რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაუდასტურა მშობლებს, რომ მათი შვილი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, პატიმრობაში იმყოფება. წერილი მათ თავდაცვის სამინისტრომ მისწერა. მეტი არაფერი განუმარტავთ.
„ის უბრალოდ ჟურნალისტია. სრულიად უკანონოდ გაიტაცეს და სამ წელზე მეტია დაპატიმრებული ჰყავთ. ვერც უფლებადამცველები ვერ ხვდებიან, ვერც - საერთაშორისო ორგანიზაციები და ადვოკატები“, - ჩამოთვლის ოკსანა რომანიუკი, მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორი.
სად და რა პირობებში ჰყავთ ხილიუკი? ამაზე მხოლოდ რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნებულები თუ ჰყვებიან. სამხედრო ტყვე ვლადი ივნისში გაცვალეს: ის რუსეთში გატაცებულ ჟურნალისტთან ერთად საკანში თითქმის 11 თვე იჯდა.
„ერთმანეთის გვერდით, ერთ საკანში ვიყავით. დმიტრი მშობლებსა და ძმას მოკითხვას უთვლის. ამბობს, რომ ცოცხალია და იმედი აქვს, გაათავისუფლებენ“, - ჰყვება ვლადი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
მაგრამ რუსეთის ხელისუფლება გაცვლის დროს სიიდან ხილიუკის გვარს ყოველ ჯერზე იღებს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მას ტყვედ იტოვებენ, სანამ კრემლიდან რამე განსხვავებული ბრძანება არ მოვა.
„რატომ აკეთებენ ამას? კონტროლისთვის, დასაშინებლად, გაცვლის რესურსი რომ ჰქონდეთ. იმის საჩვენებლად, რომ კანონები მნიშვნელოვანი არაა“, - ამბობს რომანიუკი.
იმავეს იმეორებს უკრაინელი ჟურნალისტი სტას კოზლიუკი: „რუსეთი ადამიანებით ვაჭრობს, მისთვის ის ვალუტაა. ჟურნალისტი კი ყოველთვის უფრო ძვირად ფასობს“.
დმიტრი ხილიუკი 1975 წელს დაიბადა. განათლებით ფილოლოგია, უკრაინული და რუსული ენების სპეციალისტი. 2005 წელს 30 წლისამ გადაწყვიტა, პროფესია შეეცვალა. ჟურნალისტი გახდა.
„მას აფასებდნენ იმისთვის, რომ თავისი საქმის ერთგული იყო, უყვარდა ის, რასაც აკეთებდა“, - ჰყვება კოზლიუკი.
ხილიუკმა ამ პროფესიას 20 წელი შესწირა. ათასობით სტატია დაწერა მიმდინარე მოვლენებზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ჰქონდა რეზონანსული სასამართლო პროცესების რეპორტაჟები, დეტალური სტატიები იმაზე, რაც ფრონტზე ხდებოდა.
„2022 წლის 26 თებერვალი, 7:49. ვიშგოროდსკის რაიონიდან მოემართება ასამდე რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. აწერიათ ასო „V“. დამპყრობლების სახელოებზე თეთრი წებოვანი ლენტია“ - ეს არის დმიტრის ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაცია, სანამ რუსი სამხედროები მოიტაცებდნენ.
დმიტრის მშობლები აღწერენ, როგორ დაიპყრო ისინი რუსეთმა. თავიდან გრადის სარაკეტო სისტემიდან ისროდნენ. ერთი ჭურვი მათ სახლს მოხვდა. „აფეთქების ტალღამ ყველაფერი გაიტანა: მანქანა, სახურავი, კარები. კარები სარდაფშიც კი ჩამოცვივდა“. ეზოში ჭურვის ნამსხვრევები დარჩა.
როდესაც სროლა შეწყდა, სოფელში რუსი სამხედროები შევიდნენ. „ჯერ სახლს უვლიდნენ გარშემო ავტომატებით, - იხსენებს გალინა ხილიუკი, - მერე სახლში შემოცვივდნენ და გამოგვყარეს. მეზობლებიც გარეთ იდგნენ. ბევრნი იყვნენ. თავიდან ტელეფონები წაგვართვეს, მერე - რაც კი რამე ძვირფასი გვქონდა. ღამე აივნებზე განლაგდნენ. როგორც მივხვდი, სნაიპერები იყვნენ. მთელი ღამე ჩვენს აივნებზე გაატარეს“.
სოფელი 2022 წლის აპრილში გაათავისუფლეს. ადგილობრივებმა ნახეს, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევისას დმიტრიც გაიყოლეს. ჟურნალისტს ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი ლენტი მოეხვიათ, შუქგაუმტარი.
„ჩვენთვის, კოლეგებისთვის, დმიტრი ყველა, ნებისმიერი უკრაინელი მოქალაქის განსახიერებაა. მათ რუსეთი ყოველდღე და ყოველღამე ატერორებს. ცდილობს დახოცოს, გატეხოს, გაანადგუროს, მაგრამ უკრაინელები არ ტყდებიან და არ ნებდებიან“, - ამბობს სააგენტო „უნიანის“ მთავარი რედაქტორი მიხაილ განიცკი.
მისხალ-მისხალ შეგროვებული ცნობებით გაირკვა, რომ გატაცების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ხილიუკს სამარტოო საკანში ამყოფებდა, ბრიანსკთან ახლოს. შემდეგ ის N7კოლონიაში გადაიყვანეს, ვლადიმირსკის რაიონში. 2024 წლის მაისში, მე-7 კოლონიაში მცველების მიერ უკრაინის მოქალაქეების წამებაზე, დამცირებასა და სასტიკ მოპყრობაზე საუბრისას, დმიტრის მნახველებმა თქვეს, რომ ის 45 კილოგრამს იწონიდა.
2024 წლის მაისში გათავისუფლებულმა უკრაინელმა ტყვემ, იგორმა კი გაიხსენა: „ზამთარში გვაიძულებდნენ ციხის ეზოში დედიშობილებს გვევლო. ამ დროს ტემპერატურა მინუს ათი იყო. შემოწმებისას ციხისა და უშიშროების თანამშრომლები პატიმრებს ძაღლებს უქსევდნენ. უკრაინელებს აიძულებენ, რუსეთის ჰიმნი ემღერათ, ხშირად საჭმელსაც არ აძლევენ“.
ამჟამად რუსეთში ოკუპაციისას დატყვევებული ოცდაათამდე უკრაინელი ჟურნალისტია. უმეტეს შემთხვევაში არც ახლობლებმა და არც უფლებადამცველებმა არ იციან, თუ რა ბედი ეწიათ მათ.
ფორუმი