Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნომრიანი ჩაფხუტები, „ამყვანები“ და ხმა რაციაში - რა თქვეს სპეცრაზმელებმა დაკითხვაზე


სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე, 28 ნოემბერი, 2024.
სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე, 28 ნოემბერი, 2024.

ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც სასამართლოში მუშაობის წესი შეიცვალა და დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოშიც კი ჟურნალისტების კამერები გაქრა, პროკურორებმა ჩვენებების მისაცემად პირველად გამოიძახეს სპეცრაზმელები.

ორმა მათგანმა სასამართლოს წინაშე 17 ივლისს, ჯგუფური ძალადობის საქმეში დაზარალებულის სტატუსით ილაპარაკა.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლოში ორი საქმე განიხილება და ჯამში 19 ადამიანს ასამართლებენ.

ერთ ჯგუფში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი სახალხო გამოსვლების მონაწილე 8 დემონსტრანტია, მეორეში კი -11

ერთ-ერთი სპეცრაზმელია ლაშა გელაშვილი - გამოძიება ამბობს, რომ რემონსტრანტების ძლადობის შედეგად მას დაებეჟა კოჭ-წვივის მყესები და თაბაშირის დადება დასჭირდა.

მეორეა - გიორგი გობრონიძე. მან დემონსტარნტების ნასროლი ფეიერვერკის აფეთქების გამო მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

გამოძიებით, გიორგი გობრონიძე გასული წლის 29 ნოემბერს დაზარალდა. ლაშა გელაშვილი - 30-ში.

არცერთ მათგანს არ დაუნახავს დემონსტრანტის სახე და შესაბამისად ვერც საბრალდებო სკამზე მყოფის წინააღმდეგ მოახერხეს ჩვენების მიცა, თუმცა ეს სტატია არ არის იმაზე, რა მისცა ჯგუფური ძალადობის საქმეს გდდ-ს მოწმეების დაკითხვამ, რას მოეფინა ნათელი ან რა გახდა კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანი.

ამ სტატიაში ვყვებით იმაზე, რაც აქამდე საჯაროდ არ თქმულა და რაც ეწინააღმდეგება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიშს.

ჯგუფური ძალადობის საქმის მასალებს ახლავს დაზარალებული პოლიციელების 158-კაციანი სია. მათგან 79 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდანაა, დანარჩენები თბილისის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან. დაზარალებულებს შორის არიან დეტექტივები, გამომძიებელები, მართლწესრიგის ოფიცერები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები.


რა წერია საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში?

ანგარიშში წერია, რომ საპროტესტო აქციებისას

„სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმებით (ე.წ. „რობოკოპით“/ჩაფხუტით ან/და ნიღბით), რომელზეც არ არის დატანილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების თვითმხილველების არსებობის შემთხვევაშიც კი თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“.

ეს იყო პასუხი იმ ათობით საქმეზე - სადაც დაზარალებულების ჩივილისა და მათი მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ხელისუფლება ამბობდა, რომ სურდა, მაგრამ ვერ პოულობდა დამნაშავე პოლიციელებს.

„თურმე შესაძლებელია ჩატარდეს გამოძიება და დაიდენტიფიცირდეს აქციის მიმდინარეობისას, ვინ ძალადობდა აქციის მონაწილეებზე, ის რომ გამოძიება იდენტიფიკაციის გარეშე შეუძლებელი იყო, ყოფილა ტყუილი...პოლიტიკური ნება არ არსებობდა”, - თქვაადვოკატმა ომარ ფურცელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მხოლოდ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში (2024 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით), სამართალდამცავების ძალადობის შესახებ 300-ზე მეტი საჩივარია შესული. დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 52 ადამიანს.

უწყებამ საპროტესტო აქციების მსვლელობისას ნაცემი მოქალაქეების ვერცერთი საქმის გამოძიება ვერ მოახერხა. ეს უწყება ისე გააუქმეს და დეპარტამენტის სახით შეუერთეს საქართველოს პროკურატურას, რომ არაფერი შეცვლილა - გასხნილი საქმეები არ არსებობს.

რა თქვეს სპეცრაზმელებმა ასეთი მნიშვნელოვანი?

- ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორივე მათგანმა ადვოკატებს დაუდასტურა, რომ მათ აქციაზე საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდათ, ანუ მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო.

ორივე სპეცრაზმელიგანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვადასხვა განყოფილების ინსპექტორები არიან. ორივემ თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე აქციებისას რობოკოპის ფორმა ეცვათ. ეკავათ ფარი და ხელკეტი, ეხურათ ჩაფხუტი. ლაშა გელაშვილი პარლამენტის ეზოში იდგა, , გიორგი გობრონიძე კი ჩიტაძის ქუჩიდან ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის კვეთაზე გადაიყვანეს.

2024 წლის 28 ნოემბერს ათიათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე “ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ გავიდა. ირაკლი კობახიძემ მაშნ თქვა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ფიზიკური ძალა.

გობრონიძის საიდენტიფიკაციო ნომერი მისი ჩვენების თანახმად 106-ია, ლაშა გელაშვილის კი 36. ლაშა გელაშვილი ამბობს, რომ ეს ნომერი ჩაფხუტზე ეწერა, გობრონიძემ ჩაფხუტზეც და ზურგზეც მეწერაო - თქვა.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი: 106-ე ნომერი რომ იყავით, სად მოაწერეთ ხელი?

გიორგი გობრონიძე: ასე არ ხდება, გაძლევენ ფორმას და უკვე ნომერი გაქვს

ჩომახაშვილი: რა ვიცით, რომ არ იტყუებით, როგორ გავიგოთ?

გობრონიძე: ფორმა მოცემულია და არის სულ შენი, ყველა გამოსვლაზე ერთი და იგივე ნომერია, შესანახი ყუთები გვაქვს, სადაც ვინახავთ. მე ვიცი რომელი არის ჩემი და სულ ვარ 106 ნომერი.

მოგვიანებით ის დააზუსტებს - ნომერი ფორმას უკან აწერია და „იმდენად პატარაა, რო წინიდან გადაღებულ კადრებში არ გამოჩნდებოდა”.

ამ ჩვენებისგან განსხვავებული რამ წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის შსს-დან გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსიც „პუბლიკამ” გაასაჯაროვა.

„გდდ-ს მოსამსახურეებზე სპეციალური საშუალებებისა და აღჭურვილობის გადაცემა ხორციელდება რაოდენობრივად, კონკრეტული ნომრის მითითების გარეშე… შესაბამისი დანაყოფების მიერ არ ხორციელდება მოსამსახურეთა აღრიცხვა ჩაფხუტის ნომრების შესაბამისად“, - ეს ოფიციალური წერილი გასული წლის დეკემბრითაა დატარიღებული.

ამას გარდა, ლაშა გელაშვილი ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზეც გამოიკითხა, დღეს 18 ივლისს. მან რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა გუშინდელ სხდომაზე ნათქვამი და დაამატა, რომ „ნომრები აწერიათ ჩაფხუტზე და რობოკოპზე, თუმცა ამ ნომრების დანახვა შეუძლებელია, რადგან შიგნიდანაა აღბეჭდილი”.

17 ივნისის სხდომაზე მისთვის არ უკითხავთ, სად ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი.

ადვოკატი, რევაზ აჭარაძე: ახლოდან რომ იყოს გადაღებული თქვენი ჩაფხუტი სადმე გამოჩნდება ნომერი?

მოწმე: არა

ადვოკატი: მიზეზი რა არის?

მოწმე: გარედან არსად არ არის...

ვის უნდა დავუჯეროთ? - მოწმეს, რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნომერი გარედან აწერია, თუ მოწმეს, რომელმაც გუშინ ამოსაცნობი ნომრის ქონა დაადასტურა, დღეს კი ამტკიცა, რომ ეს ნომერი გარედან არ ჩანს?

რადიო თავისუფლებამ შსს-ს მიმართა დამატებითი განმარტების მოსასმენად, გაუგზავნა კითხვებიც, მათ შორის მოვითხოვეთ, უწყებისგან ახსნა, რატომ აცხადებს თუნდაც ერთი გდდ-ს თანამშრომლები რომ საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს, თანაც გარედან აწერია. ეს კი მათ ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება. პასუხი არ მიგვიღია. მიღებისთანავე მასალა განახლდება.

„რა საჭიროა ხელმძღვანელის დასახელება?“

სასამართლო პროცესზე ორივე მოწმე პაუზას იღებს და პროკურორებისკენ იყურება, როცა მათ დემონსტრანტების ადვოკატები დანაყოფის უფროსის ვინაობის დასახელებას სთხოვენ.

როგორც ცნობთ თქვენს უფროსს? - ეკითხება ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მოწმე სპეცნაზელ ლაშა გელაშვილს.

მოწმე: სიმაღლით, ვიზუალურად...

ადვოკატი: შენიღბული არ არის?

სპეცნაზელი: ვიზუალურად ვცნობ

ადვოკატი: როგორ?

სპეცნაზელი: ჩვეულებრივად, სიარულის მანერითაც კი ვცნობ.

ადვოკატები ვერ იღებენ პასუხს კითხვაზე აქვთ თუ არა ხელმძღვანელებსაც საიდენტიფიკაციო ნომრები.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი კი დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელმა გიორგი გობრონიძემ მოიტყუა, როცა საჯაროდ თქვა თავისი უფროსის სახელი და გვარი. ეს კი იურისტმა ე.წ. შეცდომაში შემყვანი დაკითხვით მოახერხა.

გიორგი გობრონიძემ თავდაპირველად იუარა დაესახელებინა უშუალო ხელმძღვანელის ვინაობა - რა საჭიროაო იკითხა, შემდეგ კი თქვა რომ ის მიხეილ ლამაზიშვილია. მას აცვია გდდ-ს „ჩვეულებრივი ფორმა” და არა რობოკოპის. არ იცის ეკეთა, თუ არა ნიღაბი. აქციაზე წასვლამდე ნახა, შემდეგ აღარ შეხვედრია. დავალებებს კი რაციაში გადასცემდნენ. კონრეტულად ვინ? - არ იცის.

ადვოკატი ჩომახაშვილი სპეცრაზმელ გიორგი გობრონიძეს: მუშაობს თუ არა ლამაზიშვილი [მისი ზემდგომი - მოწმის თქმით - რ.თ.] ისევ გდდ-ში?

გობრონიძე რამდენიმე წამი ჩერდება და პასუხობს: აღარ მუშაობს.

ადვოკატი: მეც ეს ინფორმაცია მქონდა, მადლობა რომ დამიდასტურეთ, იცით, რომ ლამაზიშვილი საერთოდ არაა გდდ-ს თანამშრომელი?”

მოწმე დუმს, პროკურორი ადვოკატს ტყუილში ადანაშაულებს...

ადვოკატი: ბოდიში, მაგრამ ცდებით.... თქვენ [მოწმეს მიმართავს - რ.თ.] ზუსტად იცით, რომ 29 ნოემბრისთვის ლამაზიშვილი იყო თქვენი ხელმძღვანელი და მუშაობდა იქ?

მოწმე: კი

„უფროსის დასახელებისგან თავი შეიკავა, ხვდება რომ სამომავლო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მას და მის უფროსსაც. ამიტომ არ სურთ ვინაობების საჯაროდ თქმა.“, - ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.

შეკრებების „დაშლის“ პროტოკოლი და სპეცრაზმელების სხვადასხვა ჯგუფები

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ადვოკატები 17 ივლისის სხდომაზე არკვევდნენ სპეცრაზმელების შეკრება-მანიფესტაციების მართვისთვის მომზადებას ეხებოდა.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე სპეცრაზმელ გობრონიძეს ეკითხება:

- რამდენი წელია რაც გდდ-ში ხართ?
- ორი
- ეს ორი წელი თუ გაქვთ სწავლება გავლილი შეკრება მანიფესტაციის და აქციის მართვის?
- რა თქმა უნდა
- მოიცავს თუ არა ეს სწავლება სახელმწიფო შენობების დაცვას, მაგალითად, პარლამენტის შტურმისას, ძალადობრივი მოგერიებას?
- ცალკე მასების მართვაა და მაგ დროს გავდივართ, ოღონდ სისტემატურად არა.
- საქართველოს პარლამენტის შენობის სწავლება თუ გაგივლიათ?
- ასეთი არ ვიცი...

თითქმის იგივეს იმეორებს ლაშა გელაშვილიც. . მოწმეები არ ამბობენ სიტყვა „დაშლას”

ადვოკატი, ომარ ფურცელაძე: თუ გაგივლიათ სპეციალური მომზადება, რაც გულისხმობს შეკრება-მანიფესტაციების დაშლას?

მოწმე, ლაშა გელაშვილი: დაშლა არა, სამართლებრივ ფარგლებში ვმოქმედებთ.

ადვოკატი: დაშლა არ არის ცუდი სიტყვა. კანონი იყენებს ამას. როდის გაიარეთ მომზადება?

მოწმე: არ მახსოვს, ერთი წლის წინ ალბათ.

ადვოკატი: კონკრეტული სამოქმედო პროტოკოლი თუ გქონდათ?

მოწმე: ერთადერთი, შიდა პერიმეტრი უნდა დაგვეცვა.

ადვოკატი: რისკების შეფასების ინსტრუმენტი თუ არსებობდა?

მოწმე: ინსტრუმენტი რისი?

ადვოკატი: ნაკლებ აგრესიული, მეტად [აგრესიული], რა შემთხვევაში რას იყენებთ, თუ არსებობდა ამის შეფასების ინსტრუმენტი?

მოწმე: არ გვქონია მსგავსი რამე.

გდდ-ს ეს მოწმეები ისევე, როგორც ჯგუფური ძალადობის საქმის სხვა მოწმე პოლიციელები ირწმუნებიან, რომ მათი აქციაზე ყოფნისას სამართალდამცველებს დემონსტრანტებზე არ უძალადიათ. ამტკიცებენ, რომ არც ტელევიზიით უნახავთ ძალადობის ამსახველი კადრები. გიორგი გობრონიძემ კი დღევანდელ სხდომაზე გდდ-ს დანაყოფების ერთმანეთისგან განასხვავა და ადვოკატებს აუხსნა:

ჩვენი თანამშრომლები შავ ფორმას არ ატარებენ.. მაგათ [ ვინც შავ ფორმას ატარებს - რ.თ] ეძახიან ამყვანებს და ჩვენ ამყვანების ჯგუფი არ ვართ, - როცა მოწმე ამას პასუხობდა ადვოკატები მას კითხვას სრულიად შავებში ჩაცმულ ე.წ. მარბიელ რაზმზე უსვამდნენ.

მოწმის თქმით, მან არ იცის, რა ფორმა აცვიათ ასეთ ჯგუფებს ს აქვთ თუ არა მათაც საინდეტიფიკაციო ნომერი:

მოწმე: ეგ რომ გიპასუხოთ იქ უნდა ვმუშაობდე

მარბიელებს იცნობთ? - ეკითხება ირაკლი ჩომახაშვილი.

მოწმე: არანაირი შეხება არ მქონია

ადვოკატი: ანუ მარბიელი ადამიანები, შავებში ჩაცმულები, თქვენ არ დაგინახავთ და თუ დაინახავდით გვეტყოდით...

მოწმე: დიახ.

„მოვისმინეთ, რომ დავალებების გაცემის სქემა იყო ვერბალური, ხშირ შემხვევაში რეაქციული და არანაირი გადამზადება მომზადება და რისკების შეფასების გეგმა არ არსებობდა. ეს ადამიანები დამოკიდებული იყვნენ ხმებზე [რაციაში ] ვინ რას ეტყოდა”, - ამბობს ომარ ფურცელაძე.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 350-ზე მეტი ადმინისტრაციული, ხოლო 60-მდე სისხლის სამართლის მუხლებით. 300-ზე მეტი დაკავებული გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG