თავად „ალტ-ინფო“ დიდი ხანია მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება" მათ მესიჯებსა თუ ქმედებებს იმეორებს; მსგავსება უფრო თვალსაჩინო გახდა "ოცნების" ხელისუფლების ბრიუსელთან ურთიერთობების უკიდურესი გამწვავების შემდეგ.
ამავე დროს, ორივე ჯგუფის წარმომადგენლები დასანქცირებული არიან შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, მოულოდნელად, "ალტ-ინფოს" პარტია "კონსერვატიული მოძრაობა" გაუუქმა და შემდეგ, ნაჩუქარი პარტია, "ქართული იდეაც" "დაუხარვეზა".
"ალტ-ინფოს" ახალი პარტია - “კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 22 აპრილს დარეგისტრირდა.
რეგისტრაცია
"უწევთ რაღაცებისთვის ანგარიშის გაწევა..."
„არ უნდოდათ ["ქართულ ოცნებას"] ამ პარტიის დარეგისტრირება, მაგრამ ჩვენი მხარდამჭერების გარდა, ეს [რეგისტრაციის პროცესის გაჭიანურება - რ.თ.] დიდ აგრესიას აჩენდა აბსოლუტურად ნეიტრალურ ხალხშიც და მათ შორის - „ოცნების“ ღია მხარდამჭერებშიც - აი, „ნაცებს“ არ ასრულებთ და ამათ ებრძვითო... იძულებული გახდნენ დაერეგისტრირებინათ - მათაც უწევთ რაღაცებისთვის ანგარიშის გაწევა “, - უხსნის რადიო თავისუფლებას „ალტ-ინფოსა“ და მისი ახალი პარტიის დამფუძნებელი, კონსტანტინე [კოკა] მორგოშია.
პოლიტიკურ პარტიათა რეესტრის ბაზაში ჩანს, რომ საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ დოკუმენტები 27 თებერვალს მიიღო და განხილვის პროცესი, პირველ ჯერზე, ერთი თვის თავზე - 27 მარტს შეაჩერა. დასახელებული ხარვეზები უკავშირდებოდა პარტიის ბეჭდის აღწერილობას, ტელეფონის ნომრით სარგებლობის უფლებასა და პარტიის სადამფუძნებლო ყრილობაზე შეკრებილთა დელეგატებად მოხსენიებას [მითითებულია, რომ კანონი მათ "არანაკლებ 300-კაციან ჯგუფს" უწოდებს].
ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10-დღიანი ვადაა დადგენილი. პარტიას თავიდან მოუწია ყრილობის ჩატარება - არანაკლებ 300 ადამიანის შეკრება და ნოტარიუსის მოწვევა - ოქმის დასამტკიცებლად. როგორც "ალტ-ინფოში" განმარტავენ, 370 ადამიანი შეკრიბეს, მათი მონაცემები განახლებულ დოკუმენტაციასაც დაურთეს და ვადის ამოწურვამდე - 4 აპრილს მიაწოდეს საჯარო რეესტრს.
განხილვის პროცესი კიდევ ერთხელ შეჩერდა - 8 აპრილს. ამჯერად ერთი ახალი ხარვეზის გამო - პარტიას მოსთხოვეს იმ "არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფის" დამატებითი მონაცემები, ხელმოწერები და მათი ელექტრონული სია. როგორც "ალტ-ინფოში" ამბობენ, ეს მასალები მათ არც თავიდან ჰქონდათ წარდგენილი, მაგრამ არ მიუღიათ რეესტრის შენიშვნა, პირველი შეჩერების დროს.
ხარვეზის მოგვარებას დასჭირდა ისევ იმ "არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფის" წევრებთან ცალ-ცალკე დაკავშირება - მათი მონაცემებისა და ხელმოწერების შეგროვება, რაც საჯარო რეესტრს მიაწოდეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებაში 2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით: "განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული"... და "აკრძალულია განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების რამდენჯერმე მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა ასეთი ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი".
საბოლოოდ, პარტია “კონსერვატორები საქართველოსთვის“ 22 აპრილს დარეგისტრირდა.
„ალტ ინფოში“ ამბობენ, რომ რეგისტრაციის პროცესში შეხვდნენ უსაფუძვლო, ტყუილ წვალებას, „კანონების ნიუანსების მჩხიბაობით“ - რაც, ფიქრობენ, რომ მხარდამჭერებში ნიჰილიზმის დათესვასაც ისახავს მიზნად.
კონსტანტინე მორგოშია რეგისტრაციის გაჭიანურებას ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე დაწყებული პროცესის ნაწილად განიხილავს - 2024 წელს, არჩევნებამდე 6 თვით ადრე, „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული მოძრაობა“ გაუუქმეს. მაშინ „ალტ-ინფო“ აცხადებდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მათი სახით კონკურენტი ჩამოიშორა.
პარტიის გაუქმება, უპრეცედენტო ბოლო ათწლეულებისთვის, სახიფათო სიგნალად ჩათვალა ბევრმა, მათ შორის - ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიმართ უარყოფითად განწყობილმა ექსპერტმა თუ პოლიტიკოსმა. მალევე, "ქართულმა ოცნებამ" მის მიერ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად" წოდებული ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ დაიწყო ჯერ საუბარი, შემდეგ კი - კანონმდებლობის შეცვლაც.
დაპირისპირება "ოცნებასთან"?
"დაგვემსგავსნენ"
შარშან აპრილში, "კონსერვატიული მოძრაობის" გაუქმების შემდეგ, "ალტ-ინფოს" მხარდამჭერები „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენდნენ - გავრცელდა ათეულობით ვიდეო, როგორ წვავდნენ ისინი „ქართული ოცნების“ დროშებს და ხევდნენ მაისურებს.
გაიმართა საპროტესტო აქციაც თბილისში, მშვიდობის ხიდთან. “ოცნების” დროშები და მაისურები ამ აქციაზეც დაწვეს.
შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ალტ-ინფოს” აჩუქეს ცესკოში უკვე რეგისტრირებული პარტია - “ქართული იდეა”. კონსტანტინე მორგოშია იხსენებს, რომ “ეს პარტიაც დაახარვეზეს - ყრილობა არასწორად გქონდა ჩატარებულიო” და არჩევნებს გამოეთიშა.
საბოლოოდ, “ალტ-ინფო” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე პრორუსული, “პატრიოტთა ალიანსის” სიით გავიდა.
“პატრიოტთა ალიანსი” - 2.436%-ით - 5%-იანი საარჩევნო ბარიერის მიღმა დარჩა. ცესკოს მონაცემებს მიხედვით მიღებულ 50599 ხმაში შეუძლებელია "ალტ-ინფოს" ამომრჩეველთა წილის დათვლა.
კონსტანტინე მორგოშია გვეუბნება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ალტ-ინფოს” მხარდამჭერთა ხმების დიდი ნაწილი მაინც “ქართულმა ოცნებამ” წაიღო - "ისევ "ნაცების" დაბრუნების შიშის ფაქტორის გამო". ის დარწმუნებულია, რომ შემდეგ არჩევნებზე, იქნება ეს თვითმმართველობისა თუ ვადამდელი საპარლამენტო, ყველა ამ ხმას დაიბრუნებენ და სხვებსაც მიამატებენ, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ყულაბიდან.
„აბა, ჩვენ სხვას ვის შეიძლება ხმები წავართვათ?! - არ არსებობს ამომრჩეველი, რომელიც დაფიქრდება - გვარამიას მივცე ხმა თუ მორგოშიასო... დაგვემსგავსნენ [“ქართული ოცნება“ რ.თ]... ჩვენ ისევ იმას ვიძახით დღემდე, რასაც 2017 წელს ვამბობდით, მაგათმა კიდევ იმ დროს კონსტიტუციაში გააკეთეს ჩანაწერი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ [78-ე მუხლი რ.თ]...
ჩვენ ვინმეს მოვწონვართ თუ არ მოვწონვართ, ვართ თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა; ხოლო „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც იმ მესიჯბოქსებს ეპარება, რომელიც მომგებიანია დღის წესრიგის კონკრეტულ ეტაპზე“, - ეუბნება მორგოშია რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ უკვე უჭირს, დააჯეროს ხალხი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არა აქვთ.
"და რაში უნდა დავჭირდეთ "ქართულ ოცნებას?!" - ამბობს ის იმ ეჭვების საპასუხოდ, რომ "ოცნებას" კვლავ დასჭირდა "ალტ-ინფო" და "პარტია იმიტომ დაურეგისტრირა".
გასული წლების განმავლობაში პოლიტიკის ანალიტიკოსები ხშირად მიუთითებდნენ "ქართულ ოცნებასა" და "ალტ-ინფოს" "სიტუაციურ მოკავშირეობაზე" და მაგალითებად მოჰყავდათ "ალტ-ინფოს" მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც სასარგებლო ან საჭირო იყო "ქართული ოცნებისთვის".
2021 წლის 5 ივლისს, მას შემდეგ, რაც „ალტ-ინფოს“ მოწოდებებით ქუჩაში გამოსულმა აგრესიულმა ბრბომ მედიის ათეულობით წარმომადგენელზე ფიზიკურად იძალადა, "ალტ-ინფოს" ლიდერების ჩართულობით - პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა გაანადგურეს. დროშა დაწვეს მეორე დღესაც. იგივე განმეორდა 2023 წელსაც.
"ალტ-ინფო" იყო ერთგვარი პიონერი დასავლეთის ქვეყნების ელჩების საქმიანობის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მონათვლაში.
დღეს იმავე ლექსიკას ელჩების წინააღმდეგ “ქართული ოცნებაც” იყენებს. დაიძაბა ურთიერთობები დასავლეთთან.
გასული წლის 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, “ოცნებამ” 4 წლით დააპაუზა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა - ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი ეტაპი.
გასული წლის მიწურულს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და დაასანქცირა ქართველი მაღალჩინოსნები, მათ შორის, მმართველი პარტიის მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - განმარტა მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა..
კონსტანტინე მორგოშიაც, თანაგუნდელთან - ზურაბ მახარაძესთან ერთად, აშშ-ის „მაგნიტსკის სიაშია“ შეყვანილი - მათ შორის - [2021 წლის 5 ივლისს] ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის მხარდაჭერისა და ორგანიზებისთვის.
ბოლო დროს, ე.წ. ლგბტ პროპაგანდასთან, "ლიბერალ ფაშისტებთან" და "აგენტების" წინააღმდეგ ღია ბრძოლა "ალტ-ინფოს" განმასხვავებელი ნიშანი აღარ არის. იგივე ტაქტიკა აქვს არჩეული "ქართული ოცნების" ხელისუფლებას - პროდასავლური აქციების მსვლელობისას, ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ახლა უკვე არა წახალისებული ბრბო, არამედ საპოლიციო ძალების ნიღბიანი თანამშრომლები ძალადობენ.
ამავე დროს, "ალტ-ინფო", საკუთარი მედიასაშუალების გადაცემებში, "ქართულ ოცნებას" ავტორიტარიზმისკენ გადახრაში ადანაშაულებს და აკრიტიკებს მიკერძოებულ სასამართლოსა თუ გამოხატვის თავისუფლებასთან ან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ ახალ კანონებს.
აშშ-ის სანქციები და რუსეთში არ შეშვება
"რანაირად ვარ პრორუსი?!"
„ალტ-ინფო“ ღიად უჭერს მხარს რუსეთთან დაახლოებასა და საქართველოს გაწევრიანებას მოსკოვთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამხედრო გაერთიანებებში, ტერიტორიული მთლიანობისა თუ უსაფრთხოების სანაცვლოდ. მაგრამ "ალტ-ინფოელები" საკუთარ თავს პრორუსებად არ მიიჩნევენ.
მორგოშია ირწმუნება, რომ რუსეთში შესვლა აქვს აკრძალული.
„როგორ შეიძლება პრორუსი ვიყო, როდესაც ვარ პარტიის დამფუძნებელი და რუსეთში არ მიშვებენ. როდესაც მქონდა მე შეხვედრები რუსებთან ერთი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ჩასვლის დროს, პირდაპირ საზღვარზე მითხრეს, რომ რუსეთის ფედერაციაში აკრძალული მაქვს 5 წლით შესვლა - სასაცილო მიზეზის გამო, რომ თითქოს სასაზღვრო წესები დავარღვიე“, - გვეუბნება მორგოშია და აღნიშნავს, რომ - აკრძალვა მისთვის "სიურპრიზი" იყო და იმ დღიდან წელიწადი და 5 თვეა გასული. მორგოშიას თანახმად, მოსკოვში ჩასვლა "ალტ-ინფოს" სხვა წარმომადგენლებს აღარ უცდიათ, რადგან შესაძლოა, არც ისინი შეეშვათ.
„და ახლა რუსეთზე ჩაიქნიეთ ხელი?“ - რადიო თავისუფლების კითხვაზე მორგოშიას მოკლე პასუხია - „არა“.
საკუთარ პოზიციას ასე ხსნის: „ჩვენ ახლაც ვიძახით, რომ რუსეთთან კონტაქტი აუცილებელია, მიშვებენ თუ არ მიშვებენ იქ. მე ვარ ადამიანი, რომელიც შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ ჩამსვა „მაგნიტსკის სიაში“ და ასევე, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებმა ამიკრძალეს რუსეთის ფედერაციაში შესვლა. მგონი ასეთი ადამიანი სხვა არ არსებობს. იმათთანაც [ამერიკელებთან რ.თ] და რუსეთთანაც პროქართული პოზიცია მქონდა და როგორც ვატყობ, ეს პროქართული პოზიცია არც იმათ მოსწონთ და არც ამათ. მე მაინც ვაგრძელებ ჩემს პოზიციაზე ყოფნას“.
კონსტანტინე მორგოშია გამორიცხავს პარლამენტში შესვლას, ანდა რომელიმე სამთავრობო თანამდებობაზე დანიშვნას მომავალში. გვეუბნება, რომ ამას არასოდეს შეეცდება - ცხოვრების მანძილზე, თუმცა ყოველმხრივ დაეხმარება თანაგუნდელებს.
მორგოშიას თქმით, თუკი ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, "ალტ-ინფო" თვითმმართველობის არჩევნებში სცდის ძალას - 2025 წლის შემოდგომაზე.
ფორუმი