Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არტიომ უსის გაქცევის საგა, “პრინცი” ჭირაქაძე და მორიგი განაჩენი იტალიის სასამართლოსგან


კადრი სათვალთვალო ვიდეოდან რომელზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია, როგორ იპარება 2023 წლის 22 მარტს მილანში არტიომ უსი (მარჯვნივ) შინაპატიმრობიდან.
კადრი სათვალთვალო ვიდეოდან რომელზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია, როგორ იპარება 2023 წლის 22 მარტს მილანში არტიომ უსი (მარჯვნივ) შინაპატიმრობიდან.

მას შემდეგ, რაც არტიომ უსი — რუსი ბიზნესმენი და კრემლთან დაკავშირებული გავლენიანი გუბერნატორის შვილი — ორი წლის წინ იტალიიდან შინაპატიმრობიდან გაიქცა, გამოძიებას თვეები დასჭირდა, იმ ჭრელ ბალკანურ კრიმინალურ დაჯგუფებაზე გასულიყო, რომელმაც ის რუსეთში გააპარა.

მილანის გარეუბნებიდან მტკიცებულებათა კვალმა გამომძიებლები ზაგრებამდე, შემდეგ ბელგრადამდე და ბოლოს უსის დაბადების ადგილამდე, ციმბირის უზარმაზარ რეგიონამდე, კრასნოიარსკამდე მიიყვანა. საქმეში ჩართული იყვნენ ამერიკელი პროკურორები, რომლებმაც უსს დასავლური სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდაში დასდეს ბრალი და მისი დაპატიმრების ორდერი გასცეს.

ამის შემდეგ უსი საჯარო სივრციდან გაუჩინარდა — ისევე როგორც ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, მას გაქცევაში დაეხმარა. ამ საქმეში მხილებული ერთ-ერთი ბოსნიელი, იტალიელ პროკურორებთან თანამშრომლობის შემდეგ, პატიმრობიდან გათავისუფლდა; მეორემ, სერბმა, რომელიც შემდეგ ჩრდილოეთ პოლუსზე რუსეთის ექსპედიციაში აღმოჩნდა, ასევე მისცა ჩვენება.

ამ საგაში უახლესი ამბავი კი შემდეგია: 2023 წლის მარტში უსის გაქცევის ორგანიზებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო, ჟენევაში დაფუძნებულ რუს იურისტს, დმიტრი ჭირაქაძეს, მილანის სასამართლომ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიმდინარე თვის დასაწყისში, თავიანთ დასკვნით სიტყვაში, მილანის პროკურორებმა დმიტრი ჭირაქაძისთვის 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მოითხოვეს. ჭირაქაძე პატიმრობაში 2024 წლის ივნისიდან იმყოფება — მას შემდეგ, რაც სარდინიიდან ჩასული, სამართალდამცავებმა რომში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სარდინიაზე ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროს ფლობს.

საქმის მთავარ პროკურორს, ჯოვანი ტარციას, რადიო თავისუფლების იმეილისთვის, რომელშიც კომენტარი ვთხოვეთ, არ უპასუხია.

აშშ-ს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული ინფორმაციაზე, რომელიც არტიომ უსის დაპატიმრებით დასრულდება.
აშშ-ს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული ინფორმაციაზე, რომელიც არტიომ უსის დაპატიმრებით დასრულდება.

არტიომ უსი, კრასნოიარსკის უზარმაზარი რეგიონის იმჟამინდელი გუბერნატორის, ალექსანდრ უსის ვაჟი, 2022 წლის ოქტომბერში მილანის აეროპორტში დააკავეს, აშშ-ის დიდი ჟიურის მიერ მისთვის კონტრაბანდაში გაუხმაურებლად ბრალის წაყენებიდან ერთი თვის თავზე.

რუს ბიზნესპარტნიორთან და კიდევ ოთხ პირთან ერთად, უსი გერმანული კომპანიის გამოყენებით და დასავლური სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების რუსეთში გადატანაშია მხილებული. მათ შორის იყო ისეთი სახის ელექტრონული ტექნიკა, რომელიც მოგვიანებით უკრაინაში, ბრძოლის ველზე აღმოაჩინეს.

უსი იტალიის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, რომელიც აშშ-ის ექსტრადიციის მოთხოვნას განიხილავდა. ის მხოლოდ შინაპატიმრობაში იყო — მილანის სამხრეთით მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ტაუნჰაუსში ცხოვრობდა.

2023 წლის მარტში, ექსტრადიციამდე რამდენიმე დღით ადრე, უსი შინაპატიმრობიდან გაიქცა; მან ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. უსი მანქანით იტალიის, სლოვენიისა და ხორვატიის გავლით, ბელგრადში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით მოსკოვში გაფრინდა, ხოლო შემდეგ — კრასნოიარსკში.

უსის გაქცევამ იტალიის ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ გაქცევის გარემოებები დამატებით გამოძიებას საჭიროებდა. ამან აშშ-ის პროკურორებიც განარისხა, რომლებმაც უსის შესაძლო გაქცევაზე იტალიელი კოლეგები წინასწარ გააფრთხილეს.

მომდევნო თვეებში იტალიელმა გამომძიებლებმა და ამერიკელმა სამართალდამცავებმა უსის გაქცევის სავარაუდო ორგანიზატორების — ბოსნიელი, სერბი და სლოვენიელი კაცების და ქალებისგან შემდგარი შვიდწევრიანი ჯგუფი გამოავლინეს.

ამაში აშშ-ის პროკურორებმა ჯგუფის წევრი ბოსნიელი კაცი 2023 წლის დეკემბერში ამხილეს და ზაგრებში დააკავეს. მოგვიანებით, მან იტალიურ გამოძიებასთან ითანამშრომლა და გაათავისუფლეს. სლოვენიელი კაცი სლოვენიის პოლიციამ 2024 წლის იანვარში, იტალიის ორდერის საფუძველზე დააკავა, და ისიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

საქმეში ასევე ფიგურირებს სერბი ბიზნესმენი სრდიან ლოლიჩი, რომელიც 2023 წლის აპრილში, როდესაც ერთი თვეც არ იყო გასული, რაც უსს, სავარაუდოდ, გაქცევაში დაეხმარა, ჩრდილოეთ პოლუსზე რუსულ ექსპედიციას შეუერთდა. ლოლიჩმა კრასნოიარსკის გავლით იმგზავრა.

ჩრდილოეთ პოლუსზე ყოფნისას, ლოლიჩი რეგიონის ვიცე-გუბერნატორთან ერთად მოცეკვავე ნახეს. ის საჯაროდ ამაყობდა, რომ ალექსანდრ უსთან, გუბერნატორთან, ივახშმა და მასთან ერთად მართლმადიდებლურ წირვას დაესწრო.

ლოლიჩს ჩვენი კითხვებისთვის არ უპასუხია.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრ უსმა კრასნოიარსკის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა, ის პარლამენტის ზედა პალატის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა.

ამასობაში, 2024 წლის ივნისში, ჭირაქაძე, რომელიც სარდინიიდან შვეიცარიაში მიფრინავდა, რომის აეროპორტში იტალიის პოლიციამ დააკავა.

სარდინიაზე ფეშენებელური კურორტის გარდა, ჭირაქაძე ასევე კრასნოიარსკში სანადირო მამულს ფლობდა. რუსეთში ჭირაქაძე ცნობილია, როგორც ონლაინ იურიდიული პორტალის, რუსეთის იურიდიულ წრეებში პოპულარული Pravo.ru-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მიმდინარე თვის დასაწყისში, მილანის მთავარმა პროკურორმა ტარციამ დასკვნით სიტყვაში სასამართლოს აცნობა, რომ ლოლიჩმა სერბეთიდან ვიდეოკავშირის მეშვეობით მისცა ჩვენება და ხელი კრასნოიარსკელ, ამჟამად უკვე გარდაცვლილ რუს დეპუტატს დაადო.

მილანური გამოცემის, Corrierre Dela Serra-ს ცნობით, ლოლიჩმა ჩვენებაში თქვა, რომ მას აწ გარდაცვლილი რუსი დეპუტატი დაუკავშირდა და სთხოვა, ჭირაქაძეს შეხვედროდა — პირს, რომელსაც პროკურორები უსის გაქცევის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევენ.

ჭირაქაძის ადვოკატს, ტატიანა დელა მარას, იმეილით გაგზავნილი ჩვენი შეკითხვებისთვის არ უპასუხია.

უსისგან კომენტარის მოპოვება ასევე ვერ მოხერხდა. თუმცა მისმა რუსმა ადვოკატმა ბიზნესგამოცემა Ведомости-ს განუცხადა, რომ ჭირაქაძეს გაქცევასთან კავშირი არ ჰქონია. მან იტალიის ხელისუფლება ჭირაქაძის “მძევლად აყვანაში“ დაადანაშაულა.

“ჭირაქაძე არტიომის სამართლებრივ დაცვაზე იყო პასუხისმგებელი და, ცხადია, ვერანაირად იქნებოდა დაკავშირებული მის შინაპატიმრობიდან გაქცევასთან“, — ციტირებს გამოცემა ალექსეი ტიხომიროვის სიტყვებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG