რას უპირებენ მის შვილს? – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის ამბავი

მოკლედ

  • ევა შაშიაშვილი, 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული, შშმ ქალიშვილის ერთადერთი მომვლელი და მხარდამჭერია.
  • ევას პატიმრობა მის ქალიშვილს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს.
  • ბუნდოვანია ღირსეულ პირობებში არის თუ არა ევა მას შემდეგ, რაც ციხეში მოხვდა.
  • შშმ პირების მშობლები და აქტივისტები ევას გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ.
13 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ ევა ციხეში მოინახულა, დაწერა, რომ ქალს დაკავებიდან ათი დღის თავზე, ციხეში არ აქვს შესაფერისი ტანსაცმელი, ვერ ბანაობს და მიუხედავად ამისა, მას ახლა ის უფრო ადარდებს - ვინ იზრუნებს ევას შვილზე, რომელსაც დამოუკიდებლად ამის გაკეთება არ შეუძლია.

ადვოკატი აღწერდა, რომ შეხვედრისას ევას ეცვა რამდენიმე ზომით დიდი შარვალი, რომელსაც თეთრი, ერთჯერადი ცელოფნის პარკებისგან გაკეთებული ქამრით იმაგრებდა, დახეული ფეხსაცმელი და დიდი ზომის ქურთუკი.

ევა მწეველია, მაგრამ ამ დრომდე პატიმრის ბარათის უქონლობის გამო ვერ ყიდულობს სიგარეტს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატის გავრცელებულ ცნობებს ტყუილი და ცილისწამება უწოდა თავის საგანგებო განცხადებაში.

რა ვიცით ევაზე?

ევა შაშიაშვილი 46 წლისაა. ცხოვრობს თბილისში.

ჰყავს 24 წლის ქალიშვილი, რომელიც დედაზეა დამოკიდებული და მუდმივად სჭირდება ზრუნვა. გოგონა ახლა დროებით სამკურნალო დაწესებულებაშია. ევას ძმა, მამუკა მარკოზაშვილი გვეუბნება, რომ მისი და, შვილს მოსავლელად კვირაში ორჯერ აკითხავდა.

ახლაც და კლინიკის დატოვების შემდეგაც, ევას ქალიშვილს აუცილებლად დასჭირდება დამხმარე. “მარტო ცხოვრებას ის ვერ შეძლებს”, - ამბობს გოგოს ბიძა.

მამუკა მარკოზაშვილს, რომელიც მფრინავია, ხშირად კვირებით და ხან თვეობითაც არ არის საქართველოში.

ევა და მისი ქალიშვილი მამუკამ, ნაქირავები სახლიდან დროებით თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად. როგორც გვიყვება, ევა დამლაგებლად მუშაობდა.

“როგორც შემეძლო, სულ ვეხმარებოდი... მაგრამ გოგონას მოვლას ვერ შევძლებ. კლინიკაში ვიყავი მისული. მითხრეს, რომ კიდევ სამი თვით შეუძლიათ დაიტოვონ, მაგრამ მეტით ვეღარ. მან, მგონი, არც იცის, რომ ევა დაჭერილია. ალბათ, ელოდება, რომ დედა მივა”.

მამუკას უკვირს, როგორ აღმოჩნდა მისი და 4 ოქტომბერს აქციაზე, რადგან იქამდე მისგან არ გაუგია, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

“მე როგორც ვიცი, საერთოდ პირველად იყო იქ”.

დაკავების შემდეგ, მამუკამ და ერთი წუთით ნახა, სასამართლოდან როცა გადაჰყავდათ. ერთადერთი, ვისზეც ევა მაშინაც დარდობდა, ქალიშვილი იყო: “ვინ მოუვლისო, ამბობდა”.

მამუკა მარკოზაშვილმა ევას ტანსაცმელი წინასწარი დაკავების იზოლატორშიც მიუტანა. იქ ნივთების ნაწილი დაიტოვეს, მაგრამ ევას ციხეში გადაყვანისას, ძმას ყველაფერი უკან დაუბრუნეს. შემდეგ შაბათ-კვირა დაემთხვა და როგორც მამუკა გვიყვება, ვეღარაფერი შეუგზავნა. მხოლოდ გუშინ შეძლო ციხეში ევასთვის ტანსაცმლის მიტანა.

“უსიგარეტობა უჭირს, ეწევა, მაგრამ შეგზავნა არ შეიძლება და ბარათიც ჯერ არა აქვს. ხუთშაბათს ექნებაო და მერე შევძლებთ ჩარიცხვას, ყიდვა რომ შეძლოს… მაგრამ მაგაზე მეტად იმაზე ვდარდობ, მის ქალიშვილს რა ელის. მეც მალე მომიწევს სამსახურიდან მივლინებაში წასვლა. ახლობლებს კი ვთხოვ ყურადღება მიაქციონ, მაგრამ ხანგრძლივად ვერავინ მოუვლის”, - გვითხრა მამუკა მარკოზაშვილმა.

ბრალი და პირველი სასამართლო

ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა პირველ ნაკადში მოხვდა, პირველ 13 ადამიანში. მას პროკურატურა ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით ჩადენილ დანაშაულებს:

• სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას [ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილი]

• ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას [225-ე მუხლის მეორე ნაწილი]

დაკავებულთა ამ ნაკადიდან სასამართლომ ყველა დატოვა ორთვიან წინასწარ პატიმრობაში. წინასასამართლო სხდომა კი ნოემბრის ბოლოს დანიშნა.

აღკვეთის შეფარდებისას, სასამართლო სხდომაზე ევა შაშიაშვილი დარბაზში შეყვანის მომენტიდან ტიროდა. ის დუმილის უფლებას იყენებდა.

„ევა შაშიაშვილს არ აქვს გაცნობიერებული, სად არის და რას ედავებიან.... ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მასაც და ოჯახის წევრსაც, მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს, 24 წლის გოგო“, - თქვა პროცესზე მისმა ადვოკატმა ამირან ბურდულმა, რომლის თქმით, ევამ იმ დღეს ერთხელ ისროლა ქვა, რაც ჩანს კიდეც პროკურატურის ვიდეომტკიცებულებაშიც.

ამ ეტაპზე, ევა შაშიაშვილი ერთადერთი ქალია 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დაკავებულ 46 ადამიანს შორს, ვინც ციხეში რჩება - ამავე საქმეზე დაკავებულმა მეორე ქალმა, ია დარახველიძემ, ციხე - საპატიმრო გირაოს გადახდის სანაცვლოდ დატოვა.

ასევე ნახეთ პირველი 13 დაკავებული „4 ოქტომბრის საქმეზე“ - ვინ არიან, რა დააშავეს?

"შეიძლება კაც ადვოკატს ვერ უთხრა ეს ყველაფერი"

ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე, რომელიც თავადაც შშმ ბავშვის დედაა, ციხეში ევას მოსანახულებლად, შშმ ბავშვების უფლებების დამცველი ორგანიზაციების თხოვნით შევიდა და დაცვა შესთავაზა, რასაც ევა დასთანხმდა.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაასაჯაროვა მარიამ ხაჭაპურიძემ ის სურათი, რაც დახვდა #5 დაწესებულებაში.

მარიამი რადიო თავისუფლებასთანაც ადასტურებს, რომ ევა შაშიაშვილმა, მასთან შეხვედრისას აიწია სვიტერი და აჩვენა, რით იმაგრებდა შარვალს, რომ არ ჩასძვრომოდა:

“გადაბმული ცელოფნებით გაკეთებული ქამარი, სრულიად დახეული ფეხსაცმელი და რამდენიმე ზომით დიდი ქურთუკი. თუ ტყუილს ვამბობ, ამოიღონ ჩვენი შეხვედრის ვიდეო. ევამ თქვა, რომ თავისი ერთი ხელი ტანსაცმელი გარეცხა, რაც დროულად არ გაშრა და ამიტომ საკანში პლედშემოხვეული დადიოდა და ეს ტანსაცმელი ამის შემდეგ მისცეს. ასევე თქვა, რომ დიდი ხვეწნის შემდეგ მოიპოვა დაბანის უფლებაც. შესაძლოა, ეს მამაკაც ადვოკატს ვერ უთხრა, მოერიდა. ჩემთან კი ნამდვილად თქვა”.

მარიამ ხაჭაპურიძეც ამბობს, რომ ერთადერთი, რაზეც ახლა ევა ღელავს, მისი ქალიშვილია.

“როგორ ფიქრობთ, დედა რომ მას დათქმულ დროზე არ მიაკითხავს არც ამ და არც იმ კვირაში და არც მერე, ის უარესად არ გახდება?”

მარიამ ხაჭაპურიძემ გვითხრა, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია, თუმცა თუ ოჯახი წინააღმდეგი არ იქნება, ისიც ჩაერთვება საქმეში როგორც ევას ადვოკატი.

“ჩემთან არაფერზე დაუჩივლია”

ევა შაშიაშვილის ადვოკატი ამირან ბურდული, რომელიც მის ინტერესებს იცავდა სასამართლო სხდომაზე, გვეუბნება, რომ მასთან, ქალს, ციხის პირობებზე, ტანსაცმელზე, საკვებზე თუ სხვა რამეზე არ დაუჩივლია. ასე რომ ყოფილიყო, ამბობს ის, როგორც ადვოკატი, არც ის გაჩუმდებოდა:

“გუშინ დილით ვიყავი შესული, ჩვეულებრივად არის, სამჯერადი კვებაა.... ბარათიც მალე ექნება და სიგარეტის ყიდვას შეძლებს. ერთადერთი, ტანსაცმელზე მთხოვა, იქნებ ჩემებმა შემომიგზავნონო. ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რაც შეეხება, ციხეში ვინც ხვდება, ყველას მდგომარეობა იცვლება და ამ მხრივ, არც ევაა გამონაკლისი, ცხადია, უჭირს და ნანობს რაც მოხდა”.

ადვოკატს საპროცესო შეთანხმების იმედი აქვს.

პენიტენციური სამსახური უარყოფს

14 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ევა შაშიაშვილის პირობების შესახებ ცნობები კატეგორიულად უარყო და დაწერა, რომ ტყუილია, თითქოს ის არაადამიანურ პირობებშია.

მათი მტკიცებით:

  • ევას საკანში აქვს ინდივიდუალური საშხაპე, სადაც მას “დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია შეუზღუდავად მიიღოს შხაპი”
  • რომ მას აქვს ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება
  • რომ ქამრის ქონა ციხეში კანონით არ არის დაშვებული - უსაფრთხოებიდან გამომდინარე
  • ხოლო პოლიეთილენის პარკზე, რომელსაც ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე აღწერს, უწყება წერს, რომ ის ევას საკანში საერთოდ არა აქვს


უწყება ასევე წერს, რომ წესით, თუ ბრალდებულს ან მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ან სხვა საჭირო ნივთი, ამ ყველაფერს მას პენიტენციური დაწესებულება აძლევს.

თუმცა: “ბრალდებულს ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მიწოდების მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულებისთვის არ მიუმართავს და და არც დაწესებულებას ჩაუთვლია საჭიროდ მისთვის დამატებით ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეთავაზება”, - წერს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

განცხადებაში იმასაც წერენ, თუ ევა შაშიაშვილი ან მისი უფლებამოსილი პირი მოითხოვს საკანში მისი ყოფნის ამსახველი ჩანაწერის დაარქივებასა და გასაჯაროებას, ეს შესაძლებელი იქნებაო.

ევა თავისი შშმ ქალიშვილის ერთადერთი მხარდამჭერია - რას უპირებთ მას?

სამოქალაქო აქტივისტი და შშმ მოზარდის დედა, თამუნა იარაჯული, ერთ-ერთია, ვინც სწორედ ამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება მოითხოვა. მან სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანისგან მოსთხოვა ჩაერთოს პროცესში.

“თქვენ უნდა მოიკვლიოთ ვინ ტყუის და ვინ არა”, - მიმართავს თამუნა იარაჯული ლევან იოსელიანს.

სხვა შშმ მშობლებთან ერთად, თამუნა იარაჯული მოითხოვს ევა შაშიაშვილის გირაოთი გამოშვებას საპატიმროდან, რადგან მისი შვილის მარტო დატოვება ახლა მისი გაწირვის ტოლფასია:

“ჩვენი შვილების ერთადერთი მხარდამჭერის გარეშე დარჩენა ნიშნავს მათ სიკვდილს. არ ვაჭარბებ. ჩვენ, შშმ ბავშვების დედები მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რა ეშველებათ ჩვენს შვილებს, ჩვენ რომ რამე დაგვემართოს”.

შშმ ადამიანების მშობლების ეს შიში არ არის უსაფუძვლო, გვეუბნება თამუნა, რადგან სახელმწიფო ამას არ აკეთებს - არც 24 საათიანი პერსონალური ასისტენტის სერვისი აქვს, რომელიც ასეთ კრიტიკულ მომენტში ევას შვილს დაეხმარებოდა, არც დაწესებულება, სადაც დროებით შეაფარებდა თავს. ხოლო სადაც ახლა არის ევას ქალიშვილი, იქ მისი დატოვება, თამუნა იარაჯულის სიტყვებით, სასიკვდილო განაჩენია.

“ამიტომ ვსვამ ამ კითხვას, თუ ევა ციხეში დარჩება, რას უპირებენ მის შვილს? გაგვცეს სახელმწიფომ პასუხი”.

4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
  • 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
  • 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
  • 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

უწყების ცნობით, დაკავებული არიან ორგანიზატორები, ასევე მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

  • იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
  • 6 ოქტომბერს კი დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
  • 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე. მათი ინიციალებია: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ. მოგვიანებით გაირკვა, რომ დააკავეს კიდევ ერთი დემონსტრანტი ნანა სანდერი;
  • 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძეა.

4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.