უეცრად, მაგრამ არა სახელდახელოდ
აღიარებას არ ელოდა არავინ, მათ შორის არც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ასე მიაჩნია ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში ზურაბ ბენდიანიშვილს.
რამდენიმე თვით ადრე, 2008 წლის თებერვალში, დამოუკიდებლობა გამოაცხადა კოსოვომ, რომელიც გაეროს ასზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. რუსეთი წინააღმდეგი იყო. ჯერ კიდევ 2007 წელს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კითხულობდა, თუ კოსოვო დამოუკიდებელი იქნება, აფხაზეთმა და "სამხრეთმა ოსეთმა" რაღა დააშავესო.
„იქაც და იქაც ომი იყო. იქაც და იქაც იყვნენ დამნაშავეები. სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი 15 წელია დამოუკიდებლად არსებობენ - ირჩევენ პარლამენტებს, პრეზიდენტებს, იღებენ კონსტიტუციებს. ასე რომ, კოსოვოსა და მათ შორის განსხვავება არ არის“, - ამბობდა პუტინი.
კოსოვოს მოვლენებს თან დაერთო ისიც, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტში ნატოს სამიტი გაიმართა - საქართველოსა და უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში მიღებას დაჰპირდნენ.
„საომარი მოქმედებების წამოწყების პარალელურად, რუსეთს სხვა გეგმაც უნდა ჰქონოდა და ეს იყო ხელისუფლების შეცვლა. მაშინ ამერიკის აქტიურმა ჩარევამ, არა მხოლოდ დიპლომატიურმა (ამერიკული გემი შემოვიდა საქართველოში), სააკაშვილის რეჟიმი გადაარჩინა. ამის შემდეგ პუტინმა პირდაპირ აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.
აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს სოჭში გამართული რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც მაშინ დროებით პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. გადაწყვეტილება რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაცხადა:
„მე ხელი მოვაწერე რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას”, - თქვა მედვედევმა და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდა მსგავსი გადაწყვეტილებისკენ.
რუსეთის ამ ნაბიჯს, კოსოვოსგან განსხვავებით, აღიარებების კასკადი არ მოჰყოლია, მხოლოდ ხუთიოდე ქვეყანა - სირია, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ვანუატუ (აღიარა და გადაწყვეტილება უკან წაიღო) - მიჰყვა რუსეთის მაგალითს. საერთაშორისო სამართლისა და საზოგადოებისათვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა.
რუსული ფულის „მადლი“
აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც ფულს რუსეთიდან იღებენ. ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონში უკვე თავადაც არ სჯერათ, რომ ეს ტერიტორია ცალკე არსებობას შეძლებს, უფრო ოპტიმისტური განწყობა აქვთ აფხაზეთში.
„ცხინვალის რეგიონში ძალიან დიდი ფული ჩადო რუსეთმა, ალბათ საჭიროზე მეტი. ადრე დავთვალეთ და ერთ სულ მოსახლეზე 20 ათასი დოლარი გამოდიოდა. ახლა ძირითადი ინფრასტრუქტურა უკვე გაკეთებულია და ნაკლები თანხა იხარჯება.
რუსეთის მიერ აღიარებას სრულფასოვან დამოუკიდებლობად არ აღიქვამენ, მათთვის ეს ინვესტიციისა და დახმარების მიღების საშუალებაა. თუმცა აფხაზეთი ისწრაფვის სრულფასოვანი დამოუკიდებლობისკენ და აქვს ილუზია, რომ მიაღწევს, განსხვავებით ცხინვალისა, რომელსაც რუსეთთან დარჩენა უნდა. რუსეთი მუდმივად ახსენებს, რომ მათი დამოუკიდებლობა ილუზიაა“.
ამ „შეხსენებებიდან“ ყველაზე თვალსაჩინო 2024 წელს შუა ზამთარში გამორთული ელექტროენერგია იყო. რუსეთმა აფხაზეთი შუქის, გათბობისა და ფინანსური დახმარების გარეშე დატოვა. ე.წ. ფინანსთა მინისტრის ვლადიმირ დელბას განცხადებით, აფხაზეთმა 2024 წელს რუსეთიდან ვერ მიიღო დაგეგმილი 1,8 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 61 მილიონი ლარი), რის გამოც ხელფასებსაც კი ვერ არიგებდნენ. რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანაზეც უარი თქვა, მიზეზად ციტრუსში მავნე მწერის აღმოჩენა დაასახელა, ზუსტად ისევე, როგორც ადრე ქართულ ღვინოში „აღმოაჩინეს“ რაღაც შეუსაბამო და მას შემდეგ კი, რაც ერევანმა დასავლეთისკენ გაიწია - საქართველოს გავლით სომხეთიდან რუსეთში გადატანილ ხილშიც.
რუსეთის გაღიზიანების მიზეზი აფხაზეთის საზოგადოების წინააღმდეგობა იყო - არ მიიღეს აპარტამენტების პრორუსული კანონი, რომელიც უცხოელ ინვესტორებს აფხაზეთში უძრავი ქონების აშენებისა და დარეგისტრირების საშუალებას მისცემდა. აფხაზები შიშობდნენ, რომ ეს კანონი დემოგრაფიულ სურათს მთლიანად შეცვლიდა.
ღარიბი ტურისტების ამარა
აფხაზეთის მთავარი პოტენციალი - ტურიზმი - სრულფასოვნად დღემდე ვერ ამუშავდა. ადგილობრივები დამოკიდებული არიან რუს, არცთუ მდიდარ ტურისტებზე, რომლებიც, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელს, ქრისტინა ლაკერბაიას, წამოსცდა ამასწინათ, 300 რუბლით ჩამოდიან და „დოშერაკს“ ჭამენო.
„ჩვენ კი გვინდა, რომ სუვენირები შეიძინონ, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ასეთი ტურისტი არ გვჭირდება“, - თქვა ლაკერბაიამ.
როდესაც მისი განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა, რუსეთის ბევრმა მოქალაქემ აფხაზებს შეახსენა, რომ ისინი მათი ფულით არსებობენ. „გაუთიშეთ აფხაზეთს ელექტროენერგია!“ - წერდნენ კომენტარებში.
2025 წელს სოხუმში ამუშავდა აეროპორტი, რომელიც 1993 წლიდან უპატრონოდ იყო მიგდებული. თუმცა რეისები ისევ რუსეთის მიმართულებით სრულდება. აეროპორტის ოპერირება უკანონოა და იქიდან სხვაგან ვერსად გაფრინდები.
„უზარმაზარი პოტენციალი აქვს აფხაზეთს და რეალიზებას ვერ ახერხებს. მხოლოდ რუსეთზე დაყრდნობა მას განვითარების საშუალებას არ აძლევს. ოცნება, რომ რუსეთისგან და საქართველოსგან ცალკე იქნებოდნენ… ამის შანსი ნოლია, მით უფრო უკრაინასთან ომის ფონზე“, - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
ოჩამჩირე ანაკლიის საპირწონედ
2023 წელს რუსეთმა ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის მშენებლობა დაიწყო.
ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, ეს პორტი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომშიც სჭირდება და ანაკლიის პორტის საპირწონედაც, რადგან როდესაც იქვე სამხედრო ბაზაა, ანაკლიის ასაშენებლად ინვესტორი ფულის ჩადებას მოერიდება.
აკრძალული ქართული გალში
რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარების შემდეგ ბევრად გაუარესდა გალელების მდგომარეობა. გალის სკოლებში ქართულად სწავლება აიკრძალა. ადგილობრივ მოსახლეობას აფხაზურ პასპორტს არ აძლევენ. მათ არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. „აფხაზებს ეშინიათ, რომ გალის მოსახლეობა არჩევნებზე გავლენას მოახდენს“, - ჰყვება ზურაბ ბენდიანიშვილი.
რა მოიგო რუსეთმა?
კორნელი კაკაჩიას შეფასებით, არც არაფერი, პირიქით, რუსეთმა გარკვეული დროით საქართველო დაკარგა.
„რუსეთის მიზანი იყო, სეპარატისტული რეგიონები გამოეყენებინა საქართველოზე, შემდეგ კი მთლიანად ამიერკავკასიაზე გავლენის მოსახდენად. რეალურად პირიქით, გავლენა დაკარგა საქართველოზე, ქვეყანაზე, რომელსაც ამიერკავკასიის გასაღები უჭირავს. ეს არ ეხება ბოლო პერიოდს“, - ამბობს კორნელი კაკაჩია, - „რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს რეგიონი არ არის სიცოცხლისუნარიანი, ამას უკვე რუსი ექსპერტებიც აღიარებენ. თუ შევხედავთ, რა სიტუაციაა უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით, ბუნებრივია, აქ უკვე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საუბარიც აღარაა. რუსეთის მიზანი არის, აღადგინოს რაღაც საბჭოთა კავშირის მაგვარი. ამისთვის სჭირდება უკრაინა, როგორც ყველაზე დიდი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველო, როგორც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი. ამიტომ მოხდა ომი ამ ორ ქვეყანაში. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში“.
„ისტორიულ ლოგიკას თუ მივყვებით, რუსეთმა ვერ უნდა მოიგოს. ეს მხოლოდ სურვილი არ არის, ეს იმ რესურსებთან და ძალებთან დაპირისპირების შედეგი იქნება, რომელთან გამკლავება რუსეთს არ შეუძლია“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.
უკრაინის წინააღმდეგობის გარდა, ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა ვითარება კავკასიაშიც. აშშ-ის შუამავლობით სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი მნიშვნელოვან შეთანხმებებს აღწევენ სატრანსპორტო დერეფანზე და რეგიონზე რუსეთის მარწუხებს ასუსტებენ. ბენდიანიშვილის თქმით: „რეგიონში ძალიან რთული გადანაწილებები მიდის. მალე შეიძლება აღარავის გაახსენდეს, რომ 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარა“.
ფორუმი