„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ უნდა არსებობდეს რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. სწორედ რუსოფობიამ და მისმა პროპაგანდამ, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა, გამოიწვია მრავალი ტრაგედია. რუსოფობიის ჯოჯოხეთური დროშის ქვეშ მიეწოდება კიევის ტერორისტულ რეჟიმს იარაღი. რუსოფობიის დროშის ქვეშ ხოცავენ ბავშვებსა და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. <…> საჭიროა რუსოფობიასთან, ისევე როგორც რასის, რელიგიისა და ეროვნების საფუძველზე სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ, რომელმაც თავისი ინიციატივის ანალოგიის სახით მოიტანა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.
პოლიტიკის ექსპერტების თქმით, ზახაროვას განცხადება ცნებების ჩანაცვლების თვალსაჩინო ნიმუშია, რადგან მის ინიციატივაში მსხვერპლის მიმართ სიძულვილი გაიგივებულია მოძალადის აგრესიულ ქმედებებზე რეაქციასთან. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სიტყვა „რუსოფობია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებებში ჩნდება 2014 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია და დონბასში სამხედრო მოქმედებები დაიწყო.
მარია ზახაროვას განცხადებასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა „კიევის რეჟიმისა“ და „დასავლეთის ოფიციალური პირებისა და ელიტების“ წარმომადგენლების „რუსოფობიის მაგალითების“ კრებული.
11 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ASEAN-ის სამიტზე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მარკო რუბიოს გადასცა „რუსოფობების“ დოსიე - „ამონარიდები ზელენსკის, შმიჰალის, ერმაკის, პოდოლიაკის ციტატებიდან“, „სადაც ისინი პირდაპირ საუბრობენ რუსობის განადგურების აუცილებლობაზე“.
ერევანში მცხოვრები რუსი პოეტი ანა პოლეტაევა ირონიულად შენიშნავს, რომ საჭიროა არა საერთაშორისო დღის, არამედ წლის შემოღება:
„შემიძლია სამუშაო სცენარიც კი შევთავაზო: ზუსტად ერთი წლის განმავლობაში რუსეთი არავის დაბომბავს და დაცხრილავს, რუსული მედია შეწყვეტს სხვა ხალხებისა და ქვეყნების წინააღმდეგ ტალახის სროლას, კრემლი შეწყვეტს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, შეწყვეტს ერთმანეთთან ომში მყოფ ქვეყანასთან სამოკავშირეო შეთანხმებების დადებას, შეწყვეტს ხალხების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზებას, შეწყვეტს ოპონენტების ნაცისტებად და მტრებად მოხსენიებას და რაც მთავარია, შეწყვეტს კრემლისა და რუსეთის გაიგივებას და ყველას რუსოფობად მოხსენიებას, ვისაც კრემლის პოლიტიკა არ მოსწონს“.
უკრაინელი ბლოგერისა და ჟურნალისტის, ოლეგ ჩესლავსკის თქმით, რუსოფობია, კრემლის ინტერპრეტაციით, რუსეთის ნებისმიერი კრიტიკაა, რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე კი კანიბალიზმის კრიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღის მსგავსი რამეა.
„რუსოფობიას“ კავშირ არ აქვს ხალხის ან ერის სიძულვილთან. ესაა პასუხი აგრესიაზე, კოლონიალიზმზე, იმპერიალიზმზე, სახელმწიფო ძალადობაზე, გენოციდზე, ტყუილსა და აგრესიაზე“.
ჩესლავსკის თქმით, როცა ზახაროვა ამბობს, „საჭიროა რუსოფობიასთან, ისევე როგორც რასის, რელიგიისა და ეროვნების საფუძველზე სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლაო, ეს წმინდა წყლის მანიპულირებაა, რადგან რუსოფობიის ანტისემიტიზმთან გაიგივება იგივეა, რაც კანიბალისათვის წინააღმდეგობის გაწევის გაიგივება მსხვერპლისადმი სიძულვილთან:
„ანტისემიტიზმი ესაა ადამიანების სიძულვილი მათი დაბადების ფაქტის გამო. ეს გენოციდის ენაა. რუსოფობია (კრემლის ინტერპრეტაციით) კი რუსეთის ანუ რუსულ-ფაშისტური არმიის, იმპერიული წარსულის, პოლიტიკური რეპრესიების, ომისა და ძალადობის კულტურის ნებისმიერი კრიტიკაა. განსხვავება ფუნდამენტურია, რადგან ებრაელობა არჩევანი არ არის, ხოლო შეიარაღებული აგრესიის მონაწილედ, მძარცველად და მკვლელად ყოფნა შეგნებული არჩევანია. „რუსობა“ ბიოლოგია კი არა, პოლიტიკური როლია. არავინ იბადება „რუსად“ იმპერიული იდენტობის გაგებით. ადამიანები იბადებიან ჩუვაშებად, უკრაინელებად, თათრებად, ებრაელებად. „რუსი“ წარმომავლობა კი არა, შეგნებული პოზიციაა. ამიტომ, „რუსოფობიას“ კავშირი არ აქვს ხალხის ან ერის სიძულვილთან. ესაა პასუხი აგრესიაზე, კოლონიალიზმზე, იმპერიალიზმზე, სახელმწიფო ძალადობაზე, გენოციდზე, ტყუილსა და აგრესიაზე“.
ოლეგ ჩესლავსკის თქმით, ზახაროვას მანიპულაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვის სურვილია, „რუსოფობიის“ ხსენება იწვევდეს ისეთივე მყისიერ მორალურ რეაქციას, როგორსაც იწვევს ანტისემიტიზმი.
„ზახაროვა ანაცვლებს ცნებებს, აჰყავს „რუსოფობია“ ანტისემიტიზმის დონემდე, რათა აგრესიის, რუსეთის კოლონიალისტურ-იმპერიული პოლიტიკის ნებისმიერი დაგმობა დანაშაულად გამოცხადდეს, რაც აპრიორი შეუძლებელია. ანტისემიტიზმი ესაა ეთნიკურობაზე დაფუძნებული განადგურების ველური იდეოლოგია. „რუსოფობია“ კი ნორმალური რეაქციაა იმ ქვეყნის ქმედებებზე, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ესხმის თავს მეზობლებს და თავს მსხვერპლად წარმოაჩენს“, - დაწერა ოლეგ ჩესლავსკიმ თავის Telegram-არხზე.
პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, რუსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დაწესების იდეას არანაირი კავშირი არ აქვს „რუსების“ დაცვასთან. სინამდვილეში ინიციატივის მიზანია კრემლის კრიტიკის აკრძალვა.
“რუსოფობია” ქართული გაგებით
რუსოფობიაზე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, 2017 წელს გამოცემული წიგნის - „რუსოფობია - ანუ პოეტური იმპერიალიზმი ლომონოსოვიდან ევტუშენკომდე“ - ავტორმა, აწ გარდაცვლილმა პოეტმა და გარემოს დამცველმა ნუგზარ ზაზანაშვილმა განმარტა, რომ „რუსოფობია“ იმ გაგებით, რა გაგებითაც რუსეთის ხელისუფლება ხმარობს ამ ცნებას, არ არსებობს:
„ჩვენ გვაბრალებენ რუსოფობიას იმ თვალსაზრისით, რომ გვძულს რუსი ერი. ამ დროს ეს აბსოლუტურად ასე არ არის. შეიძლება პირიქით ტენდენციაც კი იყოს. მაგრამ თუკი სიტყვა „ფობოს“ თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დავუბრუნებთ, ანუ ვიხმართ „შიშის“ გაგებით (ფობოს ნიშნავს შიშს), მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გვეშინია. ჩვენ გვაქვს ეს შიში იმის გამო, რაც ახლა ხდება და რაც ადრე ხდებოდა. ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთებიდან ბუნებრივად მომდინარე პათოსი - რუსეთის იმპერიის, როგორც დამპყრობლის მიმართ შიშით გამოწვეული პათოსი“.
ქართულ საზოგადოებაში არსებულ რუსოფობიაზე საუბარი რუსი პოლიტიკოსების საყვარელი თემაა. მაგალითად, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა 2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში დაწერა, რომ საქართველოსთვის რუსოფობია მძიმე ავადმყოფობაა, თუმცა, საბედნიეროდ, ის სრულად განკურნებადიაო.
ქართული საზოგადოების ნაწილს რუსოფობიაში (რუსული გაგებით) ამხელს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც, რომელმაც ვრცელი განცხადება მიუძღვნა ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის, "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ფეისბუკ-სტატუსს, რომელშიც მწვავედ იყო გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება თბილისში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის (ფარიკაობა) რუსი მონაწილეების მასპინძლობის გამო.
“აგვისტოს ომის წინ რომ აქ რუს სამხედროებს ჩამოიყვან, აფუფუნებ, აასპარეზებ, კომფორტს შეუქმნი მთავრობა - ესაა პროვოკაცია, რასაც საქართველოს უწყობ! რა? არ იცის ქოცნებამ, რომ ხალხი ამას არ მოითმენს? იცის და სპეციალურად გვიწყობს ამ პროვოკაციებს, რომ მერე ამ რუსი ღორების გამო ისევ ქართველი პატრიოტები დაიჭირონ!“ - ბაია პატარაიას ამ სტატუსის პასუხად შალვა პაპუაშვილმა დაწერა:
„<…> არანაირი "რუსეთი ომს აწარმოებს" არ ამართლებს ქსენოფობიას. ბევრ ქვეყანას უწარმოებია ომი და ბევრი დღესაც აწარმოებს, სადაც ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ეროვნებები გამოარჩიოს და ისინი ზიზღის ობიექტად აქციოს. <…> ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. ყველას გვახსოვს, იმავე ენჯეოების ქსენოფობიური კამპანია 2022 წელს. მაშინ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცამ, ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის ქალს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები საქართველოში ცხოვრობდა, ქვა ესროლა. რა თქმა უნდა, ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა”.
ქსენოფობია რუსეთში: სამიზნეში მიგრანტები
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში მკვეთრად გაიზარდა ანტიმიგრანტული, ქსენოფობიური განწყობები. ძალაში შევიდა რეპრესიული კანონები, გაძლიერდა ოფიციალური პირების მხრიდან მტრული რიტორიკა, რეგულარულად ეწყობა რეიდები მიგრანტების გამოსავლენად და ა.შ. ექსპერტთა თქმით, ქსენოფობია რუსეთში ადრეც არსებობდა, მაგრამ ომის ფონზე პრობლემა ბევრად შესამჩნევი და აგრესიული გახდა.
ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, კავკასიიდან და სხვა ქვეყნებიდან რუსეთში ჩასული ადამიანები ხშირად საუბრობენ ეროვნების საფუძველზე დისკრიმინაციის პირად გამოცდილებაზე: რასისტული მეტსახელებიდან დაწყებული, არასლავური გარეგნობის გამო პოლიციის მუდმივი შემოწმებებითა და გამვლელთა მხრიდან ზიზღნარევი, აგრესიული დამოკიდებულებით დამთავრებული.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, რუსეთში ქსენოფობია ხშირად ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ვლინდება და ის მიმართულია არა მხოლოდ მიგრანტების, არამედ რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში (რესპუბლიკებსა და ოლქებში) მცხოვრები ე.წ. ძირძველი (ადგილობრივი) ხალხების მიმართაც. მაგალითად, საგამოძიებო პროექტმა „სისტემამ“ აღმოაჩინა, რომ 2024 წლის ნოემბერში მოსკოვის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრმა დასუფთავების მომსახურების ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ „პერსონალი უნდა საუბრობდეს რუსულად და ჰქონდეს სლავური გარეგნობა“. ხოლო 2018 წელს მოსკოვის საბიუჯეტო დაწესებულება „რიტუალმა“ კონდიციონერების მონტაჟის ტენდერის პოტენციური კონტრაქტორისადმი გაგზავნილ პასუხში მიუთითა: „გამსვლელი რეჟიმის პირობა: მხოლოდ სლავური ეროვნებები“.
„სისტემა“ - საგამოძიებო პროექტი, რომელიც შეიქმნა 2023 წელს The CurrentTime-ისა და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მიერ და რომელიც აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალებს სხვადასხვა თემაზე - დაწყებულს ომის დანაშაულების გამოძიებიდან, დამთავრებულს კორუფციის გამოაშკარავებით.
მსგავსი რამ შეიძლება მოიძებნოს დაცვის სამსახურების კონტრაქტებშიც. მოსკოვში, სოჭში, ნოვოსიბირსკსა და კრასნოდარში რამდენიმე სავაჭრო ცენტრს აქვს სპეციალური ინსტრუქციები. დაცვის თანამშრომლებმა „საგულდაგულოდ უნდა შეამოწმონ“ ავტომობილები, რომლებსაც მართავენ „კავკასიელი ან აზიელი ეროვნების პირები“ ან რომლებიც რეგისტრირებულია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. ასევე საგულდაგულო შემოწმების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტომობილი, თუ მძღოლსაც აცვია ტანსაცმელი, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ ისლამის აღმსარებელი პირები“.
ომი და ქსენოფობია
დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის, „მემორიალის“ ექსპერტი ოლგა აბრამენკო მიიჩნევს, რომ რუსეთში ქსენოფობიის ზრდა ომისა და ზოგადი პოლიტიკური ატმოსფეროს პირდაპირი შედეგია.
„ომი თავად შესაძლებელი გახდა და დაიწყო პუტინის რეჟიმის მიერ რუსი ხალხის სიდიადის, ექსკლუზიურობისა და რუსეთის განსაკუთრებული გზის ხანგრძლივი და მზარდი პროპაგანდის ფონზე“, - ამბობს ოლგა აბრამენკო, რომლის თქმითაც, ამ ნარატივს მუდმივი განმტკიცება სჭირდება:
„სწორედ აქ მოდის დამხმარე ძალად ქსენოფობიური რიტორიკა. მიგრანტებზე ნეგატიურ ტონში რეგულარულად საუბრობენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი და სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. მათ განცხადებებს, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე კონკრეტული ნაბიჯები: ანტიმიგრანტული კანონები, რეიდები, დეპორტაციები და ა.შ.“
2024 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ გააფართოვა პოლიციის უფლებამოსილებები, რამაც მათ საშუალება მისცა, გაეძევებინათ მიგრანტები სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ამავდროულად, შეიქმნა „კონტროლირებად პირთა რეესტრი“ - ვადაგასული დოკუმენტების მქონე მიგრანტების მონაცემთა ბაზა. 2025 წლის თებერვლიდან, ტექნიკური ხარვეზების გამო, რუსეთში ლეგალურად მყოფმა ასობით ადამიანმა სისტემის ხარვეზის გამო საბანკო ანგარიშებზე წვდომა დაკარგა.
როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, ახალი წესები შეეხო მიგრანტების შვილებსაც. საშუალო სკოლაში შესასვლელად, ბავშვმა რუსული ენის ცოდნა უნდა გამოავლინოს. ფორმალურად, ეს მოთხოვნა უვნებლად გამოიყურება, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, პრაქტიკაში წარმოადგენს ემიგრანტთა შვილების სკოლაში მიღებაზე სისტემატური უარის მექანიზმს: ბევრს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. 2025 წლის მაისში ბავშვების მხოლოდ 19%-ს მიეცა ტესტის ჩაბარების უფლება, დანარჩენებს (81%) უარი ეთქვათ დოკუმენტების არასრული პაკეტის, მონაცემებში უზუსტობების ან სკოლებში ვაკანსიების არარსებობის საბაბით.
რუსეთის რამდენიმე რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოფიციალურად აუკრძალა მიგრანტებს ვაჭრობის, განათლების, ტრანსპორტის, კულტურისა და დასვენების სფეროებში მუშაობა. პარალელურად, მასობრივი პოლიციური რეიდები მიმდინარეობს. მიგრანტებს დეპორტაციით ემუქრებიან, სანაცვლოდ კი არმიასთან კონტრაქტის გაფორმებას და უკრაინაში ომში წასვლას სთავაზობენ.
ოლგა აბრამენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქსენოფობია რუსეთში ყოველთვის არსებობდა, ახლა თვალშისაცემია ქსენოფობიის მკვეთრი ზრდა საზოგადოებრივ სივრცეში. რუსეთი დაუბრუნდა 2010-იან წლებს, როდესაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პიკი იყო.
ცენტრ „სოვას“ მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს რუსეთში უკვე დაფიქსირდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის 145 შემთხვევა, რომელთაგან სამი ფატალური შედეგით დასრულდა.
მკვიდრი ხალხები - ქსენოფობიის მუდმივი მსხვერპლი
ფორმალურად, რუსეთი საკუთარ თავს მრავალეროვნულ ქვეყანას უწოდებს: რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციაში ძალაუფლების ერთადერთი წყარო მისი „მრავალეროვანი ხალხია“. კონსტიტუცია ასევე იძლევა ეთნოკულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვის გარანტიას. თუმცა, სინამდვილეში, რუსეთში ეროვნება და ეთნიკური კუთვნილება, როგორც წესი, დისკრიმინაციის საბაბია.
როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, გარდა იმისა, რომ მკვიდრი ხალხები ზეწოლის ქვეშ ექცევიან ეთნიკური აქტივიზმის გამო, 2017 წლიდან რუსეთის სკოლებში გაუქმდა ეროვნული ენების სავალდებულო სწავლება. ამასთან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში მობილიზაციის გამო, ყველაზე დიდ დანაკარგებსაც სწორედ მკვიდრი ხალხების წარმომადგენლები განიცდიან.
საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრ „სოვას“ მონაცემებით, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა თავდასხმების რაოდენობა იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავდამსხმელები „ეთნიკურად უცხოებად“ მიიჩნევენ. 2024 წელს 163 ასეთი თავდასხმა დაფიქსირდა - ორჯერ მეტი, ვიდრე 2023 წელს.
„მთავრობა უზარმაზარ თვალთმაქცობას ავლენს. ერთი მხრივ, ისინი საუბრობენ „ერთიან რუს ხალხზე“, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევით იბრძვის „უკრაინული ნაციზმის“ წინააღმდეგ და იცავს „რუსულ სამყაროს“. ეს იმიჯი პროპაგანდის მიერაა თავსმოხვეული. მეორე მხრივ კი, ეთნიკური უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის მრავალი წარმომადგენელი იღუპება ომის ხორცსაკეპ მანქანაში, რაც კატასტროფულად მოქმედებს ამ ხალხების კეთილდღეობასა და არსებობაზე“, - ამბობს ოლგა აბრამენკო, ანტიდისკრიმინაციული ცენტრის, „მემორიალის“ ექსპერტი, რომლის სიტყვებსაც ადასტურებს BBC-სა და Mediazona-ს გათვლები:
„ფრონტზე დანაკარგები არათანაზომიერია. დაღუპულთა ყველაზე დიდი წილი (პროცენტული თანაფარდობა) „ეთნიკურ“ რეგიონებზე მოდის. ლიდერობს ტუვა (120 დაღუპული 10 000 კაცზე), შემდეგ მოდის ბურიატია (91/10 000) და ალტაი (89/10 000).
„მკვიდრი ხალხებისთვის, განსაკუთრებით მცირერიცხოვნებისთვის, ომში ჩართვა დაკავშირებულია ფიზიკური განადგურების, გაქრობის საფრთხესთან, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, - ამბობს ოლგა აბრამენკო.
თუმცა ხალხის ფიზიკური განადგურების გარდა, რუსეთის ხელისუფლება ასევე ებრძვის ეროვნული იდენტობის გამოვლინებებსაც. 2017 წლიდან ხელისუფლებამ დაიწყო მკვიდრი ხალხების ენების სავალდებულო სწავლების შემცირება კვირაში ორ საათამდე. 2025 წელს კი პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსულ ენას „გამაერთიანებელ ფაქტორად“ და „სამოქალაქო იდენტობის ძირითად ელემენტად“ აცხადებს.
2024 წლის აპრილში გაეროს მკვიდრი ხალხების მუდმივმოქმედ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ბურიატი აქტივისტი მარინა ხანხალაევა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა კოლონიზაციაზე, ცენტრალიზაციის გაძლიერებასა და რუსეთის არასლავი მოქალაქეების სახარჯ მასალად გადაქცევაზე.
„ვფიქრობ, 2022 წელს დაწყებულმა ომმა ნათლად გამოავლინა მკვიდრი ხალხების ყველა პრობლემა, რუსული სახელმწიფოს მანკიერება; აჩვენა, თუ როგორ გვექცევა კრემლი სინამდვილეში - როგორ მიგვიჩნევს დანამატად, სახარჯ ადამიანურ რესურსად, - განაცხადა აქტივისტმა რადიო თავისუფლების პროექტ Idel.Realii-სთან ინტერვიუში, - მოსკოვი არასდროს უწევდა ანგარიშს მკვიდრ ხალხებს, არასდროს ითვალისწინებდა მათ ინტერესებს. სიტუაცია [ყველა რესპუბლიკაში] დაახლოებით ერთნაირია: უკიდურესი სიღარიბე, რომელიც ხელოვნურად იქმნება ხალხის დამონების, დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჩაყენებისა და იმპერიული ამბიციების რეალიზების მიზნით“.
ფორუმი