მთავარი როლის შემსრულებელი ალექსანდრ კუზნეცოვი 2022 წელს ლონდონში გადასახლდა, ანატოლი ბელი, რომელმაც ვიშინსკი განასახიერა - ისრაელში, ხოლო ნაწამები პატიმრის როლის შემსრულებელი, რუსული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ალექსანდრ ფილიპენკო დღეს ლიეტუვაში მოღვაწეობს.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერგეი ლოზნიცას ფილმების ჩვენება აიკრძალა. ამიტომაც ვერ შეძლო რეჟისორმა „ორი პროკურორის“ გადაღება ბრიანსკსა და მოსკოვში, სადაც ხდება ფილმის მოქმედება.
სერგეი ლოზნიცას უკავშირდება ჩემი ერთი სახალისო მოგონება კანში. 2017 წელს ლოზნიცას ფილმი „თვინიერი“ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული. სეანსის დასრულების შემდეგ ოვაციებთან ერთად, რომლებიც უკრაინელ რეჟისორს მოუწყვეს, დარბაზში აქა-იქ უკმაყოფილო შეძახილებიც გაისმა. რუსული ოფიციალური პრესა ასე გამოეხმაურა „თვინიერის“ პრემიერას: „კანში ჟურნალისტებმა დაუსტვინეს სერგეი ლოზნიცას ახალ ფილმს“. მახსოვს, მოსკოველმა კოლეგამ გვითხრა, „ეს ნიკიტა მიხალკოვმა გამოუშვა თავისი კინოკრიტიკოსები კანში და დაავალა „ჩაეგდოთ ანტირუსული ფილმის პრემიერაო“.
მეორე დღეს კინოთეატრის შესასვლელთან, ახალი ფილმის სეანსის რიგში დგომისას, ჩემი ყურადღება მიიქცია ორმა რუსმა კრიტიკოსმა ქალმა, რომლებიც რაღაცაზე კამათობდნენ. ცოტა ხანში ხმას აუწიეს. კამათი... ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ვიღაცამ პოლიციის გამოძახებაც მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ერთი კოლეგა მეორეს „მიხალკოვის აგენტობაში“ ადანაშაულებდა. „ძალიან კარგად ვიცი, რომ შენ და შენი მეგობრები მოითხოვდით გუშინ ლოზნიცას ფილმის აუტოდაფესო“.
მას მერე რუსეთში ბევრი რამ შეიცვალა. რუსეთშიც და კანშიც, სადაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც პუტინის მედიაში მუშაობენ, აკრედიტაციაზე უარი უთხრეს. თუმცა როგორც წელს გაირკვა, ზოგიერთი ჩემი რუსი კოლეგა მაინც ახერხებს ფესტივალის დირექციისთვის კვალის არევას - მუშაობს პროპაგანდისტულ მედიაში, თუმცა აკრედიტაციას ითხოვს შედარებით დამოუკიდებელი მედიისგან.
განსხვავებული რეაქციით, რომელიც მოჰყვა „ორი პროკურორის“ პრემიერას, კარგად ჩანს, ვინ რომელ მედიაში მუშაობს დღეს რუსეთში... ვინ ცხოვრობს რუსეთში, სადაც სერგეი ლოზნიცას ფილმის მოწონებამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას კინოკრიტიკოსს და ვინ არის ემიგრაციაში - „ორ პროკურორში“ გადაღებული მსახიობებივით. არადა, თითქოს რატომ უნდა ეშინოდეთ პროფესიონალ კინოკრიტიკოსებს? „ორი პროკურორის“ მოქმედება ხომ არა თანამედროვე რუსეთში, არამედ 1937 წელს, სტალინური რეპრესიის წლებში ხდება. პუტინის რუსეთში ჯერჯერობით არც გიორგი დემიდოვის წიგნი არ აუკრძალავთ, მოთხრობა „ორი პროკურორი“, რომლის გამოქვეყნებას ავტორი ვერ მოესწრო. დემიდოვის მოთხრობის ტექსტები მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1990 წელს, დაიბეჭდა.
პუტინის რუსეთში ჯერ არ უკრძალავთ, თუმცა სერგეი ლოზნიცამ გააძლიერა დემიდოვის მოთხრობის აქტუალურობა და კინემატოგრაფიული ხერხებით წარმოგვიდგინა სახე ტერორის მანქანისა, რომელიც დღეს ლამის მთელ მსოფლიოში დაიქოქა უკვე. დემიდოვი, ლანდაუს მოწაფე, პროფესიით ფიზიკოსი, რომელმაც 13 წელი გაატარა სტალინურ ბანაკებში, თითქმის ნატურალისტური სიზუსტით გვიამბობს რეპრესიების ბუნებაზე საბჭოთა სადამსჯელო სისტემაში. სერგეი ლოზნიცა - პირველი პროფესიით დოკუმენტალისტი, და კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, „არქივისტი“ - თავის მხატვრულ ფილმში სწორედ დოკუმენტური სიზუსტით აღწერს ძალადობის ანატომიას, რომელიც, როგორც ირკვევა, არც დროში არ იზღუდება და არც სივრცეში.
1937 წელია. ახალგაზრდა პროკურორი კორნეევი ციხის უფროსებს სთხოვს, შეახვედრონ პატიმარს, ბოლშევიკ-ვეტერანს, რომლის სისხლით დაწერილი ბარათი შემთხვევით მოხვდა მის მისამართზე. წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი შეაღწევს საკანში და წამების მსხვერპლ მოხუცს გაიცნობს. კორნევი გულუბრყვილოდ გადაწყვეტს, უკანონობის და ძალადობის შესახებ ქვეყნის გენერალურ პროკურორს შეატყობინოს. ვიშინსკისთან შეხვედრის შემდეგ მას აპატიმრებენ.
ეს ამბავი უაღრესად განტვირთულ სივრცეშია გათამაშებული. მთავარი დატვირთვა მსახიობებზეა. თუმცა მათი თამაშის მანერაც გამომწვევად თავშეკავებულია. ასეთი სტილი აძლიერებს კამერის როლს და მოითხოვს თანამედროვეობის უდიდესი (და იქნებ ნომერი პირველი?) ოპერატორისგან, ოლეგ მუტუსგან, ჰიპერმგრძნობელობას ნიუანსების მიმართ. მე ვფიქრობ, სწორედ კამერა და რიტმი, რომელიც მზერის, ჟესტის, მიმიკის, შეფასებების ცვლას ფაქტობრივად „ქორეოგრაფიად“ აქცევს, ქმნის ლოზნიცას ფილმში დოკუმენტურისა და აბსურდის გასაოცარ მთლიანობას. შემთხვევით არ იხსენებენ „ორი პროკურორის“ პრემიერის შემდეგ ფრანც კაფკას და ორსონ უელსის ფილმ „პროცესს“... თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით - თუკი „პროცესი“ დადგმული, უტრირებული აბსურდია, „ორი პროკურორი“ ისტორიული დოკუმენტია. ფრანც კაფკას დღეს არ სჭირდება კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია. ჩვენ დღეს ისედაც კაფკას რეალობაში ვცხოვრობთ.
ფილმის დასრულების შემდეგ რატომღაც წარმოვიდგინე „ქართული ოცნების“ პარლამენტი, რომელსაც სერგეი ლოზნიცა „ორ პროკურორს“ უჩვენებს. ეს მართლაც შესანიშნავი სანახაობა იქნება. ვფიქრობ, ლოზნიცას ფილმზე უკეთესი - „პროცესის“ აბსურდს უყურებენ ასეთივე აბსურდული სივრციდან, უყურებენ, როგორც სარკეში.
გაბედავს კი რომელიმე ჩვენი პარლამენტარი „ორი პროკურორის“ მოწონებას? ჩვენი სახელისუფლო მედიის წარმომადგენლებმა თუ ნახეს ლოზნიცას ფილმი კანში? „იმედის“, „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა... მრავლად არიან წელს აქ. მოეწონათ? რა მოეწონათ ნეტა?
ფორუმი