Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიწაკის სპრეი შსს-ს ნებართვით - ვის არ მისცემენ ყიდვის უფლებას?


დღეს მოქმედი კანონმდებლობა გვეუბნება, რომ წიწაკის სპრეის შესაძენად არ არის საჭირო ნებართვა-ლიცენზია.
დღეს მოქმედი კანონმდებლობა გვეუბნება, რომ წიწაკის სპრეის შესაძენად არ არის საჭირო ნებართვა-ლიცენზია.

მოკლედ

  • რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" წიწაკის სპრეის ყიდვის და ტარების შეზღუდვა?
  • რა წერია დღეს მოქმედ კანონმდებლობაში?
  • რას ამბობენ ქალები, რომლებიც თავდაცვისთვის სპრეის ატარებენ?
  • ვის და რაზე დაყრდნობით მისცემს შსს ნებართვას?
  • რით ამართლებს "ქართული ოცნება" შსს-ს ინიციატივას?
  • რატომ დაზარალდებიან ქალები უფრო მეტად, ვიდრე კაცები ამ შეზღუდვით?

მას შემდეგ, რაც პარლამენტი შსს-ს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას დაამტკიცებს და ეს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება, წიწაკის სპრეის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუკი მაღაზიაში სპეციალურად თქვენს სახელზე შს სამინისტროს გაცემულ ცნობას წარადგენთ.

საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დარეგისტრირდა პარლამენტში და ახლა ის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა უნდა განიხილოს.

ცვლილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით“ ხსნის.

კიდევ რა ვიცით საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ?

ამ დროისათვის, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ანუ წიწაკის სპრეის შეძენა-ტარების გარდა შეიზღუდება აკუსტიკური იარაღის ყიდვაც. ელექტროშოკურ მოწყობილობის შეძენა კი აიკრძალება.

რა წერია წიწაკის სპრეის შესახებ მოქმედ კანონში?

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წიწაკის სპრეი განკუთვნილია „ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით“ ცოცხალი არსებების (ადამიანები, ცხოველები) „დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად“, რაც შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ ნორმებს.

ამავე კანონით, წიწაკის სპრეი თავდაცვის იარაღებად ითვლება.

დღეს წიწაკის სპრეის შესაძენად არ არის საჭირო ნებართვა ან ლიცენზია.

რას ფიქრობენ ისინი, ვინც წიწაკის სპრეის ატარებენ?

რადიო თავისუფლებამ ერთ-ერთ დახურულ, სამიზნე ჯგუფში მცირე გამოკითხვა ჩაატარა. ატარებთ თუ არა წიწაკის სპრეის? თუ გამოგიყენებიათ ის? წიწაკის სპრეის შეძენისთვის დაწესებული შეზღუდვები შეგიზღუდავთ თუ არა დაცულობის განცდას?

გამოკითხულთა მაქსიმალური უმრავლესობა ამბობს, რომ წიწაკის სპრეი, როგორც თავდაცვის საშუალება, განსაკუთრებით ქალებისათვის, აუცილებელია:

  • „ვატარებ წლებია. დაახლოებით 2 წლის წინ გამოვიყენე ბათუმში. ძალიან არასასიამოვნოა აკრძალვა, რაღაც სიმშვიდე მაინც მაქვს სპრეით“.
  • „ვატარებ, თუმცა არასდროს გამომიყენებია. უსაფრთხოების განცდას მიჩენს და სულ მაქვს იმედი, რომ საჭიროების შემთხვევაში თავს დავიცავ“.
  • „ვატარებდი, მაგრამ აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ყოველ დღე აქციაზე ვარ და კიდე დამატებითი პრობლემა არ მინდოდა თუ გამჩხრეკდნენ. მეტი უფრო არაუსაფრთხოდ როგორ ვიგრძნო თავი ამ ქვეყანაში, აღარ ვიცი“.
  • „მხოლოდ მაშინ ვატარებ, როცა აქციაზე არ მიწევს გასვლა (ანუ იშვიათად). გვიან დაბრუნება რომ მიწევს, უმეტესად მაცილებენ მეგობრები, თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ, მას შემდეგ რაც სახლთან დამხვდნენ“.
  • „აქამდე არასოდეს მქონია, აქამდე არც დაუცველობის განცდა არ მქონია...ახლა კი საჭიროა, თან ძალიან და აუცილებლად შევიძენდი“...

რა კითხვები აქვთ იურისტებსა და უფლებადამცველებს?

საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, არაერთი კითხვა გაუჩინა იურისტებს, უფლებადამცველებს.

მათ შორის:

  • რატომ და რის საფუძველზე გადაწყვიტა შსს-მ ამ ცვლილებების შემოტანა?
  • რა კრიტერიუმებით გადაწყვეტს შსს, ვის მისცეს წიწაკის სპრეის შეძენის უფლება და ვის არა?


ამ კითხვების შესახებ საუბრობს რადიო თავისუფლებასთან თამარა ზარქუა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, რომელიც წლებია ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს იცავს:

თამარ ზარქუა, იურისტი
თამარ ზარქუა, იურისტი

„არსად არ არის ან რაიმე კვლევა, ან სტატისტიკა, ან მტკიცებულება, რომელიც მიგვანიშნებდა, რომ ან არამიზნობრივად, ან გადაჭარბებით გამოეყენებინათ მოქალაქეებს წიწაკის სპრეი. ან მაგალითად, წიწაკის სპრეის გამოყენება იქცა დანაშაულის ჩადენის იარაღად, რამაც ადამიანების ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანა. საზოგადოებამ ამ კითხვებზე პასუხი აუცილებლად უნდა იცოდეს“, - ამბობს თამარა ზარქუა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პასუხის მოძიება კიდევ ერთ კითხვაზე:

„ვთქვათ, შსს-მ მითხრა უარი ცნობის გაცემაზე, სად ვასაჩივრებ ამ უარს? ან რა კრიტერიუმების საფუძველზე მომცემს ან არ მომცემს წიწაკის სპრეის შეძენის უფლებას შსს? რა კრიტერიუმებით გადაწყვეტს, რომ მე ჩემი ფიზიკური ძალით შემიძლია დავიცვა საკუთარი თავი საჭიროების შემთხვევაში და არა წიწაკის სპრეით?“

თამარა ზარქუა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც ქალებს, მათ შორის, ტრანსგენდერ ქალებს, სწორედ წიწაკის სპრეის გამოყენებით აურიდებიათ თავი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის. წიწაკის სპრეი მსხვერპლს რამდენიმე წუთს აძლევს იმისთვის, რომ მოძალადისგან თავი დაიხსნას:

„ჩემს ბენეფიციარებს უთქვამთ, რომ წიწაკის სპრეის დახმარებით მოიგერიეს მოძალადე, რის შემდეგაც მოახერხეს პატრულთან დარეკვა და ეს პატრულისთვისაც ცნობილია, რომ სწორედ წიწაკის სპრეის საშუალებით მოხდა თავდაცვა და არ დადგა უფრო მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა“, - ამბობს თამარა ზარქუა, რომელიც ასევე ყურადღებას ამახვილებს, ბოლო ორ წელში, საპროტესტო აქციებში ჩართულ მოქალაქეებზე გახშირებულ თავდასხმის შემთხვევებზე, რომლის თქმითაც, მათთვის წიწაკის სპრეი თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება უნდა ყოფილიყო:

„დღეს, როდესაც ქვეყანაში, გარდა ოჯახში და ქალების მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლისა, სახეზე გვაქვს ასევე პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი ძალადობის არაერთი ძალიან მძიმე ფაქტი, არაერთ აქტივისტს დახვდნენ სახლთან, მათ შორის, ქალებს... აქციების პერიოდში ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილდებოდნენ დაუდგენელი პირები, ასეთი მომატებული საფრთხის პირობებში, ხელისუფლება მოქალაქეებს უზღუდავს დაიცვას საკუთარი თავი“, - ამბობს თამარა ზარქუა.

მსგავსი კითხვები აქვს კიდევ ერთ იურისტსა და უფლებადამცველს, გოგა ხატიაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში.

მისი თქმით, ამ ცვლილებით, ხელისუფლება მოქალაქეებს უზღუდავს თავდაცვის უფლებას.

გოგა ხატიაშვილი, იურისტი
გოგა ხატიაშვილი, იურისტი

„სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, თავდასხმის, ძალადობის შემთხვევაში, ადამიანს აქვს აუცილებელი მოგერიების უფლება. თუკი ცვლილებები შევა ძალაში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ კანონი ერთი მხრივ, მოქალაქეს აძლევს თავდაცვის უფლებას, მაგრამ მეორე მხრივ, მას ართმევს თავდაცვის ეფექტიან საშუალებას. ფაქტობრივად, შენ ეუბნები, რომ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს შიშველი ხელებით“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ასევე შეიცავს რისკს, რომ წიწაკის სპრეის შეძენაზე თანხმობას შსს შერჩევითად გასცემს. ის საუბრობს კიდევ ერთ რისკზე - კონტროლის დამყარება ადამიანთა ჯგუფზე:

„აბსოლუტური დისკრეციის მინიჭება, რომ პოლიციის თანამშრომელმა, კონკრეტული კრიტერიუმების გარეშე გადაწყვიტოს, ვის მისცეს უფლება და ვის არა, ეს შეიცავს რისკს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები შერჩევითად მიიღონ.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასევე იყოს ადამიანებზე კონტროლის დამყარების კიდევ ერთი მცდელობა. მაგალითად, მოხდეს იმ ადამიანების აღრიცხვა, ვისაც წიწაკის სპრეი ექნება“.

როდესაც საქმე წიწაკის სპრეის შეზღუდვას ეხება, გოგა ხატიაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, რომელთათვისაც დღეს არსებულ გარემოში, თავდაცვის ეს საშუალება, ხშირად უკიდურესად მნიშვნელოვანია:

„[საქართველოში] კაცებს არ აქვთ განცდა, რომ როდესაც ღამით ქუჩაში მიდიან, მათ შესაძლოა ვინმე აედევნოს და საფრთხე შეუქმნას. ქალებს ეს შიშები აქვთ, რადგან სამწუხაროდ, ასეთი გარემო და კულტურა არსებობს. ამიტომ ამ ტიპის თავდაცვის საშუალებების მომხმარებლები უფრო მეტად ქალები არიან. ეს საკანონმდებლო შეზღუდვა არაპროპორციულად დამაზიანებელ გარემოში აყენებს ქალებს“.

გოგა ხატიაშვილი ფიქრობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები „ქართული ოცნების“ სტრატეგიის - აკრძალვის პოლიტიკის ნაწილი და გაგრძელებაა:

„ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ სტრატეგიაც ხომ ესაა - მაქსიმალური აკრძალვა, მაქსიმალური კონტროლი. არ არის გამორიცხული, რომ ეს გადაწყვეტილებაც, გარკვეულწილად, აქციების კონტექსტში იქნას მიღებული. ესაა „ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკა“.

როგორ პასუხობს შსს-ს ინიციატივას „ქართული ოცნება“?

სადავო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს 17 ნოემბერს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას ასე გამოეხმაურა:

„აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს დაშვებული წიწაკის სპრეი და ელექტროშოკი, რათა გაიმეორონ ის დანაშაული, რაც არაერთხელ ჩაიდინეს ბოლო წლების განმავლობაში. აქ სისხლის ღვრაზეა ლაპარაკი. ამის მოწყობაზეა ლაპარაკი. და პიროტექნიკაც არა დღესასწაულების აღსანიშნად, არამედ პოლიციელის მოსაკლავად იყო შეძენილი ხშირ შემთხვევაში“.

დაუსჯელი დანაშაულები და გამკაცრებული კანონები

ბოლო ორ წელში, არაერთ აქტივისტს, პოლიტიკოსსა თუ ჟურნალისტს, ზოგს სახლთან, ზოგს სასწავლებელთან, ზოგს საპროტესტო აქციების მიმდებარედ, ფიზიკურად გაუსწორდნენ უცნობები.

დაშავებულთა უმეტესობას კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა. მათ შორის, ქირურგიული ჩარევა. ნაცემ აქტივისტებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ჰქონდათ ტვინის შერყევა, კიდურების მოტეხილობა, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში, თავდამსხმელთა იდენტიფიცირება მარტივი იყო, თავდასხმის არცერთ საქმეზე გამოძიებას დამნაშავეები, ამ დრომდე, არ გამოუვლენია.

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებსა და აკრძალვებს, ბოლო ერთ წელში, არაერთი გამკაცრებული ცვლილება შევიდა კანონში, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

მაგალითად, შეიზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა, მათ შორის, სამედიცინო ნიღბით.

2025 წლის დასაწყისში, გაიზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის, 2025 წლის მიწურულს კი კიდევ ერთი ცვლილება შევიდა კანონში და ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული აქციაზე ნიღბის ტარების, ცრემლმდენი საშუალების ფლობის ან გზის გადაკეტვისთვის. განმეორების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ერთ წლამდე პატიმრობა ელის.

თვის ბოლოს ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში, უმეტესად კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ყოველდღიური პროევროპული აქციები იმართება. ამ ერთი წლის განმავლობაში ათობით ადამიანი გაასამართლეს და დააპატიმრეს სისხლის სამართლის წესით, მათ შორის, ჟურნალისტი ქალი.

ამ ერთი წლის განმავლობაში, ასობით ადამიანი დააჯარიმეს ან დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით.

17 ოქტომბრიდან, ანუ კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების ამოქმედების დღიდან მოყოლებული, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე შეეფარდა ათობით ადამიანს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG