Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის 11-ივე ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა


ფოტო არქივიდან. 11 დემონსტრანტის საქმე. 10 ივნისი, 2025 წელი
ფოტო არქივიდან. 11 დემონსტრანტის საქმე. 10 ივნისი, 2025 წელი

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფური ძალადობის მუხლით (225-ე) მიმდინარე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) გადააკვალიფიცირა და ამ საქმის ყველა ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმეს 11 ბრალდებული ჰყავდა:

  • 29 წლის ანდრო ჭიჭინაძე,
  • 28 წლის ონისე ცხადაძე,
  • 34 წლის გურამ მირცხულავა,
  • 21 წლის ლუკა ჯაბუა,
  • 50 წლის ჯანო არჩაია,
  • 27 წლის რუსლან სივაკოვი,
  • 26 წლის რევაზ კიკნაძე,
  • 54 წლის გიორგი ტერიშვილი,
  • 27 წლის ვალერი თეთრაშვილი,
  • 27 წლის სერგეი კუხარჩუკი,
  • 30 წლის ირაკლი ქერაშვილი.

მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქმეში ჯგუფური მოქმედების პრინციპი კვლავ დარჩა, თუმცა დაკავებულ დემონსტრანტებს არ დაუმტკიცდათ ამ მოქმედების წინასწარ ორგანიზებულობა და არც იმგვარი ჯგუფური ძალადობა, რომელსაც თან ახლავს „ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა“.

2 სექტემბერს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და 225-ე მუხლი 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა იდენტური შინაარსის საქმეზე, რომელშიც რვავე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ნაწილს 2 წლით, ნაწილს კი 2,6 წლით მიუსაჯა პატიმრობა.

3 სექტემბერს გამართულ სხდომაზე რვა ბრალდებულმა ისარგებლა საბოლოო სიტყვით.

რევაზ კიკნაძემ თავისი საბოლოო სიტყვა 2 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის დასკვნით სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.

საბოლოო სიტყვით არ ისარგებლეს და 3 სექტემბრის სხდომას არ დაესწრნენ სერგეი კუხარჩუკი და გურამ მირცხულავა. გურამ მირცხულავა უკვე დიდი ხანია, პროტესტის ნიშნად აღარ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს.

თერთმეტივე დაკავებულის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით იყო აღძრული, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

თერთმეტივე ბრალდებულმა ერთმანეთი დაკავების შემდეგ, სასამართლო პროცესზე გაიცნო.

არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებდა.

ვალერი თეთრაშვილის საბოლოო სიტყვა

„ბოდიში მინდა მოვუხადო ოჯახის წევრებს, რომ ვანერვიულე, მადლობა და პატივისცემა ადვოკატებს, უანგარობისთვის და კბილებით რომ გვიცავდით.. ალბათ ადვოკატი რომ ვყოფილიყავი, თქვენნაირი ვიქნებოდი. ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო მორალური მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ პირველი სხდომიდან დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი.

გისურვებთ მალე დაგებრუნებინოთ თქვენთვის სასურველი ცხოვრების კალაპოტები.

რაც შეეხება ბრალს - არის სიცრუე და ტყუილი, არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ, არანაირი ჯგუფია, არ შემისრულებია არავის მითითება, მით უმეტეს, ჩემი უცნობი ხალხის. ისევ გეტყვით, რომ ესენი ყველანი აქ გავიცანი...

არ მიმიყენებია არავის ჯანმრთელობისთვის ზიანი, არ შევხებივარ სახელმწიფო და კერძო პირის ქონებას, ეს ყველაფერი ამათ ვიდეოებშიც ჩანს... მიმდინარე მოვლენებს ონლაინ ვადევნებდი თვალს, გვიან მივედი სახლში პირველში. უმძიმესი კადრები დამხვდა, როგორ ექცეოდნენ ხალხს, გოგოებს, ჟურნალისტებს, როგორ სცემდნენ ჯგუფურად, ხოდა ამ ყველაფრის შემხედვარეს გამიჩნდა უსამართლობის განცდა და გადავწყვიტე გავსულიყავი რუსთაველზე".

ვალერი თეთრაშვილმა მიმართა პროკურორებს:

"კარგად მომისმინეთ, როგორი ხალხის აპოლოგეტები ხართ. ვნახე ვიდეო, ერთი ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, რომელიც გათიშული წევს ძირს, ამათი საამაყო წარმონაქმნი სამართალდამცავი წიხლს ურტყამს სახეში, მერე მიდის სპეცრაზმელი და კიდევ ურტყამს სახეში. ამას რომ ვუყურე, შემრცხვა ჩემი თავის, რომ ამას ვუყურებდი და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას, აღშფოთებით შემოვიფარგლებოდი ჩემდა სამარცხვინოდ...

ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ბრწყინვალე პრემიერის გამო... მან თავზე გადაგვახია კონსტიტუცია, თქვენც ბატონო პროკურორო და მთელ ერს.

ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა სხვაგან რუსეთებში და სიბნელეში, სიკეთეების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ამან მაიძულა ჩამეცვა და წავსულიყავი რუსთაველზე...

მეგონა, ამის კონსტიტუციური უფლება მქონდა, დაჭერის წამიდან...

როცა რუსთაველზე მივედი, პოლიციელის ნასახი იქ არ იყო, მხოლოდ სპეცრაზმელები იყვნენ... ჩემი ფიზიკური მონაცემების ადამიანს რომ ეკიპირებული სპეცრაზმელის დაზიანებას ედავებიან, კომიკურია...

ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ იმას ვადასტურებ, რომ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, არანაირი ძალადობრივი აქტის ინიციატორი არ ვარ...ღირსება შეურაცხყოფილი იყო ამ ფსევდო სამართალდამცველების მხრიდან, ამ ვიდეოებში არ ისმის, რა პირით იგინებოდნენ, ალბათ "იმედის" გადაღებულია....

28 წლის ვარ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, ჩემთვის ვმუშაობდი, ვცხოვრობდი, ვბოდიალობდი აქეთ-იქით... ამ ვიდეოში ნიღაბი არ მიკეთია, რომ ვინმემ იფიქროს სახულიგნოდ მივდიოდი, უამრავი კამერაა და იქ დანაშაულისთვის არ მივიდოდი სახედაუფარავი"...

გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა

„მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის "ქართული ოცნების" პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენს წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ..

9 თვეა ვზივართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება, 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ...

მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე სცხვენოდათ თავიანთი თავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში...

რომელმაც ვალერი თეთრაშვილი დააკავა, გვერდით ეჯდა, ეუბნება ვალერი თეთრაშვილს თუ ამოიცნობთო, რომელიაო და გამოიშვირა ხელი ჩემსკენ, იმ დროს თეთრაშვილი დარბაზში არ იყო...

ასეთი ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან...

როდესაც ადვოკატმა ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გამიმეორეთო და ამასობაში მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა. ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ ბატონო მოსამართლე, მეგობრები, რომლებიც ჩემს გვერდით ზიან, არანაირი კავშირი არ გვქონია, მე ისინი აქ გავიცანი, სხდომაზე...

როცა დამაკავეს, გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური, მე თვითონ მივეცი ტელეფონის კოდი. 9 თვე გავიდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, არ ყოფილა. ვერ დაადგენდა, რადგან ჩვენ აქ, სხდომათა დარბაზში გავიცანით ერთმანეთი.

მინდა ვთქვა ასეთი რაღაც: ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი...

გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ.. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ".

ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა

„ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში, მაშინ რა გვინდა ციხეში? ვერანაირ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ ნუ, კაი...

მინდა მივმართო როგორც პროკურორებს და ისე თქვენ [მოსამართლე], ეს ჩემი აზრია და ჩემი სახელით ვლაპარაკობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას ჩვენ, რადგან არ მაქვს ამის უფლება, დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ.

თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა: თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ, გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა, ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას, ბატონო მოსამართლე, თქვენც გეხებათ.

შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ იმას, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს [პროკურორი] ეხება, ბატონ ვაჟას [პროკურორი] მეტად...

ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით, გამოასწოროს.

მინდა მადლობა ვუთხრა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, თეატრს, კინოს, რომელიც ამდენი ხანია აჩვენებს ერთმანეთის სოლიდარობის, გვერდში დგომის, პრინციპულობის მაგალითს... მე შემიძლია სიტყვა მოგცეთ, რომ ამ ძალიან დიდ ენერგიას, რომლის წყაროც ხართ თქვენ, მიემართება კარგ და დადებით საქმეს.

მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკეს, ნათიას, ეკას, ირაკლის [ადვოკატები], ისინი გახდნენ მეგობრები და მათი პროფესიონალიზმი სამაგალითოა და არა მარტო მათი... ჩვენ წინ გენიალური ხალხი ზის და მათი დამოკიდებულება და ადამიანობა სასამართლოსა და ქვეყნის მიმართ აღნიშვნის ღირსია.

მადლობა საერთაშორისო ინსტიტუტებს, მადლობა უნდა გადავუხადო ევროპის კინოაკადემიას, მადლობა ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს...

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, 12 წლის ასაკში, პერიოდია, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, ჩემი ოჯახის ახლობელი, ერთ-ერთი მიზეზი და გაურკვევლობა უკავშირდებოდა იმას, რომ როცა მაღალჩინოსნები არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი, რატომ და მეორე იყო, რატომ არ გამოხატავდა საზოგადოება პროტესტს საკმარისად?

ამას აქვს მარტივი პასუხი და ჰქვია შიში, მთავარი მიზეზი იყო შიში... ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს ბავშვურად, რომ ნებისმიერ რამეს, რაც საჭირო იქნება, ვიტყვი და არ შემეშინდება, ჩემს მტერს ჩემს თავზე არ გავამარჯვებინებ-მეთქი. ამის შემდეგ ბევრჯერ დავმარცხდი და ბევრჯერაც გავიმარჯვე და ეს ბრძოლა გაგრძელდება ყოველთვის.

იმ პერიოდის მერე ძალიან ბევრჯერ გახდა საჭირო საკუთარი აზრის გამოხატვა ქუჩაში თუ სხვა ფორმით, როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების დროს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა სოლიდარობამ შედეგი მოიტანა, თავში მომივიდა აქონდროპლაზიის შესახებ მშობლების სოლიდარობა [აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები წლების განმავლობაში ითხოვდნენ შვილების ჯანმრთელობისთვის საჭირო ძვირადღირებულ მედიკამენტს. ხელისუფლებამ წამლის შემოტანა მრავალდღიანი აქციებისა და საზოგადოების ფართო მხარდაჭერის შემდეგ გადაწყვიტა].

შემიძლია გავიხსენო შემოგდებული კანონის უკან გაწვევა, რომელმაც გამარჯვების და სწორი პოლიტიკის იმიტაცია გააჩინა და გაჩნდა აზრი, რომ ხალხის აზრი შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო, მაგრამ ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები...

როცა ხალხი ერთიანდება, ეს საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება, 13 ივნისის ტრაგედია თუ ჩემპიონატი, ან სამოქალაქო ომი იწყება, ან ხდება ისეთი რამ, რაც საზოგადოებას ხელოვნურად ჰყოფს, ეს რუსული ტაქტიკაა, ბადალი არ ჰყავთ.

ასეთი იყო სწორედ 28 ნოემბერი, პრემიერმა შეაჩერა ინტეგრაცია და ხალხს ჰქონდა რეაქცია...

ჩვენ ვართ ევროპული კულტურის ნაწილი, კი ბატონო, გავლენა ჩვენი გეოპოლიტიკის გამო არსებობს უამრავი კულტურის და თუ ჩვენ ვამაყობთ ვეფხისტყაოსნით, ვამაყობთ ჩვენი დიდი ხნის ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია და გვინდა ინსტიტუციების დონეზე გაიმართოს, რაც საბოლოოდ ქვეყანას მიიყვანს განვითარებასთან, ეკონომიკურად და ინსტიტუციურად, რაც ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე იქნება დაშენებული..."

ანდრო ჭიჭინაძემ დასკვნით სიტყვაში გაიხსენა 28-29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები:

"28-ში განცხადება მოვისმინე. ისე რომ არავისთვის მითქვამს, წავედი რუსთაველზე, სადაც სპონტანურად შეიკრიბა ათასობით კაცი, რომელთაც აერთიანებდათ უსამართლობის შეგრძნება და სწორედ ეს შეგრძნება იყო ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი.. ძალიან ცოტა რამეზე ვართ ერი შეთანხმებული და ეს ის ცოტაა, რომ შეთანხმებული ვართ ამაზე, რომ ეს გზა გვიყვარს.

200-300 ნაცნობი მაინც შემხვდა, ძირითადად პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, იქ იყვნენ ყველა სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს ნაკრების წევრები, ექიმები და ა.შ. როგორც 28-ში, ისე შემდეგ დღეებშიც ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოძიებას რომ სამართლიანი გამოძიება ჰქონოდა მიზნად, ამ ინტერვიუებს დაურთავდნენ...

არავინ იცის, რა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს გვედავებიან, რომელი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტია ეს და საერთოდ რა სტანდარტია, რასთანაც გვაქვს საქმე?

დაახლოებით 8-9 საათისთვის მივედი და 4 საათში დაიწყო დაპირისპირება.. მოგვიანებით გადავინაცვლეთ ოპერასთან... სამი საათისთვის დავიშალეთ და წავედით მშვიდობიანად.

მოვიდა ჩემი საკრალური 29 ნოემბერი, ზუსტად იგივენაირად, მშვიდობიანად მე და ჩემი მეგობრები პირველი სკოლის ტერიტორიაზე მივედით, სამ-ოთხ საათში ისევ დაიძაბა და იქ ვიგებ, რომ ჩემი ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზეა და ისე რომ არავის არაფერს ვეუბნები, ავდივარ იქ, რომ გამოვიყვანო...

ვსაუბრობ ჯიუტ ადამიანზე, რომელიც არ გამომყვა. ამ დროს პოლიციის მხრიდან მოფრინავს შუშის სარაჯიშვილის ბოთლი, რომელიც მხვდება ფეხზე, ეს დიდ გაღიზიანებას იწვევს, რომ გავიხედე იმ მიმართულებით, საიდანაც ბოთლი გამოფრინდა, დავინახე, რომ ოთხი ადამიანი ჟესტიკულაციით იგინებოდა და გამოხატავდა დიდ აგრესიას და სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერე, უკან ვიხედებოდი, ჩემს მიმართულებით ხდებოდა, ვერ დავიჯერე, რომ ჩემი მიმართულებით იყო.. ცოტა მივუახლოვდი, გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია... ეს ხდება ზუსტად იმ ვიდეოებში, რომელიც წარმოდგენილი იყო და ეს ნაწილი არის მოჭრილი და გაგრძელებაა წარმოდგენილი...

მეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, იქვე ეგდო საგანი, რომელიც მოვიშორე ისე, რომ პოლიციელებს არავის საფრთხე არ შექმნია, ეს მოგრძო საგანი იყო მსუბუქი... მაქსიმუმ გული სტკენოდათ ჩემგან იმის გამო, რაც ვუთხარი..."

რევაზ კიკნაძის საბოლოო სიტყვა

სასამართლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო ბრალდებული რევაზ კიკნაძე. მან თავისი საბოლოო სიტყვა 2 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ერთი თხოვნა მაქვს: სასჯელს რომ გამოაცხადებთ, კონკრეტულად გვითხარით, ვინ რა დავაშავეთ. ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე. ზოგადად, ვიღაცამ შენობა დააზიანა, მაღაზია ჩალეწა თუ ვინმეს რაღაც გაარტყა თავში, ეგ მე არ მეხება და სხვის დანაშაულს ჩემთან ნუ ახსენებთ. თუმცა პროტესტის უფლება ყველას აქვს და დანაშაულს მხოლოდ მათ კისერზეა, ვინც ამ პროტესტს ახშობს. შესაბამისად, ჩემთვის არც ეგ ჩალეწილი შუშა და დამწვარი ნაგვის ურნაა დანაშაული, მაგრამ მე ეგეც არ ჩამიდენია - ფაქტია.

სანამ დამიჭერდნენ, რამდენიმე ხნით ადრე ვუყურებდი ფილმს „ეშმაკის ადვოკატი“. ადვოკატთან ერთად განვიხილავდი ზოგად საკაცობრიო საკითხებს. დილემა მდგომარეობდა შემდეგში: კარგი ადვოკატობა და პროფესიონალიზმი გაძლევს უფლებას ბოროტმოქმედი, მკვლელი და თუნდაც ეშმაკი დაიცვა? ერთის მხრივ, შენ საკუთარ პროფესიას ემსახურები და ვალდებული ხარ პირნათლად შეასრულო შენი მოვალეობები. და როცა ერთი საქმეც არ გაქვს წაგებული და საუკეთესო ხარ, წესით კარგის მეტი ამაში არაფერი უნდა იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ შენი უმაღლესი პროფესიონალიზმის წყალობით მკვლელს გამოუშვებენ და გაამართლებენ, განა შენს სინდისზე არ იქნება ეს მკვლელობები, რასაც იმის გამო ჩაიდენს, რომ შენ მკვლელი გაამართლე?

და რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან? ჩვენი ადვოკატები, პირიქით - ეშმაკისგან დევნილებს იცავენ. აქ ადვოკატის ნაცვლად პროკურორი უნდა ჩავსვათ. ჩვენ გვყავს ეშმაკის ადვოკატები. ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო კაცმა - თუნდაც შენი სამსახური გავალებდეს? მოღალატე, სამშობლოს გამყიდველთა ინტერესებსაც უნდა წარმოადგენდე? ფილმს რომ აწი იღებდნენ, ეშმაკის პროკურორის როლს შეასრულებდა კიანუ რივზი, ჩვენი პროკურორის მაგალითზე.

ახლა, როცა შენი მთავრობის ბრძანებით უდანაშაულო ხალხი დასაჭერად ყველაფერს აკეთებ და შუაზე იხევი, მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო იმ მკვლელობებზე, რომელიც ამას მოჰყვება შენ გამო? იმ ოჯახის წევრებზე, ჩვენზე ნერვიულობას რომ გადაყვებიან? მომავალში, კვლავ იმ უსამართლოდ დაჭერილ ხალხზე, რომელთაც იმიტომ დაიჭერენ, რომ ასე გაუვიდათ ჩვენი დაჭერა? სამართალი არ აღსრულდა და ვიღაცამ რომ თითი დაატკაცუნოს, სასამართლოც კი ამ თითის დატკაცუნებაზე ამუშავდა. პატიოსანი და ცხოვრებაში კანონდარღვევა რომ არ ჰქონია, ასეთი ადამიანების გაბოროტებას რა შედეგი მოჰყვება? ოდესღაც, როცა გამოვალთ ციხიდან - მზად ხართ ამისთვის, პროკურორებო?

რის ფასად გიღირთ ეშმაკს ემსახუროთ? ერთი კარგად დაიმახსოვრეთ: ციხეს ორი კარი აქვს და იქიდან ისეთი აღარ გამოდის ადამიანი, როგორიც შევიდა, მაგრამ გამოდის.

ვაჟა [პროკურორი], რომ გიყურებ, დოსტოევსკის ერთ-ერთ ნაწარმოებს მაგონებ, შინაარსით არა, უფრო სათაურით. აწი რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენ მთელი ცხოვრება დარჩებით ეშმაკის პროკურორებად. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, უბრალოდ იფიქრეთ ჩვენს მშობლებზე და ოჯახის წევრებზე. ბოლოს მინდოდა დამესრულებინა იმით, რომ აფხაზეთი საქართველოა და სამაჩაბლოც საქართველო.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჯგუფურობა წერია ჩვენს ბრალში, თუნდაც გადაკვალიფიცირებულში. განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ. როგორ შეხვდა ჯავახა თავის განაჩენს? საკანში რომ შემოვიდა, ოლე ოლა ვიმღერეთ".

ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვა

„მინდა, ჩემი თვალით შეგახედათ [პროცესებზე], რა აბსურდში გვაცხოვრებთ... რეზო კიკნაძის ხუმრობა ყოფილა, ერთადერთი კომიკური დასასრული ამის შეიძლება იყოს ბაკურ სვანიძის თაიგულით შემოსვლა და გაიღიმეთ ფარული კამერაა...

წლები მოაკლეს ბიჭებს, მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე კეთილია, თქვა, რომ ვაჟა თოდუა რომ შემხვდეს ქუჩაში, ძაან დიდ სიკეთეს გავუკეთებ და ასე გადავუხდი სამაგიეროსო.

ჩემს მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად.

ამ ქვეყანაში საზოგადოება იზრდება და მთავრობები ვერ იზრდებიან... შეიცვალა მთავრობა, დაიჭირეს სამი პოლიტიკოსი და თქვენნაირები გარეთ რჩებიან, თქვენნაირები აკეთებენ იგივეს...

ამ დარბაზში ახლა არის დედაჩემი, დაახლოებით იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მამა დავკარგე და ფეხზე დგას, ამის შემდეგ მე რა წამაქცევს?

მე ეგეთი შეგრძნება მაქს, რომ არავისზე ადრე არ მინდა დავტოვო ციხე, მინდა, ყველა მალე და ერთად გავიდეთ, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ როგორი ადამიანია დედაჩემი.

ერთადერთხელ გამაგდეს სკოლიდან გაკვეთილიდან და დედაჩემმა გამაგდო, მე არაფერ შუაში ვიყავი, ძმაკაცთან ერთად გამაგდო. როცა გავუბრაზდი, მე რატომ გამაგდე-მეთქი, იმას ვერ გავაგდებდიო, ვერ დაჩაგრავდა, ჩაგვრა არ მასწავლა... ასეთი ადამიანების გაზრდილი ვარ მე...

სულ რომ გაგვამართლონ, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ... ბიჭებს ვეუბნებოდი, რა მაგარია ხვალ აბანო გვაქვს-მეთქი, არ მეგონა, როდესმე ამ ფრაზას თუ ვიტყოდი, რას გვერჩით, რაში გვაცხოვრებთ?

პროკურორებს არასდროს უსაუბრიათ მოტივზე... ვთქვათ შევასრულეთ... წარმოიდგინეთ იუმორისტი, მსახიობი, სტუდენტი, ექიმი და უკრაინელი წავიდნენ სახელმწიფოს გადასატრიალებლად... მერე? რა იყო მოტივაცია? ამაზე ხომ უნდა მესაუბროთ.

მე თქვენსავით არც პატარა კაცი ვარ და არც დიდკაცობას ვცდილობ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მიყვარს ადამიანები...

ჩემი მიზანია მივაღწიო იმდენს, რომ ადამიანის ცხოვრება გავხადო უკეთესი, ოღონდ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ადამიანებს ეს სჭირდებათ. არც ახლა მგონია, რომ განსაკუთრებულს ვაკეთებ, მაგრამ რასაც ვაკეთებ, სადაც ახლა ვარ, პროცესებს არ ვგულისხმობ, როცა მივაგენი ჩემს საქმეს, წარმოიდგინეთ რამდენს სჭირდება თავისი თავი იპოვოს... მინდა ცოდნა, რაც გამაჩნია, სხვებს გავუზიარო და დავეხმაროო..

იცით ბავშვები რეგიონებში, ჩემს ქალაქში, თერჯოლაში, რაზე ღადაობდნენ? ამის მერსედესი გაასწრებს თუ იმის ბეემვე? ეს ტრაგედიაა, მერე ჩამოდიან და სხვა რეალობას ეჯახებიან...

მე არ ვაღიარებ აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის. ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩვენსა და ამ საქმის ე.წ. ორგანიზატორებს შორის, რომელთა ბრალდებაც ასევე აბსურდულია.

კავშირი ვერ დგინდება, რადგან ჩვენ არა თუ არ ვიცნობდით ერთმანეთს, არამედ არცერთ სოციალურ ქსელში ერთმანეთის არც მეგობრები ვართ, არც გამომწერები. დიდი ალბათობით, ქუჩაშიც კი არ ჩაგვივლია ერთმანეთის გვერდით ოდესმე და ერთმანეთისთვის თვალიც კი არ მოგვიკრავს სადმე იქამდე, ვიდრე ამ საბრალდებო სკამზე არ აღმოვჩნდებოდით...

ასეთი პირობებში კი, ბატონო მოსამართლევ, ეს ბრალდება მინდა აგიხსნათ ერთი მაგალითით. მე სკოლა დავამთავრე 2014 წელს. მას შემდეგ, ყოველ წელს, 11 წლის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც 12 წელი ერთად ვიზრდებოდით, ვცდილობთ, რომ შევიკრიბოთ და ვერ შევიკრიბეთ, ვერ დავორგანიზდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმისგან განსხვავებით, ჩვენი შეკრების მსურველი ბევრია და ორგანიზატორიც. ამიტომ, ბატონო მოსამართლევ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული იმ პირების მონაწილეობით, რომელთა შორის არანაირი კავშირი არ არსებობს?

გარდა ამ ყველაფრისა, ამ საქმეს არ ყავს დაზარალებული. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოწმედ იყო მოსული რამდენიმე პოლიციელი, მერიის თანამშრომელი, პარლამენტის თანამშრომელი, არცერთ მათგან არ უთქვამს, რომ დააზარალა აქ მყოფმა რომელიმე ბრალდებულმა. ისინი ამბობდნენ - არ დამინახავს, არ ვიცი. და, საერთოდ, აქ არ მოსულა არცერთი იმ დღეს დაზარალებული მოწმე, რომელ დღესაც მე მედავებით.

მე, ასევე, მინდა აღვნიშნო პოლიციელების ქმედებები, რომლებიც აქ წარმოდგენილ ვიდეოებშიც ჩანდა. იქ პოლიციელების მხრიდან იყო საშინელი შეურაცხყოფები. იყო ნივთების სროლა მათი მხრიდან, გინება, შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები. გვემუქრებოდნენ როგორც მოკვლით, ასევე ისეთი ქმედებით, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად უნდა გათხოვდეს მამაკაცი. საბედნიეროდ, მე ისევ ცოლის მოყვანას ვაპირებ, გადავურჩი.

რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, არც მაგას ვეთანხმები და ეგ ადვოკატებმა პუნქტებად ჩამოგიყალიბეს, აგიხსნეს. ამიტომ გრჩებათ ორი ვარიანტი. იმ ორიდან კი ერთადერთია სწორი, მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს, რომ გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში ჩავარდნილი და გაგვიშვათ აქედან, ანუ გაგვამართლოთ".

ამის შემდეგ ონისე ცხადაძე დასკვნითი სიტყვის მეორე ნაწილზე გადავიდა და დარბაზში მყოფებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:

„პირველ რიგში, მიყვარხართ ყველა, ვინც იბრძვით არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ამ დარბაზშიც და ამ დარბაზს მიღმაც. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ, მიიღეთ ის მშვიდად. თავი ასწიეთ და იარეთ ამაყად, რადგან ჩვენ ყველა ისტორიულ მომენტში სწორ მხარეს ვდგავართ. თანაც როგორ ისტორიულ მომენტში. ჩვენ შესაძლოა მალე მოვესწროთ ბოროტების იმპერიის დაცემას. გამარჯვება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!

მადლობა მინდა ვუთხრა ადვოკატებს, როგორც ჩემსას, ასევე სხვებისას და ასევე საზოგადოებრივ ადვოკატებსაც, იმისთვის, რომ ხართ ღირსეული ადამიანები და მოიქეცით ისე, როგორც მოიქეცით.

არ მეშინია არაფრის, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემს ფიზიკურ თავისუფლებას, ჩემს ჯანმრთელობას ან თუნდაც სიცოცხლეს. მე სხვა რაღაცების უფრო მეშინია. მეშინია ვინმე არ დავჩაგრო, ვინმეს რამე არ წავართვა, არ დავამცირო, არ მოვატყუო. იმისთვის, რომ ასეთი შიშები მაქვს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას, ჩემს ოჯახს, მეგობრებს. მადლობა თქვენ, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მსგავსი შიშები აწუხებს და აქვე მადლობა ადვოკატებს, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ჩამოხსენით ფარდა ამ სასამართლოს.

ეს სასამართლო არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა სასამართლოსგან. განსხვავება მხოლოდ კანონებშია. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ აუცილებლად გაიმეტებდით ადამიანებს სასიკვდილოდ, რადგან მოსამართლეები არა სამართალს, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებიან. ამაზე მეტყველებს თქვენი [მიმართავს მოსამართლეს] სუფთა სტატისტიკაც. ექვსი გამამტყუნებელი და არცერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება.

თუ მართალი არ ვარ, მაშინ ერთხელ მაინც უთხარით ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს, გია ვოლსკსის: არ მაინტერსებთ რას ამბობთ ამ საქმეზე, ფეხებზე მკიდია თქვენი განცხადებები. უთხარით ეს ხმამაღლაც და გამამართლებელი გადაწყვეტილებითაც".

ონისე ცხადაძემ თავის საბოლოო სიტყვაში ისაუბრა პროევროპული აქციებისას დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებაც:

„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს, რადგან მისი განაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და გეხებათ მათ შორის თქვენც. ამიტომ მე მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი იმისთვის, რომ გაგაგებინოთ, რა ადამიანს გაუკეთეს ეს ყველაფერი.

დაკავებიდან დაახლოებით თვე-ნახევარში გადავწყვიტე, დამეწყო შიმშილობა, თუმცა ამის შესახებ არ მითქვამს არავისთვის - არც ციხის ადმინისტრაციისთვის, არც ოჯახისთვის, არც ადვოკატისთვის. ჯერ მაინტერესებდა, თუ შევძლებდი. არ მინდოდა პოპულიზმი გამომსვლოდა. მეორე დღესვე, საღამოს, ვიგრძენი საშინელი სისუსტე, თითქოს მთელი სხეული მტკიოდა და გადავწყვიტე, ეს არ გამეკეთებინა. ეს ვერ შევძელი მე, 29 წლის ბიჭმა.

მზია ამაღლობელმა კი იშიმშილა 39 დღე და მას დასცინოდნენ ადამიანები, რომლებსაც საუზმეს, სადილს და ვახშამს შორის კიდევ რაღაცები აქვთ ჩამატებული, რადგან გაძღომას ვერ გებულობენ. მონანიებას ითხოვდნენ ადამიანები, რომლებიც სკამიდან ვერ დგებიან, ადამიანისგან, რომელიც ერთხელ არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე და პროტესტის ნიშნად საათობით იდგა ფეხზე.

ამიტომ ყველამ მინდა იცოდეს, შეიძლება ერთ დღეს დაიბადოს ფეხბურთელი, რომელიც ცხრა ოქროს ბურთს მოიგებს, მაგრამ, იცოდეთ, რომ მზია ამაღლობელზე მაგარი ადამიანი აღარ დაიბადება. ისე კი ის მართლა რეალური საფრთხეა, რომ ერთ დღეს ირაკლი დგებუაძე გათხოვდეს...

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოთ ამ საქმეზე, ეს დიდად არაფერს ცვლის. ქვეყანაში, სადაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი… ონისე ცხადაძის ციხეში ყოფნა დიდი ვერაფერი ამბავია, თუმცა თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ პროცესის განგრძობადობა მიგვიყვანს ისეთ სახელმწიფომდე, სადაც ისევ მოკლავდნენ ილია ჭავჭავაძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, სანდრო ახმეტელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და კიდევ უამრავ გენიალურ ადამიანს.

საშიში არ არის ჩემთვის რამდენიმე წლის ციხეში გატარება, საშიშია, როდესაც ქუჩაში მიდიხარ და არ იცი, თავში რა დაგეცემა, საშიშია, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი კაცი ქუჩაში თავს დაიწვავს სახელმწიფოსგან ყურადღების მისაქცევად. საშიშია, როდესაც ბავშვს გარეთ გაუშვებ და უკან ვერ დაბრუნდება, რადგან სადღაც დენმა დაარტყა, სადღაც ჩავარდა...

პროპაგანდისტები დღემდე მაბრალებენ ბავშვები რევოლუციაზე მიყავდაო. აქამდე ამ ამბავზე კონკრეტული მიზეზების გამო არაფერს ვამბობდი, თუმცა ახლა უნდა ვთქვა, რომ ეს სიმართლე არ არის და გეტყვით რაც არის სიმართლე.

ეს უკავშირდება ჩემს პროტესტსაც...28 ნოემბრის განცხადებამდე ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენა და მეორე უფრო მანამდე მოხდა ეს ამბავი, რომ ისტორიის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს რუსეთის წინააღმდეგ ქართველთა აჯანყების ფაქტები, ხოლო ლიტერატურიდან - "ბედნიერი ერი", "ჯაყოს ხიზნები", "მგზავრის წერილები" და სხვა ისეთი ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენი ერის იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

მაშინ ბავშვებისთვის მინდოდა მეთქვა, მიუხედავად აღნიშნული ცუდი ფაქტისა, მაინც ესწავლათ ეს ყველაფერი და ვინაიდან მაშინ ვერ შევძელი, ახლა გეტყვით იმავეს. ისწავლეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, იკითხეთ ქართული ლიტერატურა.

ისწავლეთ, იკითხეთ, იშრომეთ თავდაუზოგავად და მაშინ მიხვდებით რისთვის ვიბრძვით, როდესაც თქვენს ცოდნას, ნიჭს და თავდაუზოგავ შრომას უნიჭო უსაქმურთა მლიქვნელობა გადაასწრებს. თუმცა თქვენ მაინც არ გაჩერდეთ. უფრო მეტად იშრომეთ და ყველაფერს მიაღწევთ. ზოგიერთი თქვენგანი გახდება კარგი იურისტი, ადვოკატი (აქვე მადლობა ჩვენს ადვოკატებს), ზოგიერთი თქვენგანი გახდება კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, მასწავლებელი. მსოფლიო დონის ფეხბურთელი, კალათბურთელი… თუმცა რასაც არ უნდა მიაღწიოთ, ხანდახან გადმოდით თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან, ქუჩაში ფეხით გაიარეთ და ნახეთ, იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან ჩანს. იქნებ ბევრ ადამიანს უჭირს და ცუდად ცხოვრობს თქვენგან განსხვავებით. მადლობა წინასწარ ყველას, ვინც ჩემს ამ რჩევას გაითვალისწინებს და მადლობა ადვოკატებს, რომ მსგავსი რჩევა არ დაგჭირდათ.

მადლობა მედიას, პრესას, თეატრს, კულტურას. მადლობა ყველა იმ სასულიერო პირს, რომლებიც იმდენად სუფთად გადიან ღვთისმსახურებას, რომ სიმართლის საუბარი არ უჭირთ და მადლობა ადვოკატებს. მადლობა პროკურატურასაც ერთადერთი რამისთვის. მადლობა, რომ ეს ადამიანები გამაცანით და კიდევ ერთი მადლობა ადვოკატებს.

აქვე მინდა გითხრათ, იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეზე არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და იქნება! პირობას გაძლევთ საკანში დაბრუნებისთანავე დავიწყებ ციხის დეტალურად აღწერას, რათა როცა ამის დრო მოვა, გაგაცნოთ, რომ იცოდეთ, რა პირობები დაგხვდებათ იქ.

ოღონდ თქვენ მე არ დაგიჭერთ, თქვენი დაგიჭერთ ქართველი ხალხი, სამართლიანი სასამართლო და თავისუფალი პროკურატურა. მე, პირიქით, ხელს შეგიწყობთ და საუკეთესო ადვოკატებს გირჩევთ. აი, მაგალითად, ბატონი ვაჟა და ბატონი ირაკლი ჩომახაშვილი ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. ბატონო ირაკლი, რო რამე იყოს, დაიცავთ ვაჟა თოდუას ინტერესებს?

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას 7 მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. მე უკვე რვა მადლობა გადავუხადე ადვოკატებს, თუმცა მინდა დავამრგვალო და კიდევ ორ მადლობას გადავუხდი ადვოკატებს. მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს.

ეს 12 გამოვიდა, ამიტომ ბარემ ოცამდე ავიყვან. მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს".

მადლობა გიორგი ახობაძეს, თედო აბრამოვს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ კაციას.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, ნინო დათაშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ინსაფ ალიევს, ვეფხია კასრაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, მათე დევიძეს, გიორგი მინდაძეს, დავით ხომერიკს, ანატოლი გიგაურს და ყველა სინდისის პატიმარს.

სოლიდარობა და თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ პოლიტიკოსს".

ირაკლი ქერაშვილის საბოლოო სიტყვა

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომლებიც უდიდეს მხნეობას მანიჭებენ, განსაკუთრებით ჩემს დას მინდა გადავუხადო მადლობა.... ძალიან მიყვარხარ, აჩვენე სიძლიერე. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად და ვფიქრობ, დაამტკიცეს.

იმისდა მიუხედავად, რომ პროკურატურა ჩვენს მიმართ ბოროტებას სჩადის, მომავალში, სავარაუდოდ, გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ მე მოგიტევებთ დანაშაულს და კეთილსინდისიერად განვახორციელებ პროფესიულ ვალდებულებას.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენელი გახლავართ, ყოველთვის უდიდესი კრძალვითა და პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული თქვენი პროფესიისადმი და სასამართლოს, როგორც ინსტიტუციისადმი, ვინაიდან თქვენს ხელშია ჯანმრთელი ადამიანის თავისუფლება. ჩემი ღრმა რწმენით, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი როგორც სასამართლო, ისე მედია, ადამიანის უფლებებთან ერთად წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტს.

თუმცა აქ სამართალს ვეღარ ვხედავ…

სწორედ აღნიშნული ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გამო ვისჯებით და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებით აგერ უკვე ცხრა თვეა.

იმედი მაქვს, თქვენც იაზრებთ, რომ სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და თავისუფლება მოსამართლისთვის ფუნდამენტია და მათ არქონის შემთხვევაში, მოსამართლეს ერთი ნაბიჯი აშორებს ღრმად პატივსაცემი პროფესიიდან ჯალათობამდე.

სამწუხაროდ, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ მაქვს, არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ, არამედ მაქვს განცდა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, თუმცა იმედს არ ვკარგავთ.

მინდა მივმართო რეჟიმს, იმის მიუხედავად, რომ ცდილობთ ციხის ოთხი კედლით შეგეშინებინეთ, თქვენდა სამწუხაროდ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ მაღალი AQ-ს მქონე პირი ვარ. ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან, განვმარტავ, AQ ნიშნავს ადაპტიურობის ინტელექტს. მინდა სიძლიერე და შემართება შეინარჩუნოს ჩემმა ოჯახმა, დამ, მეუღლემ. მოგიწოდებთ ბოლომდე იბრძოლეთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი ქვეყნისაა".

რუსლან სივაკოვის საბოლო სიტყვა [თარგმნის თარჯიმანი]

„მადლობის სიტყვები მინდა წარმოვთქვა, გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხანი იყო და იქნება ჩვენს გვერდზე. ამ არც ისე იოლ პერიოდში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი კოლოსალური მხარდაჭერისთვის, თქვენ საუკეთესოები ხართ. აგრეთვე მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი ადვოკატების მთელ კოალიციას. ისინი მართლაც რომ სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის და ისედაც ძალიან კარგი და სამართლიანი ადამიანები არიან.

ჩემო მეგობრებო, მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვარ, რომ ასეთ ვითარებაში გაგიცანით, მაგრამ აქ მე ვერანაირ საშიშროებას ვხედავ, მთავარია, მომავალში ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას, უფრო კეთილგანწყობილებით და ერთმანეთში კარგ ურთიერთობას დავამყარებთ..

რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურას მშვენივრად ესმის, მაგრამ არ უნდათ, რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ.

იყოს რაც არის, შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრს ვერ ვხედავ, რამდენადაც ყველაფერი ნათქვამია.

ახლა მთავარია, მოსამართლემ ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ-დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება. მე არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება....

გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას".

ლუკა ჯაბუას საბოლოო სიტყვა

ლუკა ჯაბუამ მადლობა გადაუხადა ადვოკატებს, რომ „მათი პრობლემა გაიხადეს საკუთარ პრობლემად“.

მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და პროკურატურას, რომ „ეს უნიკალური ადამიანები და საკუთარი თავი გამაცნო და მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა, თან საკმაოდ ადრეულ ასაკში, ამან ერთიორად გამზარდა.

ჩემი ამბავი "გავრილოვის ღამეს" დაიწყო, მაგრამ მთავარი ის არის, როდის გამიჩნდა პირველად პროტესტი. 2018 წლის არჩევნებია, მოხდა ისე, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდულში აღმოვჩნდი....ერთადერთი, რატომაც ამ სივრცეში ყოფნის აღიარება მრცხვენია... ვისწავლე, როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე...

2024 წელი, 28 ნოემბერი. პრემიერად გაფორმებული კაცი აკეთებს განცხადებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, უარყოფს წინაპრების მონაპოვარს და ქართველი ხალხის ნებას...

ჩემი პროტესტი გამოიხატებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით და არ სცდებოდა მათ, მიუხედავად იმ ძალადობისა, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან...

არიან ადამიანები, რომლებმაც უკარგესი ადამიანის, უკეთილესი ადამიანის, ახობაძის გათავისუფლება საერთო ზეიმად აქციეს, მზიას პატიმრობა კი საერთო გულისტკენის მიზეზი გახდა, ახლა თქვენ განსაჯეთ, რომელი მხარეა ნათელი....

ისეთივე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, როგორც აქციების პირველ დღეებში, მით უმეტეს შკოდებით მითვალთვალებდნენ... ვაგრძელებდი აქციაზე სიარულს, დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერს ვაკეთებდი ისეთს, რაც საფუძველს მისცემდა მათ გავესამართლებინე, ამისდა მიუხედავად, ეს რომ ვიცოდი და მეგობრებს ვწერდი, არც მივმალულვარ, ჯერ ერთი, არაფერი დამიშავებია და რომც დამეშავებინა, არ ვაპირებდი პასუხისმგებლობას გავქცეოდი.

დაკავების ღამეს, როცა შეკვეთის ასაღებად გავედი, დავინახე პოლიციელები, რომლებიც უნიჭოდ მოეფარნენ მანქანას... ხელებაწეული მივეგებე მათ, 10-მდე პოლიციელი გაჩნდა, შემბოჭეს და რომ ვკითხე, რატომ მაკავებდნენ, მითხრეს, თურმე უბნებში ვიღაცები მანქანებს ტეხავდნენ და უნდა გადავემოწმებინე, მე ხომ არ ვიყავი...

სხვათა შორის, ჩემი ბინა არ მოეწონათ... სად ცხოვრობო.... მიპოვეს ევროკავშირის დროშა: ნწ ნწ ნწ, ეს რა ჰქონიაო. ამის შემდეგ მკითხეს, სად არის მოლოტოვიო, მომიგეს, შენი გაუბედურება რომ მინდოდეს, ამაზე მარტივი არაფერი იქნებოდაო.

მინდა მივმართო, ვაი თქვენს პატრონს.

ტელეფონი პინკოდით გადავეცი და დაიწყეს ჩატების თვალიერება, შეამჩნიეს ჩემი ფოტოები აქციაზე და ოი, იქიდან ვერ გამოვაო. მანქანაში სცადეს იქნებ რამე ვათქმევინოთო: ჰა, ბიჭო, თქვით თორემ გაგცხებთო...

ერთ-ერთმა პოლიციელმა მკითხა, რაზე სწავლობო, ფსიქოლოგიაზე-მეთქი, ჩემი ორი ნათესავი სამედიცინოზე სწავლობსო და ამ ექიმებს რა გჭირთო და განვუმარტე, რომ ფსიქოლოგები ექიმები არ არიან, ეს არის განათლებაზე და ადამიანზე.

...შემდეგი იყო გლდანის ციხის ხედი, შორიდან ლამაზი იყო და სიტყვები: შეხედე, ლუკა, ეს შენი სოფელია, რომ ჩაგყლაპავს, თავს ვერ დააღწევო.

დიდი იმედი არ მაქვს, მით უმეტეს გუშინდელი განაჩენის მერე, რომ რაიმე დადებითი მოხდეს. დიდი ხანია ამ ინსტიტუტების ნდობა დაკარგული მაქვს, მინატრია ბევრჯერ და მისაუბრია, ნეტა, ამერიკულ ფილმებში რომაა, ასეთი იყოს სასამართლო-მეთქი...

გისურვებთ გქონდეთ გამბედაობა იმისა, რომ ... მე არ მეშინია დიდი ხნით ციხეში ყოფნის, მე მეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება... არ მინდა ჩემს შვილებს მოუწიოთ უკანონობის გადატანა. დავასრულე".

ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვა

„არ ვაპირებდი დღესაც მოსვლას, უაზროდ მიმაჩნია აქ ყოფნა, ცირკია, ბავშვური, ვითომ ამტკიცებს პროკურატურა, რაღაცას ჩმახავს, ვერ ჩმახავს, ხავსს ეჭიდებიან... აქ დავდივართ იმიტომ, რომ ერთმანეთს ვამხნევებთ, ოჯახის წევრებს ვნახულობთ...

არაფრის თქმას არ ვაპირებდი დღეს, მაგრამ... მინდა მადლობა გადავუხადო მეხუთე პრეზიდენტს, სანამ ეს მთავრობა იარსებებს და სანამ რამე არ შეიცვლება, თქვენ ჩემთვის იქნებით პრეზიდენტი, მადლობა დაფასებისთვის...

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს, ჩვენს ადვოკატებს, პერსონალურად, ბატონ ომარს გადავუხდი მადლობას... თქვენ გააშიშვლეთ სასამართლო და პროკურატურა, ამას ხედავს მთელი ქვეყანა და მსოფლიო, თავად შეიძლება არ უნდათ შეიმჩნიონ, თქვენ ხართ პროფესიონალი.

მე ვარ ჯანო არჩაია რევაზის ძე, იმ რევაზის შვილი ვარ, 1988 წლიდან მოყოლებული ზვიადის და კოსტავას გვერდით რომ იბრძოდა. 14 წლის ბავშვი ვიყავი 9 აპრილს და იქიდან მოყოლებული იწყება ბრძოლა, ჩემი ცხოვრება, ჩემი ბავშვობიდან დაიწყო ბრძოლა, 50 წლის კაცი ვარ და არაფერი გამომიტოვებია, ვიყავი აფხაზეთში...

მე არ ვიბრძვი ჩემი სიკეთისთვის, მე ვიცავ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მე ვიცავ საქართველოს ევროპულ მომავალს, მე მინდა ჩემს შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი... ამისთვის ვისჯები...

საპატრიარქოს მინდა ორი სიტყვით ვუთხრა: მე მინდა იმ მამაოებს მივმართო, რომლებიც თავის სულიერ შვილებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, ცხოვრებას უსპობენ, ციხეებში ყრიან, ეს არ არის პოლიტიკაში შესვლა, რომ ამბობენ, არ შევდივართო, მათ უნდა დაიცვას თავიანთი სულიერი შვილები... მოვა დრო გაეცემათ პასუხი,,, მამაოობა არ არის ის, რომ პარლამენტში შეხვიდე და კობახიძე-მდინარაძეს დაუკრა სისულელეზე ტაში.

მინდა ჩემს ზუგდიდელებს მივმართო, მე დავიბადე და ვიზრდებოდი ზუგდიდში, მე ვამაყობ, რომ ვარ ზუგდიდელი...საკანში ბიჭები წერილებით ხელში მხვდებოდნენ, გავხსნიდი და ზუგდიდელების წერილები იყო... უამრავი წერილი იყო, ყველას გადავუხდი მადლობას.

მინდა პროკურორებს მივმართო - ... ერთი მომენტი იყო, როცა ვაფასებდით ხალხი პოლიციას, ფორმიანებს, მაგრამ ეს ყველაფერი გაწყდა. 90-იანებში ჩვენ ფორმიანებს ვეძახდით ძაღლებს, დღეს უკვე თქვენ ძაღლებიც აღარ ხართ..

მე ვამბობ სიმართლეს, სიმართლისთვის ვისჯები...სამუდამოც რომ მოგვისაჯონ, ჩვენ იქაც, განსხვავებით სხვებისგან, თავისუფლები ვართ, იქიდანაც ვიბრძოლებთ, იქიდანაც დაგამარცხებთ... ცოტა მეტის თქმასაც ვაპირებდი, მაგრამ ჩემი გოგო მამშვიდებს იქიდან [ტირის შვილი ნია არჩაია] და დავამთავრებ...

აქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ჩემი ცხოვრება ისე დასრულდებოდა, ამ საოცარ ხალხს ვერ გავიცნობდი. ზოგიერთი შვილებად მეკუთვნის, მაგრამ ჩვენში ეს არ მოსულა, ჩვენ ძმები ვართ, დიდი მადლობა ამ ბიჭებს, უბრალოდ იმაზე ვნერვიულობ, რომ დღევანდელი სასამართლოს მერე ესეც აგვეკრძალება, იმ ფუქსებშიც ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ის დღეც გათენდება, როცა ყველა ვიქნებით გარეთ.... ყველას დიდი მადლობა.

ერთი ჩვენი მებრძოლი უდრის 50-100 იმ მოღალატეებს, კობახიძის ბანდას... ნუ შეშინდებით, არც ციხეა საშიში, ჩვენნაირი სიმართლის მოყვარული და პატიოსანი კაცისთვის არაფერია საშიში...ჩვენ სულ რომ დაგვივიწყოთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ქვეყანას არ დავუტოვებთ ამ ჩაჩნებს".

რას ამბობდნენ ადვოკატები

ადვოკატები მთელი პროცესის განმავლობაში მიუთითებდნენ იმაზე, რომ ვერ დგინდება ვერც ბრალდებულებს შორის კავშირი, ვერც ორგანიზატორი ან საერთო მიზნისთვის წინასწარ შეკავშირება, ნასროლი ნივთების რაობა და ამ ქმედების შედეგი, ანუ ის კომპონენტები, რომლებიც ჯგუფური დანაშაულის დადასტურებას სჭირდება.

მათი თქმით, მაგალითად, ვერ დგინდებოდა, რომ რომელიმე პოლიციელი დააზიანა თუნდაც ერთ-ერთი ბრალდებულის ქმედებამ, ანუ ამ საქმეში არ ჩანდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG