„ქუთაისში კათეტერიანი ლეკვი დააგდეს ყუთით!!…“
„ნაპოვნია კახეთის გზატკეცილზე, საყელო უკეთია. მეპატრონე თუ აქ არის მომწეროს“.
„მანქანა დაეჯახა. ორი თათი აქვს დამტვრეული და პლუს თიაქარი. სასწრაფოდაა ასაგროვებელი 870 ლარი. ოპერაციის შემდეგაც დაჭირდება ფინანსური მხარდაჭერა“.
ფეისბუკზე, ცხოველთა დამცველების ჯგუფებში ასეთი განცხადებები ყოველდღიურად იდება. ხალხის შემოწირულებით აქტივისტები ზოგი ცხოველის გადარჩენასა და დაბინავებას ახერხებენ, ზოგის - ვერა. მიუსაფარი ცხოველების პრობლემა საქართველოში წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა.
ცხოველთა უფლებების დამცველებს მრავალ კითხვას უჩენს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი ინიციატივა - კარდაკარ შეამოწმოს რამდენად კეთილსინდისიერად უვლის მოსახლეობა შინაურ ცხოველებს. ეს პროექტი არ ეხება მიკედლებულ ცხოველებს.
დღეს, ვისაც ძაღლი ან კატა ჰყავს, კანონით ვალდებულია, მათ ჩიპი ჩაუდგას, აცრას, მეტისებს გაუკეთოს სტერილიზაცია (ძუს) ან კასტრაცია (ხვადს).
მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი ამბობს, რომ 23 მაისიდან სააგენტო იწყებს კარდაკარ ჩამოვლისას. თუ მონიტორინგის სამსახურმა დარღვევა აღმოაჩინა, ის ამ ბაზაში აისახება.
„შემდეგ აუცილებლად გადამოწმდება, თუ რამდენად შეასრულეს მეპატრონეებმა ვალდებულებები, - ამბობს გიორგი კობიაშვილი, - რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ხელშესაწყობად მეპატრონეებს ცხოველების „ჩიპირებას“ და რეგისტრაციას ადგილზევე შევთავაზებთ, მხოლოდ „ჩიპის“ თვითღირებულებას, 19 ლარს გადაიხდიან“ - თქვა კობიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.
დარღვევის შემთხვევაში სააგენტო მეპატრონეებს პირველ ეტაპზე მხოლოდ გააფრთხილებს. თუ პრობლემა არ მოგვარდა, მათ ჯარიმა დაეკისრებათ. თავდაპირველად 8 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი - 50 ლარი.
შინაური ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია იაფი პროცედურა არ არის. რადიო თავისუფლებას ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში უპასუხეს, რომ კატის სტერილიზაცია 170 ლარი ჯდება, კასტრაცია - 80, ათ კილოგრამამდე ძაღლის სტერილიზაცია - 280 ლარი, კასტრაცია კი - 250 ლარი.
ამ ოპერაციებს უფრო იაფად აკეთებს თავად მონიტორინგის სააგენტო. აქ კასტრაცია - 60 ლარია, სტერილიზაცია - 80 ლარი, მიუსაფარი ცხოველებისთვის საერთოდ უფასო.
„ცხოველთა უფლებების კომიტეტის“ ხელმძღვანელი თინათინ ჭავჭანიძე ამბობს, რომ მისთვის ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ აპირებს სააგენტო ცხოველების კარდაკარ შემოწმებას.
„ვთქვათ, არ მინდა, მონიტორინგის სამსახური ჩემს სახლში შემოვიდეს, კარიდან როგორ გაარკვევენ რამდენი კატა მყავს. ან ის როგორ უნდა შეამოწმონ სტერილიზაცია გაკეთებული აქვს თუ არა“ - კითხულობს ის.
მონიტორინგის სააგენტოში განმარტავენ, რომ კარდაკარ შემოვლა დაიწყება ერთი რომელიმე წერტილიდან. სააგენტოს თანამშრომლები ყველა კარზე დააკაკუნებენ, თუ სახლში არავინ დახვდათ, მეზობლებში გაიკითხავენ, ვის ჰყავს შინაური ცხოველი და მითითებულ მისამართზე ხელახლა მივლენ. მეპატრონეს უფლება აქვს, მონიტორინგის თანამშრომლებს კარის გაღებაზე უარი უთხრას.
რაც შეეხება სტერილიზაციის შემოწმებას, მეპატრონემ სააგენტოს თანამშრომლებს შესაბამისი საბუთი უნდა წარუდგინოს, თუ საბუთი არ აქვს, უნდა აიღოს იმ კლინიკიდან, სადაც ცხოველს სტერილიზაცია ჩაუტარდა.
„ნორმალური კანონი არა გვაქვს და რის საფუძველზე აპირებენ ამ ყველაფრის გაკეთებას? - კითხულობს თიკო კვალიაშვილი, „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ დამფუძნებელი - წარმოადგინონ კანონი, სადაც წერია, რომ მეპატრონე ვალდებულია, ცხოველის პასპორტში ეწეროს სტერილიზაციის შესახებ. ამას ექოსკოპიის გარეშე ვერ დაადგენენ და რატომ გვაიძულებენ, რომ ექოსკოპია გავუკეთოთ ცხოველს ჩვენი ხარჯით“?!
თიკო კვალიაშვილს მიაჩნია, რომ ეს პროექტი უფრო პოპულისტური და გაუაზრებელია, ვიდრე შედეგზე გათვლილი.
„მონიტორინგის სამსახურს კატები ვერ გავასტერილებინეთ, რამდენი დარეკავ, ადგილი არ გვაქვსო, ამბობენ. დღეს ვიყავი სამგორის ბაზრობაზე, რამდენიმე მეძუძური ძაღლი შემხვდა, მაშინ როცა სამ კილომეტრში მონიტორინგის სამსახურია. ოჯახებში ამოწმებენ და ქუჩაში გაუსტერილებელი ძაღლები დადიან. თან ბევრჯერ მათი ვითომ გასტერილებული ცხოველები მაინც დამაკდნენ. კატა გამოატანეს გაჭრილი აქტივისტს და სამ თვეში „დაორსულდა“, - ამბობს თიკო კვალიაშვილი.
ცხოველთა უფლებები დამცველები დიდი ხანია იბრძვიან, რომ დარეგულირდეს არა მხოლოდ მეტისების გამრავლება, არამედ ჯიშიანი ძაღლებისა და კატებისაც. საქართველოში საკმაოდ ხშირად შეხვდები გარეთ გამოგდებულ პუდელს, ნაგაზს, სპანიელს, ჰასკის…
„უღელტეხილებზე ძაღლები რომ არის დაყრილი უმეტესად მონადირე ძაღლებია - ან ვერ ინადირა, ან სეზონი გავიდა, ან დაბერდა… რამდენი ხანია ვითხოვ, რომ მონადირე ძაღლები აღრიცხონ“, - ჰყვება თინათინ ჭიჭინაძე.
მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა თბილისში მუდმივად იცვლება და ბოლომდე ზუსტი არასდროს არ არის. 2023 წელს ბრიტანული ორგანიზაცია Mayhew International ჩაატარა აღწერა, რის მიხედვითაც თბილისში დაახლოებით 30 ათასი მიუსაფარი ძაღლი იყო რეგისტრირებული. ცხოველთა უფლებების დამცველები პრობლემის მოგვარებას შესაბამისი კანონმდებლობის მიღებასა და მის აღსრულებაში ხედავენ.
ფორუმი