6 აგვისტოს საღამოს, სლოვაკმა ჟურნალისტმა ტომაშ ფორომ გამოაქვეყნა მამულაშვილთან ინტერვიუ, რომელიც ბრატისლავაში, სლოვაკეთის მთავრობის სახლთან არის ჩაწერილი. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ვიდეო ივლისის ბოლოსაა ჩაწერილი.
„უპირველეს ყოვლისა, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ჩამოვედი თავისუფალ ქვეყანაში. ვსტუმრობ მეგობრებს და, საერთოდაც, შემიძლია გავაკეთო ის, რაც მინდა. არავინ არ უნდა მიშლიდეს არც მე და არც არავის გააკეთოს ის, რაც უნდა“, - ამბობს ის.
მამუკა მამულაშვილი ამ ინტერვიუში კიდევ ერთხელ უარყოფს სლოვაკეთის მთავრობის ბრალდებებს „სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის“ შესახებ და ამბობს:
„მე არასოდეს მიცდია სახელმწიფო გადატრიალება სლოვაკეთში და არასოდეს მიფიქრია ამაზე. როდესაც ისინი ამაში მადანაშაულებდნენ, მე ვიცავდი თავისუფლებასა და დემოკრატიას და არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ საქართველოსთვის, სლოვაკეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც პოტენციურად შეიძლება რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ“.
მამულაშვილი ასევე ამბობს, რომ სლოვაკეთში არცერთ პოლიტიკოსთან არ ჰქონია კავშირები: „ყველა ცივილიზებულ ქვეყანას მოეთხოვება, წარმოადგინოს ფაქტები და არა უბრალოდ ტელევიზორში ილაპარაკოს“.
ამასთან, ჟურნალისტი ტომაშ ფორო ინტერვიუში კითხულობს დოკუმენტს, რომელიც, მისი თქმით, გამოითხოვეს ოფიციალური უწყებისგან, რომელიც მეთვალყურეობს შენგენის სისტემას და რომელიც ეხება მამულაშვილის სამართლებრივ სტატუსს. მისი თქმით, ამ პასუხში წერია, რომ მამულაშვილზე მსგავსი შეზღუდვა შენგენის ზონაში არ არსებობს.
სლოვაკეთის მთავრობის ბრალდება და „ლეგიონის“ პასუხი
2025 წლის იანვრის ბოლოს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა და რომ იქ ჩავიდა „ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში, ასევე უკრაინის მაიდანის მოვლენებში“; მან „ქართული ლეგიონი“ დაასახელა
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მატუშ შუტაი ეშტიკი 31 იანვარს აცხადებდა, რომ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში შესვლა აუკრძალეს.
31 იანვარს სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი ერიკ კალინიაკი თბილისში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ კალინიაკმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოჰყვა, რომ განიხილეს „საქართველოში მთავრობის გადატრიალების ცოტა ხნის წინანდელი გეგმა“.
ის ირწმუნებოდა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთში საპროტესტო აქციები უცხოეთიდან ფინანსდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით.
კიევსა და ბრატისლავას შორის ურთიერთობებში გართულებების ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის გადატუმბვა შეწყდა.
„ქართულმა ლეგიონმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „გადაჭრით უარყო სლოვაკეთის ხელისუფლების უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებები“ „პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალებაში“ მონაწილეობის შესახებ.
„ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დანაყოფის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის გვერდით იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამულაშვილმა.
სლოვაკეთი რამდენიმე თვის წინ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
ათიათასობით ადამიანი კიდევ არაერთხელ შეიკრიბა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ.
ისინი აპროტესტებდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საგარეო კურსს, რომელიც რუსეთთან დაახლოებისკენ არის მიმართული.
ფორუმი