Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსმა არ იცოდა, რას აკეთებდა გახარიას შსს ჩორჩანაში - დამაჯერებელია ეს?


14 ივნისს საგამოძიებო უწყებაში მისული იყო სუს-ის ყოფილი უფროსი, სანქცირებული ვახტანგ გომელაურიც. ილუსტრირებული ფოტო.
14 ივნისს საგამოძიებო უწყებაში მისული იყო სუს-ის ყოფილი უფროსი, სანქცირებული ვახტანგ გომელაურიც. ილუსტრირებული ფოტო.

„ქართული ოცნების“ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ ყოფილი თანაგუნდელები გენერალურ პროკურატურას ჩვენებებს ერთმანეთის მიყოლებით აძლევენ და ამტკიცებენ, რომ გახარიამ, 6 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დადგა.

შედეგად დაიკარგა დამატებითი ტერიტორიები და ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგა - ირწმუნებიან ისინი. მეტიც, "ქართული ოცნება" გახარიას ომის მიზანმიმართულ გამოწვევაშიც სდებს ბრალს.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხის განხილვა სადავო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ [„წულუკიანის კომისია“] 14 აპრილს დაიწყო და თავად გიორგი გახარიაც გამოჰკითხა - ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ივანიშვილის პარტიის წევრები მოღალატეს ეძახიან და ამბობენ, რომ ზურგს „დიპ სტეიტი“ უმაგრებს.

16 ივნისს პროკურატურაში გამოჰკითხეს ალექსანდრე ტაბატაძე - „წულუკიანის კომისიის“ წევრი, „ოცნების“ დეპუტატი, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე. დაბარებული იყო ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი - კახა კახიშვილი; ხოლო 14 ივნისს, საგამოძიებო უწყებაში მისული იყო სუს-ის ყოფილი უფროსი, დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური - რომელმაც შს მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტები, ახლახან, მოულოდნელად დატოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე მოწმეებს გენერალური პროკურატურა "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" გამოძიების ფარგლებში იბარებს.

რატომ ვერ შეაჩერეს გახარია?

16 ივნისს, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, ალექსანდრე ტაბატაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჩორჩანის საგუშაგოს“ აგების დროს „იყო ესკალაციის საფრთხე” და გიორგი გახარიამ ეს სარისკო ნაბიჯი თვითნებურად, საჭირო კოორდინაციის გარეშე გადადგა.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი - [დაიკარგა] 100 ჰექტარი ტყე, ეს არის მილიონი კვადრატული მეტრი. ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა. გარდა ამისა, ჩვენ დავდგით, ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ, ერთი საგუშაგო, მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა ხუთი საგუშაგო და ერთი მოძრავი პოსტი…“ - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ და აღნიშნა, რომ, მისი ცოდნით, გახარიას გეგმების შესახებ საქმის კურსში არც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე იყო.

  • თუკი ასეთი საფრთხე არსებობდა, რატომ ვერავინ შეაჩერა გახარია?
  • რატომ არ მოიწვიეს უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც, 2019 წლის აპრილის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, ხოლო საბჭოს მუდმივ წევრებს შორის იყვნენ როგორც შს მინისტრი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი?


ეს კითხვები ბოლო დღეებში ბევრს გაუჩნდა. ჟურნალისტებმა კი ისინი ალექსანდრე ტაბატაძეს დაუსვეს.

„მე არ მქონდა [მამუკა] ბახტაძესთან წვდომა“, „ჩვენ როგორ უნდა შეგვეწყვიტა [მშენებლობა] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს?!“, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არ არის პანაცეა, რომ გინდა თუ არა, ყველაფერზე - შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო“, - პასუხობს ტაბატაძე და დასძენს, რომ „[სუს-ის მხრიდან] რაც საჭიროა, ის გაკეთდა“ - თავიდან აიცილეს „საშიშროება იმისა, რომ არ მომხდარიყო იქ ცეცხლის გახსნა”.

მეორე დღეს, 17 ივნისს, გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება აქვს გადაწყვეტილი და საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართავს.

პირადად ტაბატაძემ, როგორც ამბობს, საგუშაგოს გახსნის ამბავი გვიან, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მდგომარეობა დაიძაბა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო „სუს-ის უფროსთან შეკრებები".

  • მანამდე, 14 აპრილს, როცა “წულუკიანის კომისია” გახარიას უსმენდა, კომისიის წევრმა, ალექსანდრე ტაბატაძემ თქვა - გახარიას კომუნიკაცია ჰქონდა სუს-თან, მაგრამ სუს-ი უარზე იყო - საგუშაგოს დადგმაში საფრთხეებს ხედავდაო.
  • ამავე სხდომაზე თეა წულუკიანმა თქვა, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [საგუშაგოს გახსნის ამბავი] შეიტყო ოსებისგან, ცხელი ხაზით“.


„მაგარი სუსი გვყოლია, ოსებმა თუ შეატყობინეს... გაქანებული მუშაობა მიდიოდა - ოთხი სამინისტრო მუშაობდა იქ [ჩორჩანაში]“, - იყო გახარიას პასუხი კომისიაზე.

„რა გამეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს, მივსულიყავი და ტრაქტორები მომეტაცებინა? რაც ჩემი უფლებამოსილება იყო, ის გავაკეთე”, - ეს უკვე ვახტანგ გომელაურის სიტყვებია. 14 ივნისს, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა - არაფერი ვიცოდი საგუშაგოს აგების შესახებ, „შეთანხმებული არ ყოფილა” და მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გავიგეო.

“ეს უნდა შეეთანხმებინა უსაფრთხოების სამსახურთან, შემდეგ ერთობლივი ინფორმაცია, დამუშავებული უნდა წასულიყო პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ უნდა დაგვებარებინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გვეთქვა, ან თქვენ დაარეგულირეთ, ან ჩვენ ეს უნდა შევიყვანოთ. ეს არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ შეუთანხმებია და თუ სხვაგან შეათანხმა... ყველა თავისას იტყვის”, - გომელაური ასევე ამბობს, რომ “შესაძლოა იქ ამ [ომის] რისკის მხოლოდ 10% იყო”, მაგრამ ტერიტორიების დაკარგვა არ არის ნაკლები პრობლემა.

"ყველამ ყველაფერი იცოდა"

გახარიამ "წულუკიანის კომისიის" სხდომაზე თქვა, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და მათ შორის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, პრემიერ-მინისტრმაც და ყველამ, ვისაც ელაპარაკა, მას "თავი დაუქნია".

„ადამიანები მაშინ, როდესაც ვერ იცავდნენ თავის პოზიციას და რომ შევთანხმდებოდით, დღეს უკვე შეშინებულები, იმ პოზიციაზე ამბობენ უარს. აი, ეს არის სიმართლე“, - გახარიას ამ სიტყვებს, სხდომის ერთ-ერთ ეპიზოდში წინ უსწრებდა დიალოგი თეა წულუკიანთან.

- გახარია: „თქვენ ამბობთ, რომ მე გიორგი გახარია, მაშინ, როდესაც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემით, ფეხებზე ვიკიდებდი ქვეყნის პრემიერს, ყველას...“

- წულუკიანი: და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც...

- გახარია: იმასაც [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს] ვიკიდებდი ფეხებზე...

- წულუკიანი: ფეხებზე, დიახ... ამას გეუბნებით ზუსტად.

- გახარია: ერთი წუთით, დავასრულო... და თან ყველა ეს სამსახური, თავისი ნებით, ჩართული იყო ამ პროცესში... ამ პროცესში ჩართული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება, თავისი გუბერნატორებით, გამგებლებით და ყველა. ყველანი ერთად ვმუშაობდით ამაზე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მე... შეიძლება შემეძლო ბევრი რაღაცა, მაგრამ ასეთი ძლევამოსილი ვიყავი, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მე მომინდებოდა?!

წულუკიანმა გახარიას დაუდასტურა, რომ ის ნამდვილად იყო „ძლევამოსილი“ და პრემიერ-მინისტრივით იქცეოდა.

16 ივნისს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ნაცვლად, პროკურატურაში მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი დაიბარეს. გამოკითხვის შემდეგ, კახიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა, ჩორჩანაში რომ საგუშაგო შენდებოდა და არცერთ იმ შეხვედრაზე, რომელსაც თავად ესწრებოდა, ეს საკითხი არ განხილულა.

“ვერ დავადასტურებ სატელეფონო ფორმატით იყო თუ არა პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში ინფორმაცია არ ყოფილა”, - თქვა კახიშვილმა და გაიხსენა ასევე, რომ ჩორჩანის საგუშაგოს ამბავი 29 აგვისტოს გახმაურდა, მამუკა ბახტაძე კი პოსტიდან 2 სექტემბერს გადადგა; მაგრამ მას ეს გადაწყვეტილება ერთი კვირით ადრე უკვე ჰქონდა მიღებული.

“შესაბამისად, პრემიერი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეტიც, რადგან ბახტაძე თვლიდა, რომ უნდა გადამდგარიყო, აგვისტოს მეორე ნახევარში მთავრობის სხდომებიც არ ჩატარებულა. 29-ში რომ გახდა ცნობილი [საგუშაგოს შესახებ] და 2-ში თანამდებობას ტოვებს, რა რეაგირება უნდა მოეხდინა მას?!” - ასე განმარტა კახიშვილმა ბახტაძის უმოქმედობა.

“დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი მართალია, რასაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ - რომ ერთმა კაცმა [გიორგი გახარიამ] მარტომ შეძლო ქვეყნის დამაქცევარი ღონისძიებების ჩატარება, მაშინ უსაფრთხოების სისტემა რა მდგომარეობაში გვქონია ჩვენ?!

…სუს-ის ყოფილმა უფროსმა თქვა, ტრაქტორებმა მუშაობა რომ დაიწყეს, ჩვენ მაშინ გავიგეთო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ თუ ეს ასე იყო, მაშინ ეს დაქცევაა, რადგან ამ ლოგიკით რუსული საოკუპაციო ჯარების ტანკების მოახლოება შეიძლება მხოლოდ მაშინ გაგვეგო, როდესაც მათ ხმას გავიგებდით ანდა საძინებელში მოგვადგებიან?! ეს არის ჩვენი უსაფრთხოების სისტემა?!”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე.

მისი განმარტებით, სუს-ს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც იმ შემთხვევაში - თუკი კოლეგა მინისტრი მას არ მიაწვდის; ხოლო თუკი შს მინისტრი და სუს-ის უფროსი რაღაც საკითხზე ვერ თანხმდებიან, გადაწყვეტილება მათმა ზემდგომმა, პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს.

ექსპერტების განმარტებით, სწორედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად იყო ჩაფიქრებული სათათბირო ორგანო - რომელსაც საქართველოში ჯერ ეროვნული უშიშროების საბჭო ერქვა, შემდეგ - სტრუქტურას სახელი შეუცვალეს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დაარქვეს, პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან "ოცნებამ" პრემიერის დაქვემდებარებაში გადაიტანა - მაგრამ ძირითადად უმოქმედო იყო, მხოლოდ ხმაური და დაპირისპირებები უკავშირდებოდა და ახლა, როგორც გაირკვა - საერთოდ გაუქმებას უპირებენ.

რა დაიკარგა?

  • ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, 100 ჰექტარი - როგორც მან თქვა - "მილიონი კვადრატული მეტრი" ტერიტორია დაიკარგა;
  • ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ დანაკარგი “ასობით ჰექტარს შეადგენს”
  • გახარია ამტკიცებს, რომ საგუშაგოს აგებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა. ამ რუკით ცხინვალი რომ მანიპულირებდა, მედიის არქივითაც დასტურდება.


- გახარია: „მთავარი შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს - საოკუპაციო ხაზი რუკაზეც და მიწაზეც არის ზუსტად იქ , სადაც იყო... თქვენ ურევთ საოკუპაციო ხაზს და საგუშაგოს“;

- წულუკიანი: საოკუპაციო ხაზიც არის შეცვლილი იმის პასუხად, რაც თქვენ სიურპრიზად გააკეთეთ...

- გახარია: და უნდა წაეღოთ 1800 ჰექტარი?!

- წულუკიანი: არ უნდა წაეღოთ, მაგრამ უნდა დაგვეწყო პროცედურებით;

- გახარია: მაგ შემთხვევაში წაიღებდნენ 1800 ჰექტარს;

- წულუკიანი: ახლაც წაიღეს...

- გახარია: არაფერი არ წაუღიათ ახლა...

- წულუკიანი: ტყვილს ამბობთ...

- გახარია: წაიღებდნენ და ოფიციალური პრეტენზია გაუჩნდებოდათ, დასაბუთებული, პრეცედენტული... თქვენ ხომ იცით, პრეცედენტული რას ნიშნავს?! დასაბუთებული პრეცედენტული პრეტენზია გაუჩნდებოდათ 27 დამატებით ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან.

გახარია ცდილობდა დაერწმუნებინა კომისიის წევრები, რომ „ოფიციალური საოკუპაციო ხაზი დღესაც არის იმ რუკის მიხედვით, რომელიც იყო მანამდე [80-იან წლების და არა 1922 წლის]“.

„...და თქვენ ახლა ცდილობთ 100 ჰექტარზე მელაპარაკოთ და 5 საგუშაგოზე... ეს არის სხვაობა“ - უთხრა მან კომისიის წევრებს.

  • შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა და უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, გახარიას თანაგუნდელმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1800 ჰექტრიდან „1680 ჰექტრის გადარჩენა მოხერხდა“. ეს თავად გახარიას სხდომაზე არ უთქვამს.


სწორედ ამ საკითხის გამო, გიორგი გახარია სადავო პარლამენტის კომისიის სხდომაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ 16 ივნისს დარწმუნებით ვერ გვითხრეს - ისევ მივა თუ არა ის „წულუკიანის კომისიის“ სხდომაზე.

მიმდინარე გამოძიებას კი გიორგი გახარიას პარტიაში პოლიტიკურ დევნად თვლიან და "ოცნების" მიზნად გახარიას - "პოლიტიკურ განეიტრალებას" ასახელებენ.

„ჩორჩანის საგუშაგო“ - როგორ შენდებოდა და რა უსწრებდა წინ?

2019 წლის აგვისტოში, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს დადგმა ხმაურიანი პროცესი იყო, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითაც. საგუშაგოს აგებამდე საჭირო იყო ტყეში ახალი გზის გაყვანა.

  • კახაბერ ქემოკლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “უღრან ტყეში“ 7-კილომეტრიანი გზის გაყვანას თითქმის ერთი კვირა დასჭირდა; ხოლო კიდევ რამდენიმე დღე - საგუშაგოს აგებას; მუშაობდნენ ტრაქტორები, მოძრაობდნენ სატვირთო მანქანები, რაც შეუმჩნეველი ისედაც არავის დარჩებოდა; კოორდინაციის გარეშე იქ მუშაობა გამორიცხული იყო და რომ პროცესში - ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი სტრუქტურა თუ წარმომადგენელი იყო ჩართული.
  • ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია [EUMM] – თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ - შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, საგუშაგო, 20-24 აგვისტოს მოაწყო და ეს „საგუშაგო მდებარეობს დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“.
  • EUMM ასევე აღნიშნავს, რომ - 2019 წლის იანვრიდან აღინიშნებოდა „ფერადი მონიშვნები ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე“ და რომ - „მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები“ - თუმცა „ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ“.

ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი მონიშვნები თავდაპირველად "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" აღმოაჩინა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ფეისბუკზე წერს, რომ თავიდან ამ ინფორმაციას არცერთი უწყება არ გამოეხმაურა. ქაცარავა ამბობს, რომ გადადგმულმა ნაბიჯმა გაამართლა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ მეტი საგუშაგოს აგება იყო საჭირო.

2019 წელს, იანვრიდან მედია სისტემატურად ლაპარაკობდა მძიმე ვითარებაზე ჩორჩანაში - როდესაც ადგილობრივები ვეღარ სარგებლობდნენ ტყით, იქ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების პატრულირებისა და საფრთხეების გამო. ჩორჩანასა და მიმდებარე სოფლებზე „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფიც მსჯელობდა.

საოკუპაციო რეჟიმი მკაფიოდ ლაპარაკობდა 1922 წლის გამოგონილ რუკაზე, რომლის მიხედვითაც ჩორჩანის ტერიტორიას საკუთრებად თვლიდნენ. ასევე ცნობილი იყო მათი დაინტერესება ტალკის საბადოთი, რომელიც ჩორჩანის ტერიტორიაზე მდებარეობს და ლაპარაკი იყო ასევე, სხვა სახის სასარგებლო წიაღისეულზე - ნეფრიტზე, ნიკელზე, სტეატიტებზე, სერპენტინსა და მარმარილოზე. ამ ტერიტორიებს ოკუპირებული რეგიონების ტელევიზიაში ეძღვნებოდა სიუჟეტები.

გახარიას ომის დაწყების მცდელობა ბრალდება?

15 აპრილს, “წულუკიანის კომისიის” სხდომაზე გახარიას გამოკითხვის შემდეგ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეს [გახარიას ქმედება] იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, რომლის მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია...”

“ლუსტრაციის კანონი და მსგავსი საკითხების გადაწყვეტა აღარ სჭირდება. გახარია იქნა სრულად გაშიშვლებული, როგორც აგენტი. ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე ეპიზოდი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აგენტურულ საქმიანობაში არის ის, როდესაც მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია. ამას გადავრჩით, მაგრამ შედეგად მაინც უდიდესი ნეგატივი მივიღეთ, როდესაც საოკუპაციო ხაზის აქეთ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოიწია საოკუპაციო საზღვარმა, რაც სხვა შემთხვევებში არ ფიქსირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის სიტყვების საპირისპიროდ, კახაბერ ქემოკლიძე გვეუბნება, რომ საოკუპაციო ხაზის შემოფარგვლა-გადმოწევა - ე.წ. ბორდერიზაცია - „გაცოცხლდა 2013 წლის გაზაფხულიდან“ და უკვე 2021 წლის მარტისთვის [როცა ის შსს-ის სისტემას ტოვებდა] „58 კილომეტრზე იყო გავლებული ახალი მავთულხლართები ჯამურად [საოკუპაციო ხაზის 350-კილომეტრიან მთლიან მონაკვეთზე]“, რითაც „ახალი მიტაცებული ტერიტორიები შეღობეს, „ქართული ოცნების“ პირობებში“.

ქემოკლიძე ასევე იხსენებს, რომ ჩორჩანის მოვლენებს წინ უსწრებდა ბორდერიზაცია გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა “ხელმეორე ბორდერიზაცია” სწორედ 1922 წლის რუკით დაიწყო და “ფიქსირებული მავთულხლართები, რომლებიც ორი წლის წინ ჰქონდათ ჩადგმული, კიდევ უფრო სიღრმეში გადმოწიეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”. შესაბამისად, “სასწრაფოდ გადასარჩენი იყო ჩორჩანის ტერიტორია”.

მას შემდეგ, რაც ჯერ “წულუკიანის კომისიამ”, ხოლო შემდეგ - პროკურატურამ “ჩორჩანის საგუშაგოს” 6 წლის წინანდელი საკითხის გამოძიება დაიწყო, ბევრმა, და მათ შორის - გახარიას პარტიაშიც, ეს დაუკავშირა “ქართული ოცნების” გაცხადებულ პოზიციას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ, გარე ძალების დაკვეთით დაიწყო.

თავად გიორგი გახარიამ „წულუკიანის კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, რომ „ჩორჩანაში არავითარი ომის საფრთხე არ იყო“ და თუკი ვინმემ ცხინვალის რეჟიმისკენ "ავტომატი გადატენა", ეს მხოლოდ "შანტაჟის" მიზნით მოხდა.

სამხედროების მობილიზება ცხინვალის მაშინდელმა დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოახდინა. საქმეში ჩახედულთათვის ნათელი იყო, რომ რუსეთის ФСБ-ს ძალებისა და სასაზღვრო ძალების პოზიცია მაშინ ნეიტრალური იყო.

ბოლო დღეებში, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ექსპერტები თუ მხარდამჭერები წერენ, რომ ჩორჩანის ამბავი იყო აგენტურის მცდელობა - საქართველო ომში უკრაინაზე ადრე ჩაერთოთ.

ანდრო გოცირიძე საკითხის ასეთ ფორმულირებას სრულ აბსურდად თვლის, ჯერ მარტო იმის გამოც, რომ - უკრაინისა და საქართველოს საომარი პოტენციალის შედარებაც კი არ შეიძლება - უკრაინა, უკვე სამ წელიწადზე მეტია, ებრძვის რუსეთს, ხოლო საქართველოს ომი მხოლოდ რამდენიმე დღიანი იქნებოდა. სხვა მხრივ კი, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ასეთი მოსაზრებები რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივს ემსახურება:

„დიდ სურათში ეს არის რუსული ნარატივი, რომ ომს იწყებს დასავლეთი - პროქსი მთავრობების ხელით, აგენტურული მთავრობების ხელით და რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ რეაგირებს ამ დასავლეთის შექმნილ საფრთხეებზე. და რატომ? იმიტომ, რომ გაამართლოს უკრაინაში თავისი შეჭრა - თუკი საქართველოში ასე იყო, მაშინ უკრაინაშიც ასე იქნებოდა“.

“ჩორჩანის საგუშაგოს” ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა ანდრო გოცირიძეს კიდევ არაერთი სხვა შეკითხვაც გაუჩინა, მაგალითად - თუკი გახარიას მიმართ ბრალდებები მართალია, მაშინ როგორ გახდა ის პრემიერ-მინისტრი? წამოიწეოდა თუ არა “ჩორჩანის საგუშაგოს” თემა, 6 წლის წინანდელ ამბავი, გიორგი გახარია ოპოზიციაში რომ არ წასულიყო?

“ზუსტად ეს არის უსაფრთხოების სექტორის პოლიტიზება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა საკითხი ასე წყდება - ასე პარტიულ ჭრილში წყდება ამერიკასთან ურთიერთობაც, ასე პარტიულ ჭრილში წყდება ირანში წასვლა-არწასვლის საკითხებიც; ასე პარტიულ ჭრილში წყდება რუსული საფრთხეების მიმართ მდგრადობის გაძლიერება თუ შესუსტება და ამიტომ არის, რომ დღესდღეობით ძალიან ცუდად ვართ დაცულები და გვთავაზობენ, რომ ინსტიტუტების ნაცვლად, საქართველოს უსაფრთხოების გარანტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად ყველანაირი დამსახურებისა, არ შეიძლება ერთი კაცი იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანდრო გოცირიძე.

ჩორჩანის მოვლენების დროს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო.

  • 2019 წლის 3 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გახარია პარტიული სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო.
  • 2020 წლის დეკემბერში - ის კვლავ გახდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი.

2019 წლის 3 სექტემბერს, როდესაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად წარადგინა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ გახარიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი - როგორც პოლიტსაბჭოში, ასევე უმრავლესობის რიგებში. „კითხვებიც არ დასმულა“, „მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა“ - თქვა ივანიშვილმა გახარიაზე.

გახარიას მთავრობას ნდობა ერთხმად [98 ხმით] გამოუცხადა საქართველოს პარლამენტმა, “ქართული ოცნების” უმრავლესობით.

2019 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრად წარადგინეს, გიორგი გახარიამ შს მინისტრის კანდიდატურად ვახტანგ გომელაური დაასახელა. გომელაური მეორედ გახდა შს მინისტრი. ის ყოველთვის უარყოფდა მოარულ ხმებს მასა და გახარიას შორის უთანხმოების შესახებ. გომელაურმა გახარიას მეგობარი უწოდა 2021 წლის 28 იანვარსაც - 3 კვირით ადრე, ვიდრე გახარია პრემიერის პოსტიდან ხმაურით გადადგებოდა [2021 წლის 18 თებერვალი] და „ქართული ოცნება“ განურისხდებოდა.

მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა და საკუთარი ოპოზიციური პარტია შექმნა, „ქართული ოცნება“ მოღალატედ მოიხსენიებს; ხოლო 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი, პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში, გასამართლებით დაემუქრა როგორც თავად გიორგი გახარიას, ასევე მისი ოპოზიციური პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] წარმომადგენლებს. „ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება… რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - თქვა ივანიშვილმა და დააკონკრეტა, რომ სასამართლოს დონეზე უკვე ყველა დოკუმენტი დალაგებული აქვთ.

ჩორჩანას ეპიზოდის შემდეგ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე - ალექსანდრე ტაბატაძემ 16 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს “პოლიტიკური გადაწყვეტილება” იყო და რომ “საქართველოს 2022 წლიდან ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს”. ამით მან მიანიშნა გარე ძალის ჩარევაზე, ისევე, როგორც ბოლო პერიოდში ამას ღიად აკეთებს “ქართული ოცნება”. ისინი ამბობენ, რომ გახარიას ე.წ. დიპ სტეიტი უმაგრებდა ზურგს.

„დიპ სტეიტმა“ "ქართული ოცნების" რიტორიკაში თანდათან ჩაანაცვლა „გლობალური ომის პარტია“. დამაჯერებელი არგუმენტების გარეშე ბევრს უჭირს „ოცნების“ ვერსიის დაჯერება, რომ ყოვლისშემძლე "დიპ სტეიტს" გავლენა აქვს მთელ დასავლურ სამყაროზე, იმორჩილებს საერთაშორისო ინსტიტუციებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს - და მიზნების მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ უჭირს.

„დიპ სტეიტის“ დამარცხებაში „ოცნებას“ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის იმედი ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს იმედი დასუსტდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG