შეძახილები, რომლებიც ათეულობით წელია ირანში ისმის, აშშ-ის პრეზიდენტმაც ახსენა 22 ივნისს, ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, და ირანს „ტერორიზმის სპონსორი მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფო" უწოდა. დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ, თუკი ირანი მშვიდობისთვის არ განეწყობა, შემდეგი დარტყმები „გაცილებით უფრო ძლიერი და უფრო იოლი“ იქნება.
24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანის ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა და მხარეებს მოუწოდა, არ დაერღვიათ ცეცხლის შეწყვეტის პირობები. ბევრს ეეჭვება, რომ მოსისხლე მტრებს შორის სწრაფი მშვიდობა შესაძლებელია - დღის განმავლობაში კვლავ ვრცელდება ცნობები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ. ისრაელმა აშშ-ის პრეზიდენტისგან სპეციალური გაფრთხილებაც მიიღო.
ძალა, რომელიც ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ გამოიყენა, მრავლისმთქმელ სიგნალად რჩება.
ევროკავშირის ქვეყნები ეთანხმებიან აშშ-ის მიზანს - არ მისცეს ირანს საშუალება შექმნას ბირთვული იარაღი. მსოფლიო დაძაბული აკვირდება სამხედრო დაპირისპირებას ახლო აღმოსავლეთში - სადაც, ბოლო დღეებში, ესკალაციის სერიოზული რისკები გამოჩნდა. მოვლენები შესაძლოა დრამატულად განვითარდეს, თუკი თეირანი შეეცდება, კვლავ უპასუხოს აშშ-ის დარტყმებს ირანის ბირთვული ობიექტებზე. თეირანიდან ბოლო დღეებში კვლავ ისმოდა მუქარა.
რა უთხრა ირანთან აშშ-ის ღია სამხედრო დაპირისპირებამ მსოფლიოს და საქართველოს?
"ოცნების" ხელისუფლების ერთი განცხადება
“ღრმად ვართ შეშფოთებული მზარდი დაძაბულობით ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ემუქრება რეგიონულ უსაფრთხოებას. მკაფიოდ ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას, დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, - ეს განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე “ქართული ოცნების” საგარეო უწყებამ 13 ივნისს გამოაქვეყნა, სწორედ იმ დღეს, როდესაც ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და ურანის გამდიდრების ინფრასტრუქტურას დაარტყა.
პლატფორმა X-ზე, რომელიც საერთაშორისო ღია მესიჯების მთავარი სოციალური პლატფორმაა, არ იძებნება “ქართული ოცნების” პარლამენტის, მთავრობისა თუ პრემიერ-მინისტრის განცხადებები. მათი მომხრეების ანგარიშებიდან კი, ქართულ სოციალურ ქსელებშიმძირითადად ამერიკასა და ისრაელს უტევენ, მათ შორის, ანტისემიტური შინაარსის ტექსტებით. ლაპარაკობენ ირანში „მშვიდობიანი ადამიანების ამოხოცვაზე“ თუ „გამანადგურებელი რადიაციის“ გამოჟონვის საფრთხეებზეც [რაც არ დასტურდება].
ისრაელმა, რომელიც მოსისხლე მტრის - ირანის ბირთვულ პროგრამას, უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, ეგზისტენციალურ საფრთხედ თვლის - ირანს პირველი დარტყმა 13 ივნისს მიაყენა; რასაც თეირანმა ასევე სამხედრო ძალით უპასუხა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში: ირანი იუწყება ასეულობით დაღუპულის შესახებ, ხოლო ისრაელის ოფიციალური ცნობებით, 28 ადამიანი დაიღუპა.
სამხედრო დაპირისპირებაში აშშ - 21/22 ივნისის ღამით ჩაერთო. ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ბირთვული პროგრამის სამი ძირითადი ობიექტი დაბომბეს - ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
“ოცნების” განაყოფმა და სრულმა თანამოაზრემ - “ხალხის ძალამ” გააძლიერა შეთქმულების თეორია - საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მათმა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის ირანზე აშშ-ის სამხედრო დარტყმა კიდევ უფრო ზრდის საქართველოს წინაშე ომში ჩართვის საფრთხეს.
„მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი გადანაწილება, ახალი წესრიგის ჩამოყალიბება და რა თქმა უნდა, საქართველოს ჩართვა ომში არის მნიშვნელოვანი მომენტი გლობალური აქტორებისთვის. მათ სურთ ეს ბერკეტი გამოიყენონ რუსეთის დასასუსტებლად”, - ამბობს სეფაშვილი მედიასთან.
დემოკრატიის კბილები
ამ დღეებში საქართველოში ბევრმა გაიხსენა, თუ როგორ ჩავიდა ირაკლი კობახიძე ირანში - ორ თვეში ორჯერ, 2024 წელს: მაისში - დაღუპული პრეზიდენტის დაკრძალვაზე, ჭირისუფლებს შორის იყო, ხოლო ივლისის მიწურულს - ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.
„40 წელია, ირანი ამბობს - სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ისინი ხოცავენ ჩვენს ხალხს, აძრობენ ხელებს, აძრობენ ფეხებს - გზისპირა ნაღმებით. ეს იყო მათი სპეციალობა. ჩვენ დავკარგეთ ათასზე მეტი ადამიანი და ასობით ათასი ადამიანი შეეწირა კონკრეტულად მათ [ირანის] სიძულვილს ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს მასშტაბით. ბევრი მოკლა მათმა გენერალმა ყასემ სოლეიმანმა [ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი - აშშ-ის სამხედროებმა მოკლეს 2020 წელს, დონალდ ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში - რ.თ.]. მე გადავწყვიტე დიდი ხნის წინ - რომ ამას აღარ დავუშვებდი. ეს აღარ გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 22 ივნისს. ირანს ის „ტერორიზმის სპონსორ მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოს უწოდებს“. იქვე იყო მუქარაც, რომ თუკი ირანი ძველებურად მოიქცევა, უფრო ძლიერ დარტყმას გამოცდის.
2024 წლის ზაფხულში გადაღებულ ფოტოებზე ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული - ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით დგას. ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. ინაუგურაციას ესწრებოდა ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული, პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ზიად ალ-ნახალაც.
„არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შენი შეგვეშინდეს... ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთ ქვეყნებთან, რომლის [ირანის - რ.თ.] ლიდერების პანაშვიდზე შენს ე.წ. პრემიერ-მინისტრს აგზავნი“, - მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს, 23 ივნისს, სასამართლო სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.
რამდენიმე საათში - „ძლიერი საქართველოს“ ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 8 თვით დააპატიმრეს - „წულუკიანის კომისიის“ სხდომაზე არგამოცხადების გამო.
ამ ეტაპზე დაჭერილია ოპოზიციის შვიდი ლიდერი - შვიდივე "წულუკიანის კომისიის" გამო. სხვებიც იმავე რისკის წინაშე დგანან. ირაკლი კობახიძემ, 23 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ყველაფერი ისევ ე.წ. "დიპ სტეიტს" დააბრალა.
“ისრაელისა და ირანის ომში აშშ-ის ჩართვამ - მკაცრი ზღვარი გაივლო მსოფლიო დემოკრატიასა და მსოფლიო დიქტატურას შორის - პოლარიზაცია გაძლიერდა. ეს სიგნალია, რომ ორ სკამზე ჯდომა აღარც საქართველოს გამოუვა. საქართველოს არავინ სთხოვს ომში ჩაბმას. ამერიკა არასოდეს ითხოვდა ამას - არც რუსეთ-უკრაინის ომში და არც ახლა…
მაგრამ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ აშშ ვერ შეეგუება ავტორიტარიზმს - ადამიანის უფლებები არ არის მარტო საქართველოს შიდა საქმე. სახელმწიფოს სუვერენიტეტს ეხებიანო, რომ ყვირიან, როცა ვინმე ჩაერევა - ეს არ არის სახელმწიფო სუვერენიტეტი, ეს არის “ქართული ოცნების” სუვერენიტეტი - ადამიანის უფლებები არის დემოკრატიული სამყაროს საქმეა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე. ანალიტიკოსი “ოცნების” ხელისუფლების შესახებ აღნიშნავს ასევე, რომ “ხელისუფლება, რომელიც მეგობრობს ტერორისტულ რეჟიმებთან, ვერასოდეს იქნება მხარდაჭერილი აშშ-ის მხრიდან, ვინც უნდა იყოს ადმინისტრაციის სათავეში”.
აშშ-ის ირანზე დარტყმას ალექსანდრე კუხიანიძე მიიჩნევს ახლა უკვე დადასტურებულ ფაქტად, რომ - „დემოკრატიასაც აქვს კბილები“ და რომ „დემოკრატიასაც აქვს ძალა - გაუმკლავდეს შეიარაღებულ დიქტატურას“.
ექსპერტების შეფასებით, წერტილი დაესვა ავტორიტარი ლიდერების ფუჭ იმედებს, რომ დონალდ ტრამპის აშშ თვალს დახუჭავდა და აღარ იაქტიურებდა საგარეო ასპარეზზე, მით უფრო, ასეთი მკვეთრი მეთოდებით.
პოლიტიკური ოპონენტებისა თუ აქტივისტების დაჭერა, ადამიანის უფლებების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, „რეპრესიული კანონების“ დამტკიცება და ანტიდასავლური დეზინფორმაცია - ბოლო წლებში ეს აქცენტები იკვეთება საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებში.
16 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა უაიატ ტოლკმა იგივე სათქმელი გადასცა "ქართული ოცნების" საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს - რაც მანამდე არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის - სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს - "იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“.
საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში კვლავ უცვლელია სტატუს კვო: შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა; ძალაშია საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლების, მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
ირანთან ურთიერთობები "მეგობარ აქტში"
ირანთან „ქართული ოცნების“ სიახლოვე ერთ-ერთი მთავარი აქცენტია საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული კანონპროექტისა - „მეგობარი აქტი“ [MEGOBARI Act] - რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 5 მაისს, 80%-იანი მხარდაჭერით დაამტკიცა. ახლა ეს დოკუმენტი სენატის სხდომაზე გატანას ელოდება - რასაც, დამტკიცებისა და შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, კანონის ძალა მიეცემა.
წარმომადგენელთა პალატაში, “მეგობარი აქტის” განახლებული ვარიანტის ოფიციალური სახელწოდებაა - “საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის ზეგავლენასთან გამკლავება”.
ავტორი და ინიციატორი - კონგრესმენი ჯო უილსონი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ხშირად უწოდებს “ანტიამერიკულს” და ეს მან, ბოლო დღეებში, X-ზე გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტშიც აღნიშნა. ის ხშირად უწოდებს "ოცნებას" - ირანის, რუსეთისა და ჩინეთის მეგობარს, პარტნიორს, ინტერესების მსახურს.
23 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერის შემდეგ, უილსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აუცილებელია "მეგობარი აქტის" დამტკიცება სენატში.
მეგობარი აქტი გულისხმობს როგორც საქართველოს მეტად დახმარებას დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ასევე სხვადასხვა სახის სანქციას - ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მათი მოკავშირეებისთვის - თუკი თბილისი არაფერს შეცვლის.
“მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფოდ უნდა მიაქციოს ყურადღება საქართველოს, არის არა მხოლოდ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ევროპული მომავალი. ის ზედმიწევნით გეოპოლიტიკურია: მხოლოდ პროდასავლურ საქართველოს შეუძლია აირიდოს რუსეთ-კავკასია-ირანის მონოლითური ღერძი, რომელიც გააკონტროლებდა შავ და კასპიის ზღვებს. SOS”, - დაწერა X-ზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 23 ივნისს.
რა პირი უჩანს ომს?
24 ივნისს, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ისრაელ-ირანის ომის დასრულება ამცნო, მას შემდეგ, რაც უმტკივნეულოდ და სიმბოლურად ჩათვალა ირანის შეტევა კატარში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე - როგორც პასუხი შეერთებული შტატების დარტყმაზე.
ამ ეტაპზე ყველა მოლოდინშია - განახლდება თუ არა საომარი მოქმედებები, ცეცხლის გაცვლასთან დაკავშირებული ახალი ცნობების ფონზე. დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ზავის სიმტკიცეს ბევრმა თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედა.
თეირანს ამ ომში ღიად დამხმარე არავინ გამოუჩნდა, მას ვერც ამჟამად გამქრალი ან დასუსტებული ძველი მოკავშირეები ეხმარებოდნენ.
სიტყვიერი მხარდაჭერა ისმოდა მოსკოვიდან, სადაც 23 ივნისს პრეზიდენტი პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის მასპინძლობდა. კრემლმა დაგმო ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის შეტევა, ხოლო ირანელმა მინისტრმა ორი ქვეყნის ურთიერთობებს “ახლო და კეთილი” უწოდა. საერთაშორისო მედია წერდა, რომ აბას არაღჩიმ მოსკოვში ჩაიტანა ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის წერილი, სადაც ის დახმარებას ითხოვდა.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს ეეჭვება, რომ რუსეთი ირანის დახმარებას შეძლებს - მაშინ, როცა მოსკოვი თავად საჭიროებდა თეირანის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში; ხოლო მის მიერ თეირანისთვის მიწოდებული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები - ისრაელმა ირანს შეტევის პირველივე დღეს თითქმის სრულად გაუნადგურა.
ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ, თუკი დაპირისპირება გაგრძელდება, დროთა განმავლობაში ირანმა მიიღოს, მაგალითად, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის გარკვეული სახის დახმარებაც. მას ასევე ეეჭვება, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება სწრაფად დასრულდება.
“ირანელებს გააჩნიათ საშუალება გადაკეტონ ორმუზის სრუტე - სპარსეთის ყურეში ანდა დაარტყან ამერიკულ ბაზებს. თუკი ისრაელის წინააღმდეგ შორი მოქმედების ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში განლაგებულ ამერიკულ ბაზებს ირანი ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტებითაც მისწვდება.
თუმცა ორივე ეს ქმედება დიდი ესკალაციის დასაწყისი შეიძლება გახდეს და შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა მთელი ძალით შეუტიოს, რასაც გამანადგურებელი ეფექტი ექნება ირანის ხელისუფლებისთვის”, - უთხრა ზურაბ ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას. ის მოვლენების დრამატულ განვითარებას ხედავს იმ შემთხვევაში, თუკი ირანი არ აიღებს ხელს შურისძიებაზე და რეალურ ზიანს მიაყენებს ამერიკის ბაზებს.
23 ივნისს, ღამით ირანმა დაარტყა ამერიკულ სამხედრო ბაზას კატარში; თუმცა როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა - შეტევა სუსტი იყო და მას იოლად გაუმკლავდნენ.
ვითარების გამწვავების გამო, ბოლო დღეებში ექსპერტები შიშობდნენ, რომ შესაძლებელი იყო - ლტოლვილების დიდი ნაკადი საქართველოსკენაც დაძრულიყო.
“არ დაბომბილა ენერგეტიკული ობიექტები, მაგრამ, ვთქვათ, თუ თბოელექტროსადგურებზე მოხდება თავდასხმა, საიდანაც ირანი ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს იღებს - 72 საათის შემდეგ, ქვეყანაში აღარ ექნება ელექტროენერგია, ვერც გარედან მიაწვდიან და ეს იქნება სრული კატასტროფა მათი ეკონომიკისთვის. შესაძლოა ჰუმანიტარული კრიზისიც დაიწყოს. აი, ამის შემდეგ ხალხის რა ნაკადი საითკენ დაიძვრება, ძნელი სათქმელია”, - ზურაბ ბატიაშვილის თქმით, 16-მილიონიანი თეირანიდან 5 მილიონი ადამიანი უკვე გასულია - “ისინი გაიფანტნენ სოფლებში, დაბებსა და პატარა ქალაქებში”, ხოლო რაღაც ნაწილი თურქეთისკენ და სომხეთისკენ დაიძრა.
ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები საქართველოში შემოსული ირანელი ლტოლვილების შესახებ. რადიო თავისუფლება ამ საკითხის გარკვევას საქართველოში მცხოვრებ ირანელებთანაც ცდილობს.
ბოლო დღეებში ექსპერტი განსაკუთრებული მონდომებით მსჯელობდნენ მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაზე და იმაზე, რომ რუსეთს ირანისთვის ბირთვული იარაღის [ბირთვული ქობინები] გადაცემა შეუძლია.
23 ივნისს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ ზოგი ქვეყანა მზად არის "ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი".
"მართლა თქვა ეს თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია? თუ მან ეს ნამდვილად თქვა და თუ ეს დადასტურდება, გთხოვთ დაუყოვნებლივ შემატყობინოთ" - მედვედევის ნათქვამს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა. ამავე პოსტში ახსენებს აშშ-ის ბირთვულ შესაძლებლობებსაც - წყალქვეშა ნავების სახით და მათ "ყველაზე მძლავრ და ლეტალურ" იარაღს ეძახის. ასევე ამბობს, რომ აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობები 20 წლით უსწრებს სხვებისას.
ფორუმი