Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაადასტურა ან უარყო პროკურატურის მტკიცებულებებმა ჯგუფურ ძალადობაზე? - შესწავლა დასრულებულია


ჯგუფური ძალადობის საქმეების პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი (მარცხნივ) და ვაჟა თოდუა
ჯგუფური ძალადობის საქმეების პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი (მარცხნივ) და ვაჟა თოდუა

სასამართლო განხილვების მერვე თვეს, ბრალდების მხარემ ჯგუფური ძალადობის საქმეებზე მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. პროკურორებმა გამოკითხეს მოწმეები, შეისწავლეს ვიდეოები. ბოლო სვლა მთავარი გამომძიებლის დაკითხვა იყო. ვის სასარგებლოს იმუშავა ამან? ეს დისკუსიის საგანია.

პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ. მას შემდეგ, რაც კამერები სასამართლოს ეზოშიც კი აიკრძალა, ისინი მედიას სათადარიგო გასასვლელებიდან უსხლტებიან.

„ყოველი მომდევნო სხდომა ამ ბიჭების უდანაშაულობას ადასტურებს“, - ამბობს ადვოკატი რევაზ აჭარაძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორივე საქმეზე იცავს ბრალდებულების ინტერესებს. იმ ჯგუფში, რომელშიც რვა დემონსტრანტია ბრალდებული, იგი ბრალდებისთვის ძალადობის ორგანიზატორად მიჩნეული ვასილ კაძელაშვილის ადვოკატია. მეორე საქმეში კი, რომელშიც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, რევაზ აჭარაძე ირაკლი ქერიშვილს წარმოადგენს.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლო ორ საქმეს იხილავს და ჯამში 19 ადამიანს ასამართლებს.

ერთ ჯგუფში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი სახალხო გამოსვლების მონაწილე 8 დემონსტრანტია, მეორეში კი -11. პირველს - თამარ მჭედლიშვილი განიხილავს, მეორეს - ნინო გალუსტაშვილი.

ადვოკატი ორივე საქმის მტკიცებულებებს კარგად იცნობს, შეუძლია ერთმანეთს შეადაროს ისინი, იპოვოს მსგავსებები და განსხვავებები.

„პროკურორს ევალება დაადასტუროს ის, რაც ბრალის დადგენილებაში თავად ჩაწერა. მოსამართლე როცა დაიწყებს განაჩენის წერას, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა მიუთითოს, რომ, მაგალითად, ვასილ კაძელაშვილმა დააორგანიზა, უხელმძღვანელა, როლები გაანაწილა და ამ ქმედებამ რაღაც საფრთხე შექმნა, რაღაც დააზიანეს... ირაკლი ქერაშვილმა კი ვინმეს ზიანი მიაყენა და ჯგუფში მონაწილეობდა... ამ მოცემულობით მოსამართლე ფურცელზე ბრალის დამადასტურებელ ვერანაირ მტკიცებულებას გადაიტანს და გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს“, - ამბობს ადვოკატი.

მის პოზიციას იზიარებს კიდევ ერთი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. ისიც, რევაზ აჭარაძის მსგავსად, ჯგუფური ძალადობის პარალელურ საქმეებზეა ადვოკატი. ერთ ჯგუფში ნიკოლოზ ჯავახიშვილის ინტერესებს იცავს, მეორეში კი - რევაზ კიკნაძისას.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ მხარესაა, ობიექტური იურისტი მოიყვანეთ, ორი მტკიცებულება გვითხრას ამ საქმეში, რაც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი უნდა გახდეს და ხმას არ ამოვიღებ“, - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.

რატომ ამბობენ ადვოკატები, რომ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არაა? - ამის საილუსტრაციოდ შვიდი თვის განმავლობაში სასამართლოში ბრალდების მხარის მუშაობის შედეგები გამოდგება.

პროკურატურამ ორივე საქმეზე ცალ-ცალკე 50-მდე მოწმე გამოჰკითხა, მათ შორის იყვნენ დაზარალებული პოლიციელები, გამომძიებლები და ექსპერტები. ჯგუფური ძალადობის ორივე საქმეს იდენტური მოწმეთა სია ჰქონდა - „გაორებულ მოწმეებს“ უწოდებს მათ ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.

პროკურატურის მოწმეების დაკითხვამ ორივე საქმეზე ერთნაირი სურათი აჩვენა.

  • ვერცერთმა სამართალდამცველმა ვერ ამოიცნო ბრალდებულებში თავიანთი დამზიანებელი;
  • ყველა მათგანმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ერთი და იგივე, რომ იყო სიბნელე და ამიტომ ვერ მოახერხეს დაენახათ, ვისი ნასროლი ქვით ან პიროტექნიკით დაზიანდნენ;
  • ამის მიუხედავად, მაინც აქვთ პრეტენზია ბრალდებულებთან, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დაუდასტურდებათ;
  • ვიდეომტკიცებულებებში მხოლოდ სროლის კადრებია, არ ჩანს სად ეცემა ნასროლი „რაღაც ნივთები“ და ხვდებათ თუ არა ის პოლიციელებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენება გამოდგა. ის ორივე საქმეზე დაიკითხა და ორივე შემთხვევაში დაადასტურა, რომ:

  • ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი არ დასტურდება;
  • არ დასტურდება პირდაპირი კავშირი ბრალდებულებსა და ორგანიზატორებს შორისაც;
  • ვერც სავარაუდო ორგანიზატორებს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ადასტურებს;
  • ბრალდებულები შესაძლოა იცნობდნენ ერთმანეთს და შესაძლოა არა - ეს დადგენილი არ არის;
  • არ არის დადგენილი, ერთმანეთთან კომუნიკაციის რა გზას მიმართავდნენ, თუ ჰქონდათ კომუნიკაცია საერთოდ;
  • სავარაუდო კავშირის ერთადერთი არგუმენტი ვიდეოებში ერთსა და იმავე ადგილზე, აქციაზე რამდენიმე ბრალდებულის ერთად გამოჩენაა.


სხვა ყველა დანარჩენი მსჯელობა ვარაუდია. მაგალითად, არსენ ხუნაშვილი ვარაუდობს, რომ:

  • ის დემონსტრანტები, რომლებიც ერთსა და იმავე ვიდეოში ერთსა და იმავე ადგილზე ერთად ჩანან, შეიძლება ერთმანეთს იცნობდნენ ან შეიძლება არა, დადგენილი არაა;
  • შესაძლოა სავარაუდო ორგანიზატორების საჯარო მოწოდებებს ჰქონოდა გავლენა ბრალდებულების ქცევასა და ქმედებაზე;
  • ორგანიზატორთა სრული წრე იდენტიფიცირებული არ არის და შეიძლება უცნობ ორგანიზატორებთან ჰქონდათ დემონსტრანტებს კავშირი;
  • მისივე თქმით, პირდაპირი კავშირი ტელეფონების ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს, რომლის პასუხიც მეშვიდე თვე იწურება და ჯერ კიდევ არ არის.
არსენ ხუნაშვილი, ჯგუფური ძალადობის საქმეების მთავარი გამომძიებელი
არსენ ხუნაშვილი, ჯგუფური ძალადობის საქმეების მთავარი გამომძიებელი

„მთავარი გამომძიებელიც განმარტავს, რომ რაიმე კავშირი არ დადასტურებულა. ასევე განმარტავს, რომ კი მომავალში შესაძლოა ტელეფონები რომ ექსპერტიზიდან დაბრუნდება, იყოს რაღაც მიმოწერა თუ კომუნიკაცია, მაგრამ ეს თავის გამართლებაა, რამე რომ ჰქონოდათ, მოიტანდნენ, მაგრამ უბრალოდ არ არსებობს ასეთი მტკიცებულება“, - ამბობს რევაზ აჭარაძე.

კამერას რომ გადაეღო დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელზეც 8 დემონსტრანტის ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საქმეს განიხილავდნენ, საზოგადოებას გამომძიებელი ხუნაშვილი ასე დაამახსოვრდებოდა:

ერთ ყურს შავი, დიდი ყურსასმენის ერთი ბოლო უფარავს, მარცხენა ყური თავისუფალია, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ დარბაზის ხმაც ესმოდეს. ადვოკატები მიდიან გამომძიებელთან და უყურებენ, რას ხნის ის კომპიუტერში. დარბაზის ცენტრიდან მისი სახე არ ჩანს - კომპიუტერი ეფარება. ის უყურებს ვიდეოს და ფურცელზე ჩანაწერებს აკეთებს.

ვიდეო, რომელსაც არსენ ხუნაშვილი უსმენს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულის, ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მტკიცებულებაა. ამ ვიდეოს დედანს, რომელიც სასამართლოშია, ხმა არ აქვს. პროკურორებმა ხარვეზის გამოსწორების გზა საპროცესო კოდექსში იპოვეს მისი „არაკეთილსინდისიერი განმარტების გზით“, - ამბობენ ადვოკატები.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტების თანახმად, დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პიროვნებას მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს.

ამ შემთხვევაში "ინფორმაციის შემცველი ობიექტი", რომელიც გამომძიებელმა სხდომაზე ელექტრონული მოწყობილობით - "ფლეშკით" - მიიტანა, ზვიად ცეცხლაძის ხმიანი ვიდეოა. გამომძიებელი ამტკიცებს, რომ 15-წუთიანი ჩანაწერიდან, რომელიც სტუდენტური მოძრაობა "დაფიონის" გვერდზე 30 ნოემბერს რეალურ დროში გადაიცემოდა, ყველაფერი აღარ ახსოვს, ამიტომ კითხვებზე საპასუხოდ მისი სხდომაზე მოსმენა სჭირდება.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას ამის ნება მისცა და ამავე მუხლის თანახმად საქმესაც დაურთეს. მას მტკიცებულების სტატუსი არ აქვს, მაგრამ ადვოკატების განმარტებით, მოსამართლეს გადაწყვეტილების დასაბუთებისას აქვს უფლება, ამ ვიდეოსაც დაეყრდნოს, რადგან უკვე საქმის ნაწილია.

რას ამბობს ცეცხლაძე ვიდეოში, რომელიც მთავარმა გამომძიებელმა ყურსასმენებით მოისმინა?

გამომძიებლის თქმით, 15-წუთიან ვიდეოში ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მათგან ერთი ზვიად ცეცხლაძე, აქციებზე მომხდარზე საუბრობს და პოლიციელებს გიენებს ეძახის, ამბობს, რომ რუსთაველი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოუხერხებელი ადგილია.

„ასევე ამბობს [ზვიადი], რომ საჭიროა ბარიკადების აგება....საჭიროა კოცონი, რადგან აირწინაღის როლს თამაშობს და კარგია გაშრობისთვის და გათბობისთვის. ამბობს, რომ მავთულხლართია საჭირო, რადგან გაუჭირდება პოლიციას გადალახვა. ის ხელახლა აჩვენებს მოსახლეობას, როგორ მზადდება ფარები.

საუბრობს, რომ ზეთია საჭირო, რადგან თუ დაასხამენ ძირს, პოლიციის ეკიპირება არის ადვილად გაცურებადი და პრობლემა შეექმნებათ პოლიციელებს, ეკლიანი მავთულის, ლურსმნების დაყრაზე საუბრობს, ასევე კვერცხებზე საღებავებით, ეს საღებავი და კვერცხი აეზილებათ და გართულდება გადაადგილებაო. ასევე საუბრობს, კამერების განეიტრალებაა საჭიროო, რადგან არ დაფიქსირდნენ ამ კამერაში, შესაძლებელია გამოიყენონ საღებავი, კარგია თუ დააბეტონებენ ქვებს....

ამბობს, რომ ცალ-ცალკე უნდა შეიძინონ პიროტექნიკა, რადგან ჯგუფურობა არ იყოს და არ დააკავონ. საუბრობს პილპილზე და წიწაკის სპრეის გამოყენებაზე. ამბობს, რომ ყველანაირი ქმედება უნდა იყოს ორგანიზებული, საუბრობს, რომ ეს პროტესტი უნდა მიმდინარეობს ყველა ქალაქში ცალ-ცალკე, რომ ვერ შეძლონ მობილიზება ხალხის. ასევე საუბრობს, რომ დილის და საღამოს სმენები უნდა გადანაწილდეს, რომ ხალხი იყოს დასვენებული".

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატს, დავით ჭიკაიძეს, აინტერესებს, ზუსტად იცის თუ არა გამომძიებელმა, რომ ჩანაწერი, რომელსაც ყურსასმენებში მოუსმინა, ბრალდებულებიდან რომელიმემ ნახა. არსენ ხუნაშვილის თქმით, „სრულიად შესაძლებელია ნებისმიერ მათგანს ენახა..."

ადვოკატმა მოუწოდა გამომძიებელს, რომ ვარაუდებით ნუ საუბრობს და კითხვებს ზუსტი პასუხი გასცეს, ანუ იცის თუ არა, რომ ბრალდებულებმა ზვიად ცეცხლაძის ჩანაწერი ნახეს.

გამომძიებლის მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე მოვლენები ვითარდებოდა იმ სურათით, რაზეც ზვიად ცეცხლაძე საუბრობს, „შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოახდენდა ბევრ მონაწილეზე გავლენას“, არ აქვს მნიშვნელობა ნიკოლოზ ჯავახიშვილი იქნებოდა თუ სხვა.

ამის თქმის შემდეგ, გამომძიებელი აცხადებს, რომ არცერთ ბრალდებულს არ აქვს მოწონებული ან დაკომენტარებული ეს ვიდეო, ასევე გამომძიებლებს არ უკვლევიათ, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ამ ვიდეოს მსმენელზე.

ამ ვიდეოს შინაარსის დამადასტურებელი ახლა საქმეში მხოლოდ „დათვალიერების ოქმია, რომელიც ხუნაშვილმა შეადგინა”. როგორც მტკიცებულება, სასამართლოში ამ ვიდეოს უხმო ვერსია გამოიკვლიეს.

„გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულება, რომელიც თავისი შინაარსით ფაქტობრივად არაფრის მომცემი არ არის, რადგან 14-წუთიანი გამოსახულებაა, რომელშიც დაუდგენელია, რეალურად ვინ არის. ამ გამოსახულებას თან არ ახლავს ხმა, ვერბალური ნაწილი არ აქვს. შესაბამისად, ვიდეომტკიცებულებამ, რომელსაც ბრალდების მხარე ელოდა და რომლის გამოკვლევასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ფაქტობრივად ამ გამოკვლეული მტკიცებულებებით განსაკუთრებული ვერაფერი დადასტურდა”, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

„სავარაუდოდ“ - ეს სიტყვა გამომძიებელმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის ვიდეოზე საუბრისასაც ბევრჯერ თქვა. ის ამბობს, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით რუსთაველის გამზირზეა გადაღებული.

„გამომდინარე საუბრის შინაარსიდან, ადგილიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ წლამდე უნდა დასრულდეს, გამომდინარე ეკიპირებიდან, რომელიც მათ აცვიათ, იმის გათვალისწინებით, რომ სამში დააკავეს, ეს ვიდეო გადაღებულია რომელიმე ჩემს მიერ ჩამოთვლილ დღეს", - ამბობს არსენ ხუნაშვილი.

რევაზ აჭარაძის კითხვაზე, რამდენმა ადამიანმა მოისმინა ვასილისა და ვეფხიას მოწოდება, გამომძიებელი პასუხობს, რომ „კადრში ჩანს რამდენიმე პირი”.

ამასთან „არ ჩანს ვიდეოს გადაღების უკან რამდენი ადამიანია და არ შეუძლია თქვას, რამდენი ადამიანი იგებს ამას".

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალის დადგენილებაში სიტყვა „მოწოდებაა“ გამოყენებული. თუ არ იცით, რამდენმა მოისმინა, როგორ დაადგინეთ, რომ მოუწოდებდაო. ამას გარდა, დაინტერესდა, იპოვა თუ არა გამომძიებელმა ის ადამიანები, რომლებსაც „მოუწოდებდნენ".

გამომძიებლის თქმით, დაიწყო ამაზე მოკვლევა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. კითხვაზე, ჩანს თუ არა საქმის მასალებიდან და მტკიცებულებებიდან მცდელობა, რომ ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყო უცნობი, გამომძიებელი ამბობს, რომ ასეთი პატაკები არ დგება.

„პატაკი და ოქმი უნდა დგებოდეს, რომ ვიყავი პირად კონტაქტთან და მან ინფორმაცია არ მომცა? მსგავსი პატაკები საქმეში არ იდება", - ამბობს არსენ ხუნაშვილი.

„მამა დავითთან, რომ შენობა დაწვეს, იცით ეგ ინფორმაცია? წყნეთში რომ მშენებლობა დაწვეს, იცით ეს ინფორმაცია?" - კითხულობს რევაზ აჭარაძე.

გამომძიებელი ამბობს, რომ არ იცის.

- კალაძის მეუღლის მაღაზია დაიწვა თუ არა, იცით?

- არ მაქვს ინფორმაცია.

ადვოკატის ეს კითხვები ვიდეოს შინაარს უკავშირდება.

დიალოგი, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა

ვ. კაძელაშვილი: და როგორი თემა გავაკეთოთ, ამათ სადაც აქვთ მშენებლობები, სადაც მიდის წყნეთში, კალაძის ცოლს რომ აქვს მაღაზიები, ერთი 5-გრამიანი შპრიცით ბენზინი მივასხათ და ბიჩოკი მივაგდოთ და გაიარე წადი. სანამ ამათ ქონებას არ შეეხები, ამათ ვერ გააპარტყალებ, გაიგე? რომელ რესტორანში დადიან? რომელ კაფეში დადიან? ვისთან დადიან? იქ უნდა, იმათ უნდა მიაწვე და მიაწვე ბოლომდე. გაიგე?

ვ. კასრაძე: ერთი 200 კაცი დახვდი და ჩახოცე.

ვ. კაძელაშვილი: არ უნდა ორასი კაცი, მშენებლობები სადაც მიდის, მამა დავითი, იქ, ზევით გადი, იქ გადი, იქ გადი. გაიგე? სადაც ამათი მშენებლობები მიდის, ისე, რომ ხალხიც არ არის მაცხოვრებელი, აი, მანდ უნდა ვიმუშაოთ რა. დივერსიული ისინი უნდა მოვაწყოთ.

ვ. კასრაძე: აუცილებელია. ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ.

ვ. კაძელაშვილი: ხო. მოტო აიღე, მოტოთი გაიარე იქ.

ვ. კასრაძე: მოტო ყველაზე მაგარია.

ვ. კაძელაშვილი: 10-გრამიანი შპრიცი აიღე, ცოტა ის გაურიე.

ვ. კასრაძე: კანისტრა აიღე.

ვ. კაძელაშვილი: არ გინდა კანისტრა, კანისტრა ჩანს და რო გაივლი, აქედან ჯიბიდან მიასხი, ეგ გვესწავლება ტო, მიასხი და მეორედ გამოიარე, ბიჩოკი გადააგდე, ხ*** ზნაეტ, რავი, მე გამოვიარე, სიგარეტი გადავაგდე ამის დედაც მ***ნ. ის გაურიე ცოტა (ცუდად ისმის) და ის პენოპლასტი რო არის. პენოპლასტს ბენზინი ადნობს და მერე რო გაასხავ, ის როგორ არის იცი?

ადვოკატების კითხვებიდან გაირკვა, რომ გამომძიებელმა „არ ჩათვალა საჭიროდ“, ჩაეტარებინა ექსპერტიზა იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ვიდეოს მონტაჟის კვალი, მიუხედავად იმისა, რომ სუბტიტრების არსებობა უკვე ამის მანიშნებელია. ასეთი ექსპერტიზა არც სხვა ვიდეოებზე არ დანიშნულა.

მან დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე არ გასულა და არ ჩაუტარებია საგამოძიებო მოქმედებები. „საჭიროდ არ ჩათვალა” და „აზრი აღარ ჰქონდა“.

ექსპერტიზით არ დაუდგენია ვიდეოების გადაღების ზუსტი დრო.

არ უკვლევია, მაგალითად, ნიკოლოზ ჯავახიშვილის შემთხვევაში გასროლილი ფეიერვერკის ტრაექტორია.

მან არ გამოჰკითხა შსს-ს ოპერატორები, რომლებმაც ბრალდებულები გადაიღეს.

გამომძიებელი დრო და დრო სახეს ხელებით იზელს და ამბობს, რომ დაიღალა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი უპასუხოდ არ ტოვებს: „კიდევ ერთხელ მშვიდად შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ხართ და არა ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში.“

„ბრალდების მხარემ ვერც ერთ ქეისზე ვერ მოიყვანა პირდაპირი მოწმე, რომლის თეორიული შესაძლებლობაც მას უნდა ჰქონოდა და რატომ? - მას საქმეში ყავს ოპერატორი, რომლისგანაც ვიდეოებია ამოღებული. როგორ შეიძლება თქვენ რაღაც გადაიღოთ და იქ არ იდგეთ. აქედან გამომდინარე, პირდაპირი მოწმე ექვსი ოპერატორი ბრალდების მხარემ სასამართლოზე არ მოიყვანა, იმიტომ რომ მათი ბრალი ტყუილზეა აგებული და როგორც კი ამ ადამიანს მოიყვანდნენ, მე ვკითხავდი მას, ხედავდი თუ არა მოქალაქეებზე როგორ ძალადობდნენ, რა მოქმედებები მიმდინარეობდა და ასეთი ადამიანების დამალვა მიანიშნებს იმაზე, რომ ბრალდების მხარეს ძალიან ბევრი რამე აქვს დასამალი იმაზე, რა ხდებოდა ადგილზე“, - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.

„სულ მცირე, უნდა დაემტკიცებინა, რომ არსებობდა რაღაცა ჯგუფი, ეს ხალხი ერთმანეთს იცნობდა, განაწილებული იყო როლები, გარკვეული მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს”, - ამატებს რევაზ აჭარაძე.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზატორებთან და ერთმანეთთან კავშირის დადასტურება? - ამ კითხვაზე პასუხი სისხლის სამართლის კოდექსშია.

იმისთვის, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდეს, საჭიროა არსებობდეს სტრუქტურული ფორმის ჯგუფი, რომელთა წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად და დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებენ. მათი მიზანი შესაძლოა იყოს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღება.

5 აგვისტოდან ჯგუფური ძალადობის საქმეებზე სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 4 სექტემბერს იწურება. მოსამართლეების მიზანია, საქმის განხილვა და განაჩენის გამოცხადება პატიმრობის გამოყენების მაქსიმალურ დროში ანუ ამ ცხრა თვეში ჩაატიონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG