აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ანგარიშის დაყადაღების შესახებ და აცხადებს, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს.
„აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით“, - წერია განცხადებაში.
6 აგვისტოს კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მათი ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ხელი შეუშალონ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ბრძოლას.
მამუკა ხაზარაძე - თანამოაზრე, მეგობარ და ნათესავ ბადრი ჯაფარიძესთან და სხვა არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად - ახლა ციხეშია.
ის დამნაშავედ ცნეს სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და პატიმრობა მიუსაჯეს.
„ლელო/ძლიერი საქართველო“ მონაწილეობას იღებს 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში. ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტია „საქართველოსთვის“.
ბოიკოტს უერთდება ექვსი ოპოზიციური პარტიაც, მათ შორის „ფედერალისტები“. ასევე - 2024 წლის ოპოზიციურ კოალიციებში შემავალი „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“.
ფორუმი