ამ ნეიტრალურ ქვეყანაში მცხოვრებმა ათზე მეტმა უკრაინელმა ქალმა განაცხადა ერთი და იმავე კაცის, ლატვიის მოქალაქე ალექსანდრ ვაბიკსის მხრიდან აგრესიულ ქცევასა და თავდასხმაზე იმის გამო, რომ ისინი შვეიცარიაში უკრაინულად საუბრობდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩასა და სხვა ადგილებში.
მათ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უამბეს მომხდარზე. ისინი ჰყვებიან, რომ ინციდენტებთან დაკავშირებით პოლიციას დაუკავშირდნენ, მაგრამ კანონდამცველებმა ან უთხრეს, რომ არ შეეტანათ განცხადება, ან არ გამოუჩენიათ ინტერესი საქმის გამოძიების მიმართ.
ინციდენტი, რომელმაც ვაბიკსი ცნობილი გახადა, 13 ოქტომბერს მოხდა ინტერლაკენ-შპიცის მატარებელში. „ქარენთ ტაიმმა“, რადიო თავისუფლების ტელეპროექტმა, ამის შესახებ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია:
უცნობი კაცი მატარებელში თავს დაესხა ელენა დუდნიკის და გაბრიელ შაროვის ოჯახს. ისინი პატარა ბავშვთან ერთად მგზავრობდნენ. ელენა უკრაინელია, მისი ქმარი შვეიცარიაში დაიბადა და გაიზარდა ბელარუსულ ოჯახში. წყვილი ჰყვება, რომ აგრესიულმა კაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და დაემუქრა:
„რა გაქვს რუსების საწინააღმდეგო? რუსი ვარ მე, თქვენ, შე ძუკნავ, დაგხოცავთ, ამოგხოცავთ! შენც და შენც, ყველას... გ...თ ამ ვაგონიდან, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოთ, გესმით? შენ კი აქედან რომ გახვალ, დედა მო...ბა აუცილებლად, გადი ვაგონიდან, სანამ შენს ბავშვს რამე არ დავმართე!“ - ამის მოსმენა მოუწია წყვილს შვეიცარიაში, მატარებელში.
გაბრიელი ამბობს, რომ თავდამსხმელი ღიად უჭერდა მხარს უკრაინაში ომს. როცა მან ტელეფონი ამოიღო პოლიციისთვის დასარეკად, თავდამსხმელმა უფრო მეტად შეუტია: „რა, ძაღლებს ურეკავ? დაგლეწავ! ფეხქვეშ გაგიდებთ, შე ბ...ო!"
„გვითხრა, რომ ამ ომს, პუტინის რეჟიმს, ემხრობა. ის თავს რუსად მიიჩნევს, ამბობს, რომ ჩვენ დასახოცი ვართ. ასე გაიგო, რომ ჩემი ცოლი უკრაინელი დევნილია და აგრესიული გახდა. პირველად შემემთხვა ასეთი რამ, - უყვება გაბრიელი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს, - მე შევეცადე დამეწყნარებინა, ვუთხარი, რომ ტურისტები არიან გარშემო, ბავშვები. ადგა და ტელეფონი დამაგდებინა, მე ვუპასუხე, ხელი ვკარი“.
როდესაც გაბრიელმა და სხვა მგზავრებმა პოლიცია გამოიძახეს, თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ ის იპოვა და მატარებლიდან გადაიყვანა. შემდეგ მან ბელარუს-უკრაინული ოჯახის დაშინება და გამოძალვა დაიწყო - გაბრიელის თავდასხმის გამო არ გიჩივლებთო, თუ 10 000 ფრანკს (12 000 დოლარზე მეტს) მომცემთო.
ბერნის კანტონის პოლიციამ მოგვიანებით დაადასტურა ინციდენტი.
მას შემდეგ, რაც ელენამ და გაბრიელმა მატარებელში მომხდარის შესახებ ღიად ილაპარაკეს, კიდევ რამდენიმე უკრაინელმა ქალმა განაცხადა აგრესიული რუსულენოვანი ადამიანების მხრიდან მსგავს თავდასხმებზე. მათი მონათხრობით, თავდასხმები მოხდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებში ციურიხში, ბერნსა და ჟენევაში. ყველა ამ ქალმა ვაბიკსი ამოიცნო ან თავდამსხმელის გარეგნობა ვაბიკსის გარეგნობის მსგავსად აღწერა.
ერთ-ერთი, ვინც ვაბიკსის აგრესიის მოწმე გახდა, არის კიეველი მარია ლემბაკი, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქალიშვილთან ერთად გაიქცა შვეიცარიაში, როგორც ლტოლვილი.
მარია იხსენებს 2025 წლის აპრილში მომხდარს, როცა ის ბერნში მეგობართან და მის ორ ხუთი წლის ბავშვთან ერთად 8 ნომერი ტრამვაით მგზავრობდა. მარია იხსენებს, რომ მის უკან ისხდნენ კაცი და ქალი, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ და უცენზურო გამოთქმებს იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ვაბიკსი იყო.
მარია ჰყვება, რომ ის და მისი მეგობარი ერთმანეთში უკრაინულად საუბრობდნენ. ისევე როგორც ელენასა და გაბრიელის შემთხვევაში, ამან გამოიწვია კაცის აგრესია.
„ის დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა: „შე უკრაინელო, შე „ხახლუშკა", შენც მოგკლავთ, შვილებსაც დაგიხოცავთ. ახლა ტრამვაიდან ხომ ჩახვალ, რომელ გაჩერებაზე ჩახვალ ხომ დავინახავ, და შენი აღსასრულიც დადგება. შენც გიხმართ და შენს შვილებსაც“, - ამ სიტყვებით დაემუქრა ის მარიას.
მუქარების ეს ფრაზები ძალიან ჰგავს იმ ფრაზებს, რომლებითაც მატარებელში მყოფი კაცი ელენასა და გაბრიელს მიმართავდა.
მარია ამბობს, რომ მან და მისმა მეგობარმა ბავშვები იქაურობას მოაშორეს, შემდეგ კი თვითონ იმ კაცის სანახავად მიბრუნდა. მარია გვიყვება:
„მე ვუთხარი, რა გინდა ჩემგან-მეთქი. მან მიპასუხა, ინგლისურად მელაპარაკე, უკრაინული არ მესმისო. მერე მე ინგლისურად მივმართე და მივხვდი, რომ ენა არ ესმის და არ იცის. ტრამვაიში ხალხი მიხვდა, რაც მოხდა. მე დავიწყე მათთვის ჩვენი დიალოგის თარგმნა. ის ჩავიდა, როგორც კი დამინახა, რომ პოლიციას ვურეკავდი — მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იძახოდა, რომ პოლიცია ვერაფერს მიზამსო“.
მარიამ ტრამვაიში მყოფ მამაკაცს ფოტო გადაუღო და უახლოეს პოლიციის განყოფილებაში წავიდა მის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად.
პოლიციაში მარიას უთხრეს, რომ მის შეურაცხმყოფელს ვერ მოძებნიდნენ. მარიამ ფოტო აჩვენა.
„მათ მიპასუხეს, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე არ იყო, რადგან მას არ დაურტყამს, შემდეგ ვკითხე, შემეძლო თუ არა ფოტოს გამოქვეყნება, რათა ხალხს ეს კაცი ამოეცნო. ისინი დამეთანხმნენ.“.
რამდენიმე დღის შემდეგ, ამბობს მარია, პოლიციამ შეიტყო იმ კაცის სახელი, რომელმაც ტრამვაიში შეურაცხყოფა მიაყენა და დაკითხა. უკრაინელ ქალს ამის შესახებ პოლიციის განყოფილებაში აცნობეს. მარიამ იქ მიიყვანა კიდევ ერთი ქალი, რომელმაც მის პოსტს უპასუხა და ასევე ამოიცნო კაცი.
„მასაც უნდოდა ეჩივლა. პოლიციას თავდაპირველად არ სურდა მისი მიღება, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდნენ. ვიცით, რომ ის სისტემატურად შეურაცხყოფს უკრაინელებს, განსაკუთრებით ბავშვებიან ქალებს. პოლიცია კი არაფერს აკეთებს! - აღშფოთებით ამბობს მარია, - გამომძიებელმა მითხრა, რომ იმ კაცთან ერთად მყოფმა ქალმა თქვა, რომ ვითომ მე გამოვიწვიე ის კაცი“.
მარია აღნიშნავს, რომ მისი საჩივარი ახლა პროკურატურაშია და თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
კიდევ ერთი უკრაინელი ქალი, რომელმაც მატარებლის ხსენებულ ვიდეოში კაცი ამოიცნო, ოლგაა, რომელიც წელს გადავიდა შვეიცარიაში საცხოვრებლად. ის იხსენებს, რომ აპრილში ის და მისი და ჟენევაში სეირნობდნენ და ტბის პირას მდებარე კაფეს ტუალეტის რიგში იდგნენ. მათ წინ წყვილი იყო: კაცი და ქალი. კაცი გედებს ჰკიდებდა ხელს და ქალი იღებდა.
„გედს ეს არ მოსწონდა - თავს იცავდა, პირი წაატანა კაცს. ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთს. მას ჯერ ახლოს მდგომმა უცნობმა კაცმა უთხრა საყვედური, შემდეგ კი ჩემმა დამ სთხოვა, გედს ნუ ეხებოდა. მას ეს არ მოეწონა - ყვირილი დაუწყო: „ვინ ხარ? იცი ვინ ვარ? საიდან ხარ?“
„ის შეურაცხმყოფელ და აგრესიულ ფრაზებს ყვიროდა: „ყველა ხოხოლი უნდა მოკვდეს!“, „ახლა დაგარტყამ! გ...ვ! - იხსენებს ოლგა. - ამასობაში ტუალეტის კაბინა გათავისუფლდა და ჩემი და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, შევიდა. ეს კაცი მიჰყვა და კარის გაღება სცადა. ჩემმა დამ მისგან დამალვა სცადა და კარი დახურა, მაგრამ ის კარს აწვებოდა და ცდილობდა მის გაღებას“. ოლგამ ინციდენტი გადაიღო და რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა. კაცს ეცვა მუქი ლურჯი კაპიუშონიანი მაისური წითელი წარწერით, იგივე, რაც მატარებელში გადაღებულ ვიდეოში.
მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ უღებდნენ, ოლგას თქმით, მამაკაცმა დაიწყო ყვირილი, რომ გადაღება შეეწყვიტა. ის მუშტები იქნევდა, ქალს მკლავში დაარტყა, ვიდეოს წაშლა მოსთხოვა და მუქარა დაიწყო. როდესაც ქალებმა უთხრეს, რომ პოლიციას გამოიძახებდნენ, ის კიდევ უფრო განრისხდა და აყვირდა, რომ 15 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს. ამის შემდეგ კაფეს პერსონალმა და მომხმარებლებმა პოლიცია გამოიძახეს.
„პოლიცია მოვიდა, მაგრამ ის იქაურობას გაეცალა. მათ ჩაიწერეს ჩვენი მონაცემები და გვითხრეს, რომ მოძებნიდნენ“, - ამბობს ოლგა და განაგრძობს, რომ მოგვიანებით, „როდესაც პარკში უფრო სიღრმეში დავდიოდით, ისევ შემოგვხვდა და მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ. პოლიციელებმა დოკუმენტები შეუმოწმეს, მაგრამ მან სხვა ვერსია უამბო: რომ შეურაცხყოფა ჩვენ მივაყენეთ. შემდეგ პოლიცია მოგვიახლოვდა და აგვიხსნა, რომ არ გვქონდა მტკიცებულება იმისა, რომ ის თავს დაგვესხა და არ იცოდნენ, ვისი ნათქვამი დაეჯერებინათ“.
„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვეთ საჩივრის დაწერა. თუმცა განყოფილებაში პოლიციელმა გვითხრა, რომ თუ ოქმი შედგებოდა, თავდამსხმელი მიიღებდა ჩვენზე და ჩვენი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას. მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა, როგორც ჩანს, ცდილობდა, წერილობით არ გვეჩივლა, - აღნიშნავს ოლგა - და ჩვენ შევთანხმდით, არ დაგვეწერა საჩივარი, რადგან ახლახან ჩამოვედი აქ და არ მინდოდა, რომ მას სცოდნოდა ჩემი საცხოვრებელი ადგილი, მეშინოდა მისი მომავალი ქმედებების“.
კაცი, რომელიც მატარებელში ოჯახს დაესხა თავს, ამოიცნეს, როგორც ლატვიის მოქალაქე და რიგის მკვიდრი ალექსანდრ ვაბიკსი.
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისთვის, რომელიც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს. თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა ის შვეიცარიაში, თუ მის წინააღმდეგ შვეიცარიაში, სადაც ცხოვრობს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
მისი Facebook-ის გვერდის თანახმად, ვაბიკსი ბოლო თვეების განმავლობაში მართლაც ცხოვრობდა შვეიცარიაში. ელენა დუდნიკის თქმით, ალექსანდრე მზარეულად მუშაობდა ციურიხის აეროპორტში, კომერციული თვითმფრინავების მომსახურების კვების გადამამუშავებელ ქარხანაში. ინციდენტის შემდეგ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს; აეროპორტის თანამშრომლებმა ამის შესახებ უკრაინელ ქალს აცნობეს.
ლატვიის მედიამ ვაბიკსი ალიმენტის გადახდაზე უარის მთქმელთა ადგილობრივ რეესტრში აღმოაჩინა და ნაცნობებმაც ამოიცნეს იგი.
ალექსანდრეს Facebook-გვერდზე განთავსებულია მისი ფოტოები, რომლებშიც იგივე კაპიუშონიანი მაისური აცვია, რომელიც მატარებელში ინციდენტის დროს ეცვა. ვაბიკსი არ მალავს თავის პრორუსულ შეხედულებებს - 2024 წლის იანვარში მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მაისურზე აწერია: „რუსეთი ჩემს გულშია“. და კიდევ უფრო ადრე, 2017 წელს, მოსკოვის წითელ მოედანზე აქვს ფოტო გადაღებული. მას ხელზე აქვს ტატუ რუსული „მატრიოშკის“ გამოსახულებით.