პირველ სიცოცხლეს მაშინ კარგავ, როცა გზას პირველად გადაკეტავ და მხოლოდ რამდენიმე დღით დაგაპატიმრებენ, მეორეს და უკანასკნელს კი მაშინ, როცა იმავეს გაიმეორებ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრება - ანუ ერთი წელი ციხეში.
სამართლიანი და თანაფარდია ეს სასჯელი იმასთან, რაც მოქალაქემ ჩაიდინა? - მოსამართლეები ამბობენ, რომ - კი, იურისტები ამბობენ, რომ - არა და დასტურად სისხლის სამართლის კოდექსიდან მოჰყავთ მაგალითები.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, კიდევ რა ისჯება ქართული კანონმდებლობით ერთ წლამდე პატიმრობით. გზის ხელოვნურად გადაკეტვა მოხვდა ისეთ დანაშაულებთან ერთად, როგორებიცაა მუქარა, ძალადობა, ინფექციის ხელოვნურად შეყრა, ხულიგნობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება.... - ასეთი სულ 56 ჩანაწერია.
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის კოდექსი თემატურ თავებადაა დაყოფილი. თავში სახელწოდებით „დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ“, ექვსი მუხლი აღმოჩნდა ისეთი, რომლებიც ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
მაგალითად, ერთ წლამდე პატიმრობა შეიძლება გამოიყენონ თუ:
- მოგერიებისას ან დამნაშავის შეპყრობისას მძიმედ ან ნაკლებად მძიმედ დააზიანე სხვისი ჯანმრთელობა - ანუ აუცილებელი მოგერიების სტანდარტები დაარღვიე;
- სცემე ან სხვაგვარად იძალადე, რის გამოც ადამიანმა ფიზიკური ტკივილი განიცადა;
- ექიმმა ან ექთანმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს არ გაუწია დახმარება, არადა შეეძლო;
- შექმენი განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხე;
- უკანონოდ ივაჭრე ადამიანის სისხლით ან მისი კომპონენტებით.
ამ მუხლებისთვისაც კი არ არის აუცილებელი თავისუფლება შეგიზღუდონ, მოსამართლეს შეუძლია სხვანაირადაც დასაჯოს ბრალდებული, მაგალითად, დააჯარიმოს, სავალდებულო სამუშაო საათები დაუწესოს, აუკრძალოს თანამდებობის დაკავება, სახლიდან გასვლის უფლება ჩამოართვას.
როდესაც 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტს თბილისის ქუჩებში გაუსწორდნენ, ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი სასტიკი ცემიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, ანუ ძალადობის დამნაშავის სასჯელი ერთ წლამდე პატიმრობა უნდა ყოფილიყო.
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
ამ თავში, ისეთი დანაშაულების კატეგორიაში, რომლებიც ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება, მოხვდა:
- თანასწორობის უფლების დარღვევა ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნის გამო;
- ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება;
- სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების მუქარა;
- ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან საქართველოდან გასვლა-შემოსვლის უფლების ხელშეშლა;
- სიტყვის თავისუფლების ხელყოფა.
2025 წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდში მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე გამომცდელ ინსტრუქტორს ცივი იარაღით დაემუქრა, რაზეც შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. ეს მუქარაა და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვანის წინააღმდეგ
ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება ისიც, ვინც არასრულწლოვანს იყიდის ან მისი შვილად აყვანის პროცესში სხვა ნებისმიერ უკანონო გარიგებას დადებს.
დანაშაული ეკონომიკური საქმიანობის გამო
მაგალითად, ერთ წლამდე ვადით აპატიმრებენ იმ შემთხვევაში, თუკი:
- უკანონოდ შეიზღუდა ვინმეს ეკონომიკური საქმიანობა - მაგალითად, დაუსაბუთებელი უარი უთხრეს ვინმეს საწარმოს რეგისტრაციაზე ან ლიცენზიის გაცემაზე;
- დამახინჯდა საკადასტრო აღრიცხვის მონაცემი, ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით შემცირდა მიწის გადასახადი;
- თუ დაუკვეთეს და გაავრცელეს ისეთი რეკლამა, რომელმაც მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა და დააზიანა;
- თუ მოისყიდეს რომელიმე სპორტული შეჯიბრების მონაწილე, ორგანიზატორი, ჟიურის წევრი, ასევე ქრთამის აღება;
- არასრული ან მცდარი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, რომლის მიზანიც გამორჩენა იყო; თანაც არაერთგზის.
დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
ამ თავშია მოქცეული გზის ხელოვნურად გადაკეტვის მუხლიც. ამ დრომდე მხოლოდ ერთი საქმეა აღძრული სისხლის სამართლის წესით. თუმცა 200-მდე დემონსტრანტს გზის გადაკეტვისთვის უკვე შეუფარდეს პატიმრობა.
გზის ხელოვნურად გადაკეტვის მსგავსად, ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება ხულიგნობაც.
ხულიგნობა ეს არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით - სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი.
2022 წლის მარტში, შსს-მ ხულიგნობის მუხლით აღძრა საქმე და გამოკითხვაზე დაიბარა მოქალაქე Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, 1989 წელს დაბადებულმა სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდაო. უწყების აზრით, ეს სტატუსი ძალადობის ნიშნებს შეიცავდა.
ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ეს დანაშაულებიც:
- აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია მძიმე შედეგი;
- ისეთი კინოფილმის, ვიდეოფილმის ან სხვა ნაწარმოების დამზადება, გავრცელება, ჩვენება ან შენახვა გავრცელებისა და ჩვენების მიზნით, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს;
- ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება;
- ფრენის საერთაშორისო წესების დარღვევა;
და დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ.
მაგალითად:
- არქეოლოგიური სამუშაოების უკანონო წარმოება, არქეოლოგიური ობიექტის გაუფრთხილებლობით დაზიანება და განადგურება;
- კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის დაზიანება და განადგურება გაუფრთხილებლობით.
ცალკე უნდა გამოიყოს დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ თავში ჩამოწერილ დანაშაულებს ბუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შეუქცევადი გავლენის მოხდენა შეუძლია, ამ მუხლით დაკავებულებს ან ჯარიმა ემუქრებათ, ან ერთ წლამდე პატიმრობა.
ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება:
- ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა, რის გამოც ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს მძიმე ზიანი მიადგა;
- წყლის დაბინძურება, დანაგვიანება, დაშრეტა ან მასზე სხვა ისეთი ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები, გააუარესოს წყლის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებები, დააქვეითოს ბუნებრივი თვითგაწმენდის უნარი, დაარღვიოს ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი;
- უკანონო თევზჭერა და ნადირობა.
ცრუ ჩვენების მიცემაც ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება. თუმცა პატიმრობის გარდა, მოსამართლეს შეუძლია ბრალდებული დააჯარიმოს, დააკისროს საზოგადოებისთვის სასარგებლო ან გამასწორებელი შრომა.
თავში „დანაშაულები მმართველობის წესის“ წინააღმდეგ, წერია, რომ:
- ადმინისტრაციულ წარმოებაში ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტული დასკვნის გაყალბება, ანდა განზრახ არასწორად თარგმნა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე;
- ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმაც იდენტურ სასჯელს ითვალისწინებს;
- საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაცემის სათანადო ნებართვის გარეშე გახმაურებაც ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
ანალოგიურია სასჯელი სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლაზეც.
ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება ის, ვინც უკანონოდ ჩაერევა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში, მათი უმრავლესობა მოსამართლეები არიან.
სასამართლოს უპატივცემულობისთვისაც ანალოგიური სასჯელია განსაზღვრული. მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და გამოძიების მონაცემების გახმაურებაც ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
სისხლის სამართლის კოდექსით, ერთ წლამდე პატიმრობის, როგორც ყველაზე მკაცრი სასჯელის კატეგორიაში, ერთ სიბრტყეზე დგას გზის ხელოვნურად გადაკეტვა და შემაკავებელი ორდერით ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ასევე არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტები, რომლებსაც შეუძლია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები დააზიანოს.
არასამართლიანი და არაპროპორციული - რატომ?
გზის გადაკეტვის გამო პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობის და მეორე ჯერზე სისხლის სამართლის წესით დევნის არაპროპორციულობაზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. ის ათობით დემონსტრანტს ეხმარებოდა სამართლებრივ დაცვაში.
„ეს არის მკაცრი სანქცია.... სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებაზე არის ჯარიმა... გზის გადაკეტვის გამო პატიმრობა არის მძიმე სანქცია, როცა გზაზე მოძრაობისას შეიძლება დაეჯახო ვინმეს და მაგალითად, ჯარიმა გამოგიწერონ“, - ამბობს ის.
ადვოკატების პასუხად მოსამართლეები სხდომებზე პირდაპირ ამბობენ, რომ ეს სამართლიანი სასჯელია. კობა ჩაგუნავამ თქვა, რომ მან ამ მუხლის საფუძველზე უკვე ათობით გადაწყვეტილება მიიღო და რომ „გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა, თუმცა არა აბსოლუტური“.
მოსამართლის შემდეგ შსს-ს იურისტმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა თქვა: „დრაკონულ კანონებს უწოდებთ ხოლმე, მაგრამ ამ დრომდე არ მახსოვს, რომელიმე ადვოკატს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის...მიმართეთ სარჩელით, მოსამართლეს რომ ავალებთ ამას... ეს მხოლოდ და მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურება“.
პირველი დაკავებული
ადვოკატ ჯანო ჭკადუას მიაჩნია, რომ „15 წუთით გზის გადაკეტვის გამო, რომელსაც არავისთვის მიუყენებია ზიანი“, პატიმრობა არაპროპორციული სასჯელია და მიზნად ისახავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ამ მიდგომას „სხვა დემონსტრანტებზეც ექნება მსუსხავი ეფექტი“. ის იცავს 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც პირველი დააკავეს გზის განმეორებით გადაკეტვის გამო. მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჰყავს ცოლი და არასრულწლოვანი შვილი. რუსთაველის გამზირზე უკვე ერთი წელია აპროტესტებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მიღებულ კანონებს, ბოლოს გზა 31 ოქტომბერს გადაკეტა რამდენიმე წუთით.
ზურაბ მენთეშაშვილი გზის გადაკეტვის საბაბით პირველად 24 ოქტომბერს დააკავეს და ხუთი დღე გაატარა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. 16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამკაცრებული კანონმდებლობით, ერთ წელიწადში ხელმეორედ „გზის გადაკეტვა“ სისხლის სამართლის წესით ისჯება.
პროკურატურამ ზურაბ მენთეშაშვილის ჩადენილი დანაშაული ასე აღწერა: გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა..
პროკურორმა მაია ჟვანიამ თქვა, რომ მართალია გზის გადაკეტვა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, მაგრამ „არაკანონმორჩილ“ ზურაბ მენთეშაშვილს მხოლოდ პატიმრობა თუ „შეაკავებს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ზურაბ მენთეშაშვილს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე - პატიმრობა.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის სამართლის სანქციების საფრთხეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სანქციები თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“, - აცხადებენ საიაში და ამბობენ, რომ მკაცრი სასჯელის მთავარი ამოცანა დაშინებაა.
ადვოკატი ჯიუტად სთხოვდა მოსამართლეს დასჯის სხვა ფორმა შეერჩია - მაგალითად, შინაპატიმრობა, რაზეც მას მოსამართლემ უპასუხა: „აქციაში მონაწილეობის უფლებას ხომ არ ავუკრძალავ?“ და დემონსტრანტი ერთი წლით ციხეში გაუშვა.
საქმის განხილვას საშუალოდ 9 თვე სჭირდება, თუ დავუშვებთ, რომ მენთეშაშვილს გაამართლებენ, გამოვა, რომ მან წინასწარი პატიმრობის გამო „თითქმის მოიხადა“ სასჯელი - ერთ წლამდე პატიმრობა.
ფორუმი