მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს კეთილდღეობის ძირითად წყარო იყო „სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც ჯერ შევარდნაძის დროს მოვიპოვეთ და ჩემ დროს გავაღრმავეთ, ასევე ტურიზმი და ჩვენი სტატუსი, როგორც „მსოფლიო დემოკრატიის შუქურისა“, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გვხდიდა ინვესტიციებისთვის“.
„ასევე გვამაგრებდა ჩემს დროს დამყარებული ფართო საერთაშორისო კავშირები და სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაწყება. ეს ოთხი ფაქტორი იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, სწორედ ჩვენს სატრანზიტო ფუნქციის და განსაკუთრებით დემოკრატიული სისტემის დასაცავად გამოაგზავნა ბუშმა 2008 წელს მე-6 ფლოტი“, - წერს სააკაშვილი ციხიდან.
ის იმეორებს, რომ ივანიშვილმა „გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან“ და წერს, რომ „ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას“.
„დღეს დაგეგმილი, ამერიკა-აზერბაიჯან-სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის თანახმადაც ამერიკა 100 წლით არენდით იღებს ზანგეზურის დერეფანს, ხსნის ახალ სატრანზიტო დერეფანს ევროპიდან ჩინეთში, ამჯერად საქართველოს, ირანის და რუსეთის გვერდის ავლით“, - წერს სააკაშვილი.
„დიახ, სწორედ ირანთან და რუსეთთან ერთად ვექცევით სრულ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში. ეს ნიშნავს რომ რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად“, - აცხადებს ის.
სააკაშვილი ახსენებს „ლაზიკის პორტის პროექტს“ - ასე უწოდებს ის ანაკლიის პროექტს - და ამბობს, რომ ეს „აზრს კარგავს, ისევე როგორც არსებული ქართული პორტები“: „საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ხდება მოსახლეობის კიდევ უფრო დაჩქარებული გასვლა და საყოველთაო სიღარიბე. აი სად მიგვიყვანა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიული კავშირის გაწყვეტამ“, - მიიჩნევს ის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შვიდი აგვისტოდან ვაშინგტონში იმყოფებიან და ემზადებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად სამმხრივი შეთანხმებების ხელმოსაწერად, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
არაერთი მედიასაშუალების წინასწარი ცნობებით, ინიციატივა რეგიონში სტრატეგიული სატრანსპორტო, სამომავლო პერსპექტივაში კი ენერგეტიკული სატრანზიტო კომუნიკაციების განბლოკვა-გახსნას მოიცავს.
საეტაპო პროექტს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწოდებს „ტრამპის მარშრუტს“ (TRIPP).
ფორუმი