Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი თბილისს ისევ „პრაგმატულ თანამშრომლობას" სთავაზობს და ძველ მოთხოვნებს უყენებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში

საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა ამიერკავკასიაში რუსეთის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად რჩება. ამის შესახებ დღეს, 8 აგვისტოს წერს კრემლის პოლიტიკის გამომხატველი რუსული გამოცემა „იზვესტია“.

პროპაგანდისტული გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან მოსკოვსა და თბილისს დიპლომატიური ურთიერთობები აღარ აქვთ, აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირები. გამოცემა იმასაც წერს, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირებისთვის ხელსაყრელია თბილისსა და ევროკავშირს შორის „ურთიერთობების გაცივება“.

კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ გამოცემას მოჰყავს ოფიციალური თბილისის განცხადებები, რომ მხარს უჭერს მოსკოვთან ურთიერთობებში მშვიდობიან და პრაგმატულ მიდგომას, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების გამო.

„ქართული მხრიდან იყო მთელი რიგი, რამდენადაც მახსოვს, განცხადებები იმის შესახებ, როგორ ხედავს რუსეთთან მომავალ ურთიერთობებს. ჩვენ კი ვრჩებით მზადყოფნის პოზიციაზე, საქართველოსთან ჯანსაღი, პრაგმატული თანამშრომლობა განვავითაროთ იქ, სადაც ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია და მზად ვართ, ვიაროთ თბილისთან ორმხრივი ნორმალიზაციის გზით. ასე რომ, თბილისმა უნდა განსაზღვროს თავისი შემდგომი მოქმედებები“, - განუცხადა „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაუქმებას არ აპირებს.

დღეს, 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა ამ უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარი, რომლის თანახმად, რუსეთი ისევ საქართველოს ადანაშაულებს „სამხრეთ ოსეთზე შეიარაღებულ თავდასხმაში“.

ზახაროვას განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა ჟენევის დისკუსიების ფორმატით იყოს წინსვლა იმ ფონზე, როცა ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის ფაქტი“ და აფხაზებსა და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

ზახაროვას თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ამ „გულახდილობამ“ უნდა „განსაზღვროს თბილისის მიდგომა სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობებში და ტრანსფორმირდეს კონკრეტულ საქმეებში", რომელთა შორის უპირველესი ამოცანაა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულების შემცველი შეთანხმების გაფორმება.

ზახაროვა კიდევ ერთ ამოცანად ისევ ასახელებს „საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყებას", რაც მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს „ვითარების სტაბილიზაციას სამი სახელმწიფოს სასაზღვრო რაიონებში“ და აცხადებს, რომ „რუსეთი, როგორც აფხაზეთის, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, მზად არის ამ პროცესებს ხელი შეუწყოს".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით.

სამინისტრო „მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას".




ფორუმი

XS
SM
MD
LG