თურქეთში 2022 წლის გაზაფხულზე დაწყებული და მალევე ჩაშლილი მოლაპარაკებების განახლება პრეზიდენტ პუტინის ინიციატივაა, ევროპელი ლიდერების მხრიდან 30-დღიანი ზავის კატეგორიული მოთხოვნისა და ევროპა-ამერიკის კოორდინაციის საპასუხოდ.
პუტინს არაფერი უთქვამს, აპირებს თუ არა თავად სტამბოლში გამგზავრებას.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ კრემლი მყისიერ ზავზე არ არის თანახმა.
უკრაინის ევროპელი პარტნიორები კი, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, პუტინთან მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავენ. აშშ ამ შეხვედრას დაჟინებით მოითხოვს.
რის მიღწევას ცდილობს რუსეთი 3 წლის წინ უშედეგოდ შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლებით და რა შეიძლება მოითხოვოს კრემლმა ახლა, თავისი “ახალი რეალობის” გათვალისწინებით?
9 მაისს ვლადიმირ პუტინმა “დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღლუმზე" წითელ მოედანზე თუ კრემლში, თანმდევ შეხვედრებზე თანამოაზრეებს უმასპინძლა. მოსკოვს 20-ზე მეტი ქვეყნისა თუ არაღიარებული ტერიტორიების წარმომადგენლები და ლიდერები ესტუმრნენ. ევროკავშირის წევრი თუ კანდიდატი ქვეყნებიდან "გამარჯვების აღლუმს" მხოლოდ სლოვაკეთისა და სერბეთის პრორუსი ლიდერები დაესწრნენ. თეთრმა სახლმა რუსეთში არავინ წარგზავნა.
ერთი დღით ადრე, 8 მაისს, გვიან ღამით, დონალდ ტრამპმა ისევ მოუწოდა მხარეებს 30-დღიანი ზავისკენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დამატებითი სანქციებით დაიმუქრა. ტრამპმა თქვა ასევე, რომ „მტკიცე მშვიდობის“ დამყარება ევროპელებთან თანამშრომლობით წარმოუდგენია. ამ განცხადებას წინ უძღოდა საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან.
- 9 მაისს დონალდ ტრამპის კატეგორიულ მოწოდებას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა X-ზე დაწერა, რომ რამდენჯერმე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს და რომ აუცილებელია აშშ-ისა და ევროპის ერთობლივი მუშაობა „გაჭიანურების ტაქტიკების გარეშე”.
- 10 მაისს კიევში ჩავიდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს 30-დღიანი ზავის აუცილებლობაზე და ასევე ერთობლივად ტელეფონით ესაუბრნენ აშშ-ის პრეზიდენტს. ამ საუბრის შემდეგ გამოცხადდა გადაწყვეტილება - 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტის შესახებ, მინიმუმ 30 დღით.
- ნაშუაღამევს, უკვე 11 მაისს, კრემლში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა -15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე. პუტინს არაფერი უთქვამს 30-დღიანი ზავის წინადადებაზე.
- 11 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ “უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“, რუსეთისგან კი 12 მაისიდან მოელის “ცეცხლის შეწყვეტას - სრულს, ხანგრძლივსა და საიმედოს”. ემანუელ მაკრონმა პუტინის პასუხად X-ზე დაწერა, რომ “მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს”. დაუყოვნებელი ზავი მოითხოვა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც.
- 11 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მყისიერად დაეთანხმოს პუტინის წინადადებას 15 მაისს თურქეთში შეხვედრის შესახებ.
- 11 მაისს, გვიან საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება; ხოლო 12 მაისს ცეცხლის სრულად შეწყვეტას მოელის, რათა “დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას”.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 13 მაისს The Breakfast Show-ს ეთერში განაცხადა, რომ სტამბოლში პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდება მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს და არავის სხვას რუსეთიდან; ხოლო უფრო დაბალ დონეზე დელეგაციების შეხვედრის აზრს კიევი ვერ ხედავს, რადგან გადაწყვეტილებებს რუსეთში მხოლოდ ვლადიმირ პუტინი იღებს.
მოსკოვმა ცეცხლი არ შეწყვიტა
ცეცხლი არ შეწყდა. 12 მაისს უკრაინის ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელეს ცნობები რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებზე კიევის, სუმის, დონეცკის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში. იტყობინებიან მსხვერპლის შესახებაც.
კრემლს არ დაუმალავს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე ახლა არც კი ფიქრობს. ზავის საკითხის განხილვა მას მხოლოდ სტამბოლის მოლაპარაკებების ფარგლებში წარმოუდგენია.
რუსეთისა და უკრაინის დასახვედრად მზად არის თურქეთი. 11 მაისს პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინსაც აცნობა, სატელეფონო საუბრის დროს. ერდოანი დაუკავშირდა საფრანგეთის პრეზიდენტსაც - ემანუელ მაკრონს მან უთხრა, რომ ომის შეწყვეტის გზაზე ისტორიული გარდატეხის მომენტი დგება. ორშაბათს საღამოს სატელეფონო საუბარი თურქეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შედგა, შემდეგ კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთნაირი ხედვა აქვთ ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე.
რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმაზე ცნობები გავრცელდა 13 მაისსაც. ზაპოროჟიეს ოლქიდან ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ დრონებით შეტევის დროს დაიჭრა 72 წლის კაცი და დაზიანდა მისი ავტომობილი.
დემოკრატიის დაცვის ფონდის რუსეთის პროგრამის დირექტორის მოადგილე ჯონ ჰარდიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პუტინი კვლავ ცდილობს მანევრირებას პრეზიდენტ ტრამპის დამშვიდებასა და ზავზე უარის თქმას შორის და რომ პუტინს სურს, გააგრძელოს პროცესი სტამბოლში, სადაც 2022 წელს „მშვიდობის სასტიკი პირობების თავს მოხვევას ცდილობდა“. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მოსკოვის მანიპულაციების წინააღმდეგ ტრამპს ეკონომიკური სანქციების არჩევანიღა რჩება, თავისივე დაპირების შესაბამისად.
ტრამპი სანქციების დაწესებას არ ჩქარობს. 12 მაისს თეთრ სახლში მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურს ჩავიდეს სტამბოლში და რომ შეთანხმების მიღწევა აუცილებელია.
მანამდე, განცხადებაში, რომელიც 11 მაისს გამოქვეყნდა, დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ შეხვედრას სტამბოლში მნიშვნელოვნად თვლის, თუნდაც იმის გასარკვევად - „შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, და თუ არა, ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ!“
- 11 მაისს, საღამოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ელაპარაკა ბრიტანელ კოლეგას, დევიდ ლემის და ხაზი გაუსვა, რომ „ვაშინგტონის მთავარ პრიორიტეტად რჩება საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ცეცხლის მყისიერი შეწყვეტა“.
- 12 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კით კელოგმა X-ზე გააზიარა დონალდ ტრამპის პოსტი [რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შეხვედრაზე მყისიერი დათანხმებისკენ მოუწოდებს] და დაწერა, რომ ტრამპის პოზიცია თანმიმდევრულად ნათელია -„მკვლელობა ახლავე უნდა შეჩერდეს“.
- მანამდე, კით კელოგი X-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ თანმიმდევრობა უნდა ყოფილიყო „ჯერ ცეცხლის უპირობო 30-დღიანი შეწყვეტა და ამ პერიოდში ყოვლისმომცველ სამშვიდობო დისკუსიებზე გადასვლა“ და „არა პირიქით“.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი რუბიო ესაუბრა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ასევე - კაია კალასს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ტექსტის თანახმად, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარების გზები.
აშშ-ს შეცვლილი პოზიცია შესამჩნევია
ექსპერტები ბოლო პერიოდში შენიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციები შედარებით შერბილდა უკრაინასთან მიმართებით. ამის მიზეზად მიიჩნევენ ამერიკის მოქალაქეების მზარდ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მათთვის ნათელია, რომ ამერიკელებს უმეტესად არ მოსწონთ რუსეთის მიმართ ზედმეტად რბილი დამოკიდებულება.
8 მაისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთი ძალიან ბევრს მოითხოვდა და “რუსეთი არ უნდა მოელოდეს, რომ მას იმ ტერიტორიებს მისცემენ, რომლებიც ჯერ არც კი დაუპყრია” - რაც კრემლმა სამშვიდობო გეგმით მოითხოვა.
Fox News-ის კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ომი ამერიკელების 61%-ს აღელვებს.
ევროპელების მთავარ მოთხოვნად კვლავ ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა რჩება. 12 მაისს გავრცელდა გერმანიის მთავრობის სპიკერის, შტეფან კორნელიუსის განცხადება, რომ თუკი რუსეთი 12 მაისს არ დაეთანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას, ახალ სანქციებზე დაიწყებოდა მუშაობა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, 12 მაისს ტვიტერზე დაწერა, რომ ლონდონში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა “ვაიმარი +-ის" ფორმატში და რომ ყველა თანხმდება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის აუცილებლობაზე.
“რუსეთი სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს 30-დღიან ზავს უკრაინასთან, რათა გაკვლეულ იქნას გზა მოლაპარაკებებისთვის მდგრადი მშვიდობის შესახებ. პუტინმა უნდა შეწყვიტოს თამაში და სერიოზულად მიუდგეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს", - დაწერა კაია კალასმა X-ზე.
ევროპელი ლიდერებისთვის რუსეთ-უკრაინის დიალოგი წარმოუდგენელია ცეცხლის შეწყვეტის გარეშე. საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად, გერმანიის კანცლერმაც და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნეს, რომ მდგრად მშვიდობაზე საუბარი აუცილებელია, მაგრამ - აბსოლუტურად არასაკმარისი; რადგან შეუძლებელია საუბარი იარაღის დადუმებამდე.
კიევიდან წამოსვლის წინ, გამომშვიდობებისას, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ზელენსკის უთხრა, რომ შეუძლია დაურეკოს მას ნებისმიერ დროს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ამას ისურვებს.
კრემლი ჯერ არაფერს ამბობს, ვინ აპირებს სტამბოლში ჩასვლას და შედის თუ არა ეს პრეზიდენტ პუტინის გეგმაში. მისმა პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა 12 მაისს მხოლოდ თქვა, რომ რუსეთთან ევროპელების ულტიმატუმი არ გაჭრის.
პარალელურად, კრემლისტური პროპაგანდა კიევში ჩასული ევროპელი ლიდერების გაშავების მცდელობებზე მუშაობდა. კრემლის ძველისძველი ხერხი - ოპონენტების ნარკომომხმარებლებად გამოცხადების შესახებ - პროსახელისუფლებო მედიამ თბილისშიც გაიმეორა.
რას ითხოვდა რუსეთი 3 წლის წინ სტამბოლში და რას ითხოვს ახლა?
სტამბოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 2022 წლის გაზაფხულზე, როცა რუსეთს ომი უკრაინაში რამდენიმე კვირის დაწყებული ჰქონდა და საბრძოლო მოქმედებები არც მოლაპარაკებების პარალელურად არ შეუწყვეტია. სტამბოლში რამდენიმე რაუნდი გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ერთმანეთს არ შეხვედრიან ზელენსკი და პუტინი.
მოლაპარაკებების პროცესში განხილული საკითხები ფრაგმენტულად ხდებოდა ცნობილი. პრეზიდენტ ზელენსკის მაშინდელი განმარტებებით, განიხილებოდა 6-პუნქტიანი შეთანხმება. რუსეთის მიერ წამოყენებული საკითხების ჩამონათვალში იყო, მაგალითად:
- ნატოზე უარის თქმა, ნეიტრალიტეტი, უკრაინის არაბირთვული სტატუსი - თუმცა კიევი პარალელურად უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს ითხოვდა;
- ყირიმზე უარის თქმა და დონბასის ოკუპირებული რეგიონების [დონეცკი, ლუგანსკი] დამოუკიდებლობის აღიარება - უკრაინისთვის ტერიტორიული საკითხი მაშინაც წითელი ხაზი იყო, კიევი უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა და ჩანდა, რომ მხარეებს რეგიონების „სტატუსიც" სხვადასხვაგვარად ესმოდათ;
- რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება უკრაინაში - რაზეც უკრაინა 3 წლის წინ თანახმა მხოლოდ „სარკისებრი“ პრინციპით იყო, ანუ თუკი რუსეთში უკრაინულ ენას ასევე აღიარებდნენ;
- „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” - რუსეთმა მთავარი მოთხოვნა დააყენა სტამბოლშიც - კიევი აცხადებდა, რომ ამ აბსურდული საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
“ჩვენ ვთქვით: საერთოდ არ დავსხდებით მოლაპარაკებაზე, თუკი ვილაპარაკებთ რაღაც დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზე. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი საკითხებია“, - თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, 2022 წლის 27 მარტს. უკრაინული მხარე მოითხოვდა რეფერენდუმის ჩატარებას - ნატოში გაწევრიანებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების თემაზე - უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი აცხადებს, რომ ამჯერად სტამბოლში რუსეთის მოთხოვნები „უფრო ხისტი“ იქნება. როგორც მან კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში განმარტა, რუსეთი სტამბოლში გამკაცრებული მოთხოვნებით წარდგება, რადგან 2022 წლის მარტი/აპრილის შემდეგ რუსეთმა კონსტიტუცია შეცვალა და უკრაინის ტერიტორიები შეიერთა.
ჯაბაროვი სავარაუდო პირობებს ასე აყალიბებს:
- უკრაინის ჯარი უნდა გავიდეს დონბასიდან და ნოვოროსიიდან;
- უცხოელი დაქირავებული მებრძოლები უნდა გავიდნენ უკრაინიდან;
- წერილობითი გარანტიები უნდა გაიცეს ნატოს საქმიანობაში უკრაინის მონაწილეობის აკრძალვაზე;
- უნდა აიკრძალოს ნატოს სამხედრო შენაერთების სამომავლო განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე;
- ბუფერული ზონის შექმნა.
„ვფიქრობ, ის [ზელენსკი] საკუთარ მნიშვნელობას გადაჭარბებულად აფასებს... ჩემი აზრით, არავინ მას არ შეხვდება“, - ასე გამოეხმაურა ვლადიმირ ჯაბაროვი ზელენსკის განცხადებას, რომ 15 მაისს პუტინს სტამბოლში დაელოდება.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასის" მიმომხილველი ანდრეი ნიზამუტდინოვი თავის სტატიაში პუტინის შეთავაზებაზე წერს, რომ:
- მოსკოვი მზად არის პირდაპირ დიალოგისთვის მხოლოდ კიევთან, “დასავლელი “კურატორების” [გულისხმობს დასავლეთის ქვეყნებს - რ.თ.] მონაწილეობის გარეშე”;
- მოსკოვის მიზანია “ხანგრძლივი მშვიდობა და არა ხანმოკლე ზავი”;
- სტამბოლში მოლაპარაკებები გაგრძელდება “ახალი რეალობის გათვალისწინებით”;
- არ გამოირიცხება, რომ ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი გახდეს შეთანხმება “რაღაც ახალი ზავის” შესახებ.
ნიზამუტდინოვი აღნიშნავს, რომ 9 მაისს “გამარჯვების დღის”აღსანიშნავად უცხოელი ლიდერების სიმრავლე ნათლად აჩვენებს, რომ “მსოფლიო უმრავლესობის მხარდაჭერა რუსეთის მხარესაა”.
რუსეთმა მართლაც მოახდინა უკრაინის რამდენიმე ოლქის ანექსია და ეს შეცვლილ კონსტიტუციაშიც ასახა, მაგრამ ეს ოლქები დღემდე არა აქვს სრულად ოკუპირებული.
უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში აღნიშნავს, რომ როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებს ახლა სწორება აშშ-ის პრეზიდენტისკენ აქვთ და „ორივე მხარე ახლა მხოლოდ ერთი მაყურებლისთვის თამაშობს - დონალდ ტრამპისთვის“. უშუალოდ მოლაპარაკებებისგან კი პოლიტოლოგი სწრაფ შედეგებს არ მოელის; ფიქრობს, რომ პროცესი „რთული და ხანგრძლივი“ იქნება და არც იმისი არ სჯერა, რომ სტამბოლში თავად პუტინი ჩავა.
რუსეთის პრეზიდენტის თურქეთში ჩასვლას არც პოლიტიკური მიმომხილველი იური ფიოდოროვი არ მოელის, რადგან, მისი თქმით, ეს პუტინის მხრიდან ზელენსკის „ლეგიტიმაცია“ იქნებოდა. „ნასტოაიაშჩეე ვრემიასთან“ ფიოდოროვი ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვან საკითხებს არ განიხილავენ:
„ეს იქნება მხოლოდ შეხვედრა, საუბარი, სადაც რუსეთი წამოაყენებს თავის პოზიციას, რომლის მიზანი უკრაინის კაპიტულაციაა. ხოლო უკრაინა თავის პოზიციას წარმოადგენს: ვეთანხმებით მოლაპარაკებებს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში“.
ექსპერტები მოელიან, რომ მოსკოვი ვაჭრობას გააჩაღებს და ცეცხლის შეწყვეტის ძვირად გაყიდვას შეეცდება.
საჯარო დიპლომატიის ცენტრის აკადემიური დირექტორი ალექსეი პოლიოგკი პოლიტოლოგი უკრაინულ FREEДOM-ს ეუბნება, რომ რუსეთი შეეცდება დასავლეთის ქვეყნებზე ზეწოლას, რათა შეაფერხოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის; თორემ, მისი სიტყვებით, ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე, თუნდაც მხოლოდ გადაჯგუფებისთვის, კრემლსაც აწყობს და ზავი დათმობა სულაც არ იქნება მისგან.
ფორუმი