Company Limited-ი (CCCC), რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის აშენებისთვის შეარჩია.

კვლევაში ხაზგასმულია ასევე, რომ ჩინეთთან დაკავშირებულ ბიზნესინტერესებში ჩართულია “ქართული ოცნების” მილიარდერი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

TI-ს ჩინეთთან დაკავშირებული ანგარიშები მანამდეც აქვს გამოქვეყნებული. 1 მარტს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თუკი 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 640 მლნ დოლარი იყო (26 მლნ ექსპორტი, 614 მლნ იმპორტი), 2024 წელს მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა.

“რონდელის ფონდში” რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კონგრესმენ უილსონის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში მოხვდა ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ თვეში ერთხელ მომზადებული ანგარიშებიდან, რომელთა ავტორია "რონდელის ფონდში" ჩინეთის მიმართულების მთავარი მკვლევარი, ჩინური ენის მცოდნე სპეციალისტი მედეა ივანიაძე.

ეს ანგარიშები ასახავს ჩინეთის კავშირებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთთან. მიმოხილვებიდან ჩანს, რომ პეკინი სამხრეთ კავკასიაში აქტიურობს და აღრმავებს ურთიერთობებს.

"რონდელის ფონდის" ბოლო ასეთი ანგარიში 24 თებერვლიდან 23 მარტამდე პერიოდს მოიცავს. მასში მოხვდა ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის სტუმრობა მიხეილ ყაველაშვილთან და ფრაზა ჩინეთის საელჩოს განცხადებიდან, რომ საქართველო დიდად აფასებს ჩინეთის „მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო ურთიერთობებში“.

ამავე ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიით [CGTN ] გადაიცა ინტერვიუ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილთან, რომელმაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დოკუმენტური ფილმი [„საქართველო-ჩინეთი, მესამედი საუკუნე"] გადაიღო. მეზურნიშვილი ლაპარაკობს თავისი ფილმის ჩინეთში ჩვენების დიდ სურვილზე, ჩინური კინოს თბილისში გამართულ კვირეულსა და ქართველების დიდ ინტერესზე ჩინეთის მიმართ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩინეთსა და საქართველოს „ბევრი აქვთ საერთო“ და ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მეზურნიშვილის ფილმის პრემიერა 2024 წლის ოქტომბერში თბილისში შედგა. პრემიერაზე მისულმა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობას ავრცელებს, ამ მხრივაც სამაგალითო ქვეყანაა და მათ შორის - “სუპერსახელმწიფოებისთვისაც”.

“გეოგრაფიასაც თუ გადავხედავთ, ჩინეთის გარშემო ყველაზე მრავლად გვხვდება ის სახელმწიფოები, სადაც არის უზრუნველყოფილი მშვიდობა და ქვეყნების მშვიდობიანი განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სამაგალითოა ჩინეთის სახელმწიფო და შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, პოტენციალი ძალიან დიდია და საუკეთესო პერსპექტივები გვაქვს", - განაცხადა მაშინ კობახიძემ.

პროსახელისუფლებო „იმედის“ ეთერში ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი [შარშანდელ ინტერვიუში] უტევს დასავლეთის ქვეყნებს და, კოსოვოს აღიარების გახსენებით, მიანიშნებს დასავლეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საფრთხეზე. „ქვეყანა, რომელიც რეალურად არ იცავს გაეროს წესდებით განსაზღვრულ საერთაშორისო წესრიგსა და პრინციპებს და თვითნებურად მიჰყვება ორმაგ სტანდარტებს, საკუთარი ინტერესებისთვის, სინამდვილეში არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ სცემს პატივს“, - აღნიშნავდა ელჩი ციენი.

2023 წლის ივლისში საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა. მაშინ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან აწ უკვე წასული ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

2017 წელს საქართველო ევრაზიის რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ...

“საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის ზეგავლენებთან გამკლავება” - ასეთია ჯო უილსონის მიერ ინიციირებული “მეგობარი აქტის” [MEGOBARI Act] კიდევ ერთი სახელწოდება. ეს აქტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკვე დამტკიცებულია.

6 მაისს კონგრესმენმა უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე „ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს მიტაცებაში ხელშემწყობთა სია" გამოაქვეყნა და განმარტა, რომ სიაში შეყვანილი პირები, მათ შორის “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელს უწყობენ ივანიშვილს, მათ შორის “ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთისათვის დაქვემდებარებაში“.

14 მაისს “ქართული ოცნების” პარლამენტში “მეგობარი აქტის” წინააღმდეგ ერთხმად დაამტკიცეს დადგენილება, რომელშიც ჯო უილსონის კანონპროექტი “უაღრესად მტრულ აქტად” არის მოხსენიებული; ხოლო ჩინეთთან ურთიერთობებზე ნათქვამია, რომ აშშ-ისგან განსხვავებული არ არის:

  • “საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს;
  • საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ;
  • ამ ფონზე სრულიად გაუგებარია აშშ-ის საყვედური საქართველოს მიმართ ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით”.


თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და ჩინეთის ურთიერთობები ჩვეულებრივად არ გამოიყურება ექსპერტებისთვის, რასაც ისინი ხშირად აღნიშნავენ და კონტრასტი განსაკუთრებით მკაფიო ხდება აშშ-სთან შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე.

“ქართული ოცნების” განაყოფის - “ხალხის ძალის” - წარმომადგენლის, თამარ ჩიბურდანიძის სიტყვებია, რომ “ზესახელმწიფო” - ჩინეთი საქართველოსთვის დასავლეთის ალტერნატივას წარმოადგენს და რომ საქართველომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე “დრო იხელთა” და “ზურგი გაიმყარა ჩინეთით”.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არჩევანი იყო დასავლეთის კურსი და გაკეთდა ბევრი კარგი საქმე, ჩვენ მაინც 35 წელი ვიყავით ვასალები”, - ჩიბურდანიძის სიტყვებს პროსახელისუფლებო "POS TV" აქვეყნებს.

  • უკრაინასთან ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა. 9 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი ვლადიმირ პუტინის სტუმარი იყო და მის გვერდით იჯდა მოსკოვში, როდესაც წითელ მოედანზე “დიდ სამამულო ომში” გამარჯვებას აღნიშნავდნენ.


“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) მიერ 18-30 იანვარს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოქალაქეების თითქმის 55% თვლის, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთისა და რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების [ჩინეთი, ირანი და სხვ.] ინტერესების გატარებას ემსახურება. რესპონდენტთა თითქმის 67% უარყოფითად აფასებს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას.

კვლევისას ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. ±2,2% შერჩევის ცდომილებით, მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG