ხაბეიშვილი 4 ოქტომბერს დაგეგმილი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ორგანიზატორია.
ლევან ხაბეიშვილის საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 13 სექტემბერს მედიასთან ისაუბრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმის დეტალებზე. აი, რა გავიგეთ მისი კომენტარებიდან:
რას ამტკიცებს პროკურატურა ქრთამის შეთავაზებასთან დაკავშირებით
არაერთი ოპოზიციონერი, იურისტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ბრალდებებს ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ „აბსურდულს“ უწოდებს და მის მიერ პირველად ივლისში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომ იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც დემონსტრანტებს არ დაარბევდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ $200 000-ს გადასცემდა, სხვა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ წინასაარჩევნო დაპირებებს ადარებს.
პროკურორი ბექა ხუნაშვილი კი განმარტავს, რომ ქრთამის დაპირება შეიძლება როგორც პირადად, ისე საჯაროდ - ინტერნეტის ან მედიის მეშვეობით და რომ „საჯარო განცხადება კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე ერთი ან ორ ადამიანთან კონფიდენციალური შეთანხმება.“
პროკურორის მტკიცებით, იმაზე, რომ ხაბეიშვილის განცხადება სწორედ ქრთამის შეთავაზება იყო, მეტყველებს ის, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის „არაერთმა“ თანამშრომელმა ეს შეთავაზება „აბსოლუტურად რეალურად“ აღიქვა, როგორც ქრთამის შეთავაზება.
ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ ბექა ხუნაშვილმა დააკონკრეტა, რომ ამ ეტაპზე მათ გდდ-ს სამი თანამშრომლის ჩვენება აქვთ.
რას ამტკიცებს პროკურატურა დამხობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსს არასოდეს მოუწოდებია არავისთვის ძალადობისაკენ და ყველა განცხადებაში აზუსტებდა, რომ ლაპარაკობდა ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე. მისი თქმით, ლაპარაკი იყო „მშვიდობიან დამხობაზე და სისხლის სამართლის კოდექსი გულისხმობს ხელისუფლების ძალდობით დამხობის საჯაროდ მოწოდებას."
პროკურატურის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: „მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია“. პროკურორის თქმით გამორიცხულია, რომ სიტყვა „დამხობა“ მოიაზრებდეს მშვიდობიან პროცესებს და მშვიდობიანი ცვლილებების მოწოდებისათვის ქართულ ენაში სხვა ბევრი სიტყვაც არსებობს.
როგორ მოიპოვეს მოწმეები
ჟურნალისტებმა არაერთხელ კითხეს ლევან ხაბეიშვილის საქმის პროკურორ ბექა ხუნაშვილს, თუ როგორ მოიპოვეს იმ სამი თანამშრომლის ჩვენება, რომლებმაც პოლიტიკოსის განცხადება ქრთამის შეთავაზებად მიიღეს.
პროკურორმა თავდაპირველად გაკვირვება გამოთქვა, თუ ვისთვის შეიძლება ყოფილიყო საინტერესო საქმის პროცედურული ნაწილი, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დაარწმუნეს, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი იყო, განაცხადა, რომ მოწმეები „შემთხვევითი შერჩევის პრინციპით“ გამოვლინდნენ.
შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში „შემთხვევითი შერჩევა“, ბექა ხუნაშვილმა უპასუხა, რომ პროკურატურამ გდდ-ს შესაბამის სამსახურს მიაწოდა წერილი, სადაც ითხოვდნენ, წარმომადგენლები გამოგვიყავით, რომლებსაც დავკითხავთო.
რა მტკიცებულებები შეიძლებოდა გაენადგურებინა ხაბეიშვილს?
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლევან ხაბეიშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ამტკიცებდა, არსებობდა მიმალვის საფრთხე, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და მტკიცებულებების განადგურების რისკი.
ამ შემთხვევაში მტკიცებულებები ლევან ხაბეიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებია. როგორ შეეძლო მას რამის განადგურება?
პროკურორის თქმით, გამოძიებას ჯერ ბოლომდე არა აქვს შესწავლილი ლევან ხაბეიშვილის მიერ საჯარო სივრცეში, ინტერნეტში და მედიაში გაკეთებული ყველა განცხადება. „მაღალია ალბათობა, რომ გამოძიებამ აღმოაჩინოს ისეთი მტკიცებულება, რაც [მხოლოდ] ლევან ხაბეიშვილისთვის შეიძლება იყოს ცნობილი“ და მან უზრუნველყოს მისი წაშლა ან გაქრობა.
არის თუ არა კავშირი ლევან ხაბეიშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეებს შორის?
ლევან ხაბეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ცალ-ცალკე, სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს, თუმცა ინფორმაცია მათი დაკავებების ერთ ბრიფინგზე გააჟღერეს. რამდენიმე საათის შემდეგ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ არ იცის „პირდაპირი კავშირი“ არის თუ არა ამ ორ საქმეს შორის და რომ „უწყებებმა შეიძლება ასეთი რამ თქვან.“ მან ასევე ბრალი დასდო ლევან ხაბეიშვილს, რომ ის „იღებდა შავ ფულს“ „ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან“.
ლევან ხაბეიშვილის საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა შეკითხვაზე, არის თუ არა კავშირი ამ ორ დაკავებას შორის, განაცხადა, რომ კონკრეტულად მის საქმეში ამგვარი კვეთა არ გამოვლენილა და რომ მას წვდომა არა აქვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმესთან, თუმცა არ გამორიცხა, რომ მომავალში რაიმე კავშირი მართლაც გამოვლინდეს.
პროკურორმა თავად გაიხსენა 11 სექტემბერს გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამოიღეს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ და დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე და თქვა, რომ ამ ეტაპზე ლევან ხაბეიშვილის საქმეს არც ამასთან აქვს კავშირი და “დამთხვევა ხდება ხოლმე.”
ფორუმი