Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წადი, არჩევნებისთვის მოემზადე“ - „ლელოს“ ლიდერი გეგელია პარლამენტთან აქციიდან გააძევეს


გრიგოლ გეგელია აქციაზე მივიდა, თუმცა დემონსტრანტთა ნაწილი მას დაუპირისპირდა.
გრიგოლ გეგელია აქციაზე მივიდა, თუმცა დემონსტრანტთა ნაწილი მას დაუპირისპირდა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია დღეს საღამოს მივიდა პარლამენტთან აქციაზე, სადაც ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობიდან მოულოდნელი გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდა. დემონსტრანტთა ნაწილმა გეგელია არ მიიღო - ისინი მას დაუპირისპირდნენ.

„წადი! წადი“! - ყვიროდა აქციის რამდენიმე მონაწილე.

„არჩევნებისთვის მოემზადე, წადი!“ - დაიძახა ერთ-ერთმა მათგანმა.

ისმოდა პოლიტიკოსის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.

მის წინააღმდეგ განწყობილი დემონსტრანტების ნაწილს სახე დაფარული ჰქონდა (აქციის არაერთ მონაწილეს, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, სახე დაფარული აქვს).

აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ნადიმ ხმალაძე, აქციის სხვა რამდენიმე მონაწილესთან ერთად, დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და გრიგოლ გეგელიას ადგილიდან გარიდებას ცდილობდა.

ინციდენტი პარლამენტის წინ დაიწყო.

კადრებში ჩანს ისიც, რომ უკვე პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს მყოფი გეგელია უკან შებრუნებას ცდილობს დემონსტრანტებისკენ, თუმცა მას ერთ-ერთი მოქალაქე უკან უბიძგებს და ვითარებას არიდებს.

„იმის დედას მოვ***ავთ, ვინც არჩევნებზე წავა“, - დაიყვირა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოგვიანებით გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა: „არის მღელვარება, მაგრამ მე მესმის, არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი“.

მან განაცხადა, რომ, „ძირითადი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება“:

„ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად“, - თქვა მან.

საქართველოში ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აღიარებს, თუმცა მათი ნაწილი („ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ასევე, „გირჩი“) მაინც თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.

სწორედ ეს საკითხია წყალგამყოფი, რამაც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბა ვითარება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეებსა და მხარდამჭერებსა და „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შორის. ამ ორ პარტიას ასევე აკრიტიკებენ სხვა, ბოიკოტის მომხრე პარტიები.

2024 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი ან უკვე ციხეშია („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“/„ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ან საზღვარგარეთაა და მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული („გახარია - საქართველოსთვის).

დემონსტრაციები 252-ე დღეა, გრძელდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG