Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერების სიკვდილით დასჯის სურვილი ნიშნავს, რომ რეჟიმი პანიკაშია


საპროტესტო გამოსვლა ირანში
საპროტესტო გამოსვლა ირანში
ორშაბათის ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, ირანის პარლამენტის წევრებმა ხმამაღლა გამოთქვეს სურვილი, რომ ოპოზიციის ლიდერები დაისაჯონ. მათ მოთხოვნას გენერალურმა პროკურორმა უპასუხა, ისინი უნდა დაისაჯონ, მათი პატიება არ შეიძლებაო. რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსებმა ამ ფაქტის კომენტირებისას უთხრეს, ეს იმის ნიშანია, რომ რეჟიმი პანიკაშიაო.
პარლამენტარებმა ოპოზიციის ლიდერების დასჯისკენ მოწოდებით უპასუხეს ორშაბათის საპროტესტო გამოსვლას, რომელიც თავიდან ეგვიპტელი დემონსტრანტების სოლიდარობის აქტად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მთავრობის უარის შემდეგ აშკარა ანტისამთავრობო ხასიათი შეიძინა. პარლამენტის წევრების რისხვა მიმართული იყო განსაკუთრებით ოპოზიციის ორი ლიდერის - მირ ჰოსეინ მუსაუის და მეჰდი ქარუბის - წინააღმდეგ. ეს ორივე პირი შინაპატიმრობაშია, მათ არ ჰქონიათ გამოსვლებში მონაწილეობის საშუალება, თუმცა, მთავრობის უარის შემდეგ, მოსახლეობას მოუწოდეს 14 თებერვალს ქუჩაში გასულიყვნენ. გამოსვლებს მსხვერპლი მოჰყვა, ორი ადამიანი მოკლეს. ამაში პასუხისმგებლობას პარლამენტის 221 წევრი, როგორც ჩანს, ოპოზიციის ლიდერებს აკისრებს, რაკი მათი გასამართლების სურვილს გამოხატავს. თავიანთ განცხადებაში ისინი წერენ:

ძალის გამოყენებით მუქარა და სიკვდილით დასჯისკენ მოწოდება ბოლო საშუალებაა მათთვის, ვინც იდეათა ბრძოლა წააგო ...
„ხალხის მოთმინების ფიალა აივსო და ის მოითხოვს ოპოზიციის ლიდერები სიკვდილით დაისაჯონ.“

ისინი გამოყოფენ ასევე მოჰამად ხათამის, ირანის ყოფილ პრეზიდენტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტის წევრებს ოპოზიციის ლიდერების დასჯა სურთ. დღემდე ამ სურვილს პრაქტიკული ნაბიჯი არ მოჰყოლია, - ალბათ, ფიქრობდნენ, რომ დასჯას მათი ჰეროიზაცია მოჰყვებოდა. ახლა ისინი უკვე მოქმედებას მოითხოვენ. ეს პრაქტიკული სურვილი ირანის ხელისუფლებისა, აშშ-ის დენვერის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის მკვლევრის ნადერ ჰაშემის აზრით, იმის ნიშანია, რომ ირანის რეჟიმი დაფრთხა და პანიკაშია:

„ძალის გამოყენებით მუქარა და სიკვდილით დასჯისკენ მოწოდება ბოლო საშუალებაა მათთვის, ვინც იდეათა ბრძოლა წააგო, ვისაც არ შეუძლია მორალური, პოლიტიკური თუ ინტელექტუალური არგუმენტების მოტანა და დაშინებისა და ჩახშობის გზას ადგება. ზუსტად ეს ჩანს ახლა. ეს არის აშკარა ნიშანი, რომ რეჟიმი პანიკაშია. მათ დაინახეს, რომ მწვანე მოძრაობა ცოცხალია, რომ ხალხი მხარს უჭერს მუსაუის და ქარუბის, რომლებმაც მოსახლეობას დემონსტრაციისკენ მოუწოდეს და ისიც აჰყვა ამ მოწოდებას.“

ხელისუფლება დილემის წინაშეა. ერთი მხრივ, სურს მათი ჩაჩუმება, მათი გასამართლება, მათი საჯაროდ დამცირება, მაგრამ, ამავე დროს, იცის, რომ რეჟიმს ეს ძვირად დაუჯდება ...
კანონმდებელთა შორისაა რუჰოლა ჰოსეინიანი, მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკისო, რომელმაც სახელმწიფო რადიოს უთხრა, პარლამენტის წევრები აგროვებენ იმათ ხელმოწერებს, ვინც მომხრეა ოპოზიციის ლიდერების გასამართლებისო. პროკურატურამ კი გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიმართ ირანის მართლმსაჯულება აპირებს სწრაფად და გადაჭრით იმოქმედოს.

14 თებერვლის გამოსვლა უდიდესი იყო 2009 წლის საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ. ეს აქციები მაშინ პოლიციამ ჩაახშო, შემდეგ უამრავი ადამიანი დააკავეს, ბევრი დღესაც ციხეშია. ამ დაშინების მიუხედავად, ხალხი მოწოდებას გამოეხმაურა და დემონსტრანტები უკვე რელიგიურ ლიდერს, აიათოლა ჰამენეის ახსენებდნენ თავიანთ ლოზუნგებში, ეგვიპტისა და ტუნისის ჩამოგდებული ლიდერების გვერდით:

„მუბარაქი, ბენ ალი, ახლა სეიედ ალის, ანუ აიათოლა ჰამენეის, ჯერია“, გაჰყვიროდნენ თეირანში ორშაბათს. პოლიტოლოგი ნადერ ჰაშემი ავტორია წიგნისა მწვანე მოძრაობის შესახებ. მისი თქმით, ხალხი კვლავ დაიმუხტა და ახლა მმართველი წრეები, ამ ახალი ანტისამთავრობო დემონსტრაციების გამო, იმაზე ფიქრობენ, როგორ მოექცნენ მუსაუის და ქერუბის:

„მათი უგულებელყოფა შეუძლებელია, მაგრამ ხელისუფლება დილემის წინაშეა. ერთი მხრივ, სურს მათი ჩაჩუმება, მათი გასამართლება, მათი საჯაროდ დამცირება, მაგრამ, ამავე დროს, იცის, რომ რეჟიმს ეს ძვირად დაუჯდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ამის შემდეგ ოპოზიციონერების პრესტიჟი და მნიშვნელობა შინ და გარეთ ამაღლდება.“

ჰაშემი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე უფრო დიდია ალბათობა, ვიდრე ოდესმე, მუსაუი და ქარუბი გაასამართლონ. ახლა გამოჩნდება, აპირებს თუ არა რეჟიმი გადაიხადოს ეს საფასური და გაასამართლოს ისინი, რაც, მის ლეგიტიმურობას ძალიან ავნებს და, ამასთან, ოპოზიციას დამატებითი გამოსვლებისთვის ახალ სიმბოლოებს შესძენს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG