Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის ორი აქტი - რატომ ერევათ ერთმანეთში? ვისი ხელმოწერებია 1918 და 1919 წლების აქტებზე?


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

საქართველოს აქვს სამი აქტი, რომლებიც მის დამოუკიდებლობას აღიარებს: 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, 1919 წლის 12 მარტის დამოუკიდებლობის დადასტურების აქტი და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. აქედან პირველი ორი ხშირად ერევათ ერთმანეთში.

ამ სტატიაში გიყვებით დამოუკიდებლობის აღიარების და დადასტურების აქტებისა და მათზე ხელმომწერების შესახებ.

ერთობა რუსეთისა და ბოლშევიკებისგან თავის დასაცავად

1917 წლის 7 ნოემბრის რევოლუციის შედეგად რუსეთის სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ. ბოლშევიკური მმართველობისგან ამიერკავკასიის დასაცავად ადგილობრივმა პარტიებმა ამიერკავკასიის სამიტი შექმნეს. საქართველოში ჩატარდა პირველი ეროვნული ყრილობა, შეიკრიბა 300-მდე დელეგატი, ქართველი ხალხის წარმომადგენლები, რომლებმაც 1917 წლის 22 ნოემბერს ეროვნული საბჭო აირჩიეს.

ამიერკავკასიის დემოკრატიულმა ფედერაციულმა რესპუბლიკამ, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიოდნენ, სულ ორიოდე თვე იარსება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ორი დღის შემდეგ, 28 მაისს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმაც.

დამოუკიდებლობის აქტი

„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ - ეს სათაური, რამდენიმეაბზაციანი ტექსტი და ხელმოწერები. არც გაფორმება, არც რამე ნიშანი, რომ ეს ქვეყნის მთავარი დოკუმენტია და არა მორიგი საკანცელარიო საბუთი - ასეთი იყო ფურცელი, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ჰყვება, რომ დამოუკიდებლობის აქტს ხელს აწერდნენ ეროვნული საბჭოს დეპუტატები, ასევე კანდიდატები, რომლებიც იმ წუთას დეპუტატებს ცვლიდნენ, სულ 88 ადამიანი. ამავე დღეს შეიქმნა კოალიციური მთავრობა და 1918 წლის ბოლომდე ეროვნული საბჭო დროებითი პარლამენტის ფუნქციას ითავსებდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი - 1918 წლის 26 მაისი
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი - 1918 წლის 26 მაისი

ნელ-ნელა საბჭოს დაემატნენ უმცირესობების წარმომადგენლები, 1919 წლის თებერვალში კი ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები. ამავე წლის 12 მარტს, პირველივე სხდომაზე, დეპუტატებმა 1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი სიმბოლურად კიდევ ერთხელ დაადასტურეს ხელმოწერებით.

„კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ეს არის სრულიად ლეგიტიმური და კანონიერი აქტი. ეს ორი დოკუმენტი ხშირად ერევათ ერთმანეთში, რადგან 1919 წლის აქტი უფრო პომპეზურად გამოიყურება, თუმცა დამოუკიდებლობის აქტი პირველი დოკუმენტია, 1918 წლის“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას" შესწავლილი, დაარქივებული აქვს დამფუძნებელი კრების დეპუტატების ბიოგრაფიები და ისტორიები.

დამოუკიდებლობის დადასტურების აქტი

1919 წლის 12 მარტის დოკუმენტში - დამოუკიდებლობის დადასტურების აქტში - ტექსტის თავზე საქართველოს გერბია, ტექსტს კი ვარაყი აქვს შემოვლებული. ერთვის პრეამბულაც: „საქართველოს დამფუძნებელი კრება, არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული სისტემით, ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, - თავის პირველსავე სხდომაზე 1919 წლის მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წ. მაისის 26-ს, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს:“

საქართველოს დამოუკიდებლობის დადასტურების აქტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დადასტურების აქტი

ამ დოკუმენტს ხელს 99 ადამიანი აწერს, მათგან ბევრია ისეთი, რომლებსაც 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტზე ხელი მოწერილი არ ჰქონდათ. ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ორივე დოკუმენტზე იმ დეპუტატებმა და კანდიდატებმა მოაწერეს ხელი, რომლებიც უშუალოდ სხდომას ესწრებოდნენ. სხდომაზე დასწრებას ყველა ვერ ახერხებდა, ზოგი ოსმალეთთან ომში იყო, ზოგი - დიპლომატიურ მისიაში.

„მაგალითად, საპარლამენტო ტრადიციით, პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი თავმჯდომარეობს, მდივანი კი ყველაზე უმცროსია. ამ ლოგიკით, 1919 წლის სხდომის თავმჯდომარე ნიკო ნიკოლაძე უნდა ყოფილიყო (75 წლის რ.თ.), მაგრამ ის ამ დროს დიპლომატიური მისიით იყო ევროპაში, ამიტომ სხდომა სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა. ყველაზე უმცროსი კი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 24 წლის გოგიტა ფაღავა იყო და მდივნობაც მან გასწია“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებიდან ბევრი საყოველთაოდ ცნობილი ადამიანი იყო, მაგალითად: ექვთიმე თაყაიშვილი, კოტე აფხაზი, სანდრო ახმეტელი, კონსტანტინე მაყაშვილი (მარო მაყაშვილის მამა), გერონტი ქიქოძე, ტიტე მარგველაშვილი, დიმიტრი უზნაძე…

როგორ განვასხვაოთ ასლი ორიგინალისგან?

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი, ოკუპაციის დროს, საქართველოდან ევაკუირებულ არქივთან ერთად გაიტანეს. მას დიდი ხნის განმავლობაში ემიგრაციული მთავრობა ინახავდა - ჯერ საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი, შემდეგ კი მისი ძმა, პროფესორი კიტა ჩხენკელი. 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, რელიკვია ისევ უკან ჩამოიტანეს და დღეს საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. იქვე ინახება 1919 წლის დადასტურების აქტიც.

„1919 წლის აქტის ფოტოგრაფიულად ზუსტი ასლებია გავრცელებული, თუმცა ორიგინალისგან იმით განირჩევა, რომ ასლებს ერთი დეპუტატის, ისიდორე რამიშვილის ხელმოწერა აკლია. როგორც ჩანს, გადაღებისას არ გადავიდა, მაშინ, როცა ორიგინალზე ის არის“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

1921 წლის თებერვლის ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებიდან ზოგი ემიგრაციაში წავიდა, უმეტესობა კი დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო.

„რამდენიმემ ითანამშრომლა საოკუპაციო რეჟიმთან, თუმცა მათი ნაწილი მოგვიანებით მაინც ტერორის მსხვერპლი გახდა. დამფუძნებელი კრების დეპუტატებიდან ყოველი მესამე დახვრიტეს, დანარჩენები ან რამდენიმე წლით დააპატიმრეს, ან ტერორისტული გზით მოკლეს. ეს არის ის, რაც დამართა ოკუპაციურმა რეჟიმმა იმ ხალხს, ვინც შექმნა დამოუკიდებელი საქართველო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებიდან ყველაზე დიდხანს იცოცხლა მოშე დავარაშვილმა. ის 1980 წელს ისრაელში გარდაიცვალა.

1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სია:

  1. შალვა ალექსი-მესხიშვილი
  2. ნოე რამიშვილი
  3. გიორგი ჟურული
  4. გიორგი ლასხიშვილი
  5. გრიგოლ ვეშაპელი
  6. ივანე ლორთქიფანიძე
  7. კონსტანტინე გვარჯალაძე
  8. დავით ჩიქოვანი
  9. ნოე ხომერიკი
  10. ვიქტორ (ლეონტი) ჟღენტი
  11. პეტრე გელეიშვილი
  12. თედორე კიკვაძე
  13. დავით ვაჩნაძე
  14. ტიტე მარგველაშვილი
  15. მინადორა ტოროშელიძე
  16. ნოე ჟორდანია
  17. ვლადიმერ გობეჩია
  18. პავლე საყვარელიძე
  19. ისიდორე რამიშვილი
  20. სილიბისტრო ჯიბლაძე
  21. ანდრო ჭიაბრიშვილი
  22. ვლასა მგელაძე
  23. გიორგი გვაზავა
  24. იოსებ მაჭავარიანი
  25. ალექსანდრე ახმეტელი
  26. კონსტანტინე მესხი
  27. რაფიელ ჩიხლაძე
  28. მელიტონ რუსია
  29. დავით ონიაშვილი
  30. დიმიტრი ჯავახიშვილი
  31. შალვა მიქელაძე
  32. რაჟდენ არსენიძე
  33. პარმენ საბაშვილი
  34. ჰაიდარ აბაშიძე
  35. ილია გოგელია
  36. იესე (ოსიკო) ბარათაშვილი
  37. კონსტანტინე ჯაფარიძე
  38. მიხეილ კლიმიაშვილი
  39. პავლე ინგოროყვა
  40. იასონ ლორთქიფანიძე
  41. ვასილ (ვასო) წულაძე
  42. ექვთიმე თაყაიშვილი
  43. ალექსანდრე მდივანი
  44. გრიგოლ რცხილაძე
  45. ქრისტეფორე რაჭველიშვილი
  46. ილია (ილიკო) ბადრიძე
  47. ა. ქალანთაროვი
  48. ვიქტორ (ბიქტორ) თევზაია
  49. ივანე ჩერქეზიშვილი
  50. გერონტი ქიქოძე
  51. ვასილ წერეთელი
  52. ოლღა სანიკიძე-ვალაბუევისა
  53. რევაზ გაბაშვილი
  54. ალექსანდრე ასათიანი
  55. სამსონ ფირცხალავა
  56. ლევან ასათიანი
  57. დიმიტრი უზნაძე
  58. ვარლამ ბურჯანაძე
  59. მიხეილ ზანდუკელი
  60. ნიკოლოზ ელიავა
  61. აკაკი პაპავა
  62. სვიმონ მაჭავარიანი
  63. არჩილ ჯაჯანაშვილი
  64. იოსებ აბაკელია
  65. იოსებ სალაყაია
  66. კონსტანტინე დავარაშვილი
  67. კალენიკე (კალე) ქავთარაძე
  68. არსენ მამულაიშვილი
  69. კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი
  70. ნოე ცინცაძე
  71. ალექსანდრე ლომთათიძე
  72. იოსებ გობეჩია
  73. გრიგოლ ნათაძე
  74. ფილიპე გოგიჩაიშვილი
  75. მიხეილ მაჩაბელი
  76. ვიქტორ ნინიძე
  77. კონსტანტინე (კოტე) აფხაზი
  78. გერასიმე მახარაძე
  79. გრიგოლ ქურდიანი
  80. ირაკლი წერეთელი
  81. ილია (ილიკო) ფირცხალაიშვილი
  82. ივანე გობეჩია
  83. შალვა ქარუმიძე
  84. გიორგი ერაძე
  85. ვასილ (ვასო) ცაბაძე
  86. ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე
  87. ევგენი გეგეჭკორი
  88. გრიგოლ (გიზო) ანჯაფარიძე

1919 წლის 12 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის დამადასტურებელი აქტის ხელმომწერთა სია:

  1. ნოე ჟორდანია
  2. ევგენი გეგეჭკორი
  3. ნოე რამიშვილი
  4. გიორგი ლასხიშვილი
  5. ნოე ხომერიკი
  6. შალვა ალექსი-მესხიშვილი
  7. გერასიმე მახარაძე
  8. გრიგოლ გიორგაძე
  9. სილიბისტრო ჯიბლაძე
  10. რაჟდენ არსენიძე
  11. კონსტანტინე ანდრონიკაშვილი
  12. დიომიდე თოფურიძე
  13. პეტრე გელეიშვილი
  14. ნოე ცინცაძე
  15. ლევან ნათაძე
  16. თედორე კიკვაძე
  17. გიორგი გვაზავა
  18. დავით ონიაშვილი
  19. სარდიონ თევზაძე
  20. ვლასა მგელაძე
  21. დავით შარაშიძე
  22. გრიგოლ ურატაძე
  23. ექვთიმე თაყაიშვილი
  24. პავლე საყვარელიძე
  25. იოსებ ელიგულაშვილი
  26. ნიკიფორე იმნაიშვილი
  27. იოსებ სალაყაია
  28. ივანე გომართელი
  29. ელისაბედ ბოლქვაძე
  30. გიორგი ანჯაფარიძე
  31. ილია ფირცხალაიშვილი
  32. პავლე წულაია
  33. სიმონ სურგულაძე
  34. მიხეილ კოვალოვი
  35. მელიტონ რუსია
  36. ივანე ჭავჭანიძე
  37. ანა სოლოღაშვილი
  38. ილია ბადრიძე
  39. ივანე ტატიშვილი
  40. გიორგი მურვანიძე
  41. იოსებ მაჭავარიანი
  42. კონსტანტინე კანდელაკი
  43. კირილე ნინიძე
  44. ვასილ წულაძე
  45. რაფიელ ჩიხლაძე
  46. ფილიპე ლორია
  47. ჰაიდარ აბაშიძე
  48. ალექსანდრე ჩიქავა
  49. ალექსანდრე ფარნიევი
  50. თავაზ-ყადირ გვარამაძე
  51. გერასიმე შევჩუკი
  52. რუბენ აუშტროვი
  53. ნიკოლოზ კაციაშვილი
  54. ლეონტი ჟღენტი
  55. სერგი ჯაფარიძე
  56. გიორგი ცინცაძე
  57. რუბენ ყიფიანი
  58. გიორგი გაგლოევი
  59. ილია კოპალეიშვილი
  60. კონსტანტინე ჯაფარიძე
  61. ანდრეი ლოსკუტოვი
  62. კონსტანტინე საბახტარაშვილი
  63. ბენიამინ ჩხიკვიშვილი
  64. მკრტიჩ ვარდოიანცი
  65. ანდრია ჭიაბრიშვილი
  66. ვასილ (ვასო) ცაბაძე
  67. თეიმურაზ ჭელიძე
  68. მოშე დავარაშვილი
  69. ანანია სალუქვაძე
  70. ჰუსეინ მამედოვი
  71. ვალიკო ჯუღელი
  72. გაბრიელ ცისკარიშვილი
  73. სვიმონ ახმეტელაშვილი
  74. ვასო ღურჯუა
  75. პაულ ბიული
  76. ვარლამ შერვაშიძე
  77. იოანის ფაშალიდისი
  78. არზაყან ემხვარი
  79. კონსტანტინე ფანიევი
  80. ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
  81. დიმიტრი ზახაროვი
  82. დავით ჩხეიძე
  83. ნიკო ელიავა
  84. პეტრე სურგულაძე
  85. გრიგოლ ნათაძე
  86. ილია ნუცუბიძე
  87. ივანე გობეჩია
  88. ლეონ შენგელაია
  89. იესე ბარათაშვილი
  90. შალვა ნუცუბიძე
  91. სიმონ მდივანი
  92. სამსონ ფირცხალავა
  93. გიორგი ერაძე
  94. გრიგოლ ცინცაბაძე
  95. ალექსანდრე ასათიანი
  96. გიორგი ფაღავა
  97. სპირიდონ კედია
  98. გერონტი ქიქოძე
  99. ისიდორე რამიშვილი


  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG