Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონები სასწრაფოს მანქანებში - როგორ იყენებს რუსეთი ექიმებს ომში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე


რუსი სამხედრო ექიმები პერვომაისკის საავადმყოფოსთან, რომელსაც ოკუპანტები სამხედრო ჰოსპიტლად იყენებდნენ. კადრი რუსული პროპაგანდისტული ფილმიდან. ​
რუსი სამხედრო ექიმები პერვომაისკის საავადმყოფოსთან, რომელსაც ოკუპანტები სამხედრო ჰოსპიტლად იყენებდნენ. კადრი რუსული პროპაგანდისტული ფილმიდან. ​

ო​კუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მედიცინას პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს. ​ს​ამედიცინო დაწესებულებების საჩვენებელი გახსნები, საავადმყოფოების რემონტი და ახალი სამედიცინო აღჭურვილობა იმის მტკიცებულებადაა წარმოჩენილი, ვითომდა რუსეთი “ზრუნავს” ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე. თუმცა ამ ფასადის მიღმა სამედიცინო სფეროს სისტემური დეგრადაცია იმალება. ​

ოკუპაციის შემდეგ, რეგიონი ბევრმა სპეციალისტმა დატოვა, ნაწილი კი პროუკრაინული შეხედულებების გამო დააპატიმრეს. ის კი მართალია, რომ ​რ​უსეთი რეგიონში ექიმებსა და სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის, მაგრამ ეს დახმარება სამხედრო კონტიგენტისთვისაა განკუთვნილი.​

რ​უს ექიმებს ფრონტზე დრონები სასწრაფო დახმარების მანქანებით ჩააქვთ, თან ამ ამბებს პროპაგანდისტულად აშუქებენ. ​ო​კუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი დანგრეული საავადმყოფო ჯერ კიდევ არ აღდგენილა, ხოლო რაც გადაურჩა დაბომბვას, რუსეთმა სამხედრო ჰოსპიტლებად აქცია.​

საიტი “დონბას რეალიი“ (რადიო თავისუფლების პროექტი) ჰყვება, როგორ მუშაობს ჯანდაცვის სისტემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის პროპაგანდისა და რუსული არმიის სამსახურში. ​

რ​უსული და რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული ადგილობრივი მედია ხშირად აშუქებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებების განახლების, გახსნის და რეგიონებში ახალი სამედიცინო აღჭურვილობის შეტანის ამბებს. ​თ​უმცა რეალურად, ამ საავადმყოფოების უმეტესობა, ასევე კლინიკები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციამდე არსებობდა.

  • ო​კუპანტები ამაყობენ, რომ სულ მალე დაასრულებენ კარდიოლოგიური ცენტრის მშენებლობას ჰუსაკის გადაუდებელი ქირურგიის ინსტიტუტში - მაშინ, როდესაც ცენტრის მშენებლობა უკრაინამ დაიწყო წლების წინ და მშენებლობა 2014 წელს შეჩერდა, სწორედ რუსეთის ოკუპაციის გამო.​
  • ა​მავე ინსტიტუტში 2023 წელს რუსეთმა დახურა ამბულატორიული კლინიკა, რომლის სერვისიც ძალიან სჭირდებოდათ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს. ​
  • 2014 წელს დონეცკიდან და ლუგანსკიდან სამედიცინო აღჭურვილობის გატანის შემდეგ, უკრაინამ 8 წელი მოანდომა მათ აღდგენას და რეგიონული საავადმყოფოების შესაბამის სტანდარტებამდე აყვანას. როცა ეს ტერიტორიები რუსეთმა დაიპყრო 2022 წელს, განახლებული ინფრასტრუქტურა საკუთარ მიღწევად გაასაღა, უფრო მეტიც, ტექნიკა ამ რეგიონებიდან სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიტანა. ​


პ​როგრესის ილუზია: რუსეთი უკრაინელების გაკეთებულს თავისად ასაღებს

დ​მიტრო დურნევი დონეცკის ერთ-ერთ საავადმყოფოში რეანიმატოლოგად მუშაობდა. ​დ​ღეს ის კრემლის მიერ დაკავებულ სამოქალაქო ტყვეებზე წერს გამოცემა “სპექტრისთვის.” ის ისევ ინარჩუნებს კავშირს ყოფილ კოლეგებთან - მათთან, ვინც დონეცკის ოლქი დატოვა და მათთანაც, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ​

დ​მიტრო დურნევს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. მისი თქმით, მარიუპოლში N2 რეგიონული რეანიმაციული საავადმყოფო, რომლის აღჭურვაზე უკრაინამ 100 მილიონი უკრაინული გრივნა დახარჯა, რუსეთმა პრაქტიკულად დაუზიანებელი და სრულად აღჭურვილი ჩაიგდო ხელში.​

2014 წლის შემდეგ უკრაინამ ლუგანსკიდან მთავარი რეგიონული სამედიცინო ცენტრები სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში, რუბეჟნეში, კრემინაში და სტარობილსკში გადაიტანა და ხელახლა აღჭურვა. ​

ლუგანსკელი ​მ​არინა ტერეშჩენკო ამბობს:​

“მე როგორც ვიცი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ერთ-ერთი აპარატი ლუგანსკში ახალოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯერ კიდევ 2023 წელს ჩამოიტანეს.”​

მ​არინა არის ჟურნალისტი, რომელმაც ოკუპაციის შემდეგ ლუგანსკი დატოვა, მაგრამ იქაურ სამედიცინო სფეროს თვალს ადევნებს.​

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები რუბიჟნეში მდებარე საავადმყოფოზე, სადაც მოპარული უკრაინული აღჭურვილობაა და ახალ რუსულ საავადმყოფოდ არის წარმოდგენილი. ასევე - საავადმყოფოს აღშფოთებული თანამშრომლის პოსტი, რომელმაც უკრაინული აღჭურვილობა ამოიცნო.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები რუბიჟნეში მდებარე საავადმყოფოზე, სადაც მოპარული უკრაინული აღჭურვილობაა და ახალ რუსულ საავადმყოფოდ არის წარმოდგენილი. ასევე - საავადმყოფოს აღშფოთებული თანამშრომლის პოსტი, რომელმაც უკრაინული აღჭურვილობა ამოიცნო.

ს​რულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, ​რუბეჟნეს ჰოსპიტლის ინფექციური დაავადებების განყოფილება უკრაინული და საერთაშორისო პარტნიორების ფინანსებით გარემონტდა.

ამ განყოფილებამ სახელი გაითქვა 2020 წელს, კოვიდპანდემიისას, როდესაც მედპერსონალმა თავი გამოიჩინა პაციენტების დახმარებისას. მაშინ სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი უხდიდა ჰოსპიტლის მედპერსონალს მადლობას დახმარებისა და პროფესიონალიზმისთვის.​

“მათ (ოკუპანტების ადმინისტრაციამ - რ.თ.) ჰოსპიტალში გენერატორი ჩართეს - და, აი, ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთო. თუმცა, რეალურად, რუსებს განყოფილება უკვე გარემონტებული და განახლებული დახვდათ. განყოფილების ექიმებმა იცნეს აღჭურვილობა და მიხვდნენ, რომ არაფერი იყო რუსების გაკეთებული”, - ამბობს ოლექსიი არტიუხი, გამოცემა “ტრიბუნის” მთავარი რედაქტორი, რომელიც ლუგანსკიდან რუბეჟნეში გადასახლდა და იქვე მუშაობდა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე.​

ა​ხლა ყველაზე მარტივი სამედიცინო პროცედურებისთვისაც კი, ხალხს სხვა ქალაქში უწევს სიარული. ​

“მაგალითად, პირველადი დახმარება, რომელიც ადრე მარტივად კეთდებოდა ადგილზე - მაგალითად, რენტგენის გადაღება და მსგავსი პროცედურები - ახლა ვეღარ ტარდება ოკუპირებულ ოლქებში და მოსახლეობას 50-დან 100 კილომეტრამდე გავლა უწევს სამედიცინო დახმარების მისაღებად”, - ამბობს ოლექსიი არტიუხი.​

მ​აგრამ რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელები, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა ჩააბარა, თავადაც აახლებენ საავადმყოფოებს და საკუთარი ფულით ყიდულობენ სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობას. ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობის გადატანას რამდენჯერმე იღებენ, შემდეგ კი ბევრჯერ ავრცელებენ სხვადასხვა მედიაში, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთი უწყვეტად ამარაგებს და ავითარებს ჯანდაცვის სისტემას ოკუპირებულ რეგიონებში. ზოგჯერ ამისთვის სპეციალურ ტელეშოუებსაც დგამენ. ​

10 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დისტანციურად ჩაერთო და ასე მიიღო მონაწილეობა დონეცკის ოლქში სისხლძარღვთა ცენტრის გახსნაში - რომელიც, როგორც პროპაგანდისტები ამტკიცებენ, ახლად გარემონტებული იყო, თუ ახლად აშენებული.​

სამედიცინო ცენტრიდან მთავარმა ექიმმა და საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს იმ აუცილებელი სამედიცინო დაწესებულების აშენებისთვის, რომელიც, მათი თქმით, ასე სჭირდებოდა დონეცკის რეგიონს. ​

ვლადიმირ პუტინი დისტანციურად ჩაერთო კალინინის სახელობის საავადმყოფოში სისხლძარღვთა ცენტრის გახსნას. კადრი “Россия 24-ის" ეთერიდან.​
ვლადიმირ პუტინი დისტანციურად ჩაერთო კალინინის სახელობის საავადმყოფოში სისხლძარღვთა ცენტრის გახსნას. კადრი “Россия 24-ის" ეთერიდან.​

ამავე საავადმყოფოს ყოფილი რეანიმატოლოგის, დმიტრო დურნევის თქმით, დონბასში ომის დაწყებამდე იყო ოთხი კლინიკა, სადაც გულის ოპერაციები ტარდებოდა: ერთი - ლუგანსკში, ორი - დონეცკში და ერთიც - მარიუპოლში.​

“თუ არ იცი, რომ ომამდე ოთხი ჰოსპიტალი იყო და ახლა მხოლოდ ერთი აგარაკი შეიძლება გეგონოს, რომ თითქოს მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინეს რუსებმა. ჩვენ აქ აფრიკა კი არ გვქონდა. ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი მუშაობდა. ყველაზე ძლიერი, როგორც უკრაინის, ისე ევროპის მასშტაბით,” - ამბობს ჟურნალისტი.​

რუსულმა ოკუპაციამ სამედიცინო პერსონალი აიძულა რეგიონიდან წასულიყო, ნაწილი კი რეპრესიებში მოყვა

იქაც კი, სადაც აპარატურა დგას და საავადმყოფოებიც გარემონტებულია, არავინაა, ვინც პაციენტებს უმკურნალებს.​

“არ არიან სპეციალისტები - ჩემი ქმარი ლუგანსკში წავიდა. ერთი წლის წინ ჩემმა ერთმა მეგობარმა კიევში გაიკეთა ხერხემლის თიაქარზე ოპერაცია, სხვები კი როსტოვში წავიდნენ მენჯის სახსრის სერიოზული ოპერაციისთვის”, - უყვება ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში მცხოვრები პენსიონერი გამოცემა “დონბას რეალიის”​.

ლუგანსკში ვითარება შედარებით უკეთესია, ვიდრე რეგიონის პერიფერიაზე, მაგრამ მოსახლეობას ზოგჯერ მაინც რუსეთში უწევს წასვლა სამედიცინო დახმარების მისაღებად, - ჰყვება მარინა ტერეშჩენკო.​

“ხალხი ლუგანსკიდან ტაგანროგში (რუსეთში როსტოვის ოლქში) გაგზავნეს კარდიოლოგიური დახმარების მისაღებად, რადგან ლუგანსკში არავინ იყო, ვინც სამედიცინო დახმარებას შეძლებდა. ყველა საჭირო აღჭურვილობა ადგილზე იყო, მაგრამ არ იყო სპეციალისტი, ვინც ამ ტექნიკას გამოიყენებდა”, - ამბობს ის.​

დონეცკის მედია აშუქებს ე.წ. სამედიცინო პატრულ “ზდოროვიეს” საქმიანობას - ეს არის 11 სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ჯგუფი, რომელიც სპეციალისტების დეფიციტის გამო მორიგეობით გადაჰყავთ დონეცკისა და რეგიონის სხვა რაიონებში. მათ მასალებში ჩანს, რომ მათთან ბევრი პაციენტი დადის, განსაკუთრებით პენსიონერები.​

“ზდოროვიეს” ექიმების გუნდი დონეცკში. ხალხის რიგი დერეფანში
“ზდოროვიეს” ექიმების გუნდი დონეცკში. ხალხის რიგი დერეფანში

2014 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბევრმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა დატოვა დონბასი. მით უფრო მეტი გადასახლდა რეგიონიდან რუსეთის 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ისინი სხვადასხვა ქვეყნებში დასაქმდნენ, ამბობს დმიტრო დურნევი. ამიტომ, რუსეთი ხშირად საკუთარ სპეციალისტებს ნიშნავს იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებად, სადაც სულ ცოტა ადგილობრივი კადრია დარჩენილი.​

გარდა ამისა, საავადმყოფოებსა და კლინიკებში სულ უფრო და უფრო ნაკლები მედპერსონალი რჩება ექიმების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო.​

დონეცკის ოლქში 2024 წლის ნოემბერში დააკავეს ექიმი სერგეი პეტრიკი.​
დონეცკის ოლქში 2024 წლის ნოემბერში დააკავეს ექიმი სერგეი პეტრიკი.​

“ექიმი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ჩემს შვილებს მკურნალობდა, სერგეი პეტრიკი იყო. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნეონატოლოგი მაკეევკიდან. მაკეევკიდან მიკილსკეში გადავიდა და იქ განაგრძო მუშაობა - ოკუპაციის პირობებშიც კი არ მოშორებია პატარა პაციენტებს. ის ნოემბერში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ექიმი მაშინვე გაათავისუფლეს, თუმცა საკნის დატოვებისას მეორედ დააკავეს. მან ცოლს უთხრა, რომ ახლა მას “ღალატისა და სბუ-სთვის ჯაშუშობის” ბრალდებით გაასამართლებდნენ. ის ერთადერთი კვალიფიცირებული პედიატრი იყო მთელ რაიონში”, - ამბობს დმიტრო დურნევი.​

რამდენიმე დაკავებული ექიმი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ტყვეთა გაცვლის შედეგად დაბრუნდა უკრაინაში, თუმცა დონეცკელი ექიმი იური შაპოვალოვი 2018 წლიდან დღემდე პატიმრობაშია.​

ასეთი ამბები, დმიტრო დურნევის თქმით, დიდ გავლენას ახდენს სხვა ექიმებსა და მათ გადაწყვეტილებაზე - დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია, თუ დარჩნენ და გაჩუმდნენ.​

ოკუპანტების ადმინისტრაციების მონაცემებით, 2025 წლის მაისისთვის, დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1400-ზე მეტი ექიმისა და 1100-ზე მეტი მედდის ​ვაკანსია​ იყო გამოცხადებული. ლუგანსკის ოლქში კი ჯანდაცვის ​სისტემაში​ 2025 წლის აპრილში 2200 ვაკანტური პოზიცია ჩანდა. ასეა თუ ისე, მედია ხშირად მიუთითებს, რომ მედპერსონალის დეფიციტი დაახლოებით 50%-ს შეადგენს.​

რუსეთი ცდილობს, თავისი ექიმები ჩაიყვანოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგალითად, რუსულ სატელევიზიო სამედიცინო შოუ Земский доктор-ს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზეც უჩვენებენ. ეს გადაცემა ექიმებს სთავაზობს პატარა ქალაქებსა და სოფლებში 5-წლიანი ვადით გადასვლას, სანაცვლოდ კი მათ ერთჯერად ფულად დახმარებას და საცხოვრებელს ჰპირდება. განსხვავებით იმ ექიმებისგან, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიებზე გზავნიან, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ექიმებს ორმაგს უხდიან - 2 მილიონ რუბლს, 1-ის ნაცვლად.​

არის შემთხვევები, როდესაც რუსი ექიმები ოჯახებიანად გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საცხოვრებლად ისინი მეტწილად ირჩევენ დიდ ქალაქებს - დონეცკს, ლუგანსკსა და მარიუპოლს. ​

ოკუპირებული ტერიტორიებზე მოსახლეობის “დახმარების” ყველაზე პოპულარული ფორმა მაინც რუსეთიდან ექიმების მორიგეობით გამოძახებაა. ისინი ამბობენ, რომ “გულისთქმას” მისდევენ - გადაარჩინონ დონბასი. ე.წ. “რეგიონული ხელმძღვანელები” რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან სპეციალისტების გუნდებს მივლინებებში გზავნიან. ეს სარფიანი საქმეა - ორმაგი ხელფასი და გაზრდილი დღიური ფულადი დახმარება. ​

​ოკუპაციის პირობებში რუსეთმა წამლები სამხედრო საჭიროებებს დაუქვემდებარა​

ოკუპაციის დროს რუსეთი სამოქალაქო საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს პირველ რიგში საკუთარი სამხედროების დასახმარებლად იყენებს - სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება ხშირად ხელმისაწვდომი არაა.​

ამას წელს ისიც დაემატა, რომ რუსული არმიის უცხოელ დაქირავებულ ჯარისკაცებს გადასახადი დონეცკის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოუყვეს. ეს თანხა ბიუჯეტური სექტორის თანამშრომლებს, მასწავლებლებსა და ექიმებს ხელფასიდან გამოაკლეს. კიდევ ის, რომ რუსეთმა ჯარისკაცებს ნება დართო, შვებულების პერიოდში სამედიცინო დახმარებისთვის უახლოესი სამოქალაქო კლინიკისთვის მიემართათ.​

დონეცკის რეგიონის საოკუპაციო განკარგულება ბიუჯეტის სახსრების გადანაწილებასა და 10%-ის დაქირავებული სამხედროებისთვის გამოყოფის შესახებ
დონეცკის რეგიონის საოკუპაციო განკარგულება ბიუჯეტის სახსრების გადანაწილებასა და 10%-ის დაქირავებული სამხედროებისთვის გამოყოფის შესახებ

სევეროდონეცკი-ლისიჩანსკი-რუბეჟნეს სამკუთხედში, ოკუპანტი არმიის დაცვის მიზნით, მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომას ხშირად ახშობენ - რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება უკიდურესად გაჭირდა. ​

“იქ ტაქსოფონი დააყენეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად ჯერ ამ ტელეფონამდე უნდა მიაღწიოს - ეს ხომ ყველას არ შეუძლია. ყოფილა შემთხვევები, მათ შორი ფატალურიც კი, როდესაც ადამიანს ვერ მოუხერხებია სასწრაფოში დარეკვა”, - განმარტა ოლექსიი არტიუხმა.​

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში „დონბას რეალიის“ უთხრეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად იყენებენ სამოქალაქო სამედიცინო ინფრასტრუქტურას რუსეთის არმიისთვის. ​

“მაგალითად, ალჩევსკში, სტახანოვში, დებალცევოსა და ლუგანსკში იყო შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები სრულად ან ნაწილობრივ სამხედრო დანიშნულებისთვის გადააკეთეს”, - განმარტავს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო.​

ლუგანსკში ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში კონკრეტული სართულები, ხანდახან კი მთლიანი შენობებიც კი სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთეს, - ამბობს მარინა ტერეშჩენკო. ​

“მესამე პოლიკლინიკაში სამოქალაქო პაციენტებისთვის ცალკე შენობაა განკუთვნილი, ხოლო სამხედროები ცალკე შენობაში იმყოფებიან. იგივე ეხება ექიმებსაც: არიან სპეციალისტები, რომლებიც მხოლოდ სამხედროებთან მუშაობენ, და ასევე არიან ექიმები, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ პაციენტებს მკურნალობენ. ყოველ შემთხვევაში, ლუგანსკში ასე დალაგდა სიტუაცია. როგორც მივხვდი, ერთადერთი ადგილი, სადაც ექიმები ერთად მუშაობენ, არის ლაბორატორია, რადგან ანალიზებისთვისა და ლაბორატორიული კვლევებისთვის პერსონალი არ არის”, - თქვა მან.​

დაჭრილი რუსი ჯარისკაცი გადაჰყავთ რუბეჟნეს საავადმყოფოში, რომელიც საველე ჰოსპიტლად გადააკეთეს.
დაჭრილი რუსი ჯარისკაცი გადაჰყავთ რუბეჟნეს საავადმყოფოში, რომელიც საველე ჰოსპიტლად გადააკეთეს.

“რუბეჟნეს ცენტრალური საქალაქო საავადმყოფოს ნაწილი უკვე სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთეს, მაგრამ ესეც არ ჰყოფნით, ამიტომ სკოლებიც სამხედრო პერსონალის დასახმარებელ და სამკურნალო დაწესებულებებად აქციეს”, - თქვა ოლექსიი არტიუხმა.

დმიტრო დურნევის თანახმად, დონეცკში მძიმედ დაჭრილ სამხედროებს საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობის მქონე ჰოსპიტლებში საუკეთესო სპეციალისტები მკურნალობენ. ​

“ამ პროცესში ჩართულია ყველა ქირურგიული განყოფილება, ყველა სპეციალიზებული კლინიკა და ტრავმული განყოფილება”, - განმარტავს იგი.​

2024 წლის დასაწყისში “კომსომოლსკაია პრავდასთან” ინტერვიუში, დონეცკის გადაუდებელი და რეკონსტრუქციული ქირურგიული ინსტიტუტის დირექტორმა რომან იშჩენკომ კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ მათი ძირითადი პაციენტები უპასუხა: ​

“ბევრი დაჭრილი გვყავს. ახლა ისინი მხოლოდ ბავშვთა განყოფილებაში აღარ წვანან. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჯარისკაცებს”, - მოგვიანებით მისი პასუხი პუბლიკაციიდან წაშალეს, თუმცა ქეშირებულ ფაილებში მისი კვალი დარჩა. ​

ცენტრალური სამედიცინო სამსახური აცხადებს, რომ რუსეთი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტების რეკრუტირებასა და საავადმყოფოებში სტაჟირებაზე გაგზავნას გეგმავს.

გამოცემა “დონბას რეალიიმ“ მოაგროვა ფაქტები კალუგელი ექიმების მაგალითზე, თუ როგორ იყენებენ ოკუპანტები სამედიცინო დახმარებას რუსული სამხედრო ქმედებების მისაჩქმალად. ​

  • კალუგის მთავარი სტომატოლოგი იცმევს ტყვიაგაუმტარ სამხედრო ჟილეტს, იხურავს ჩაფხუტს და ტვირთავს 12 დრონს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანაში. მათ ტვირთი ბახმუტში მიაქვთ. “ჩვენ იქ კიდევ ერთი დავალება გვაქვს - ბატალიონისთვის ენერგომომარაგების მოწყობილობა უნდა დავაყენოთ”, - ამბობს ის.​
დრონებს სასწრაფო დახმარების მანქანაში ოკუპირებულ პერვომაისკში ტვირთავენ. ექიმი მათ რუს სამხედროებთან ბახმუტში გადაიტანს.
დრონებს სასწრაფო დახმარების მანქანაში ოკუპირებულ პერვომაისკში ტვირთავენ. ექიმი მათ რუს სამხედროებთან ბახმუტში გადაიტანს.
  • კალუგის მოხალისე სტომატოლოგების ჯგუფი დონბასში მუშაობს. ექვს სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოდან, ხუთში თითოეული ექიმი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პაციენტებთან ერთად ჩანს.​
  • ცოლ-ქმარი იგორ და დარია სიდოროვები (იგორი ტრავმატოლოგია, დარია - ექთანი) 2023 წლის იანვრიდან ლუგანსკში სისტემატურად ჩადიან სამუშაოდ. იქაურების დახმარებისთვის მათ საპატიო სიგელებიც კი გადასცეს. თუმცა ექიმებზე გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში არცერთი ადგილობრივი პაციენტი არ ჩანს, მხოლოდ სამხედრო პერსონალის მკურნალობის მომენტებია გადაღებული. ექიმები ჰყვებიან, რომ თავიდან ჯარში უნდოდათ ექიმებად წასვლა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტეს, ლუგანსკში სამოქალაქო სტატუსით ემუშავათ. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ისინი “ჩვენ ბიჭებსაც” მკურნალობენ.​
წყვილი იგორ და დარია სიდოროვები კალუგელ ექიმებთან ერთად, პერვომაისკის საოკუპაციო ადმინისტრაციის გვერდით
წყვილი იგორ და დარია სიდოროვები კალუგელ ექიმებთან ერთად, პერვომაისკის საოკუპაციო ადმინისტრაციის გვერდით
დარია სიდოროვა დაჭრილ რუს სამხედროებთან ერთად პერვომაისკის საავადმყოფოში, ლუგანსკის რეგიონში
დარია სიდოროვა დაჭრილ რუს სამხედროებთან ერთად პერვომაისკის საავადმყოფოში, ლუგანსკის რეგიონში

დმიტრო დურნევის შეფასებით, ოკუპირებულ დონბასში სამედიცინო მომსახურება გეგონება “ტრავმულ შოკშია”. სისტემა სადღაც მუშაობს, სადღაც კი ჩერდება - ზოგ ადგილას კი მისი აღდგენაც შეუძლებელია. ​

“ტრავმული შოკის დროს, სხეული ბოლომდე ცდილობს სისხლით მოამარაგოს ღვიძლი, გული და ტვინი. ორგანიზმის დანარჩენი, პერიფერიული ნაწილები კი კვდომას იწყებს. სწორედ ასეთ ტრავმულ შოკს წააგავს სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, - ამბობს დმიტრო დურნევი.​

და ვიდრე სამედიცინო სფერო სამხედრო საჭიროების და პროპაგანდის ინსტრუმენტად დარჩება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის ჯანმრთელობა ყოველთვის რისკის ქვეშ იქნება - განურჩევლად იმისა, თუ რამდენი პალატა გარემონტდება ან რამდენი ახალი სამედიცინო აპარატი დამონტაჟდება ოკუპირებულ მიწაზე. ​

​თარგმანი: მარიამ ნოზაძე

XS
SM
MD
LG