Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბალტიის ქვეყნებში შეჭრისთვის ემზადება?


რუსი ჯარისკაცი, ვლადიმირ პუტინი (შუაში) და ნიკოლაი პატრუშევი. კოლაჟი
რუსი ჯარისკაცი, ვლადიმირ პუტინი (შუაში) და ნიკოლაი პატრუშევი. კოლაჟი

პუტინის გარემოცვის წევრი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, რუსეთის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე და უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი უფროსი ნიკოლაი პატრუშევი ღიად ემუქრება დასავლეთს.

ის აცხადებს, კალინინგრადის ოლქის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.

ბევრმა ანალიტიკოსმა პატრუშევის ეს მუქარა აღიქვა ერთგვარი მედიაკამპანიის ნაწილად, რომლის მიზანი ბალტიის მიმართულებით ომის დაწყების საინფორმაციო მომზადებაა. ექსპერტების თქმით, სწორედ ამ ომისთვის შეიქმნა რუსეთში ახალი სამხედრო ოლქები ჩრდილოეთის მიმართულებით და სწორედ ამ ომის სამზადისის გამო არ ჰყოფნის რუსეთის არმიას ჯავშანტექნიკა და სხვა შეიარაღება უკრაინის ფრონტზე.

26 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი ხანია ცნობილია კალინინგრადთან დაკავშირებით დასავლეთის შორს მიმავალი გეგმების შესახებ.

„შემიძლია გავაკეთო ერთადერთი შესაძლო კომენტარი: კალინინგრადის ოლქი რუსეთის განუყოფელი ნაწილია და მის ნებისმიერ სამხედრო ხელყოფას მოჰყვება დაუყოვნებლივი და გამანადგურებელი პასუხი ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალისა და საშუალების გამოყენებით, როგორც ეს გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინით და ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებით. რუსეთს აქვს ყველა საჭირო სამხედრო ინსტრუმენტი კალინინგრადის ოლქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - თქვა პატრუშევმა, რომლის თქმითაც, დასავლელი სტრატეგები კვლავ ახმოვანებენ აგრესიულ გეგმებს, რომლებსაც დიდად მოიწონებდნენ მათი წინამორბედები, - „როგორც ტევტონი რაინდები, ასევე პრუსიელი იუნკრები და მათი ნაცისტი შთამომავლები“, რომლებიც, პატრუშევის თქმით, საბოლოო ჯამში „სრულიად სამართლიანად აღმოჩნდნენ ისტორიის სანაგვეზე“.

„ეჭვი არ მეპარება, რომ თანამედროვე ომის წამქეზებლებსაც იგივე სავალალო ბედი ელით“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ.

ნიკოლაი პატრუშევი
ნიკოლაი პატრუშევი

ამასთან, ნიკოლაი პატრუშევმა ნატოს ოფიციალურ პირებს რუსული ენის შესწავლაც ურჩია, რათა „კარგად გაიგონ რუსეთის პრეზიდენტის [ვლადიმერ პუტინის] სიტყვები, რომ ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას“.

„ამას აზრი არ აქვს, <...> შეგიძლიათ ნებისმიერ ენაზე ისაუბროთ, გარდა ძალის, მუქარისა და შანტაჟის ენისა“, - აღნიშნა პატრუშევმა.

რუსული ენის სწავლასთან დაკავშირებით პატრუშევის კომენტარი ეხებოდა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს მიერ 2025 წლის იანვარში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ ალიანსის წევრი ევროპული ქვეყნები სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან, მაშინ მათ რუსული ენის შესწავლა მოუწევთ.

პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, კალინინგრადთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით ნიკოლაი პატრუშევი გამოეხმაურა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების მეთაურს, გენერალ კრისტოფერ დონაჰიუს, რომელმაც 17 ივლისს გერმანიის ქალაქო ვისბადენში გამართულ აშშ-ის არმიის ასოციაციის LandEuro-ს პირველ კონფერენციაზე წარმოადგინა „აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების“ გეგმა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს „სახმელეთო პოტენციალის გაძლიერებას და ალიანსში სამხედრო სფეროსა და მრეწველობას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას. ეს გეგმა ასევე მოიცავს მოკავშირეთა სისტემების სტანდარტიზაციას, გამშვები სისტემების გამოყენების შესაძლებლობას და მოქმედებების კოორდინაციას cloud computing ტექნოლოგიებზე აქცენტით“.

„კალინინგრადის ოლქი ყველა მხრიდან ნატოს წევრი ქვეყნებით არის გარშემორტყმული. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუძლია „ის დედამიწის პირისაგან აღგავოს უპრეცედენტო დროში და უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ ამას ოდესმე შევძლებდით“, - გენერალ კრისტოფერ დონაჰიუს ამ სიტყვების ციტირება მოახდინა გამოცემა Defense News-მა.

ანალიტიკოსების შეფასებით, კალინინგრადი - რუსეთის საუკეთესო იარაღია ნატოს ალიანსთან პოტენციურ დაპირისპირებაში. ჯერ კიდევ 2020 წელს გამოცემა The National Interest წერდა, რომ რუსული ანკლავის მდებარეობა მოსკოვს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს დასავლურ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლისთვის. კალინინგრადის არსებობა (ზღვაზე წვდომის ჩათვლით) რუსეთს აძლევს ნატოსთან ურთიერთობაში პოლიტიკური ესკალაციის დინამიკის მართვის შესაძლებლობას. როდესაც მოსკოვს სურს ზეწოლა მოახდინოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე ქვეყნის მერყევ მთავრობაზე, მას აქვს შესაძლებლობა მოაწყოს გრანდიოზული დემონსტრაცია ანკლავში რაიმე ახალი და საშიში იარაღის განლაგებით. The National Interest-ის თქმით, რეგიონში განლაგებული С-400 სისტემები და „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემები უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროპულ ქვეყნებში. სწორედ კალინინგრადის წყალობით შეუძლია რუსეთს ოპერატიულად გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა დასავლეთ საზღვრებზე.

როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, NATO-ს ყველა სამხედრო წვრთნა, რომელიც რეგიონში ტარდება, სწორედ რუსეთიდან და მისი ანკლავიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირებას უკავშირდება, თუმცა როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, რუსეთის ხელისუფლება და პროპაგანდა ცდილობს სურათის ამოტრიალებას და აგრესორად დასავლეთის წარმოჩენას.

ნიკოკლაი პატრუშევმა 2025 წლის დასაწყისშიც განაცხადა, რომ ნატო კალინინგრადის ოლქის დაკავების სცენარს ამზადებს.

„ზედიზედ მეორე წელია, ნატო ჩვენს საზღვრებთან ატარებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს, რომელშიც დიდ ტერიტორიაზე (ვილნიუსიდან ოდესამდე) შეტევითი მოქმედებების ისეთ სცენარებს ამუშავებს, როგორებიცაა კალინინგრადის ოლქის დაკავება, ბალტიისპირეთსა და შავ ზღვებში გემების მოძრაობის ბლოკირება და რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების მუდმივი ბაზების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმების განხორციელება“, - განაცხადა მაშინ ნიკოლაი პატრუშევმა.

როგორც პოლიტოლოგი ალექსანდრ მოროზოვი ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში ამბობს, საუბარი არაა ნატოს მხრიდან თავდასხმაზე, როგორც ამას რუსეთის პროპაგანდა წარმოაჩენს. მისი თქმით, ერთი თვის წინ, 25 ივნისს ნატოს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერების შესახებ. გენერალმა დონაჰიემ გააკეთა განცხადება, რომ თუკი კალინინგრადის ოლქიდან დაიწყება რაღაც სამხედრო ქმედებები ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, ნატო განახორციელებს საპასუხო დარტყმასო.

„სულ ეს იყო", - ამბობს პოლიტოლოგი, - "მაგრამ ადრე, როცა კრემლმა დაიწყო ოლქში „ისკანდერების“ გადატანა და იმის დემონსტრირება, რომ კალინინგრადის ოლქი არის „ჯავშნიანი მუშტი“, რომელიც შეიძლება გამოიყენონ - ამ მომენტიდან აშკარაა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები და თვითონ ალიანსიც ამუშავებდნენ გეგმებს, როგორ უპასუხონ გამოწვევას ესკალაციის შემთხვევაში“.

რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთი, როგორც უკრაინის შემთხვევაში იყო, რუსეთზე თავდასხმის „პრევენციის“ მიზნით თვითონ დაესხას თავს ნატოს რომელიმე ქვეყანას?

ალექსანდრ მოროზოვი
ალექსანდრ მოროზოვი

„იმ განცხადებებიდან, რასაც ვისმენთ სხვადასხვა ქვეყნის გენშტაბების წარმომადგენლებიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში, რომელსაც არ უჩანს დასასრული, იღებენ, ფართო საომარ გამოცდილებას. გარდა ამისა, პუტინმა მოახერხა ეკონომიკის გადაწყობა ომის საჭიროებებზე... ყოველივე ამის გათვალისწინებით, დასავლეთში ღიად ამბობენ, რომ რუსეთი 2027-2032 წლებში მზად იქნება ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანასთან დაპირისპირებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ომი აუცილებლად დაიწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მზად იქნება. ამისთვის ემზადება დასავლეთიც“, - ამბობს ალექსანდრ მოროზოვი.

26 ივლისს მსგავსი განცხადება გააკეთა პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმაც:

„ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ ნატოსა და აშშ-ის ყველა შეფასებით, რუსეთი და ჩინეთი უკვე 2027 წელს იქნებიან მზად გლობალური კონფრონტაციისთვის. ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან არა საომარი სიტუაციისთვის, არამედ სიტუაციისთვის, რომელშიც ჩვენი გლობალური მოწინააღმდეგეები მზად იქნებიან ასეთი კონფრონტაციისთვის. რუსული გეგმა მარტივია, ეს საიდუმლო არაა. რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის გაყოფა. პოლონეთისა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნების გაყოფა და დანარჩენი დასავლეთისგან იზოლირება“.

ალექსანდრ მოროზოვის თქმით, ფინეთს, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს ყველა საფუძველი აქვთ იზრუნონ თავიანთი უსაფრთხოების გაძლიერებაზე:

„ეს ასევე ეხება არქტიკის ქვეყნებს. აშკარაა, რომ შვედეთი და ნორვეგია იღებენ მნიშვნელოვან ზომებს, რადგან რუსეთში არქტიკის მიმართულება და მისი გადაიარაღება ასევე აბარია ნიკოლაი პატრუშევს - კრემლის ომის ერთ-ერთ ქოფაკს“.

ფსონების აწევის დრო პუტინისათვის

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ლოგიკურია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და პროპაგანდამ კალინინგრადისა და, შესაბამისად, ნატოს წევრ ქვეყნებზე იერიშის მიტანის შესახებ ინტენსიური საუბრები ახლა დაიწყეს

„დროული საუბრებია, რადგან პუტინსა და მის გარემოცვას ესმით, რომ სწორედ ახლაა ფსონების გაზრდის დრო“, - თქვა თავის იუტუბ-არხზე პასტუხოვმა, რომლის თქმითაც, მოსკოვი ასეთი მუქარით უპასუხებს დასავლეთს, რომელიც დრო და დრო შეახსენებს რუსეთს, რომ ის უკრაინაში ჩაეფლო, რომ დასავლეთი გვერდში უდგას უკრაინას და არ აძლევს მას წაქცევის საშუალებას, ხოლო თუ რუსეთს უნდა, რომ იყოს მეორე სსრკ, მაშინ რუსეთი აუცილებლად გაიზიარებს საბჭოთა კავშირის ხვედრს.

ვლადიმირ პასტუხოვი
ვლადიმირ პასტუხოვი

„რუსეთის ყველა პასუხი არადამაჯერებელია, ამიტომ საჭიროა ფსონების გაზრდა. ეს არის ერთგვარი გამოსავალი. რუსეთი ეუბნება დასავლეთს: „ჩვენ არ ჩავეფლობით უკრაინაში, იერიშს მოვიტანთ პირდაპირ თქვენზე. უკრაინისადმი თქვენს მხარდაჭერას ჩვენ აღვიქვამთ როგორც პროქსი ომს ჩვენს წინააღმდეგ. შესაბამისად გვაიძულებთ გავიდეთ იმ ველიდან, რომელიც თქვენ შემოგვიხაზეთ“. შესაბამისად, ჯერჯერობით ხდება ამ იდეის ვერბალიზაცია. ეს იდეა სულ ეკიდა ჰაერში, ახლა კი დადგა მისი ვერბალიზაციის მომენტი“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი, რომლის თქმითაც, რუსეთი შესაძლოა "ბლეფობს" კიდეც, თუმცა კითხვას, არსებობს თუ არა ალიანსის წევრ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის თეორიული შანსი, პოლიტოლოგი დადებითად უპასუხებს:

„თეორიულად ეს შესაძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი არ აპირებს თავს დაესხას არც დიდ ბრიტანეთს, არც საფრანგეთს და არც აშშ-ს. რუსეთი აპირებს გაიმეოროს თამაში: ჩვენ დავესხმებით დაუცველს, სუსტს და შევხედავთ, გეყოფათ თუ არა გამბედაობა, საფრთხის ქვეშ დააყენოთ თქვენი მშვენიერი, მაძღარი ცხოვრება და მთლიანად სიცოცხლეც კი არცთუ ისე საჭირო პარტნიორის გამო“.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, წმინდა თეორიულად, ფსონების გაზრდის თვალსაზრისით, ეს პრაგმატული გათვლაა. მოსკოვი შეიძლება არ წავიდეს ამ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ზუსტად ეცოდინება, რომ ერთადერთი პასუხი იქნება ისეთი სარაკეტო იერიშები რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, როგორიც ისრაელმა და აშშ-მა მიიტანეს ირანზე. თუ მოსკოვს ექნება საფუძველი იფიქროს,რომ პასუხი ასეთი არ იქნება, სხვა ყველაფერი მისთვის არ წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს.

კალინინგრადის ოლქი (რუს. Калининградская область) - რუსეთის ფედერაციის ყველაზე დასავლეთით მდებარე რეგიონი, რომელიც გეოგრაფიულად სრულად გამოყოფილია დანარჩენი ქვეყნისგან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლიტვა, სამხრეთით — პოლონეთი, დასავლეთით კი აქვს გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. დედაქალაქი — ქალაქი კალინინგრადი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც კენიგსბერგი და ეკუთვნოდა გერმანიას (პრუსიას) მანამ, სანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-ში არ შევიდა. რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის რეგიონისა და ნატოსთან მიმართებაში. კალინინგრადსა და ბელარუსს შორის სახმელეთო კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ლიტვის, სუვალკის დერეფნის გავლით. ეს არის ვიწრო სახმელეთო ზოლი ლიტვასა და პოლონეთს შორის, რომელიც ბელარუსს კალინინგრადის ოლქთან აკავშირებს. კავშირი სტრატეგიულია რუსეთისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და ნატომ რეგიონის მიმართ შეზღუდვები გაამკაცრა.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, 2021-2022 წლებში რუსეთის ჯარები თავს იყრიდნენ უკრაინის საზღვრებთან, კეთდებოდა აგრესიული განცხადებები, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ომის დაწყება შეუძლებელია, პუტინი ბლეფობს, ის სულელი არ არის, ომი რომ დაიწყოსო.

„უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, გამანადგურებელი საპასუხო დარტყმაა. სხვა ყველაფერს მოსკოვისთვის არა უშავს. <…> ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა რესურსები აქვს რუსეთს ომის გაგრძელებისთვის, მაგრამ თუ ეს რესურსი შეზღუდულია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ან წავა მოლაპარაკებებზე ან როგორც კუთხეში მიმწყვდეული (რომელსაც ესმის, რომ მისთვის მშვიდობა ომზე უარესია) გადაწყვეტს ფსონების მკვეთრად გაზრდას ანუ წავა ავანტიურაზე. სამხედროები დაარწმუნებენ პუტინს, რომ არანაირი საპასუხო დარტყმა არ იქნება, რომ ამისთვის დასავლეთს არ აქვს არც ნება, არც ძალა და არც მიზანდასახულობა; ჩვენი ტანკები ბევრად სწრაფები არიან და რამდენიმე საათში გავლენ ბალტიის ზღვაზე, და კიდევ, რომ მთელი ეს გზა ტანკებისთვის მოფენილი იქნება ყვავილებით. ეს არის სურათი, რომლის დანახვაც მათ უნდათ და, რომლის მიხედვითაც შეიძლება იმოქმედონ“.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ამ გეგმის განხორციელებაში რუსეთის კოზირებია:

  • სუსტი ინფრასტრუქტურა, რომელიც სწრაფად შეიძლება განადგურდეს;
  • გიგანტური მეხუთე კოლონა რუსულენოვანი მოსახლეობის სახით, რომელსაც ძილში ესიზმრება რუსეთის ჯარის შესვლა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG