“ქართული ოცნების” ხელისუფლება მუდმივად ომის საფრთხეზე ლაპარაკობს; ომის გაჩაღების საფრთხეს კი არა ოკუპანტი რუსეთისგან, არამედ დასავლეთისგან მოელის. “ოცნება” სხვა თვალით უყურებს 2008 წლის აგვისტოს ომსაც - შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.
- როგორ ვითარდებოდა ქართული ჯარი?
- ვინ ეხმარებოდა მას გაძლიერებაში?
- რა მდგომარეობაშია ის ახლა?
2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ქვეყნის შეიარაღებული ძალები უკვე 17-წლიან ისტორიას ითვლიდა, უმძიმესი პერიოდის - სამოქალაქო ომის, ხელისუფლების დამხობისა და სოხუმის დაცემის შემდეგ.
ჯერ კიდევ იყო ბევრი პრობლემა და როგორც სამხედროები ამბობენ - რუსეთიც ამიტომ აჩქარდა, 2008 წელს - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის ნაკლები დანაკარგით რომ მიეღწია.
“ჯარი განვითარების ეტაპზეა… დანაყოფების ფორმირება არ არის დასრულებული... მოწინააღმდეგე [რუსეთი] ამას უყურებს და გამოიყენა კიდეც... [იფიქრა] ხვალ რომ შევიდეთ, უფრო მაგარი ბიჭები იქნებიანო და მოვიდა იმ დროს, როცა... [როცა] თქვენს წინააღმდეგ მოდის ხომალდი და სადაც შეხვდებით, როგორი აგებული ნავიც გეყოლებათ, ისე უნდა იბრძოლოთ“, - ასე გაიხსენა აგვისტოს ომის დღეები გენერალმა ზაზა გოგავამ, ომის დროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, 27 მარტს, სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] წინაშე, სადაც არავინ იზიარებდა მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოს სხვა გზა არ ჰქონდა - აგრესორთან ბრძოლის გარდა.
"ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ, გარე [დასავლური] ძალების - იგივე ე.წ. გლობალური ომის პარტიის დაკვეთით დაიწყო. ეს წინასწარი განწყობა ჩანდა კომისიის წევრთა დასმულ შეკითხვებში, განცხადებებშიც.
12 აპრილს, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა 1 არხის ეთერში, აგვისტოს ომის დროს რუსებისა და ოსების მიერ წამებით მოკლული ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის ხსენებისას თქვა, რომ - „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“. 23 წლის გიორგი ანწუხელიძე მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო.
ჯარის დაბადება
საქართველოს თავდაცვის ძალების [2019 წლამდე - შეიარაღებული ძალები ერქვა] დაარსების დღედ 1991 წლის 30 აპრილი მიიჩნევა - ეროვნულ გვარდიაში პირველი საგაზაფხულო გაწვევის დღე.
პირველი ქართული სამხედრო ფორმირება, ეროვნული გვარდია 1990 წელს შეიქმნა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1992 წელს აღიარა და მალევე დაიწყო საქართველოს დახმარება - სასაზღვრო და სანაპირო დაცვის გაძლიერებითა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.
1994 წლიდან, საქართველოს დაიწყო თანამშრომლობა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან . პროგრამას „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ (SPP) ერქვა.
2002-2004 წლებში - “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით” (GTEP) ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 2000-ზე მეტი ქართველი სამხედრო გაწვრთნეს - 4 ბატალიონი, შიდა ტერორისტულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. სამხედროები აღჭურვეს კიდეც. დაიხარჯა 64 მილიონი დოლარი.
სამხედრო დახმარების ამ პროგრამას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2021 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მოაწერა ხელი - საქართველო განიხილებოდა „ტერორის წინააღმდეგ ომის“ მეორე ეტაპის მონაწილედ.
2005 წლიდან ეს პროცესი “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამით” (SSOP და SSOP II) გაგრძელდა. კიდევ რამდენიმე ათასი სამხედრო მოამზადეს - ერაყის მისიისთვის. მსურველები რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შემოწმებას გადიოდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სწორედ ერაყიდან საგანგებოდ ჩამოჰყავთ გაწვრთნილი ქართული სამხედრო კონტინგენტი.
აშშ-ის ძალისხმევით, თანამშრომლობა აგვისტოს ომის შემდეგაც გაგრძელდა - ნატოს ეგიდით
- 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტსაც მოიცავს
- 2024 წლის 30 ნოემბერს ვაშინგტონი ქარტიის მოქმედებას აჩერებს - “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო.
2009 წლიდან, აშშ-ის ძალისხმევით, ქართველი სამხედროები ნატოს სამშვიდობო მისიაში ჩაერთნენ. ISAF-ისა და RSM-ს ფარგლებში, როტაციით, 22 ათასამდე სამხედრო გაიგზავნა ავღანეთში.
ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთი 2021 წლის ივნისში დატოვა.
ავღანეთსა და ერაყში 35 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
გამორჩეული წვლილისთვის და გაღებული მსხვერპლისთვის საქართველომ აშშ-ის მადლიერება მრავალჯერ დაიმსახურა. ამერიკელი სამხედრო მეთაურები თუ პოლიტიკური ლიდერები ყოველ ჯერზე აღნიშნავდნენ ქართველი სამხედროების სიმამაცესა და თავდაუზოგავ მსახურებას ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ.
ისტორიის ამ ფურცლებს, წლების შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაც იხსენებს. თვლიან, რომ აშშ სათანადოდ არ აფასებს საქართველოს წვლილს, რადგან სანქციებს უწესებს მათი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს.
"ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით კი - საქართველოს მიერ აშშ-ისთვის გაწეული დახმარება, მატერიალურ განზომილებაშიც კი, აღემატება აშშ-ის მიერ გაწეულ რეალურ დახმარებას. ის დახმარების მთელ რიგ კომპონენტებს არ ითვლის - მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას.
ყველაზე დიდი დახმარება საქართველოს
აშშ-ის “კონგრესის კვლევითი სამსახურის” ანგარიშების თანახმად, საქართველო წლების განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიმღები მოწინავე ქვეყანა იყო, რომელმაც, 1992 წლიდან 2020 წლამდე, აშშ-სგან 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო.
2008-2009 წლებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება 1 მილიარდზე მეტი იყო.
ამერიკულმა დახმარებამ, 1992-2024 წლებში, USAID-ის პროგრამების ჩათვლით, ჯამში, 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
2016 წელს საქართველომ და აშშ-მ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო ხელშეკრულებას - უპირატესად საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვაზე ორიენტირებულ გეგმას. ასე დაიბადა “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC)/საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარების პერსპექტივა.
JTEC-ის განვითარებაში წვლილი შეიტანეს სხვა ქვეყნებმაც. მაგალითად - დანიის მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამით, JTEC-ს 403 000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა გადაეცა.
- 2022 წლიდან აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 5-წლიანი პროგრამა დაამტკიცა, 110 მილიონი დოლარი გამოყო - “თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის” პროგრამისთვის.
- მემორანდუმს, 2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის - ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტისას მოეწერა ხელი. 2023 წელს ითქვა, რომ აშშ ამ პროგრამის წყალობით საქართველოს დამატებით 33 მილიონ დოლარს გამოუყოფდნენ.
წვრთნები, ცოდნის მიღება
სამხედროების პროფესიონალიზმის ამაღლებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნისთვის დიდ მონაპოვრად მიიჩნეოდა საქართველოში ჩატარებული მრავალეროვანი სამხედრო წვრთნები, აშშ-ისა და ნატოს ეგიდით.
2011 წლიდან - საქართველოში ტარდებოდა “Agile Spirit-ი” [მტკიცე სული], ხოლო 2016 წლიდან - Noble Partner-ი [„ღირსეული პარტნიორი“]. ბოლო წლებში, სწავლებაში სხვა ქვეყნების სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, ვითარება შეიცვალა.
2024 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) განუსაზღვრელი დროით გადადო. წვრთნები იმავე თვეში იყო დაგეგმილი.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ახსნა მიზეზიც: „მთავრობის ცრუ ბრალდებები შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს ისინი ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და თითქოს მონაწილეობა მიეღო საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.
- 2024 წლის ივლისში - გამოცხადდა ასევე, რომ „შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას” რითაც “პირდაპირ სარგებლობდა” საქართველოს ხელისუფლება
- აშშ-ს, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სხვადასხვა სახის სანქციები და სავიზო შეზღუდვა აქვს დაკისრებული "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და პოლიტიკურ ლიდერების წინააღმდეგ. სანქცირებულია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
- ჯო ბაიდენის დროს შექმნილი სტატუს კვო კვლავ ძალაშია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.
2025 წლის 25 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა აშშ-ის ევროპისა და აფრიკის სამხედრო სარდლობის დაგეგმილი მრავალეროვანი სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit), შედარებით მოკრძალებული მასშტაბით - 8 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით.
2023 წელს, იგივე სწავლებაში 20-ზე მეტი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ. იმ წელს, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის ასეულმა, C-17 მრავალფუნქციური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან, დესანტის გადმოსხმის სასწავლო ოპერაციაც საქართველოში შეასრულა. წელს ეს კომპონენტი, წვრთნების პირველ დღეებში, თურქეთში შესრულდა.
"მრკიცე სულის" გახსნის ცერემონიას, წინა წლებისგან განსხვავებით, თავდაცვის სამინისტროს პირველი პირები არ დასწრებიან, არც “ქართული ოცნების” ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები. სამხედროებს ირაკლი ჩიქოვანის მოადგილემ მიმართა.
ჩიქოვანი 5 აგვისტოს - ვაზიანის მე-11 პოლიგონზე, საველე საბრძოლო სროლებით მიმდინარე მთავარ სწავლებას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ვიდეოში მისი კომენტარი არ არის.
ასევე არ იძებნება ოფიციალური ინფორმაცია საქართველოში, სწავლების დროს, აშშ-ში შექმნილი უნიკალური უპილოტო სახმელეთო დრონის - AI ULTRA-ს გამოცდის შესახებ.
აშშ-ის ევროპისა და აფრიკის სარდლობა აღნიშნავს, რომ AI ULTRA-ს შეუძლია ძირეულად შეცვალოს ვითარება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში და ის "აშშ-საქართველოს პარტნიორობის ძალის დემონსტრირებაა". ამის შესახებ აშშ-ის სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"ღირსეული პარტნიორის" გადადების შემდეგ, "მტკიცე სულის" საქართველოში გამართვა ექსპერტებს უჩენს იმედს - რომ აშშ-ს ისევ აინტერესებს საქართველოსთან პარტნიორობა.
ასევე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუკი საქართველოში ვითარება არ გაუმჯობესდება, ქვეყანა თანდათან სულ უფრო მეტ სარგებელს დაკარგავს.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძე, 2016 წელს თავად მუშაობდა „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partner) დაგეგმვაზე და ზუსტად იცის, რამდენად სასარგებლოა ეს წვრთნები საქართველოს თავდაცვის მიზნებისთვის.
აქვს თუ არა საქართველოს სხვა ალტერნატივა? შეძლებს თუ ვერა ქვეყანა - სხვა პარტნიორების პოვნას?
“თუ ვლაპარაკობთ ტექნოლოგიურ წინსვლაზე, იარაღის წარმოებასა და სამხედრო მეცნიერების განვითარებაზე, შეუძლებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება დასავლეთის დახმარების გარეშე. საქართველომ უნდა აირჩიოს ან დასავლეთი ან რუსეთი და მისი ბანაკი. კარგი მაგალითია ისრაელ-ირანი და რუსეთი უკრაინაში.
აშკარაა რამდენად წინ უსწრებს დასავლეთის სამხედრო ხელოვნება რუსულ-საბჭოთა თუ აზიურ სამხედრო ხელოვნებას… უხეშად რომ ვთქვათ, სად გვირჩევნია ჩვენი ფეხბურთელების მომზადება - “ბარსელონაში” თუ ტაშკენტის “ფახთაქორში?!” - გვეუბნება ვახტანგ კაპანაძე და დასძენს რომ საქართველოსთვისაც დამაზიანებელი იქნება დროის დაკარგვა ექსპერიმენტები და არჩევანის შეჩერება “ცუდზე ანდა არცთუ ისე კარგზე”, ისევე, როგორც ეს მეზობელ სომხეთს დაემართა:
“არასწორი პარტნიორის შერჩევა რას ნიშნავს, აჩვენა ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითმა - კრიტიკულ სიტუაციაში ზურგი აქციეს [რუსეთმა], სამხედრო თვალსაზრისით დამოკიდებული გახდა რუსეთზე და სომხეთმა ამასობაში დაკარგა ძალიან დიდი დრო - შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის. ახლა ამ წრის გარღვევას სომხეთი აქტიურად ცდილობს.
წარმოუდგენელია, რომ საქართველო ამ ტურბულენტურ მსოფლიოში იყოს ძლიერი მოკავშირის გარეშე. ვერ გადავრჩებით”.
2024 წლის ივლისში, როცა საქართველოში "ღირსეული პარტნიორი" გადაიდო, სომხეთში მასშტაბური წვრთნა - “პარტნიორი არწივი” გამართა. იმავე სახელწოდების მორიგი წვრთნა 12-20 აგვისტოს არის დაგეგმილი. ბოლო პერიოდში, როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობენ აშშ-სთან.
სამხედრო წვრთნის - “პარტნიორი არწივი” - ამოცანაა სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება - საგანგებო აქცენტია სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებზე.
- შეიარაღებული ძალების დაფინანსების მასშტაბით [ღია წყაროებით] აზერბაიჯანის გარდა, სომხეთიც საგრძნობლად უსწრებს წინ საქართველოს და სამხედროთა რაოდენობითაც აღემატება.
- სამხედრო ხარჯი საქართველოს შემთხვევაში მშპ-ს 2%-ზე ნაკლებია. სომხეთში 5%-ს შეადგენს.
- საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის - 1 მილიარდ 730 მილიონი ლარი გამოიყო, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 350 მილიონი ლარით აღემატება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიურობის შედეგად, ნატოს ქვეყნები ჰააგის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ს [მთლიანი შიდა პროდუქტის] 5%-მდე გაზრდიან.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში კი, რომელიც 18 ივლისს ირაკლი კობახიძემ წაიკითხა, ევროპელების სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე ზრდა შეფასებულია “დიპ სტეიტის” განზრახვად, რომლის მიზანია “ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც".
“ჯარს აქვს ორი მნიშვნელოვანი ამოცანა - შეკავება და თავდაცვა, მაგრამ ქართულ ჯარს ამ ამოცანების შესრულება აღარ შეუძლია, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, რომელიც მარტო კაცების გათხოვებისგან დაცვისკენ არის მიმართული და არა იმ ქვეყნის დაცვისკენ, რომლის 20% ოკუპირებულია დღეს რუსეთის მიერ.
ეს კორუფციული სკანდალიც, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ვნახეთ, ერთი სიმპტომია იმ ბეჩავი მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვა ჩააყენა დღეს “ქართულმა ოცნებამ””, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე [2014-2018 წლებში] - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
აქუბარდიას შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” “დანებების პოლიტიკა” აირჩია, როცა “მტრის თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა არც კი ფიქრობს თავდაცვაზე“.
“ცალკე ჯარი ომს ვერ იგებს - ეს ახალი ამბავი არ არის, დიდი ხნის თეზისია. და როცა არც ისეთი ჯარი გყავს, რომ ქვეყანა ეფექტიანად დაიცვას და საზოგადოებისთვისაც ის პოლიტიკური ნარატივია - რომელიც მარცხთან შეგუებასა და კაპიტულაციას მოითხოვს, ეს ყველაფერი დანებების პოლიტიკაა და სხვა არაფერი, იმ ოკუპანტთან მიმართებით, რომელსაც დღეს რეცხავს “ქართული ოცნება”. “წულუკიანის ანგარიშს” მალე ვიხილავთ - სადაც აგვისტოს ომის დაწყება ბრალდება საქართველოს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები იმეორებენ, რომ მათი მისია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაა და რომ ამ მიზნით იღებენ, მათ შორის, იმ კანონებსაც - რომლებიც, დასავლური საზომებით, ადამიანის უფლებების სტანდარტებს არ შეესაბამება. კანონებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების მექანიზმად თვლიან.
"...სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც ძნელი იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების და ჩვენი ლიდერების ძალისხმევით, თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული, მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით, [საქართველო] ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში იქნება სუვერენული, თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით", - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
“ქართული ჯარი” დღეს
თავდაცვის ძალების რაოდენობას პარლამენტი ამტკიცებს.
2025 წლისთვის მაქსიმალური ზღვარი კვლავ 37 ათასი სამხედრო მოსამსახურეა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვოტა სრულად შევსებულია. საქართველოს თავდაცვის ძალებში შედის: სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია. ეროვნული გვარდიის ძირითადი ფუნქცია ტერიტორიული რეზერვისა და სამობილიზაციო რეზერვის მართვაა.
საქართველოს კონსტიტუციით - პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
2021 წლის თებერვალში, როდესაც თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადებოდა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, რომ კვლავ გაგრძელდებოდა ქართული ჯარის ნატოს სტანდარტების შეიარაღებით აღჭურვას - “M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით“ და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა თანამედროვე ომის განუყოფელ ნაწილს - სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს.
2022 წლის ნოემბერში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თითქმის უკვე აშენებული იყო ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც დრონებს გამოუშვებდა. ქართულ-პოლონური კომპანია 2022 წელს შეიქმნა - „დელტას” შვილობილი შპს „დელტა ინტერნეიშენალისა” და პოლონური WB Electronics S.A.-ს მიერ.
2023 წლის 27 იანვარს უკვე პრეზენტაციაც შედგა - სტუმრებს დელტა-ვებეს” წარმოებული დრონები FLYEYE-ი [სადაზვერვო] და WARMATE-ი [ე.წ. კამიკაძე დრონი] წარუდგინეს. ასეთ დრონებს მანამდე WB Electronics-ი აწარმოებდა. ერთობლივ საწარმოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ეწვია. მთავრობა აცხადებდა, რომ ამ დრონების მასობრივი წარმოება 2023 წლის ზაფხულში დაიწყებოდა.
ამ ამბავმა საქართველოში დიდი დაინტერესება გამოიწვია. წერდნენ, რომ - "მომავალი უპილოტო აპარატებისაა".
ახლა, 2 წლის შემდეგ, ღია წყაროებით ინფორმაცია არ იძებნება, მათ შორის - არც „დელტა ინტერნეიშენალის” ოფიციალურ გვერდზე.
სხვა საკითხებთან ერთად, დრონების წარმოების ამბავი თავდაცვის სამინისტროს ვკითხეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრი აღარ არის. 2024 წლის 8 თებერვალს ის ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. ექსმინისტრის ყოფილ ხელქვეითებს, მის ნათესავთან ერთად, დიდი ოდენობის თანხის - 1 333 728 ლარის - გაფლანგვაში ედებათ ბრალი.
ქართული ჯარის შეიარაღებისა და აღჭურვის საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია იშვიათად და ფრაგმენტულად ვრცელდება.
- 2022 წლის იანვარში გაირკვა, რომ საქართველომ ამერიკული „ჯაველინების“ [246 866 დოლარის] მორიგი პარტიის ყიდვა გადაწყვიტა;
- 2020 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ - საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა;
- 2021 წლის 31 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზის” წყალობით თავდაცვის ძალებს უკვე ჰქონდა “ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი -3 ტიპის რაკეტები, საცეცხლე მანქანებით”;
- რომ ისრაელის უმსხვილესმა სამხედრო კომპანია „რაფაელმა“ საჰაერო თავდაცვის სისტემები განაახლა;
- 2022 წლის სექტემბერში ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების განახლებული პარკი გამოფინეს - „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის სპეციალისტების მიერ “განახლებული და სრულად მოდერნიზებული” მი-24-ისა და სუ-25-ის გარდა, იროკეზი (UH-1H) და ან-2 ტიპის ვერტმფრენები;
- კიდევ სხვა დროს ითქვა, რომ იგეგმებოდა “თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა, რომლითაც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება”.
პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადაცემული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და ავტომობილების შესახებ, მათ შორის იყო - „რენოს“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანები და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები, წყალმზიდები, კონტეინერმზიდები.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულია სამხედრო მანქანების, სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო იარაღისა თუ სამხედრო აქსესუარების კატალოგი, რასაც საქართველოში აწარმოებენ.
"დელტას" ამბები ახლო წარსულში არაერთხელ იქცა ხმაურის საფუძვლად.
ექსპერტებს მაინც რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ოკუპირებული ქვეყანა არასაკმარის ძალისხმევას იჩენს თავდაცვის თანამედროვე შესაძლებლობების გასაძლიერებლად. შიშებს ამძაფრებს დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება - შეზღუდონ საქართველოს დახმარება.
- 2024 წელს შეჩერდა ევროპის სამშვიდობო ფონდის [EPF] დაფინანსება 30 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო 2025 წელს - აღარ გამოიყო. შედეგად, “საქართველოს თავდაცვის ძალებმა დაკარგეს გაძლიერების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის მედიცინა, ლოგისტიკა, ინჟინერია და კიბერთავდაცვა”
“ხვალ რომ ეს ფული ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მისცეს თავდაცვის ძალებს, არ იქნება კომპენსაცია იმიტომ, რომ დასავლურ დახმარებას მოჰყვება თავისი ტექნოლოგიები, შესაბამისი ცოდნა და რაც მთავარია - ურთიერთთავსებადობა”, - გვეუბნება თეონა აქუბარდია.
წარმატების 4 კომპონენტი
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“ ტოტალური თავდაცვის ოთხ კომპონენტს გამოყოფს:
· ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა
· სამხედრო ძალისხმევა
· სამოქალაქო ძალისხმევა
· საერთაშორისო ძალისხმევა
ტოტალური თავდაცვა ნიშნავს ქვეყნის დასაცავად "მასზე აღმატებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სამხედრო და სამოქალაქო რესურსებისა და აქტივების“ გამოყენებას.
საერთაშორისო მხარდაჭერა კი ამ მექანიზმის აუცილებელი კომპონენტია.
სხვა მდგენელების არასრულ ჩამონათვალში შედის: სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, მატერიალური, ინფორმაციული, დაზვერვასთან დაკავშირებული მხარდაჭერა.
ფორუმი