Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის პუტინის ომის ეკონომიკას 2026 წელს?


ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ეკონომიკა (ფოტოკოლაჟი)
ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ეკონომიკა (ფოტოკოლაჟი)

რუსეთის ეკონომიკას, რომელიც წელს სულ რაღაც  0,9%-ით იზრდება, 2026 წელს კარგი არაფერი ელის. მოახლოებულ რეცესიაზე მიუთითებს წარმოებისა და კადრების შემცირებები მსხვილ კომპანიებში. რუსეთის მთავრობა ასევე ელოდება ინფლაციის ზრდასა და რეკორდულად დაბალ მოსავალს სოფლის მეურნეობაში.

რუსეთში სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანია „ცემროსი“ (Цемрос) 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანს კრასნოდარის მხარესა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში მდებარე თავის ქარხნებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შემოკლებულ გრაფიკზე გადასვლა დროებითი ანტიკრიზისული ღონისძიებაა, რომელიც 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კრიზისი სამშენებლო სექტორში

„2025 წლის 1 ოქტომბრიდან ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა გავლენას მოახდენს „ცემროსის“ მთელ წარმოების სტრუქტურაზე, მათ შორის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში მდებარე ცემენტის ქარხანასა და კრასნოდარის მხარეში გაზობეტონის ბლოკების ქარხანაზე. <...> კომპანია შემოკლებულ გრაფიკზე გადასვლას დროებით ანტიკრიზისულ ღონისძიებად მიიჩნევს, რომელიც სავარაუდოდ გათვლილია 2025 წლის ბოლომდე ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობით“, - განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა RBC-ს რედაქციას.

6 აგვისტოს მიღებული ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ცემენტზე შიდა მოთხოვნის შემცირებითა და იმპორტის წილის ზრდით ახსნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ ამ ნაბიჯს გრძელვადიანი მდგრადობის შენარჩუნებისკენ მიმართული „იძულებითი, მაგრამ დაბალანსებული ღონისძიება“ უწოდა.

„ცემროსის“ განმარტებით, სტანდარტულ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნების ზუსტი თარიღი დამოკიდებული იქნება ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და ინდუსტრიაში არსებულ საერთო დინამიკაზე. ამასთან მწარმოებელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არ გაათავისუფლებს პერსონალს, რომელთა რაოდენობა 12 000-ია.

კრიზისი ავტოწარმოებაში

ცოტა ხნით ადრე სამუშაო კვირის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს რუსულმა საავტომობილო გიგანტებმა: "ავტოვაზმა" (АвтоВАЗ), გორკის საავტომობილო ქარხანამ (ГАЗ), „კამაზმა“ (КАМАЗ ) და „ლიაზმა“ (ЛиАЗ). „ავტოვაზი“ გეგმავს ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შემოდგომის დასაწყისში.

„ლიაზი“ - (ЛиАЗ - ლიკინსკის ავტობუსების ქარხანა) ოთხდღიან სამუშაო კვირაზე უკვე გადავიდა.

„ეს იძულებითი ღონისძიებაა, რომელიც გამოწვეულია ავტობუსების ბაზრის 60%-იანი ვარდნით, რაც რეგიონებში ახალი ტრანსპორტის შესყიდვების მოცულობის შემცირების შედეგია. ამ პირობებში შემცირებული გრაფიკით მუშაობა საშუალებას გვაძლევს, მოახდინოთ წარმოების ადაპტირება ბაზართან და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1937 წელს დაფუძნებული ЛиАЗ-ი მოსკოვის ოლქის ქალაქ ლიკინო-დულიოვოში მდებარეობს და აწარმოებს ავტობუსებსა და ელექტროავტობუსებს. 2005-2012 წლებში ასევე აწარმოებდა ტროლეიბუსებსაც.

ავტოვაზის მთავარი კონვეირი
ავტოვაზის მთავარი კონვეირი

"გაზ"-ის (Газ - გორკის საავტომობილო ქარხანა) განმარტებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საშუალო ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების სეგმენტში ბაზარი თითქმის 40%-ით, მსუბუქი კომერციული ავტომობილების სეგმენტში 30%-ით, ხოლო ავტობუსების სეგმენტში 60%-ით შემცირდა. რუსული ავტოწარმოების გიგანტმა ამ კლების მიზეზად დაასახელა როგორც რუსეთის ცენტრალური ბანკის ძირითადი (რეფინანსირების) მაღალი განაკვეთი, რომელიც თითქმის რეკორდულ 20%-ს შეადგენს, ასევე მსუბუქი ავტომობილების შესაძენად ფინანსური ინსტრუმენტების მიუწვდომლობა.

კრიზისი რკინიგზაში

„2025 წლის ივლისიდან „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელები თვეში დამატებით ორ არაანაზღაურებად დასვენების დღეს იღებენ“, - წერს გამოცემა RBC კომპანიაში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ეს ღონისძიება ჯერჯერობით მხოლოდ ხელმძღვანელ პერსონალს - „რუსეთის რკინიგზის“ ცენტრალურ ოფისსა და საგზაო ადმინისტრაციებს ეხება, გადაწყვეტილება კი განპირობებულია კომპანიის პერსონალის შენარჩუნების სურვილით, რაც სხვა შემთხვევაში რთული იქნებოდა მიმდინარე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე.

2025 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, რუსეთის რკინიგზის ქსელში დატვირთვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით (554,5 მილიონ ტონამდე) შემცირდა -, წერს RBC.

„რუსეთის რკინიგზის“ წმინდა მოგება 2025 წლის პირველ ნახევარში 95%-ით შემცირდა და 2.7 მილიარდ რუბლს მიაღწია. 2024 წელს კომპანიის მოგება 13.9 მილიარდ რუბლს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს - 118.3 მილიარდ რუბლს.

რეცესიის მოლოდინში

„2025 წლის დასაწყისიდან თითქმის გაორმაგდა იმ რუსული კომპანიების წილი, რომლებიც თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავენ: იანვარში ასეთი ორგანიზაციების წილი 6.9% იყო, ხოლო ივნისში - 11.5%“, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის (რეგიონული ეკონომიკის შესახებ) ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, ასეთი მაჩვენებლები ყველაზე ტიპურია სამთო მოპოვების, მანქანათმშენებლობისა და ფარმაცევტული სფეროებისთვის. რუსეთის ცენტრალური ბანკი ამ ტენდენციას წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირებს.

„ამ პირობებში, ზოგიერთი კომპანია უკვე ამცირებს პერსონალს, ნერგავს ნახევარ განაკვეთზე დასაქმებას ან უზრუნველყოფს დაუგეგმავ უხელფასო შვებულებებს“, - აღნიშნავს რუსეთის ცენტრალურ ბანკი, რომელსაც მაგალითად მოჰყავს მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც თანამშრომლებისთვის ყოველწლიური საშვებულებო სეზონი აგვისტო-სექტემბრიდან ივნისში გადაიტანა.

„ეს გადაწყვეტილება იძულებითია, მაგრამ ის საშუალებას მოგვცემს, ოპტიმიზაცია გავუკეთოთ წარმოების ხარჯებს და შევინარჩუნოთ პერსონალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზარზე მოთხოვნის შემცირების კონტექსტში“, - ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

„2026 წელს რუსეთის ეკონომიკა რეცესიის წინაშე აღმოჩნდება, მონეტარული პოლიტიკის შერბილების შემთხვევაშიც კი, პროგნოზირებენ მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის (ЦМАКП) ექსპერტები“, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ვედომოსტი“ საკუთარ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს:

ეკონომისტები აღნიშნავენ კონსოლიდირებული წამყვანი ინდიკატორის (Conference Board Leading Economic Index SLI) ზრდას, რაც რეცესიის მოახლოებაზე მიუთითებს. 2025 წლის მაისში მისი მნიშვნელობა 0.1-მდე გაიზარდა (აპრილში არსებული 0.07-დან). მიუხედავად იმისა, რომ ინდიკატორი ჯერ კიდევ კრიტიკული არ არის, ტენდენცია გარდაუვალ გაუარესებაზე მიუთითებს. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც კი ვერ გააუმჯობესებს სიტუაციას.

კომპანია T-investments-ის მთავარი ეკონომისტი სოფია დონეცი მიიჩნევს, რომ რეცესიის ალბათობა მაღალია. მისი თქმით, 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ეკონომიკა პლატოზე გავიდა და ბევრ სექტორში სტაგნაცია დაიწყო. სოფია დონეცის პროგნოზით, ინვესტიციების შენელება გამოიწვიოს ეკონომიკის კლება მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ხოლო რუსეთის ეკონომიკა კრიზისის ყველაზე დაბალ წერტილს მომავალი წლის ბოლოსთვის მიაღწევს.

რუსეთის ცენტრალური ბანკი პროპაგანდის სამიზნეში

25 ივლისს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ძირითადი (რეფინანსირების) განაკვეთი ორი პროცენტული პუნქტით - 20%-დან 18%-მდე - შეამცირა. ბანკმა არ გამორიცხა განაკვეთის კიდევ უფრო დაწევის შესაძლებლობა. თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკი ასევე ხედავს ინფლაციის დაჩქარების რისკებსაც: ნავთობის ფასების ვარდნამ და სანქციების გაზრდამ, რუბლის შესუსტების ფონზე, შეიძლება კვლავ დააბრუნოს მაღალი ინფლაცია - ფასების სწრაფი ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუარესა 2025 წლის რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 1.5%-დან 0.9%-მდე. უმნიშვნელოდ - 0.9%-დან 1%-მდე გააუმჯობესა 2026 წლის პროგნოზი, - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკის უახლეს მიმოხილვაში, რომელიც 29 ივლისს გამოქვეყნდა.

2023 და 2024 წლებში რუსეთის ეკონომიკა 4.3%-ით და 4.1%-ით იზრდებოდა. 2025 წელს ეკონომიკის შენელებას დაემატა რუსეთის უმსხვილესი სამრეწველო საწარმოების ნაწილის „შემცირებულ სამუშაო კვირაზე“ გადასვლა, რაც, ექსპერტების აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შესუსტებაზე მიუთითებს. ამ ფონზე რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა კვლავ იქცა რუსული პროპაგანდის მკაცრი კრიტიკის ობიექტად. ცენტრალური ბანკის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 0.5-1%-ის ფარგლებში იქნება, რაც არ უპასუხებს პუტინის მოლოდინებს. რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი პერსონის, ვლადიმირ სოლოვიოვის თქმით, ცენტრალური ბანკის ქმედებები საფრთხეს უქმნის რუსეთის სუვერენიტეტს.

„მე ნაბიულინასთვის ხმა არ მიმიცია, მე ხმა მივეცი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც სახავს ამოცანებს! და არ მესმის, რატომ აძლევს ვინმე თავს უფლებას, სერიოზულად მიიღოს და გაავრცელოს პროგნოზი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის ხელმძღვანელობის დირექტივებს“, - თქვა ვლადიმირ სოლოვიოვმა.

რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში და რატომ აკრიტიკებს სამთავრობო პროპაგანდა ელვირა ნაბიულინას? ამ კითხვის პასუხად ეკონომისტმა იგორ ლიპსიცმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას უთხრა:

„ელვირა ნაბიულინამ გამოაქვეყნა ახალი პროგნოზი, რომელიც პრაქტიკულად ემთხვევა სავალუტო ფონდის პროგნოზს. 2026 წელს ძალიან სავალალო, პრაქტიკულად ნულოვანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. პრაქტიკულად ეს არის სუფთა წყლის სტაგნაცია. შესაბამისად, სოლოვიოვმა და მთელმა რუსულმა პროპაგანდამ მის წინააღმდეგ გაილაშქრა შემდეგი არგუმენტით, როგორ შეიძლება ერის მეთაურმა, უზენაესმა მთავარსარდალმა დასახოს ამოცანა, რომ რუსეთის ეკონომიკა მთელ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად გაიზარდოს, ცენტრალური ბანკი კი ასეთ პროგნოზებს აქვეყნებდეს. ის, რასაც ცენტრალური ბანკი ამბობს, პროპაგანდის მთელ სურათს აფუჭებს. მაგრამ ვითარება ისეთია, რომ რუსეთის ეკონომიკამ ამოწურა ზრდის ყველა შესაძლებლობა. ახლა ცდილობენ მის ხელახლა სტიმულირებას რეფინანსირების (ძირითადი) განაკვეთის შემცირებით, რათა სესხები ცოტა უფრო იაფი გახადონ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან რამე შედეგი გამოიღოს, რადგან რუსეთის ეკონომიკაში ინვესტირება ძალიან მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია ერთი ინდიკატორის შეცვლით ყველაფერი გამოსწორდეს“.

იგორ ლიპსიცი, ეკონომისტი
იგორ ლიპსიცი, ეკონომისტი

იგორ ლიპსიცის თქმით, არავის სურს რუსეთის ეკონომიკაში ინვესტირება, რადგან ინვესტორმა შეიძლება ყველაფერი დაკარგოს.

„რუსეთში აქტივების იმდენად ადვილად და სწრაფად ჩამორთმევა ხდება, რომ ძალიან სულელი უნდა იყო, რომ ფული რუსეთში წარმოების განვითარებაში, აქტივების გაზრდაში და შემდეგ ამ აქტივების დაკარგვაში ჩადო. ამიტომ, რა თქმა უნდა, არავინ დებს ასეთ ქვეყანაში ინვესტიციებს. სავალუტო ფონდმა შეამცირა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რადგან ქვეყნის ნავთობის შემოსავლები მცირდება. არადა ნავთობის შემოსავლების გარდა რუსეთს სხვა არც არაფერი აქვს. როგორც კი ეს შემოსავლები მცირდება, რუსეთის ეკონომიკაც ეცემა. ნავთობის შემოსავლების ზრდის პერსპექტივა არ არსებობს. შემოსავლების შემცირება მაშინვე ართმევს ბიუჯეტს ფულს. შედეგად ბიუჯეტი წყვეტს ეკონომიკის დაფინანსებას და იწყება რეცესია“, - ამბობს იგნორ ლიპსიცი.

ინფლაცია და რეკორდულად დაბალი მოსავალი

ეკონომისტების შეფასებით, რუსეთში ძვირდება ენერგია, „გაზპრომი“ მუდმივად ზრდის ფასებს, ძვირდება ბენზინი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ბენზინის ფასი გაიზრდება, არამედ გაიზრდება ტრანსპორტირების ხარჯებიც და სხვა ყველაფერიც. ანუ, ინფლაციის დამაჩქარებელი მრავალი ფაქტორი არსებობს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. თუმცა იმის გამო, სამთავრობო პროპაგანდა ცდილობს ცენტრალური ბანკი განტევების ვაცად აქციოს, ნაბიულინას და ბანკის სხვა ხელმძღვანელებს არჩევანი არც აქვთ. ისინი იძულებული არიან შეამცირონ რეფინანსირების განაკვეთი, რადგან როგორც იგორ ლიპსიცი ამბობს, სიცოცხლე ტკბილია.

რეცესიისა და მაღალი ინფლაციის მოლოდინის ფონზე რუსეთის მთავრობამ კვლავ დაიწყო საუბარი ძირითად სასურსათო ნაწარმზე ფასების რეგულირების შესახებ: რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბოსტნეულის, რძისა და მეფრინველეობის პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებლებს სთხოვა, გაეანალიზებინათ ამ საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის გარკვეული ტიპის პროდუქტებისთვის ფასების დერეფნის (მინიმალური და მაქსიმალური გასაყიდი ფასებით) შემოღებას.

ეკონომისტების ვარაუდით, წელს რუსეთი ხორბლისა და ქერის ყველაზე დაბალ მოსავალს ელის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.


რა არის ამის მიზეზი და როგორ იმოქმედებს მოსავლის უკმარისობა ინდუსტრიაზე?

„რუსეთს შეიძლება შეექმნას პრობლემები საკვებთან დაკავშირებით", - ამბობს იგორ ლიპსიცი, - "სამთავრობო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთს აქვს დიდი, ძლიერი სოფლის მეურნეობა და შეუძლებელია მსგავსი რამე მოხდესო. მაგრამ წელს ამ „დიდმა სოფლის მეურნეობამ“ ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა. როგორც კი ამინდი გაფუჭდა, გაირკვა, რომ რუსეთში მდგრადი სოფლის მეურნეობა უბრალოდ არ არსებობს. ამას დაემატა მოსავლიანობის შემცირება, რაც გამოიწვია იმპორტის ჩანაცვლების ფარგლებში გამოყენებულმა ახალმა თესლმა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მთავრობამ, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ. თუ რუსეთში მეხუთე კოლონას ეძებთ, ისინი უცხოელ აგენტებში კი არა, რუსეთის მთავრობაში უნდა მოიკითხოთ. რუსეთის მთავრობა აქტიურად ანადგურებს ქვეყანას. კერძოდ, რუსეთის მთავრობამ შემოიღო უტილიზაციის გადასახადი იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე და ეს მაშინ, როცა რუსეთში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მდგომარეობა ისედაც არასახარბიელოა. ქვეყანაში ბევრი მოძველებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა, ფერმერებს კი არ შეუძლიათ ახლის შეძენა, რადგან ფული არ აქვთ. ისინი ცდილობენ როგორმე შეაკეთონ ძველი, რადგან სოფლის მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გარეშე ბევრს ვერაფერს გააკეთებენ. გარდა ამისა, რუსულ თესლს არ აქვს ისეთივე ეფექტიანობა, როგორც იმპორტირებულს, რომლის შეძენა არ არის რეკომენდებული რუსეთის მთავრობის მიერ. ამიტომ, შემოდგომა-ზამთარში შეიძლება მოწმე გავხდეთ სურსათის საგრძნობი გაძვირებისა“.

იგორ ლიპსიცის თქმით, ვითარებას დამატებით ამძიმებს ის გარემოება, რუსეთის მთავრობა ამ პრობლემებს ყველაზე საშინელი გზით - ფასების რეგულირებით ებრძოლოს.

„აპირებენ შექმნამ ე.წ. მისაღები ფასების დერეფანი და აკრძალონ უფრო მაღალი ფასების დაწესება. თუმცა ეს გამოიწვევს იმას, რომ ფერმერები მოახდენენ თავიანთი წარმოების ადაპტირებას, ანუ შეწყვეტენ იმ პროდუქტების წარმოებას, რომლებიც რეგულირებას ექვემდებარებიან და დაიწყებენ რეგულაციის მიღმა დარჩენილი პროდუქციის მოყვანას. შემდეგ ამას მოჰყვება ნათესი ფართობებისა და პირუტყვის რაოდენობის შემცირება, რაც თავის მხრივ სურსათის დეფიციტს გამოიწვევს“, - ამბობს იგორ ლიპსიცი, რომელმაც მაგალითად მოიტანა 2025 წლის გაზაფხულზე რუსეთში შექმნილი კარტოფილის კრიზისი.

„როდესაც კარტოფილის დიდი კრიზისი დაიწყო, რუსეთის ბოსტნეულის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა თქვა: „რა გინდათ ჩვენგან? მთელ ქვეყანას კარტოფილით ჩვენ ვერ გამოვკვებავთ. შეწყვიტეთ თქვენს საბაღე ნაკვეთებში გაზონებზე ნებივრობა, დარგეთ კარტოფილი და თავად მოიმარაგეთ ეს ნაწარმი. ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია“. ამ ფონზე რუსეთის მთავრობა ფერმერებს ეუბნება, თქვენთვის ფული არ გვაქვს, გადაირჩინეთ თავი როგორც გინდათო. ჩვენ ფულს ვერ მოგცემთ, მთელი ფული ომში მიდის. მომავალ წელსაც იგივე სურათი იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო საწარმოების მხარდაჭერის ყველა პროგრამა შემცირდება. ერთადერთი პრიორიტეტი ომია", - ამბობს ეკონომისტი იგორ ლიპსიცი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG