დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ

ყოფილი მაღალჩინოსნების მასობრივ დაჭერასა და ჩხრეკას - "ოცნება" კორუფციასთან მასშტაბურ ბრძოლას უწოდებს - 2 წლის წინ დაანონსებულს ბიძინა ივანიშვილის მიერ.

კორუფციისთვის, გაფლანგვისთვის, ფულის გათეთრებისთვის გასამართლებული ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი ნათესავების სიმრავლე აშიშვლებს სურათს, რომ საქართველოს, წლების მანძილზე, მართავდნენ ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ კანონს.

მათ გამოვლენას “ოცნება” კორუფციის წინააღმდეგ “უკომპრომისი ბრძოლას” უწოდებს - იმ მიზნის მიღწევას, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის წინ გამოაცხადა.

მანამდე, ბოლო ორ წელიწადში “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყურადღება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისკენ - “აგენტურისკენ” - იყო მიპყრობილი. “ოცნება” უკეტავდა მათ დაფინანსების გზებს და შესაბამისად - მუშაობის შესაძლებლობას ართმევდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. “განადგურებული” ოპოზიციური პარტიების მისამართით კი - აკრძალვის პროცედურები დაიწყო. ასამართლებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის - უკვე დაჭერილებსაც.

საკუთარ გუნდში ცდუნებებთან ბრძოლა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლის ერთ-ერთ მთავარ მოტივატორად დაასახელა, როცა ის 2023 წლის დეკემბერში, “ქართული ოცნების” ყრილობაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ დაასახელეს. ტრიბუნასთან მან თავის გადაწყვეტილებას აუცილებელი, დროული უწოდა და თავი ახალ “სიმძიმის ცენტრად” წარმოადგინა.

„ოპოზიციის განადგურების პირობებში იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“, - ეს თქვა ივანიშვილმა 2 წლის წინ.

"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი, რომლებსაც ახლა ასამართლებენ, სამართლებრივ დევნამდე, პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით “საკუთარი ნებით” წავიდნენ. თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ჯუანშერ ბურჭულაძე მალევე საპატიმროში აღმოჩნდა.

პოსტიდან წასულებს, გაჩხრეკილებსა და გასამართლებულებს შორის არიან ბიძინა ივანიშვილის უახლოესი ადამიანები: ერთგულები და განუყრელები - მის სამსახურში მყოფები, პოლიტიკაში მის მოსვლამდეც. ჯერჯერობით, თითქმის ყველა ბრალდებული მაღალჩინოსანი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს წარმოადგენს.

ვის ასამართლებენ და ვის გარშემო ვიწროვდება „ყულფი“? - რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა მიმდინარე პროცესის ძირითად ფაქტებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობა: თავდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი, მეორედ [2019-2024 წლები]

ბრალდება:


სასჯელის ზომა: ემუქრება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

ბრალის წაყენების შემდეგ, პროკურატურამ აღწერა, თუ როგორ გაანაწილა [გაათეთრა] ღარიბაშვილმა უკანონოდ მოპოვებული 20 მილიონ ლარზე მეტი. ჩხრეკისას სახლში აღმოუჩინეს 6 500 000 აშშ დოლარი [ახლანდელი კურსით - 17 მილიონ ლარზე მეტი].

24 ოქტომბერს, სასამართლომ, პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობით - ირაკლი ღარიბაშვილი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ის სასამართლოში სპეციალური შესასვლელით შეიყვანეს და იგივე კარიდან გამოიყვანეს.

ჯუანშერ ბურჭულაძე

თანამდებობა: თავდაცვის მინისტრი [2021-2024 წლები]; თავდაცვის მინისტრის მოადგილე [2019-2021 წლები]

ბრალდება:

  • ფულის გათეთრება - განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით - 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;
  • სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი.


სავარაუდო სასჯელის: თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე.

თავდაცვის სამინისტროში - ღარიბაშვილის მოადგილე და შემდეგ მისი კაბინეტის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე - 11 სექტემბერს დააკავეს.

ჯუანშერ ბურჭულაძე


ბურჭულაძის საქმის მასალებშია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის 1 333 728 ლარით უფრო ძვირად ყიდვის სქემა; ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 544 000 ევროდ ყიდვა. სუს-ის განცხადებით, ამ თანხის „კანონიერი წარმომავლობა“ არ ჩანს. ასევე, გამოძიება მიუთითებს 1 593 212 ლარის უკანონოშემოსავლის ლეგალიზაციააზე, სხვადასხვანაირი „შენიღბვის“ მეთოდით.

სავარაუდო დანაშაული ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2023 წელს ჩაიდინა.

სექტემბერში გამოძიებამ განაცხადა, რომ ივლისში გამოვლენილი დანაშაულებრივი სქემა სწორედ „ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით“ მომზადდა.

ბურჭულაძის წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო.

ბურჭულაძის ნათესავები, გარემოცვის წევრები

ივლისში სუსმა განმარტა, რომ, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით - “ფულის გაფლანგვის” სქემაში მონაწილეობდნენ:

  • თავდაცვის მინისტრობის დროს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე [2022- 2024 წლები] - გიორგი ხაინდრავა
  • ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი - ვლადიმერ ღუდუშაური
  • და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე.


ბურჭულაძესთან დაკავშირებული ეს სამი ადამიანი 27 ივლისს დააკავეს. მათ სუსმა „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები“ უწოდა.

ბრალდება:

"მითვისება ან გაფლანგვა" - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით - სს კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

სავარაუდო სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა, 7-დან 11 წლამდე.

გიორგი ხაინდრავა

გამოძიების ვერსიით, ბურჭულაძის ცოლის ძმა სახელმწიფო ტენდერებისთვის კომპანიებს წინასწარ ურიგდებოდა და თანამდებობის პირებთან თავისი კავშირების გამოყენობით „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“.

  • თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე - გიორგი ხაინდრავა, 2019 წლის ნოემბრიდან, გარკვეული პრიოდის მანძილზე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო.
  • ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან მუშაობდა. 2019-21 წლებში იყო სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2021-24 წლებში კი - დეპარტამენტის უფროსი.


ვლადიმერ ღუდუშაურის ძმა, ილია ღუდუშაური 2022 წლის იანვრიდან იყო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე.

ისევ ბურჭულაძესთან დაკავშირებულები

2025 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა უაქციზო სიგარეტების საქმეზე ბრალდებულებს; ესენი არიან:

  • ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე [მანამდე უკვე დაკავებული];
  • ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი - ნუგზარ ცაბაურაშვილი, რომელიც სიგარეტების არალეგალური ქარხნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.


ამ საქმეზე დაკავებულია ასევე არალეგალურად მოქმედი საწარმოს დირექტორი - მარიამ არჩემაშვილი.

სუსის თანახმად, ვასილ მხეიძის მიერ, 2023 წელს, გორში არალეგალურად დაფუძნებული სიგარეტის ქარხანა უაქციზო თამბაქოს ნაწარმს წლების განმავლობაში უშვებდა და ასაღებდა.

გამოძიებამ მიაგნო 2 176 341 ლარის ღირებულების 323 851 კოლოფ უაქციზო სიგარეტს. ასევე დანადგარებსა და ნედლეულს.

ბრალდება:

შეთანხმებით, ჯგუფირად უაქციზო სიგარეტის წარმოება - სს კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები.

სასჯელის ზომა:

თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10-წლამდე.


რომეო მიქაუტაძე

თანამდებობა:

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი პირველი მოადგილე [2021-2024 წლებში], ლევან დავითაშვილის მინისტრობის დროს [2022 წლიდან]. პრემიერ-მინისტრი იმ დროს ასევე ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

რომეო მიქაუტაძის დაკავებიდან სამი დღის შემდეგ პოსტი დატოვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

რომეო მიქაუტაძე, 2025 წლის 21 ივნისს, სუსმა დააკავა.

გამოძიების თანახმად, მისი უკანონო შემოსავალი, ჯამში, 8 მილიონ 499 392 ლარს შეადგენს. დანაშაული 2017-2024 წლებს მოიცავს.

ბრალდება:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლება, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა - სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი.
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ - სს კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
  • მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობა და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვება მფარველობის გზით - სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლი.
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი.


რომეო მიქაუტაძე

2025 წლის 24 ივნისს სუსის მაშინდელმა უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა სადავო პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ გაუგებარია, როგორ გამოეპარა მიქაუტაძის დანაშაული სუსს.

ოხანაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის პერიოდის სუსზე ლაპარაკობდა.

თავად ანრი ოხანაშვილიც არასრულ ხუთ თვეში გამოცვალეს და მის ნაცვლად, „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დაამტკიცეს.

ბოლო პერიოდში - დაიჭირეს არაერთი ადამიანი როგორც ლილუაშვილის, ასევე ქარსელაძის გარემოცვიდან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გასამართლების “ყულფი” სწორედ ამ ორი ყოფილი მაღალჩინისნის გარშემო ვიწროვდება.

ლილუაშვილის გარემოცვიდან

ბოლო კვირებში პასუხისგებაში მისცეს სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის არაერთი წევრი.

31 ოქტომბერს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა - შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას დაუსწრებლად შეუფარდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე თურქეთში, სამკურნალოდ იმყოფება.

ხუნდაძეს უკავშირებენ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების საქმეს, რომლის ფარგლებშიც ჯერ კიდევ სექტემბერში დააკავეს:

  • ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი - გიორგი კანდელაკი
  • გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, 67 წლის - ბორის გოგიჩაიშვილი.


“ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს უთითებდა როდის უნდა შემოეტანა და განებაჟებინა სიგარეტი, ასევე როგორ უნდა გაევლო ეს პროცედურა უსაფრთხოდ” - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2019-2025 წლებში მუშაობდა. მან პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა.

მანამდე, ბრალდებულებად გამოცხადდა ლილუაშვილთან დაახლოებული კიდევ რამდენიმე ადამიანი და მათ შორის - ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძის ძმაც. ბრალდებულები არიან:

  • ბიჭიკო პაიკიძე - გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, ნათლულის მამა, ვანში „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი; მასზე ძებნა 24 სექტემბრიდან გამოაცხადეს და 26 სექტემბერს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა. ბრალდება უკავშირდება პაიჭაძის კომპანიის კუთვნილი - B.P. TRANS-ს მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4184 249 ლარის “მოტყუებით დაეუფლებას” , სხვებთან ერთად - “რითიც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი”.


ამ საქმეში კიდევ ხუთი ადამიანი მონაწილეობს: ვალერიან კვარაცხელია - B.P. TRANS-ის გენერალური დირექტორი; იოსებ ჭანჭალეიშვილი - კომპანიის ფინანსური დირექტორი და ტენდერის შესრულებაზე მაკონტროლებელი 3 თანამშრომელი: როინ ფოფხაძე, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრე.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლება) და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებაში მონაწილეობა), რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • კობა ხუნდაძე - „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. მისი დაკავების შესახებ 22 ოქტომბერს გახდა ცნობილი - ჩხრეკის დროს, სწორედ მის სახლში მიაგნეს 94 კონვერტად დახარისხებულ 1 319 300 აშშ დოლარს. პროკურატურის განცხადებითვე, ის არის სუსის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან „დაკავშირებული პირი“. საქმე აღძრულია 194-ე მუხლის მესამე ნაწილით უკანონო შემოსავლების ლეგალიზიცია [2017-2025 წლებში]. ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.
  • ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი - გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესების მქონე სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში. დაკავებულია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ ბრალდებით. ემუქრება 9-დან 12 წლამდე პატიმრობა.


ზაზა ხუნდაძე და გრიგოლ ლილუაშვილი

2019 წლის 17 ოქტომბერს, როდესაც სუსმა ექსპრემიერ ღარიბაშვილის უძრავი ქონება გაჩხრიკა, ჩხრეკა ჩატარდა სუსის ყოფილი უფროს ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული არაერთი სხვა ადამიანის სახლებში.

სუსის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტმა 2019 წელს დაამტკიცა. 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, მან გამოაცხადა გადაწყვეტილება პოსტიდან გადადგომის შესახებ. თავიდანვე ბუნდოვანი იყო - თავად წავიდა, თუ გაუშვეს.

სუსის უფროსის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ლილუაშვილი თითქოს რეგიონული განვითარების მინისტრად გადაჰყავდათ - ირაკლი ქარსელაძის ყოფილი სამინისტროს ორად გაყოფის შემდეგ, მაგრამ 4 აპრილს მანვე განაცხადა, რომ “განსხვავებული მიდგომების” გამო, ეს აღარ მოხდებოდა.


ირაკლი ქარსელაძის გარემოცვიდან

1 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს [2019- 2025 წლებში] - კობა გაბუნიას. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

მოადგილედ გაბუნია ირაკლი ქარსელაძის მინისტრობისას მუშაობდა. ქარსელაძე მინისტრი იყო 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე. აპრილში ის, როგორც ითქვა - “საკუთარი ნებით” გადადგა.

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ამჟამად დაკავებულ გაბუნიასთან ერთად, ქარსელაძის უძრავი ქონებაც გაჩხრიკეს.

კობა გაბუნია, 30 ოქტომბერს დააკავეს.

„ფინანსურმა პოლიციამ“ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაჩხრიკეს ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება - სულ 18 ობიექტი.


  • დაკავებული კობა გაბუნია, 2019-21 წლებში, სუსში მუშაობდა - სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყო.
  • ირაკლი ქარსელაძე გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე, კურსელი და ახლო მეგობარია.
  • გაბუნია ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდს კურირებდა.


მანამდე, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2015 წლის ივლისიდან - ჯუანშერ ბურჭულაძე ხელმძღვანელობდა. 2015-2019 წლებში ის ფონდის აღმასრულებელი დირექტორისა და მოადგილის პოსტებს იკავებდა. აღმასრულებელ დირექტორად ის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 14 ივლისის ბრძანებით დაინიშნა.


დავით ტაბიძე და ირაკლი ქარსელაძე [მარჯვნივ]

საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო მილიონების “თაღლითურად დაუფლების” საქმეზე დაკავებულები იყვნენ ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და პროექტის მენეჯერი - გამოძიების თანახმად მათ “სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან” და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

გამოძიების თანახმად, გაბუნიას დავალებით, 2023-2024 წლებში, ფონდის თანამშრომლები უკანონოდ ეხმარებოდნენ შპს „ლაგი კაპიტალს“, რომელმაც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამიზული ფულიდან “თაღლითურად დაეუფლნენ” 9 365 801 ლარს და მოცდა 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ TI: შიდა ბრძოლას ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას, თუმცა წლებია, „ოცნება“ კორუფციაშია ჩაფლული
ასევე ნახეთ ზარალს თუ არ დაფარავ, ქვეყნიდან ვერასდროს გახვალ - "ქართული ოცნება" კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს

“ოცნების” ყოფილი თანაგუნდელობა ინდულგენცია არავისთვის არის - “ქართული ოცნება” კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლაზე ლაპარაკობს.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი კორუფციასთან ასეთი ბრძოლის გამოცხადება ფარსია.; ხოლო სინამდვილეში, „ოცნებისთვის“ ეს არის ბრძოლა კონკრეტულ ადამიანებთან - რომლებმაც “დიდი ფული გააკეთეს”, მაგრამ პარტიის მილიარდერ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს “სათანადოდ არ გამოადგნენ”, “იმედები გაუცრუეს”, მათ შორის - დასავლეთთან დაპირისპირების, სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციის გამწვავების გათვალისწინებით - ამბობენ ისინი და ამ კონტექსტში იხსენებენ “ქართული ოცნების” იმ ახალ, "არაადამიანურ კანონსაც" - რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული, ზარალის ანაზღაურებამდე, ქვეყნიდან ვერასდროს გავა; ხოლო ქვეყანაში "გროშებზე მოუწევს ცხოვრება".