30 აპრილს შეთანხმებას ვაშინგტონში მოაწერეს ხელი - უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
რა წერია შეთანხმებაში?
1 მაისს უკრაინის მთავრობამ შეთანხმების დეტალები [უკრაინულ და ინგლისურ ენებზე] გამოაქვეყნა.
„ეს შეთანხმება აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას მხარეებს შორის - უკრაინის ხანგრძლივვადიანი აღდგენისა და მოდერნიზებისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევის საპასუხოდ, მშვიდობიანი, სუვერენული და მედეგი უკრაინისთვის“, - წერია შეთანხმებაში.
ასევე მითითებულია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს გრძელვადიან სტრატეგიულ შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებსა და ხალხებს შორის და ასევე არის „შეერთებული შტატების მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება უკრაინის უსაფრთხოების, აღმშენებლობისა და გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ“.
- შეთანხმების ტექსტით, ინვესტირების მოზიდვა შესაძლებელია აშშ-დან, ევროკავშირიდან და იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ეხმარებოდნენ უკრაინას თავდაცვაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ;
- ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც კონფლიქტის დროს უკრაინისთვის არაკეთილსაიმედოდ მოქმედებდნენ, ვერ უნდა მიიღონ სარგებელი უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში, მდგრადი მშვიდობის დამყარების შემდეგ.
შეთანხმებაში ჩამოთვლილია 60-მდე დასახელების სასარგებლო წიაღისეული, რომელთა მოპოვებაც იგეგმება, მათ შორის - ფერადი ლითონები, იშვიათი მინერალები.
ჩამონათვალშია: ალუმინი, ანტიმონი, ბარიტი, დარიშხანი, ფტორი, ოქრო, პლატინა, თუთია, გრაფიტი, ლითიუმი, მაგნიუმი, ურანი, ტიტანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი [მათ შორის თხევადი]. მითითებულია, რომ ეს არასრული ჩამონათვალია.
დოკუმენტის თანახმად:
- იქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააფინანსებს წიაღისეულის მოპოვებას, ენერგეტიკას, ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენას.
- სასარგებლო წიაღისეულის მარაგები თუ ტერიტორიული წყლები რჩება უკრაინის საკუთრებაში. უკრაინა წყვეტს, რა ადგილებში უნდა მოხდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
- უკრაინის საკუთრებაში რჩება სახელმწიფო კომპანიები; არ იზღუდება უკვე დაწყებული პროექტები და პრივატიზაციის პროცესი.
- უკრაინა ფონდში შეიტანს 50%-ს ქირის, ლიცენზიების თანხიდან და გამოყოფილ ადგილებზე მოპოვებული ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან.
- აშშ-ს ფონდში შენატანად ჩაეთვლება უკრაინისთვის სამომავლოდ მიწოდებული ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება.
დოკუმენტში მითითებულია, რომ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს და მის მიზანს - გაწევრიანდეს ევროკავშირში.
უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი 10 წელი, მოგება არ გაიყოფა - ფონდის სახსრები დაიხარჯება მხოლოდ უკრაინაში. ფონდს ორი ქვეყანა თანაბარი უფლებებით განკარგავს. ეს ჩანაწერი უკრაინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ არის.
"უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმების შემოკლებულ ვერსიას, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა. ძირითადი დოკუმენტი კი თითქმის 100 გვერდს მოიცავს. ამასთან, ძირითად დოკუმენტში არ არის ტექნიკური დეტალები, რომლებიც, უკრაინული მედიის ცნობით, ჯერ ისევ მზადდება ხელმოწერისთვის.
- რეკონსტრუქციის საინვესტიციო ბანკის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას ასევე “მინერალების შეთანხმებისა” და “სასარგებლო წიაღისეულის [ბუნებრივი რესურსების] შეთანხმების” სახელით მოიხსენიებენ;
- შეთანხმების მიღწევა გაჭიანურდა, მათ შორის - ზელენსკისა და ტრამპს შორის 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ;
- გარიგება რამდენჯერმე დადგა ჩაშლის რეალური საფრთხის წინაშეც. უკრაინა არ მალავდა, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტის მიღება სურდა.
ნაბიჯი მშვიდობისკენ
30 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას “სამართლიანი უწოდა” პრეზიდენტმა ზელენსკიმ და დოკუმენტის ხელმოწერა დონალდ ტრამპთან ვატიკანში შეხვედრის პირველ შედეგად განიხილა და შესაბამისად, შეხვედრას “ნამდვილად ისტორიული” უწოდა.
ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვაზე ჩასულ პრეზიდენტებს შორის 15-წუთიანი განცალკევებული საუბარი დონალდ ტრამპსაც შეახსენეს 1 მაისს, NewsNation-თან ინტერვიუს მსვლელობისას. ჰკითხეს, რა უთხარით ზელენსკისო.
“მე ვუთხარი მას [ზელენსკის] - კარგი იქნება, თუკი შევიმუშავებთ შეთანხმებას და შენ ხელს მოაწერ მას, რადგან რუსეთი ბევრად ძლიერია”, - თქვა ტრამპმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აშშ რუსეთზე ძლიერია.
მანამდე, თებერვალში, როცა შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურებოდა, მას პრეზიდენტი ტრამპი უკრაინისთვის “ავტომატური უსაფრთხოების” მოპოვების შესაძლებლობას უწოდებდა.
- შეთანხმებაზე საუბრისას, ტრამპის მიერ დასმული მთავარი აქცენტი ყოველთვის უკავშირდება ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გაუწია. ტრამპი ამბობს, რომ ეს თანხა, ჯამში, 350 მილიარდ დოლარს შეადგენს.
- თუმცა - სხვადასხვა წყაროს დათვლით, ტრამპის დასახელებული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია.
კიევი აცხადებს, რომ შეთანხმება საერთოდ არ შეეხება აშშ-ის მიერ უკვე გაწეული დახმარების დაბრუნებას.
პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ნასტოიაშჩეე ვრემიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება "სრულად ითვალისწინებს უკრაინის ინტერესებს" და რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, აშშ-ის პოზიციები "ბევრად უფრო ძლიერი იქნება", მათ შორის - უკრაინაში საკუთარი აქტივების დაცვის გამოც.
პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინას აშშ-ში წარმოებული იარაღი სჭირდება და შესაბამისად, ეს შეთანხმება პერსპექტივებს ამ მხრივაც ხსნის.
რუსეთის ინტერპრეტაციები
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, 1 მაისს განაცხადა, რომ აშშ-მა აიძულა უკრაინა, რომ საკუთარი სასარგებლო წიაღისეული დაეთმო და რომ ამიერიდან საჭირო იქნება ამერიკული სამხედრო დახმარების საფასურის გადახდა “გაქრობის პირას მდგომი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრით”.
მანამდე, მარტში, მედვედევი ამბობდა, რომ “ზელენსკის მაიდანზე ჩამოკიდებენ”, უარის შემთხვევაში კი აშშ “კიევის რეჟიმის განადგურებას შეუდგება”.
მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინამ წამგებიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. დუმის დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა თქვა, რომ ამჟამად ხელმოწერილი ვარიანტი იმაზე უარესია, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი თებერვალში იწუნებდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს „საზიარო აღმშენებლობის ქვაკუთხედს“ და „მნიშვნელოვან ნაბიჯს ომის დასრულებისთვის“.
დოკუმენტზე ხელმომწერის, აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, “აშშ მოწადინებულია დაეხმაროს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას” და “ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სურს უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესი, რომელიც ფოკუსირებული იქნება თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში”.
ფორუმი