Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკური ძალადობით დასრულდა


"ბრალდებული თავად ისაუბრებს ხვალ სასამართლოში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ადასტურებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭს"
"ბრალდებული თავად ისაუბრებს ხვალ სასამართლოში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ადასტურებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭს"

საქართველოს პროკურატურამ ოთხ არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალი 16 მაისს, გორში, ჯგუფურად ცემის ფაქტზე. დაზარალებულებიც არასრულწლოვნები არიან.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, გორში, წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი, 16 წლის ვ.ჭ. მისი ინიციატივით შეხვდა არასრულწლოვან ძმებს და სხვა მოზარდებთან ერთად მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

16 წლის ბრალდებული კიკბოქსიორია. სამართალდამცავებმა ის 19 მაისს დააკავეს. ვ. ჭ-ს, ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნის ჯგუფურად ცემა) ჩადენილი დანაშაული ედება ბრალად. კიდევ ერთ მოზარდს გამოძიება ორი არასრულწლოვნის ჯგუფურად ცემას ედავება.

თამარ თედლიაშვილი, ვ.ჭ.-ს ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოძიებამ მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, დანარჩენი სამი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს სხდომას სახლში დაელოდება.

13 და 15 წლის ძმების ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 19 მაისს გავრცელდა. ეს ინფორმაცია მედიაპორტალმა “ქართლის ამბებმა” სოციალურ ქსელში მშობლების ერთ-ერთ ჯგუფში წამოჭრილ დისკუსიაზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ,,ქართლის ამბებს" უამბო, სასტიკად იყო ნაცემი არასრულწლოვანი, რომელმაც ტიკტოკზე დაწერილ კომენტარში კრიმინალური სამყარო უარყოფითად მოიხსენია.

თამარ თედლიაშვილი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ კონფლიქტი არასრულწლოვნებს შორის თავდაპირველად სოციალურ ქსელში დაიწყო, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.

მისი თქმით, ამის შესახებ ბრალდებული 21 მაისს, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე, გორის რაიონულ სასამართლოში ისაუბრებს:

„მე დეტალებზე თქვენთან ვერ ვილაპარაკებ. ბრალდებული თავად ისაუბრებს ხვალ სასამართლოში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ადასტურებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭს, თუმცა, აქ არ არის ლაპარაკი მძიმე ხარისხის დაზიანებაზე. როგორც ვიცი, მხოლოდ წარბი ჰქონდა გაკაწრული ბავშვს“.

თამარ თედლიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ამჟამადაც პირობით მსჯავრს იხდის ქურდობისთვის:

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მოზარდს პირობითი მსჯავრი აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ამჯერადაც პირობითი მსჯავრი იქნას მის მიმართ გამოყენებული ისევ და ისევ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად“.

არსებული ინფორმაციით, შვილების ცემის გამო პოლიციას 13 და 15 წლის ძმების დედამ მიმართა.

ქალმა რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა. “ნუ ავაფორიაქებთ ჩემს შვილს, ისედაც სტრესშია, ახლა მისი სიმშვიდე მაღელვებს, მეტი არაფერი”, - მოგვწერა მან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაზარალებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა კლინიკასაც მიმართა, მას სახეზე ჰქონდა დაზიანება.

რა ტიპის დაზიანება ჰქონდა მოზარდს და რა მანიპულაციები ჩაუტარდა მას, ამ კითხვებზე რადიო თავისუფლებას კლინიკა „გორმედში“ არ უპასუხეს. „გორმედის“ ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „პაციენტის პირადი ინფორმაცია მესამე პირზე არ გაიცემა“.

სურთ მოზარდებს კრიმინალურ სუბკულტურასთან დაახლოება?

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა“ დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაქვეყნეს ვრცელი კვლევა, რომლის მთავარი მიზანიც იყო „კრიმინალური მენტალიტეტისა და საზოგადოებაზე მისი გავლენის“ კვლევა.

ამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში, ყოველ მეხუთე გამოკითხულს (21%-ს) კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს, ანუ, მაგალითად, სადავო საკითხების გადაწყვეტისას პოლიციას კი არა, კრიმინალური სუბკულტურის წევრს მიმართავდა.

13%-ს ამ კითხვაზე ჩამოუყალიბებელი პოზიცია აქვს.

ამავე კვლევის შედეგებს თუ დავეყრდნობით, მაგალითად, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ბოლო 5 წელში გაზრდილია მოზარდებში კრიმინალური სუბკულტურების წევრობის სურვილი.

მოსახლეობის უმრავლესობის (60%-მდე) შეფასებით, ქვეყანაში არსებული კრიმინალური სუბკულტურები გავლენას ახდენს მოზარდების ცხოვრების წესზე, მათი შეხედულებების ფორმირების პროცესზე, განათლების მიღებაზე, დასაქმებაზე, ქცევით ჩვევებზე, ზოგადად - ცნობიერებაზე.

მკვლევრებმა გამოკითხვაში ჩართულ ექსპერტებს ჰკითხეს, რა განაპირობებს მოზარდებში კრიმინალურ სუბკულტურასთან დაახლოების სურვილს? მათგან კი ასეთი პასუხები მოისმინეს:

  • ოჯახების არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც მშობლების ენერგია, ძირითადად, შვილ(ებ)ის პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფას ხმარდება;
  • ოჯახებში არსებული ავტორიტარული აღზრდის სტილი, როდესაც ბავშვებს, რომლებიც აგრესიის ობიექტები ხდებიან, მიღებული აგრესია სხვებზე გადააქვთ;
  • მიბაძვა, რომელიც გამოწვეულია ოჯახის რომელიმე წევრის კრიმინალური სუბკულტურის წევრობით და ციხეში ყოფნით.


ოჯახისა და მშობლებთან კომუნიკაციის გარდა, კვლევაში საუბარია იმ ფაქტორებზეც, რომლებიც წაახალისებენ მოზარდებს, დაახლოვდნენ კრიმინალურ სუბკულტურებთან. მაგალითად, კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ არსებული პოზიტიური სტერეოტიპული განწყობები; თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება; დროის ნაყოფიერად გასატარებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა; ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების სისტემატური მოხმარება, კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების მიმართ არასაკმარისი ნდობა და ა.შ.

გამოკვლევის თანახმადვე, კრიმინალურ სუბკულტურებთან დაახლოება შესაძლოა გამოიწვიოს მოზარდებში ძალაუფლების ქონის, ან პირიქით, ძალაუფლების მქონე თანატოლებისგან თავის დაცვის სურვილმა.

“გარდატეხის ასაკში იზრდება საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისა და ლიდერობის სურვილი, ხოლო კრიმინალური აქტივობა მოზარდებს უჩენს ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას. ამ გზაზე ყველაზე გავრცელებული ფორმაა ე.წ. “ყოჩის” ინსტიტუტის არსებობა სკოლებში ან საცხოვრებელ უბნებში, რაც გულისხმობს სხვა ბავშვებთან შედარებით დაწინაურებულ მდგომარეობაში ყოფნას. ამასთან, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მოპოვების სურვილიც – ზოგიერთი ბავშვი მიიჩნევს, რომ კრიმინალურ ჯგუფებთან სიახლოვით ნაკლებად დაიჩაგრება”, - წერია გამოკვლევაში.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ კრიმინალური სუბკულტურის წევრობის მიმზიდველობას მოზარდებში განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ ეს ჯგუფი გავლენას ახდენს საზოგადოებაში მიმდინარე (მათ შორის, პოლიტიკურ) მოვლენებზე:

„მეტიც, კრიმინალური სამყაროს წევრები ასოცირებულნი არიან უსამართლობასთან ბრძოლასა და თავისუფლებასთან. ამგვარად, მოზარდებში ჩნდება განცდა, რომ კრიმინალური სუბკულტურის წევრები არ მუშაობენ, მხოლოდ სამართლიანი “მოსამართლის” როლს ასრულებენ და ასე იქმნიან სოციალურ და ეკონომიკურ კაპიტალს.

ფოკუსჯგუფში მონაწილე ადამიანების დაკვირვებით, ბოლო წლებში მმართველ პოლიტიკურ ძალასა და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებს შორის არსებობს გარკვეული თანამშრომლობა, რომელიც ყველაზე მეტად „ძველი ბიჭების“ საარჩევნო პროცესებში აქტიურ ჩართვაში გამოიხატება”, - ამბობენ მკვლევრები, რომლებმაც გასულ წელს, ექვსი თვის განმავლობაში, 15 წლისა და მეტი ასაკის, 2000-მდე რესპონდენტი გამოჰკითხეს.

ამ კვლევამ მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი. კვლევაში მონაწილეობდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სკოლის პედაგოგები, მანდატურები, სკოლის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და არასამთავრობო სექტორის ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG