ამსტერდამი, რომელიც 2000-იან წლებში რუსი ოპოზიციონერი მიხაილ ხოდორკოვსკის ინტერესებს იცავდა, 2023 წლიდან კი გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატია, ამჯერად აცხადებს, რომ სომხეთში „ეკლესიის და მისი უკანონოდ დაკავებული შვილების დასაცავად“ ჩავიდა.
„ჩემი მთავარი მისია სომხეთში არის ეკლესიის დაცვა, ქრისტეს შვილების, უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაცვა“, - განაცხადა მან და ამ კონტექსტში ახსენა დაპატიმრებული ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი:
„როდესაც ისეთი ბიზნესმენები, როგორიც არის სამველ კარაპეტიანი, მორწმუნეები, რომელთაც უყვართ საკუთარი სამშობლო და ეკლესია, არიან რეიდებისა და თავდასხმების მსხვერპლნი, რაღაც ვერ არის რიგზე“, - უთხრა მან ჟურნალისტებს ზვარტნოცის აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ.
„მთავრობაში მყოფი ადამიანები ხშირად ცდილობენ რომ ეკლესია, სალოცავი ფუნქციის ნაცვლად, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ასე რომ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და მისიაა“, - თქვა ადვოკატმა.
მან განაცხადა, რომ უკრაინაშიც იცავს ეკლესიას: „მე ვიცავ ეკლესიას უკრაინაში. სამწუხაროდ, ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც ეკლესიას თავს ესხმიან. ჩემი აზრით, ეკლესიის დაცვაზე წმინდა საქმე არ არსებობს“.
- ამსტერდამი უკრაინაში იცავს უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მართლმადიდებელ ეკლესიას;
- უკრაინის ხელისუფლება ამ ეკლესიას მოსკოვის ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს;
- „ამსტერდამსა და პარტნიორებს“ 2023 წლიდან აქვს კონტრაქტი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან;
- რობერტ ამსტერდამის ვაჟი, სემ ამსტერდამი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენდა და მის ინტერესებს ლობირებდა.
უთანხმოება, რომელიც სომხეთის მთავრობის მეთაურ ნიკოლ ფაშინიანსა და სომხურ ეკლესიას (კერძოდ, მის ხელმძღვანელ, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს) შორის 2020 წელს დაიწყო, 2024-25 წლებში ღია პოლიტიკურ ბრძოლაში გადაიზარდა.
გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გაქრობას, აზერბაიჯანთან შეთანხმებას და ა.შ..
ეკლესიასთან დაახლოებული პირია მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელიც 2025 წლის 18 ივნისს სომხეთში დააკავეს. კარაპეტიანმა ქონება რუსეთში დააგროვა.
- ამავე, „ხელისუფლების დამხობის“ საქმეზე დააკავეს არქიეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაფახიანი.
- ამავე საქმეზეა დაკავებული საქართველოს ყოფილი მოქალაქე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოში დაპატიმრებული და „ქართული ოცნების“ პირობებში გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანი.
კარაპეტიანს ხელისუფლების დამხობის მოწოდებად ჩაუთვალეს მედიაში გაკეთებული კომენტარი - „ყოველთვის სომხური ეკლესიისა და სომეხი ხალხის გვერდით ვიყავი. თუ პოლიტიკოსები ამ შეტევას ვერ აღკვეთენ, ჩვენ ჩვენებურად ჩავერევით“.
2025 წლის ივნისშივე, სომხური ოპოზიციური მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხურ ეკლესიასთან გამწვავებული დაპირისპირებისა და გუნდში უკმაყოფილების ფონზე, თანაგუნდელებს უთხრა, რომ ეკლესია რუსეთისგან იღებს მითითებებს.
8 აგვისტოს ეჯმიაწინმა განაცხადა, რომ გარეგინ II ვაშინგტონში ერთკვირიანი ვიზიტით გაემგზავრა.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე
გიორგი ბაჩიაშვილი 2011 წლიდან იყო ბიძინა ივანიშვილის „პირადი ფინანსისტი“ და მისი ნდობით აღჭურვილი პირი. მოგვიანებით - „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი.
2015 წელს სწორედ მან გამოამჟღავნა ბანკირ პატრიკ ლესკადრონის მაქინაციები ივანიშვილის ქონებით, რაც გახდა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან ივანიშვილის მრავალწლიანი და ჯერაც დაუსრულებელი დავის დაწყების საფუძველი.
ბაჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა წერილების გამოქვეყნებაზე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და რის შემდეგაც ივანიშვილმა ეჭვის თვალით დაუწყო ყურება, საბოლოოდ კი - პოლიტიკური დევნა.
2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 11 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა „კრიპტოვალუტების სქემაზე“ - მან 2 მარტს მალულად დატოვა ქვეყნის საზღვარი.
ის, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.
27 მაისს, სუს-ის განცხადებით, ბაჩიაშვილი დააკავეს „მწვანე საზღვრის“ მონაკვეთში ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, - თუმცა ბაჩიაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ იძულებით, თვალებახვეული ჩამოიყვანეს საქართველოში.
ფორუმი