Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ივანიშვილის შურისძიება" - გახარია "პატიმრობას" ვერ გადაურჩა, მისი პარტია სადავო პარლამენტში რჩება


2020 წელს გახარია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო, მესამე - ირაკლი კობახიძე.
2020 წელს გახარია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო, მესამე - ირაკლი კობახიძე.

გახარია, ღარიბაშვილის შემდეგ, „ქართული ოცნების“ უკვე მეორე ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც თავად „ოცნება“ ასამართლებს. ორი ამბავი, რის გამოც გიორგი გახარიას პატიმრობა შეუფარდეს, უკვე მომხდარი იყო, როდესაც, 2019 წელს, ის შს მინისტრობიდან „ოცნებამ“ პრემიერად დააწინაურა.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, გახარია თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს და თვლის, რომ მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის მუქარა სრულდება.

ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებაზე ლაპარაკობენ გახარიას გუნდის წევრებიც. გასამართლებით "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიმუქრა და თქვა - ყველა დოკუმენტი მზად არისო. მისი ადრესატები მაშინ, გახარიასთან ერთად - მისი თანაგუნდელებიც იყვნენ.

ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნოემბერში, გახარიას ოპოზიციური პარტია [„გახარია საქართველოსთვის“] სადავო პარლამენტში შევიდა. გახარიას გასამართლება მისი პარტიის გეგმებს არ ცვლის.

13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორ სხვადასხვა სხდომაზე, გიორგი გახარიას პატიმრობა ორ საქმეზე შეუფარდეს:


  • 20 ივნისის ეპიზოდი - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი]
  • “ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების ეპიზოდი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი].


ბრიფინგი, 12 ნოემბერს, თავად გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ გამართა. თქვა, რომ გახარიას 13-წლამდე პატიმრობა ემუქრება. 13 ნოემბერს კი, გახარიას წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს, დაუსწრებლად - ის უკვე თითქმის 6 თვეა საქართველოში აღარ იმყოფება.

"ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას”

მაკო გომურს - რომელმაც, 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, მარჯვენა თვალი დაკარგა და არაერთი ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, გვეუბნება - ყოველთვის მჯეროდა, რომ გიორგი გახარია ერთ დღეს აუცილებლად დაისჯებოდაო. ახლა რაც ხდება, „კარმას“ უწოდებს - მაგრამ სამართლიანობის აღდგენად არ თვლის.

„ეს არის მაგალითი იმ ადამიანებისთვის, ვინც დღემდე ემსახურება „ქართულ ოცნებას“. თუკი მას [„ოცნებას“] დასჭირდება, ნებისმიერ დროს გაწირავს ნებისმიერ ადამიანს... აგერ ღარიბაშვილიც სანაქებო მინისტრი და პრემიერი ჰყავდათ, მაგრამ იმანაც თითქმის იგივე გზა გაიარა, რაც გახარიამ [გასამართლება]... კარგი მაგალითია ეს „ოცნების“ ყურმოჭრილი მონებისთვის“, - მაკოს გადაწყვეტილი აქვს, რომ, თუკი დაიბარებენ, სასამართლოში გახარიას საქმის პროცესზე არ მივა.

„არა, არ მივალ, რა თქმა უნდა [სხდომაზე] - ქოცების წისქვილზე წყალს არ დავასხამ არანაირად. თვითონ დაჭამონ ერთმანეთი... სისტემის მსახური ყველა დამნაშავეა ჩემთვის - ბევრი დრო ჰქონდათ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასულიყვნენ და უფრო და უფრო მეტი დანაშაული არ დაემატებინათ, 20 ივნისის შემდეგ... ვითომ რომ ასე შესტკივათ გული, თურმე, 20 ივნისის დაზარალებულებზე - ეს ყველაფერი ფასადურია. დაზარალებულების არცერთი საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი და ამის პარალელურად ვუყურებთ ახლა, ყოველ დღე ადამიანებს ასამართლებენ პირბადეების გამო “.

მაკო გომური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ე.წ. მკურნალობის“ საფასურის გადახდაზე უზარმაზარი ძალისხმევა ეხარჯებოდათ; ხოლო სასამართლოს მოგების მიუხედავად, დღემდე ვერ მიაღწიეს მორალურ კომპენსაციასა თუ ზიანის ანაზღაურებას.

პროკურატურის თანახმად: გიორგი გახარიამ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [გდდ] თანამშრომლებს “ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით, დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას”. შედეგად, “სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება”.

გახარიას პარტიაში თვლიან, რომ 20 ივნისის - ახლო წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დრამატული მოვლენის - საქმის გამოძიება „ქართულმა ოცნებამ“ გამიზნულად გადაწყვიტა.

„წარმოუდგენელი სამართლებრივი სიგიჟეა, რასაც ვკითხულობთ ბრალის შესახებ დადგენილებაში, რომ თითქოს გიორგი გახარიამ წინასწარი განზრახვით დააორგანიზა კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

[მაგრამ] ძალიან საინტერესოა, რომ ფაქტობრივად ეს ბრალის შესახებ დადგენილება პირდაპირ ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას არანაირი ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. პირდაპირ წერია, რომ - გიორგი გახარიასთვის ცნობილი გახდა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ [ანუ მან ეს მანამდე არ იცოდა]“, - აცხადებს გახარიას პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა, რომელიც ახლა მისი ადვოკატის როლს ასრულებს.

მისი შეფასებით, 20 ივნისის მოვლენების გამო გახარიასთვის ბრალის წაყენება „პიარულად შეფუთული პროდუქტია“, „ხელოვნურად შეთითხნილია“ და „გადაგდებულია ადამიანებისთვის“; ხოლო ობიექტური ჭეშმარიტება არის ის, რომ „გავრილოვი საქართველოში ჩამოიყვანა და უმასპინძლა ირაკლი კობახიძემ, რომელიც დღეს არის პრემიერ-მინისტრი“.

ირაკლი კობახიძე და გავრილოვი
ირაკლი კობახიძე და გავრილოვი

2019 წლის 20 ივნისის სისხლიან ღამეს ხალხმა „გავრილოვის ღამე“ დაარქვა, თავდაპირველი მიზეზის გამო, რასაც სახალხო მღელვარება მოჰყვა.

  • 2019 წლის 20 ივნისს, დილით, ოკუპანტი რუსეთის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომმა გახსნა.
  • ეს სავარძელი მაშინ “ოცნების” დღევანდელ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი კობახიძეს ეკუთვნოდა.
  • წინა დღით, 19 ივნისს, ის მართლმადიდებლობის ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა, ღამით კი სტუმრებს უმასპინძლა. წვეულებას გავრილოვიც ესწრებოდა. მის გვერდით გადაღებულ ფოტოს კობახიძემ პროვოკაცია უწოდა - გავრილოვი თავად მოვიდაო.
  • 20 ივნისს, სპონტანური სახალხო მღელვარების გამო, გავრილოვმა და სხვა სტუმრებმა თბილისი დროზე ადრე, სიჩქარეში დატოვეს.
  • ეს ამბავი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებად დაუჯდა. მაგრამ მან პოსტი დატოვა არა 20 ივნისს, როცა ამას მომიტინგეები ითხოვდნენ, არამედ - 21 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსთაველზე ხალხი დაზიანდა.


ბევრს ჰქონდა განცდა, რომ გახარია რაღაცას მალავდა. თუმცა, წლების განმავლობაში, ხელი მას კონკრეტულად არავისთვის დაუდია - ამბობდა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას თავად იღებდა და ქმედებებს ამართლებდა იმით, რომ მან პარლამენტის შენობა - რადიკალების “შტურმისგან”, ხოლო სახელმწიფო - გადატრიალებისგან იხსნა.

როგორც სახელმწიფოსა და პოლიციელების ღირსების დამცველს, გახარიას წლების მანძილზე აქებდა “ქართული ოცნებაც”, 2021 წლის 18 თებერვლამდე - ვიდრე გადადგებოდა და თავის ოპოზიციურ პარტიას შექმნიდა.

აპრილში, სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე გამოკითხვისას, გახარიამ თქვა, რომ ბრძანება გასცა მხოლოდ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებაზე; რეზინის ტყვიების გამოყენებაზე - არა; და როდესაც ამის შესახებ შეიტყო, რაციით გადასცა შესაბამის პირებს, რომ შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება. თუმცა ამის შემდეგ რეზინის ტყვიებს ისევ ისროდნენ.

თეა წულუკიანმა ჰკითხა გახარიას - “ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა [ბრძანება], [როცა] თქვენ იყავით შს მინისტრი?” გახარიამ უპასუხა - “მე არაფერი არა მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად - მე არ ვიცი”.

გახარიამ ამავე სხდომაზე განაცხადა, რომ “იდიოტურ შეცდომად” აღარ თვლის რუსი დეპუტატის, გავრილოვის “აღმოჩენას” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და, “დასაბუთებული და გონივრული ეჭვის” საფუძველზე, დღეს უკვე ფიქრობს, რომ იმ დღის პროცესებშიც “უჩინარი კაცი” ჩაერია, ისევე, როგორც 2021 წლის თებერვალში, მისი გადადგომის დროს. მერე განმარტა, რომ “უჩინარ კაცში” ის ივანიშვილს გულისხმობდა.

გახარიამ გაიხსენა ასევე, რომ გავრილოვის დელეგაციაში, თავად გავრილოვის გარდა, იყო კიდევ 10-ზე მეტი “ოდიოზური” პირი, რომელთა ქვეყანაში შემოშვებასაც შს სამინისტრო და სუსი არ ეთანხმებოდნენ; ისინი გავრილოვის შემოშვებაზეც ამბობდნენ უარს, მაგრამ პარლამენტიდან არ მოასვენეს.

“ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი.

...ეს მართლა სერიოზული რისკი იყო - მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა...და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე - თქვენ კი ამბობთ, ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ მასპინძლობა და ღვინოს მე ვსვამდი, კაცო, გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის იმაში [თავმჯდომარის სავარძელში]?!...”, - გახარიამ თქვა, რომ მას “საერთაშორისო სკანდალში გახვევით” აშანტაჟებდნენ და გავრილოვი ასე შემოაშვებინეს, ხოლო 20 ივნისის ღამეს, როდესაც სიტუაცია გართულდა, პასუხისმგებელი პირები მიუწვდომლები იყვნენ.

“გავრილოვის ღამის” შემდეგ, არასრულ 3 თვეში, შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დროს უკვე აშენებული იყო “ჩორჩანის საგუშაგოც” - რასაც შეეხება მისთვის წაყენებული მეორე ბრალი.

2020 წელს გახარია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო. ამ სიაში მესამე ნომრად იყო ირაკლი კობახიძე.

პოლიციის საგუშაგო - “თვითნებურად”, “ერთპიროვნულად”

“ჩორჩანის საგუშაგოს” ეპიზოდზე გამოძიების მიერ გახმაურებული დეტალები ზუსტად ემთხვევა ჯერ კიდევ “წულუკიანის კომისიის” სხდომებზე გახმაურებულ ბრალდებებს - გახარიას გამოკითხვისას, როგორც აპრილში, ასევე ივლისში [უკვე დისტანციურად]. მაშინ კომისიის წევრები გახარიას დაჰპირდნენ, რომ მასთან საქმეს პროკურატურა დაიჭერდა.

ივნისში გაირკვა, რომ პროკურატურაში ერთმანეთის მიყოლებით იბარებდნენ გახარიას ყოფილ თანაგუნდელებს - “ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსნებს, პოსტებიდან წასულებსაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ - საერთოდ არაფერი იცოდნენ, როცა გახარია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის ტერიტორიაზე ახალ საპოლიციო საგუშაგოს აშენებდა.

ერთადერთი იყო, „ქართული ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ - საგუშაგოს აშენების შესახებ იცოდა და იცოდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზიც - “არსებობდა როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ასევე ბორდერიზაციის აქტიური პროცესები”.

პროკურატურის თანახმად: 2019 წლის 24 აგვისტოს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს აგება “ერთპიროვნულად” დაგეგმა - “ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით”, პრემიერ-მინისტრთან [მამუკა ბახტაძე] სუსთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე. “აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს” და კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; “საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი”; შეიქმნა “შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე” და “ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები”.

“წულუკიანის კომისიის” სხდომებზე გახარია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საგუშაგოს აშენება აუცილებელი იყო და ამის გარეშე საქართველო ძალიან დიდ ტერიტორიას დაკარგავდა. მიანიშნა ასევე ეჭვებზე, რომ “ოცნების” ძალოვანი გუნდიდან გაჟონა ინფორმაციამ სხვა მსგავსი საგუშაგოების აშენების გეგმისა და კოორდინატების შესახებ და „იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები“. ამ დეტალებისთვის კომისიას დიდი ყურადღება არ მიუქცევია.

2019 წლის აგვისტოში - "ჩორჩანის საგუშაგოს" აშენების დროს - სუსის ხელმძღვანელი იყო ვახტანგ გომელაური, რომელმაც სექტემბერში შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა, როცა თავად გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. ამის შემდეგ, სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გახდა.

გომელაურმა და ლილუაშვილმა თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. "ოცნების" გამოცხადებულ "კორუფციასთან ბრძოლის" პროცესში, გრიგოლ ლილუაშვილის უძრავი ქონებაც გაჩხრიკეს და დააკავეს მასთან დაკავშირებული არაერთი ადამიანი.

“გიორგი გახარიას რომ ეძახიან მოღალატეს “ოცნების” წარმომადგენლები, თუ რაიმეს ღალატი შეიძლება ერქვას, პირველ რიგში ეს საქმეა - ვინც “ჩორჩანის საგუშაგოსთან” დაკავშირებული საქმე შეთითხნა და ვინც ყალბი ჩვენებები მისცა, ეს ხალხი ღალატობს საქართველოს, რადგან ამ საქმის აღძვრა თავისთავად არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ღალატი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი შარაშიძე - გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, რომელმაც სადეპუტატო მანდატი აღიარა და სადავო პარლამენტში მუშაობა დაიწყო.

შარაშიძის თქმით, “ჩორჩანის საგუშაგოსთან“ დაკავშირებით საქმის აღძვრა საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებში შედის და "ეს იმდენად ანტიეროვნული საქმეა, რომ [“ოცნება”] საკუთარ ამომრჩეველსაც ვერ აუხსნიან”.

პარტიას “გახარია საქართველოსთვის” სადავო პარლამენტში 12 მანდატი აქვს.

იმის გამო, რომ გახარიას პარტია შევიდა, “ქართულმა ოცნებამ” ის არ ჩასვა ასაკრძალი ოპოზიციური პარტიების სიაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე გადაეცა. თუმცა თავად გახარია გასამართლებას მაინც ვერ გადაურჩა.

ბრალის წაყენებისა და დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტია სადავო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.

“ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივად. გვესმის, რომ “ოცნებას” და ივანიშვილს ძალიან უნდათ, რომ გახარია გააქრონ პოლიტიკური ველიდან, მაგრამ არ გამოვა ეს ამბავი, პირდაპირ რომ ვთქვათ”, - შარაშიძე ამბობს, რომ გახარიას წინააღმდეგ ახლა ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის "პერსონალური შურისძიებას", "რაც თავისი პირით დააანონსა ივანიშვილმა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და მას შემდეგ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი მუქარა, საჯაროდ გაცხადებული ბოლომდე მიეყვანა”.

თავად გახარიამ X-ზე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს "ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის ბრძოლის" მნიშვნელობას და რომ ამ მხრივ - "ერთადერთი სწორი სტრატეგიული არჩევანი" იყო პარტიის გადაწყვეტილება - "მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, პარლამენტში შესვლის შესახებ".

"სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ასევე, დასავლეთმა ერთობლივად წააგეს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ, თუმცა, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოში ევროპული იდეის შესანარჩუნებლად. ამ ბრძოლის წაგებას სერიოზული და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის", - წერს გახარია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG