Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოზარდი მოსახერხებელი სამიზნეა“ - როგორ ასამართლებენ ბავშვებს რუსეთში დივერსიის, ტერაქტებისა და ღალატისთვის


ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ მოზარდების წინააღმდეგ დივერსიასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის ზოგიერთი საქმე სპეცსამსახურების პროვოკაციაა.
ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ მოზარდების წინააღმდეგ დივერსიასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის ზოგიერთი საქმე სპეცსამსახურების პროვოკაციაა.

ომის დაწყების შემდეგ სულ უფრო მეტ ბავშვს ასამართლებენ რუსეთში მძიმე დივერსიის, ტერორისტული თავდასხმის, სახელმწიფო ღალატის თუ ტერორიზმის გამართლების ბრალდებებით.

„სევერ.რეალიის“ გამოთვლით, მხოლოდ 2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში დააკავეს, სულ მცირე, 42 მოზარდი, რომლებსაც ტერორიზმისა და დივერსიის მუხლებით წაუყენეს ბრალი.

რუსეთში ბავშვის გასამართლება შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან, სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი მუხლით. მაგრამ თუ მან ჩაიდინა საშუალო სიმძიმის ან მძიმე დანაშაული, მაშინ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უფრო ადრე, 14 წლის ასაკში დადგება. ასეთი დანაშაულების სია დიდია - 32 მუხლი, ქურდობით და მანქანის გატაცებით დაწყებული, ტერორიზმითა და სახელმწიფო ღალატით დამთავრებული.

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსეთში არასრულწლოვანთა დანაშაული ყოველწლიურად მცირდება - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბავშვებისთვის გამოტანილი სასჯელების რაოდენობა წელიწადში თითქმის 15 ათასიდან 12 ათასამდე შემცირდა.

მაგრამ არსებობს მუხლები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდადებული ბავშვების რიცხვი მხოლოდ იზრდება და ყველა მათგანი ქვეყანაში მზარდ რეპრესიებს უკავშირდება. ესენია სახელმწიფო ღალატი, ჯაშუშობა, დივერსია, ტერორიზმის გამართლება, ტერორისტული აქტი და კიდევ ოთხი მუხლი ე.წ. ტერორისტულ დანაშაულებზე.

„სევერ.რეალიიმ“ გააანალიზა ბავშვებთან დაკავშირებული პოლიტიკური საქმეების სტატისტიკა და რამდენიმე დასკვნამდე მივიდა. ამ ტექსტიდან თქვენ შეიტყობთ:

  • რომელი პოლიტიკური მუხლებით ასამართლებენ მოზარდებს ყველაზე ხშირად
  • რამდენჯერ გაიზარდა ომის წლებში მოზარდების წინააღმდეგ დივერსიის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობა
  • რამდენად ფართოდ შეიძლება ღალატის ცნების გაგება რუსეთში
  • ომის წლებში რამდენი მოზარდი იქნა რუსეთში გასამართლებული ტერორისტული აქტების ბრალდებით
  • როგორ ასამართლებენ მოზარდებს სიტყვებისთვის
  • პოლიტიკური მუხლებით ბრალდებულ მოზარდებს შორის ვის მიუსაჯეს ყველაზე მკაცრი სასჯელი


დივერსია

ომამდე ამ მუხლით მოზარდებს არ ასამართლებდნენ და 2022 წელსაც ჯერ კიდევ არ ყოფილა ამ მუხლით არცერთი გასამართლებული, 2023 წელს ერთი მოზარდი გაასამართლეს დივერსიის საქმეზე (კონკრეტულად - ვინ, უცნობია, სასამართლოს მონაცემები არასრულყოფილია), ხოლო 2024 წელს - უკვე 13 ბავშვი. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლიდან რუსეთში დივერსიისთვის გასამართლებული ყოველი მეოთხე პირი 16-17 წლის მოზარდია (ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 16 წლის და უფროსი ასაკის პირების მიმართ).

მოზარდთა განაჩენების უმეტესობა რკინიგზაზე დივერსიის გამო არის გამოტანილი. სისხლის სამართლის საქმის ტიპური სიუჟეტი ასე გამოიყურება: მოზარდს სოციალურ ქსელში, ფეისბუკით უკავშირდება უცნობი პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ დავალების შესრულებას სთავაზობს, მაგალითად, რაიმე ინფრასტრუქტურული ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდებას. ბავშვი, ინსტრუქციის შესაბამისად, ყიდულობს აალებად სითხეს, ცეცხლს უკიდებს აღჭურვილობას, მას აკავებენ. ხშირად არასრულწლოვანი ვერ ასწრებს დავალების შესრულებას, მაგრამ მაინც ხდება დივერსიის მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის ბრალდებული.

ადვოკატი ვალერია ვეტოშკინა მოზარდების შემთხვევაში დივერსიისთვის სასჯელის გაზრდას რამდენიმე მიზეზით ხსნის. ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლებამ გააფართოვა თავად დივერსიის ცნების გაგება. დივერსიად ითვლება არა მხოლოდ სერიოზული ძირგამომთხრელი ქმედება, არამედ ელექტროფარებისთვის, კოშკებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდება.

მეორე მიზეზი ის არის, რომ „რკინიგზის ომში“ მონაწილეობისკენ სწორედ მოზარდებს ჩაითრევენ ხოლმე, თანაც სხვადასხვა მიზეზით: ზოგი მათგანი საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებდა, ზოგი კი - ტელეგრამ-არხებიდან მიღებული მითითებების შესაბამისად.

ვალერია ვეტოშკინა ამბობს, რომ დივერსიის გამო მოზარდებისთვის განაჩენთა რაოდენობის ზრდა ხელისუფლების საჩვენებელ ტაქტიკასა და მართლმსაჯულების პოლიტიზებას წარმოადგენს.

- ხელისუფლება სისხლის სამართლის ასეთ საქმეებს დაშინების საშუალებად იყენებს, რათა ჩაახშოს პროტესტი და „დივერსიის“ წინააღმდეგ ბრძოლად წარმოაჩინოს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ იმ საქმეებშიც კი, რომლებსაც არ აქვთ სერიოზული შედეგები, სასამართლო მოზარდებს „უსაფრთხოებისთვის მუქარად“ აღიქვამს და მათ, რაც შეიძლება მკაცრად სჯის.

ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ მოზარდების წინააღმდეგ დივერსიასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის ზოგიერთი საქმე სპეცსამსახურების პროვოკაციაა. ასეთი შემთხვევების მასშტაბის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რადგან არც გამოძიება და არც სასამართლო პროვოკაციას საქმის შეწყვეტის საფუძვლად არ მიიჩნევს.

- დივერსიული საქმეების უმეტესობა დახურულ კარს მიღმა, მასალებზე წვდომის ან საზოგადოებრივი ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის შეფასება, თუ სტატისტიკის რა ნაწილს შეადგენს პროვოცირებული დანაშაული. ამის მიუხედავად, სულ უფრო ხშირია ასეთ საქმეებში ხელოვნური ჩართულობის ნიშნები, განსაკუთრებით იმ საქმეებში, როდესაც მოზარდებს არ ჰქონდათ მკაფიო მოტივაცია, დამოუკიდებელი გეგმა ან რეალური ზიანიც არ ყოფილა, განმარტავს ვალერია ვეტოშკინა.

პროპაგანდისტული მედია, „მოზარდთა“ დივერსიის შესახებ საუბრისას, თითქმის ყოველთვის წერს „უკრაინულ კვალზე“ და ამტკიცებს, რომ ბავშვებს დაუკავშირდნენ ან უკრაინის სპეცსამსახურები, ან მათი სახელით მოქმედი ანონიმური კურატორები.

ადვოკატ ვალერია ვეტოშკინას თქმით, ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი ორგანიზაციები და მედია არ გამორიცხავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოზარდებს, შესაძლოა, პროუკრაინელ აქტივისტებთან ჰქონდეთ კონტაქტი. ამასთანავე, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია და არ ადასტურებს უკრაინის მხრიდან არასრულწლოვანთა გადაბირების სისტემური კამპანიის არსებობას.

- ასევე არსებობს ვერსია, რომ მოზარდები ხდებიან მსხვერპლი ჩვეულებრივი თაღლითების, რომლებიც იდეოლოგიურ ზეწოლას, ან ჯილდოს დაპირებებს იყენებენ, რათა ჩაითრიონ არასრულწლოვანები ისეთ ქმედებებში, რომლებიც კვალიფიცირებულია, როგორც დივერსია. მაგრამ სინამდვილეში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემთვის რთულია, რადგან ბოლომდე არ მესმის, რაში გამოიმუშავებენ თაღლითები ფულს ასეთ სიტუაციებში, - ამბობს ადვოკატი.

სახელმწიფო ღალატი

2023 წელი რუსეთის ისტორიაში პირველი წელი იყო, როდესაც არასრულწლოვანი სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ. კევინ ლიკს განაჩენი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოუტანეს, თუმცა ის ძალაში მოგვიანებით შევიდა და ამიტომ უზენაესი სასამართლოს 2024 წლის სტატისტიკაში მოხვდა.

კევინ ლიკი რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეა. ის 2017 წელს დედასთან ერთად გერმანიიდან მაიკოპში გადავიდა საცხოვრებლად. მან გაიმარჯვა გერმანული ენის ოლიმპიადებზე და „ევრაზიის ლინგვისტურ ოლიმპიადაზე“, ასევე საპრიზო ადგილები მოიპოვა ისტორიის ოლიმპიადაში. 2019 წელს მას სკოლის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა: კევინმა ვლადიმირ პუტინის პორტრეტის ნაცვლად პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის პორტრეტი ჩამოკიდა. „ერთმა მასწავლებელმა თქვა: სტალინის დროს შენ დაგხვრეტდნენ“, - მოჰყავს ლიკს მისი სიტყვები.


კევინ ლიკი გათავისუფლების შემდეგ
კევინ ლიკი გათავისუფლების შემდეგ

2022 წლის სექტემბერში 17 წლის კევინმა და მისმა დედამ გადაწყვიტეს რუსეთიდან გერმანიაში დაბრუნება. კევინის დედა სამხედრო კომისარიატში მივიდა შვილის აღრიცხვიდან მოსახსნელად და 10 დღით დააკავეს ვითომ, უცენზურო სიტყვებისთვის. მეათეკლასელი ბიჭი მარტო დარჩა. შემდეგ დედა გაათავისუფლეს და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ პრობლემები წარსულს ჩაბარდა და მათ უკვე შეეძლოთ გერმანიაში გამგზავრება. 2023 წლის თებერვალში ისინი ადლერში მიემგზავრებოდნენ, რათა იქიდან საზღვარგარეთ გაფრენილიყვნენ, მაგრამ კევინი დააკავეს და მაიკოპში დააბრუნეს. ის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს.

გამოძიების თანახმად, მან თავისი ფანჯრიდან სამხედრო ნაწილი გადაიღო, რათა შემდეგ ეს ფოტოები უკრაინული მხარისთვის გადაეცა. 2023 წლის დეკემბერში ლიკს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2024 წლის აგვისტოში კევინ ლიკი გახდა ერთ-ერთი იმ თექვსმეტ უცხოელ მოქალაქესა და პოლიტიკურ პატიმარს შორის, რომლებიც რუსეთმა გადასცა საზღვარგარეთ გასამართლებული ჯაშუშებისა და აგენტების სანაცვლოდ.

ადვოკატი ვალერია ვეტოშკინა მიიჩნევს, რომ კევინ ლიკის საქმეში გამოძიების ლოგიკა უკიდურესად საეჭვო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

ჯერ ერთი, სამხედრო აღჭურვილობის ან ინფრასტრუქტურის ღია წყაროდან (ეს არის აქ მნიშვნელოვანი), მითუმეტეს საკუთარი სახლიდან გადაღება, თავისთავად არ წარმოადგენს დანაშაულს, თუ არ არსებობს რუსეთის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების დადასტურებული მიზანი. მეორეც, მისი თქმით, კევინ ლიკის საქმე სახელმწიფო ღალატის განმარტების გაფართოების ტენდენციაში ჯდება.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას გერმანიის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა რამდენიმე მიზნით შეეძლო: „სტატისტიკის გულისთვის“ და „გაცვლისთვის“.

- ვერსია საქმის შესახებ „სტატისტიკის გამო“ კარგად ჯდება ბოლო წლების ლოგიკაში, როდესაც ფეესბემ (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) და საგამოძიებო კომიტეტმა აჩვენეს სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით აღძრული საქმეების მკვეთრი ზრდა. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ეს მუხლები გაცილებით ფართოდ გამოიყენება. მოზარდი, რომელიც ფანჯრიდან სამხედრო ტექნიკას იღებს, მოხერხებული სამიზნეა. დანაშაულის აღიარება, სწრაფი, დახურული სასამართლო პროცესი, რეალური, მაგრამ შერბილებული სასჯელი - ამ ყველაფერს შეუძლია ხელისუფლებას კიდევ ერთი „წარმატებით გახსნილი საქმე“ ჩაწეროს ფეესბეს სტატისტიკაში, რაც „ჯაშუშური საქმიანობის“ წინააღმდეგ ბრძოლის დემონსტრირებაა, - ამბობს ვალერია ვეტოშკინა.

ამასთან, რუსეთი რეგულარულად იყენებს „უცხოელი ჯაშუშების“ საქმეებს, რომ მერე ისინი თავის აგენტებში გაცვალოს.

- გერმანია მოსკოვის მნიშვნელოვანი პარტნიორია გაცვლის საკითხებში: 2022–2023 წლებში მოქალაქეების გაცვლა უკვე განიხილებოდა და გერმანიაში ჯაშუშობაში ბრალდებული რუსები (მათ შორის, ფეესბეს ან სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ) მართლაც დააკავეს. იმ ფაქტმა, რომ ლიკი არასრულწლოვანია, შესაძლოა მისი, როგორც გასაცვლელი პირის, ღირებულება შეამციროს, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მას მოლაპარაკებების პოტენციურ ობიექტად აქცევს, განსაკუთრებით თუ მომავალში „სიმეტრიული პასუხი“ გახდება საჭირო, - ამბობს ადვოკატი.

ლიკის საქმე არ არის უკანასკნელი შემთხვევა რუსეთში, როცა მოზარდს სახელმწიფო ღალატისთვის რეალური სასჯელი მიესაჯა. 2024 წელს სამი სასჯელი გამოიტანეს, ხოლო 2025 წლის ივნისისთვის, „სევერ.რეალიის“ გამოთვლებით, ამ მუხლით კიდევ, სულ მცირე, ორი არასრულწლოვანი გაასამართლეს.

ერთ-ერთი მათგანის საქმის შესახებ არაფერია ცნობილი - არც სახელი, არც ბრალდებების ხასიათი და არც განაჩენი. მეორე საქმე ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მიერ დაწესებულმა სასამართლომ განიხილა. გამოძიების ვერსიით, მოზარდი თავისი მობილური ტელეფონიდან უკრაინის უშიშროების სამსახურს ინფორმაციას გადასცემდა რუსული ჯარების განლაგების შესახებ. მას 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვალერია ვეტოშკინა მიიჩნევს, რომ მოზარდების წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით აღძრული საქმეების მკვეთრ ზრდას ჯერ არ უნდა ველოდოთ, თუმცა მათი რაოდენობის ზრდა სავსებით შესაძლებელია. ომის წლებში რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით აღძრული საქმეების რაოდენობა ყველა ასაკის ადამიანის მიმართ მრავალჯერ გაიზარდა. და თუ ადრე ეს მუხლი უფრო ხშირად გამოიყენებოდა სამხედროებისა და მათ მიმართ, ვისაც სახელმწიფო საიდუმლოებებზე აქვთ წვდომა, ახლა ის ჩვეულებრივი ადამიანების მიმართაც გამოიყენება.

- ეს ქმნის საფრთხეს, რომ შემდგომი მილიტარიზაციისა და შინაგანი მტრების ძიების პირობებში, მოზარდებსაც უფრო ხშირად შეეხებათ ეს მუხლი, განსაკუთრებით თუ მათ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, როგორც ეს ლიკის შემთხვევაში იყო, ან თუ მათ კონტაქტი აქვთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, თუნდაც მტრული განზრახვის გარეშე, - ამბობს ადვოკატი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსებს სახელმწიფო ღალატისთვის გაცილებით ხშირად ასამართლებენ.

პირველი განყოფილების გამოთვლით, ბოლო 27 წლის განმავლობაში - 1997 წლიდან 2024 წლამდე - რუსეთში, სულ მცირე, ათასი ადამიანი გაასამართლეს სახელმწიფო ღალატის მუხლებით. ამ საქმეების უმეტესობა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოჩნდა.

2021 წლამდე ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლები გაცილებით ნაკლებად გამოიყენებოდა, ვიდრე ომის დაწყების შემდეგ.

1997 წლიდან 170 ადამიანია გასამართლებული. 2022 წლიდან ასეთ საქმეებში 792 ადამიანია ბრალდებული (ანუ 1997 წლიდან საქმეების საერთო რაოდენობის 79.2%) და 536 ადამიანია გასამართლებული. 2024 წელს 359 ადამიანს მიესაჯა რეალური სასჯელი, ხოლო კიდევ ოთხს - იძულებითი მკურნალობა.

კონკრეტულად სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლდა 224 ადამიანი, უცხოელებთან კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის - 38, ჯაშუშობისთვის - 101. 388 საქმეში, რომელთა აღძვრის შესახებ იციან „პირველ განყოფილებაში“, არაა ცნობილი, რა სახის სახელმწიფო ღალატზე ლაპარაკი.

„სევერ.რეალიიმ“ ვერცერთი განაჩენი ვერ იპოვა მოზარდებთან დაკავშირებით ჯაშუშობისა და კონფიდენციალური თანამშრომლობის მუხლებით.

ტერორისტული თავდასხმები

ჯერ კიდევ 2021 წელს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკაში არ შედიოდა ტერორისტული თავდასხმისთვის გასამართლებული არცერთი მოზარდი. 2022 წელს ექვს პირს გამოუტანეს განაჩენი. ერთი წლის შემდეგ ასევე ერთი პირი აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე, ხოლო 2024 წელს - რვა.
ტერორისტული თავდასხმის მომზადების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საქმე სანქტპეტერბურგელი სკოლის მოსწავლე ეგორ ბალაზეიკინის წინააღმდეგ აღიძრა. 16 წლის მოზარდს ბრალი წაუყენეს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ორი ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში. გამომძიებლების თქმით, 2023 წლის 12 თებერვალს მან სცადა სანქტ-პეტერბურგში, ნოვოჩერკასკაიას მეტროსადგურთან ახლოს მდებარე სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისის შენობისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა. 28 თებერვალს ბალაზეიკინი კიროვსკში ჩავიდა და დააკავეს მას შემდეგ, რაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ადგილობრივი სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისის შენობას ისროლა. შენობას ცეცხლი არ გასჩენია, არავინ დაშავებულა.

ბალაზეიკინმა პირველივე დაკითხვაზე აღიარა დანაშაული - მან ბოთლები ესროლა შენობებს, მაგრამ არავის მოკვლა არ სურდა. იგი დააკავეს. თავდაპირველად, ეგორ ბალაზეიკინის ქმედებები ქონების დაზიანების ან განადგურების მცდელობად ან ხულიგნობად მიიჩნიეს, თუმცა მალევე მუხლი შეუცვალეს და „ტერორიზმად“ გაუფორმეს. ბალაზეიკინის ცნობით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მასთან მისული FSB-ის თანამშრომლები მას ცემით, გაუპატიურებით ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნით დაემუქრნენ. ციხეში სკოლის მოსწავლეს ავტოიმუნური ჰეპატიტის ფონზე ღვიძლის ფიბროზი განუვითარდა. 2023 წლის ნოემბერში, 16 წლის სკოლის მოსწავლე ეგორ ბალაზეიკინს სასჯელაღსრულების კოლონიაში ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისმა მშობლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბალაზეიკინი კოლონიაში სამედიცინო მომსახურებას არ იღებს. მხოლოდ 2024 წლის დეკემბრისთვის მოახერხეს შვილისთვის ინვალიდობის დადგენა.

2022 წლიდან სამხედრო რეგისტრაციისა და საკოორდინაციო ოფისების, ასევე ადმინისტრაციული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების შემთხვევებს ძალოვანი სტრუქტურები აძლევენ ტერორისტული აქტების და არა როგორც სხვისი ქონების დაზიანების კლასიფიკაციას. ეს მოსახერხებელი საშუალებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაშინებლად, ამბობს ადვოკატი ვალერია ვეტოშკინა. ეს მუხლი ითვალისწინებს ხანგრძლივ პატიმრობას, ხშირად 10 წლით ან მეტი ვადით, და ბრალდებულის დიდი ხნის განმავლობაში წინასწარი პატიმრობის, გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვისა და საქმის დახურულ კარს მიღმა განხილვის საშუალებას იძლევა.

- სამხედრო რეგისტრაციისა და საკოორდინაციო ოფისებისთვის ცეცხლის წაკიდება საზოგადოებისთვის ომის საწინააღმდეგო პროტესტის სიმბოლოდ იქცა და სახელმწიფო ცდილობს მკაცრად აღკვეთოს ნებისმიერი ასეთი ქმედება, რათა არ დაუშვას წინააღმდეგობის ამ ფორმის გავრცელება. სწორედ ამიტომ, მსხვერპლის არარსებობის და ხშირად ქონების მცირე დაზიანების მიუხედავად, ასეთი შემთხვევები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშად ითვლება და არა ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დანაშაულებად, - აფასებს ვითარებას ადვოკატი.

ცეცხლის წაკიდების შემთხვევებში პოლიტიკური ქვეტექსტი გაცილებით ხშირია, ვიდრე დივერსიის შემთხვევებში. მოზარდები ხშირად იდეოლოგიური და ომის საწინააღმდეგო მოტივებით მოქმედებენ - პროტესტის ან მობილიზაციის შედეგად დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობის გრძნობით. ასეთი ქმედებები სიმბოლურია: სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის სამსახური ომში მონაწილეობის საწყის წერტილად აღიქმება, ამიტომ მასზე თავდასხმა წინააღმდეგობის შეგნებული ჟესტია.

ტერორის შესახებ კანონის გამოყენების სტატისტიკაც გაიზარდა - განსაკუთრებით ტერორიზმის მუხლით გასამართლების რაოდენობა. 2021 წელს ამ მუხლით ცხრა მოზარდი გაასამართლეს - ომის პირველ წელს - 12, 2023 წელს - 14; ხოლო 2024 წელს არასრულწლოვანთა რიცხვი, რომლებსაც განაჩენი გამოუტანეს, ერთნახევარჯერ გაიზარდა და 23-ს მიაღწია. ამ „დანაშაულების“ აბსოლუტური უმრავლესობა ინტერნეტშია ჩადენილი, ანუ ბავშვები სიტყვების გამო გაასამართლეს.

სისხლის სამართლის კოდექსში კიდევ ოთხი მუხლია, რომლების მიხედვით ისჯება ტერორიზმის დახმარება: წვრთნის გავლა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა.

ამ მუხლებით მოზარდებისთვის გამოტანილი სასჯელების უდიდესი რაოდენობა 2023 წელს აღინუსხა: მაშინ 20 არასრულწლოვანი გაასამართლეს. 2024 წელს სასჯელების რაოდენობა განახევრდა - წელიწადში 10-მდე, მაგრამ ეს მაჩვენებელი მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ომამდელ 2021 წელს (4 ადამიანი) და ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს (8 ადამიანი) იყო.

- ეს არის აგრესიული სადამსჯელო პოლიტიკის შედეგი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხრიდან პოტენციური საფრთხის თავიდან აცილებას და ჩახშობას, ხშირად სუსტ და საკამათო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
სასჯელების რაოდენობის შემცირება 2024 წელს შეიძლება აიხსნას, როგორც ამ ტალღის ნაწილობრივი გაჯერებით, ასევე იმით, რომ მოზარდები უფრო ფრთხილები გახდნენ და რეპრესიები სხვა კატეგორიებზე გადავიდა. თუმცა წელიწადში 10 გამამტყუნებელი განაჩენიც კი მნიშვნელოვნად აღემატება ომამდელ დონეს. ეს მიუთითებს, რომ რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ ლოგიკაში მოზარდები აღიქმება, როგორც შესაძლო საფრთხე, განმარტა ვალერია ვეტოშკინამ.

„ყალბი ინფორმაცია“ და „დისკრედიტაცია“

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოზარდებზე სისხლის სამართლის კოდექსის ყველა "პოლიტიკური“ მუხლი ამჟამად არ გამოიყენება. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, რუსეთში ბავშვები არასდროს გაუსამართლებიათ „ყალბი ინფორმაციის“ და არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლებით.

ეს აიხსნება იმით, რომ „ყალბი“ და „დისკრედიტაციის“ შესახებ მუხლები ზრდასრულებისთვის ცენზურას წარმოადგენს, აღნიშნავს იურისტი ვეტოშკინა. ისინი შემოიღეს იმისათვის, რომ აუდიტორიის მქონე ადამიანებს: ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ოპოზიციონერებს, მასწავლებლებს, მღვდლებს არ გამოეხატათ აზრი.
სახელმწიფო ბავშვებს ნაკლებად საშიშად აღიქვამს - მათ არ აქვთ ავტორიტეტი და პლატფორმა, რომელსაც შეუძლია „ვითარების დესტაბილიზაცია“.

- მოზარდის დევნა პოსტის ან სიუჟეტის გამო წვრილმან, აბსურდულ და სუსტად გამოიყურება - და უფრო თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე შიშს. მაგრამ დივერსიის, ტერორიზმისა და ღალატის შემთხვევებში, მოზარდები საშიშ ფიზიკურ დამნაშავეებად ითვლებიან: ისინი, ვისაც შეუძლია რაღაცისთვის ცეცხლის წაკიდება, რაღაცის გადაცემა, რაღაცის დაზიანება, „მტერთან“ დაკავშირება და არა სიტყვებით, არამედ ხელებით მოქმედება. ეს აღარ არის ბრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, არამედ სავარაუდო ბრძოლა უსაფრთხოებისთვის, - და ამ ლოგიკით, არასრულწლოვანი შეიძლება იყოს „მტერი“, განსაკუთრებით თუ ის მოქმედებს მარტო, ინფორმაციის საფუძველზე ან ანონიმურ ქსელებში, ამბობს ის.

როგორ იხდიან ბავშვები სასჯელს

სისხლის სამართლის აღმასრულებელი კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანები და „19 წლის ასაკის მიღწევამდე არასრულწლოვანთა კოლონიებში დარჩენილები“ სასჯელს არასრულწლოვანთა კოლონიებში იხდიან. ამის შემდეგ ისინი „ზრდასრულთა“ კოლონიებში გადაჰყავთ.

სახელმწიფო „პრევენციის“ სისტემას ქმნის

2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე, 42 მოზარდი დააკავეს, რომლებსაც ტერორიზმსა და დივერსიაში ბრალი წაუყენეს, გამოთვალა Sever.Realii-მ. ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, რადგან ზოგიერთმა მედიასაშუალებამ და უსაფრთხოების სააგენტოს გამოცემამ „მოზარდების ჯგუფის“ დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კონკრეტული რაოდენობის დაზუსტების გარეშე. 31 არასრულწლოვანი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს, დანარჩენების აღკვეთის ღონისძიება ან უცნობია, ან მხოლოდ პატიმრობაა ცნობილი.

ყველაზე გავრცელებული მუხლები, რომლითაც მოზარდებს ბრალი წაუყენეს 2025 წელს, იყო ტერორისტული თავდასხმები და თავდასხმების მცდელობა, ან დივერსია რკინიგზაზე. ბრალდებულები 13-დან 17 წლამდე ასაკის არიან. ისინი ხშირად ხდებოდნენ თაღლითების მსხვერპლნი, რომლებიც მათ ფეისბუკის საშუალებით უკავშირდებოდნენ და უშიშროების სამსახურით (FSB) დამუქრებით ან ფულის დაპირებით აიძულებდნენ ინსტრუქციების შესრულებას.

2025 წელს, სულ მცირე, 15 მოზარდი გაასამართლეს. მათი საქმეები 2023-2024 წლებში გახსნეს და გამოიძიეს. სასჯელებს შორის ორი იყო ღალატისთვის, დანარჩენი - ტერორიზმის, დივერსიის, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისა და ტერორიზმში წვრთნის მუხლებით.

საშუალოდ, მოზარდებს 6 და 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ყველაზე მოკლე ვადა - 4 წელი, კრასნოიარსკელ 17 წლის ახალგაზრდას მიესაჯა დივერსიის მცდელობის მუხლით. გამოძიების თანახმად, 2024 წლის მარტში, ახალგაზრდა კაცმა და მისმა მეგობარმა, რომლებსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი არ ჰქონდათ მიღწეული, ვერ გატეხეს რელეებისა და ბატარეის კარადები და ვერ შეძლეს შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება.



ყველაზე მკაცრი სასჯელი 16 წლის პაველ ხაზოვს მიესაჯა, რომელსაც ვოლოგდის რეგიონში ელექტროლოკომოტივისა და სატელეფონო ანძისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 17 წლის კოსმოს ნევოლაინენს, რომელსაც მხოლოდ ელექტრომატარებლისთვის ცეცხლის წაკიდება დაჰბრალდა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადვოკატი ვალერია ვეტოშკინა მიიჩნევს, რომ მოზარდების წინააღმდეგ უკრაინაში ომთან დაკავშირებული მუხლებით - ძირითადად დივერსიით, ტერორიზმითა და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობით - აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა თანდათან გაიზრდება. და ეს არა კონკრეტულად მოზარდების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი კამპანიით, არამედ სისტემური და მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკით არის განპირობებული, რომლის დროსაც არასრულწლოვანები განსაკუთრებით მოსახერხებელ სამიზნედ იქცევიან.

- ამის მიზეზი არა მხოლოდ მოზარდების რეალური ქმედებებია, არამედ ის, თუ როგორ აშენებს სახელმწიფო „პრევენციისა“ და "კონტროლის" სისტემას. მოზარდები დაუცველ კატეგორიად იქცნენ: მათი ჩართვა, დაშინება და საფრთხედ წარმოჩენა უფრო ადვილია. ამ ფონზე, ისინი სულ უფრო ხშირად ერთვებიან საქმეებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა პოლიტიკურ შეხედულებებს, არამედ ქმედებებს, მაგალითად, ცეცხლის წაკიდებას, Telegram-ის არხების გამოწერას. ბევრ შემთხვევაში, ეს ქმედებები ჩადენილია არა იდეოლოგიური მოტივით, არამედ თაღლითების ან პროვოკატორების გავლენით, რაც, ხელს სულაც არ უშლის გამოძიებას მძიმე ბრალდებების წაყენებაში, - ამბობს ადვოკატი.

როგორ ასამართლებენ უფროსი ასაკის ახალგაზრდებს

Sever.Realii-მ ასევე გამოთვალა ახალგაზრდებისთვის (18-დან 24 წლამდე) უკრაინაში ომთან დაკავშირებით გამოტანილი სასჯელების რაოდენობა.

2021 წლიდან 2024 წლამდე სამშობლოს ღალატის მუხლით სულ 53 ახალგაზრდა გაასამართლეს და 2023 წლამდე სასჯელების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვს შეადგენდა (2021 - 1, 2022 - 3), შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა (2023 - 9). უკვე 2024 წელს სასჯელების რაოდენობა 4,4-ჯერ გაიზარდა - 40-მდე. 2023 და 2024 წლებში ჯაშუშობისთვის ორი ახალგაზრდა გაასამართლეს, მაშინ როცა წინა ორ წელიწადში ამ მუხლით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

მსგავსი ვითარება დივერსიის მუხლებთან დაკავშირებითაც - 2023 წლამდე 18-24 წლის ასაკის არავინ გასამართლებულა ამ მუხლით, მაგრამ 2024 წლის ბოლოსთვის უკვე 23 პირი იყო გასამართლებული.

ამჟამად რუსეთში ყველაზე რეპრესიული პოლიტიკური მუხლი ტერორიზმის გამართლებაა. უსაფრთხოების ძალები მას იყენებენ იმისთვის, რომ ხალხმა ომზე არ ისაუბროს, ხელისუფლების კრიტიკის საშუალება არ მისცენ. 2021 წლიდან 2024 წლამდე 18-დან 24 წლამდე ასაკის 260 ადამიანი გაასამართლეს, თუმცა სხვა მუხლებისგან განსხვავებით, მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა: 2021 წელს - 61 ადამიანი, 2022 წელს - 68, 2023 წელს - 57, 2024 წელს - 74.

XS
SM
MD
LG