Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშა სკოჩილენკო: ციხეში ზოგი სულ ტიროდა და ზოგი მუდამ იცინოდა. მე ამ მეორე ჯგუფში ვიყავი


საშა სკოჩილენკო
საშა სკოჩილენკო

ერთი წლის წინ, 2024 წლის 1 აგვისტოს, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მოხდა ფართო გაცვლა: რუსეთში პოლიტპატიმრების ჯგუფის სანაცვლოდ დასავლეთის ციხეებიდან გამოუშვეს მკვლელი, ჯაშუშები და კიდევ სხვა, სულ რვა ზრდასრული და ორი ბავშვი, ბრალდებული წყვილის შვილები.

რუსული მხრიდან გათავისუფლებული 16 პირიდან ერთ-ერთი იყო მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი, პაციფისტი ალექსანდრა - საშა სკოჩილენკო: მას რუსეთში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ომის შესახებ სიყალბის გავრცელების შესახებ კანონის“ თანახმად.

სკოჩილენკო დამნაშავედ ცნეს 2022 წლის მარტში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე. ახალგაზრდა ქალმა სანქტ-პეტერბურგში, სუპერმარკეტ "პერეკრიოსტოკში ფასების ხუთი ეტიკეტი დატოვა ომის საწინააღმდეგო ტექსტებით. რუსმა გამომძიებლებმა ხუთი ფურცელი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ და რუსული არმიის მიმართ „მტრული განწყობის“ გამოხატულებად მიიჩნიეს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ავტორს საშა სკოჩილენკო ესაუბრა გერმანიაში ცხოვრებაზე, ციხეში გატარებულ დროზე, თავის კოშმარულ სიზმრებზე და იმაზეც, რატომ აღიქვამს თავის სისხლის სამართლის საქმეს და სასამართლო პროცესს, როგორც “წარმოდგენას - პერფორმანსს”.

„ვდგამ წარმოდგენას, რომლის შეჩერებაც პოლიციას აღარ შეუძლია“

2025 წლის ზაფხულში Freedom Letters-მა გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი ციხის მოგზაურობა“, რომელიც დაწერილია სკოჩილენკოს მიერ ს. მ. ფავორსკის მონაწილეობით.
ციხეში „მოგზაურობას“ როცა აღწერს, პეტერბურგელი არტისტი „პატიმრობას“ წარმოდგენას უწოდებს, ხოლო განაჩენს მის კულმინაციას. რატომ აღიქვამს ციხეს და იქ მომხდარს ხელოვნების ნიმუშად?

– დიდი ხანია ვსწავლობ მედიას და მივხვდი, რომ ჩემს ბედში ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებიც მხარს მიჭერენ. მედიამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ყველაზე, რომ ადამიანებს სურთ რაიმე საინტერესო, რაღაც დრამატული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ მასთან იდენტიფიცირებას, შეშინდებიან.

სხვა საკითხია ხელოვნების ნიმუშის დაკვირვება. წინასწარ შემეძლო მისი ეტაპების განჭვრეტა, ვიცოდი, როგორი იქნებოდა დასასრული. ავტორმა იცის, როგორი იქნება დასასრული. და ვიცოდი, რომ თუ შინაპატიმრობით არ გამათავისუფლებდნენ, ყველაფერი ჩემი სცენარის მიხედვით მოხდება: ჩემი სიტყვა ძალიან ხმამაღლა გაჟღერდებოდა. თავიდანვე მივხვდი, როგორ განვითარდებოდა სიუჟეტი.
როდესაც ადვოკატი მოვიდა ჩემთან, ვთხოვე, მოეტანა ჩემ შესახებ პუბლიკაციები. ვუყურებდი, როგორ ვითარდებოდა ჩემი პორტრეტი პუბლიკაციებში, საით მიდიოდა ყველაფერი. ამიტომ შემიძლია ასე ვუწოდო. პროტესტის ნიშნად შეგიძლიათ „წითელ მოედანზე“ გალიაში შეძვრეთ. მაგრამ პოლიციის მანქანა მოვა და წაგიყვანთ. მე კი ისეთ წარმოდგენას ვმართავ, რომლის შეჩერებაც პოლიციას არ შეუძლია, რადგან უკვე ვარ საპატიმრო მანქანაში. და მთელი ეს სისტემური შეცდომა ჩემს მედიაკამპანიას ემსახურებოდა.

სასამართლოზე საბოლოო სიტყვით გამოსვლისას საშამ განაცხადა, რომ მაღაზია "პერეკრიოსტოკში" ფასის ეტიკეტებს მისი სასამართლო პროცესის ეფექტის მეათასედიც კი არ ექნებოდა, ანუ პროცესმა მის ტექსტებს რეკლამა გაუკეთა. მაშ რატომ იყო საჭირო საჭირო ამ სასამართლო პროცესის ორგანიზება? ეს მათი (უსაფრთხოების ძალების) სისულელეა თუ რაიმე სახის გეგმა არსებობს?

– დიახ, სისულელეა! ისინი ყველანი ძალიან სულელები არიან. რაც მათ აერთიანებს არის ის, რომ ისინი ყველა ძალიან, ძალიან სულელები არიან. მათ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა იქონიოთ.

ასე მოხდა, რომ წარმოვადგენ ყველაფერს, რის ატანაც პუტინის რეჟიმს არ შეუძლია. კრეატიულობა, პაციფიზმი, ლგბტ-თემი, ფსიქოგანათლება, ფემინიზმი, ჰუმანიზმი და სიყვარული ყველაფრის მიმართ, რაც ნათელია, არაერთგვაროვანი და უჩვეულო.

„ფასების ანტისაომარი ეტიკეტები“, რომლებიც საშა სკოჩილენკომ გამოიყენა "პერეკრიოსტოკში" აქციაზე
„ფასების ანტისაომარი ეტიკეტები“, რომლებიც საშა სკოჩილენკომ გამოიყენა "პერეკრიოსტოკში" აქციაზე

„თავიდან ციხეში ყოველღამე კოშმარები მესიზმრებოდა“

გასაოცარია, რომ ამ თავის ნაშრომში საშა თანაგრძნობას ავლენს ციხის ზედამხედველების მიმართ.

როგორ არ განგარისხათ, არ გაქციათ კაცთმოძულედ ციხეში გატარებულმა დრომ, ნუთუ ის ადამიანები, ვინც თქვენ გდევნიდნენ და შექმნეს ეს სისტემა, ნამდვილად იმსახურებენ რაიმე შეწყალებას?

- თუ ადამიანზე მხოლოდ ცუდს ამბობ, თუნდაც ის ყველაზე უარესი იყოს, მაშინ ის მხოლოდ უფრო გაბრაზდება და უარესდება. მაგრამ თუ მასში რამდენიმე მცირე კარგ თვისებას მაინც წაახალისებ, მაშინ მეჩვენება, რომ რაღაც კარგი შეიძლება მოხდეს. რადგან უმაგრესი ის იქნება, თუ სისტემა შიგნიდან დაიმსხვრა.

ეს ზედამხედველები ციხეში, უშიშროების ბევრი თანამშრომელი - ეჭვობს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდ ადამიანებშიც კი რაღაც კარგი მაინც უნდა შეამჩნიო. პუტინს არ ვგულისხმობ, ის უკანასკნელია. მაგრამ ყველა ეს პატარა ჭანჭიკი - მინდა, რომ რაც შეიძლება მალე გადასხვაფერდეს.

- მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ჭანჭიკი გაცილებით უარესია, ვიდრე სახრახნისი, რომელიც მას ამაგრებს.

- არიან ასეთებიც, მართალია. მაგრამ მაინც, არაადამიანობისა და სულმოკლეობის ხარისხი განსხვავებულია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ, წესების გვერდის ავლითაც კი. მაგალითად, ზედამხედველებს ეკრძალებათ პატიმრებისთვის ნივთების გადაცემა, განსაკუთრებით წამლებისა. მაგრამ მეზობელ საკანში მყოფ ქალს კუჭის ძალიან ძლიერი ტკივილი ჰქონდა. ზედამხედველს ვთხოვე, მეტროზოლი გადაეცა მისთვის, რადგან მე საკმაოდ მქონდა (სკოჩილენკოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც მას მკაცრი დიეტის დაცვას აიძულებს; წინასწარი დაკავების იზოლატორში მას შეგნებულად უქმნიდნენ პრობლემებს, არ აძლევდნენ პროდუქტებს, რომელთა ჭამაც შეუძლია - რედ.). თეორიულად, ამის უფლება მათ არ აქვთ. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ დახმარება. ეს უკვე რაღაცაა.

- ცოტა ხნის წინ გამოიცა ყოფილი რუსი მინისტრის, ალექსეი ულიუკაევის წიგნი, რომელიც გასამართლეს. ის წერს, რომ ციხე არის „დრო, რომელიც გეძლევა სამყაროში საკუთარი თავის და შენი ადგილის გასააზრებლად - ვინ უნდა იყო და ვინ ხარ. შეაფასო შენს მიერ გავლილი გზა და მოხაზო მომავლის გზა.“ ეს არ არის თქვენი სტილი, მაგრამ ეთანხმებით, რომ ციხის გამოცდილებას უდავო სარგებელი მოაქვს თვითგანვითარებისთვის?

- კი, მთლიანად გეთანხმები. ასეთ პათეტიკურად არ ვიტყოდი, რადგან პათეტიკა შინაარსს კლავს, მაგრამ ვეთანხმები, - ამბობს საშა, რომელიც ციხეში შეხვდა ადამიანებს, ვინც დასკვნები გამოიტანა არა იქიდან, რა გააკეთეს, არამედ იმაზე, თუ რამ მიიყვანა ისინი იქ. - და ხდება წარმოუდგენელი, ისინი მაშინვე გაათავისუფლეს, რაღაც დაემართათ.

- ჩემს საკანში უზბეკი ქალები მყავდა. და ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აღარ სურდათ ისე არსებობა, რომ მთელი ცხოვრება დღე და ღამე, მთელი კვირა ემუშავათ. მათ სურდათ დრო გაეტარებინათ ოჯახთან, შვილებთან, სურდათ საკუთარი ბიზნესის დაწყება, რათა თავად ემუშავათ. ერთმა მათგანმა, როზამ მითხრა: „გიყურებდი და ვხედავ, რომ გიყვარს საკუთარი თავი. მეც მინდა მიყვარდეს საკუთარი თავი. მივხვდი, რომ ასე უნდა იყოს“. მეორე დღეს კი მასთან მოვიდნენ და უთხრეს, რომ მას უზბეკეთში გასაფრენი ბილეთები უყიდეს. მოხდა მისი ექსტრადიცია და იქ გაათავისუფლეს. მოგვიანებით მომწერა, რომ საკუთარი მაღაზია გახსნა.

ჩვენ სონიას (სკოჩილენკოს პარტნიორს) შევხვდით ჩემს გაცვლამდე რამდენიმე დღით ადრე. არაფერი ვიცოდი. პირველად ვიტირე. საკუთარი თავს ვტიროდი. განაჩენის გამოტანისას ვიტირე, რადგან პოლიციელებმა სონიას ხელით სწვდნენ, ამან ძალიან გამაბრაზა. ამიტომ მთელი პატიმრობის განმავლობაში ჩემს თავზე არ მიტირია. შემდეგ, როცა სონიას შევხვდი, ვუთხარი, რომ ძალიან დავიღალე და სახლში წასვლა მინდოდა. და ვიტირე, პირველად ჩემს თავზე, და რამდენიმე დღის შემდეგ კი ეს გაცვლა მოხდა.

ეს ერთგვარ ძიებას ჰგავს, რომელსაც ადამიანი გადის, რაღაცას სწავლობს. დიახ, ციხეში ბევრი დრო გაქვს. ზოგი იწყებს ხატვას და აუმჯობესებს თავის უნარებს. მე ხატვის სხვა სტილი მოვძებნე. უფრო შრომატევადი სამუშაოა. სწავლობ, რა არის მოთმინება, სწავლობ, რა არის გამძლეობა, იმიტომ, რომ ციხეში ხარ.

პირველად (ციხეში) მაშინ ვიტირე, როცა არაფერი გავაკეთე და გავიფიქრე: „საშა, ახლა ძილის დრო გაქვს. დასვენების. არაფრის კეთების. იმიტომ, რომ გათავისუფლების შემდეგ ისევ 10 საქმე გამოგიჩნდება დღეში. და არც კი გექნება დრო, რომ იფიქრო ყველაფერზე, რაც გადაგხდა.

საშა სკოჩილენკომ არ დაიზარა და საპატიმროში თავის სიზმრებზეც გვიამბო, თავიდან ყოველ ღამე კოშმარები მესიზმრებოდაო.

- მესიზმრება, თითქოს ეს შორეულ ჩრდილოეთში საკონცენტრაციო ბანაკი იყო. ციხეში დამესიზმრა კიდევ, რომ შაბათ-კვირას გამათავისუფლეს, მაგრამ ორშაბათს ციხეში უნდა დავბრუნებულიყავი. ციხეში ბევრ ადამიანს ესიზმრა, რომ თავისუფლად დადიოდნენ სადღაც, მაგრამ შემდეგ ციხეში უნდა წასულიყვნენ. მე მქონდა ერთი სიზმარი, სადაც ევროპაში სადღაც მივდიოდი, მაგრამ ორ დღეში ისევ ციხეში უნდა დავბრუნებულიყავი. ბევრია ასეთი სიზმარი.

– ეს იგივე პოსტტრავმული სტრესული აშლილობაა (PTSD), რომელზეც წიგნში წერთ? ერთ წელიწადში ვერ მოერიეთ ამ სინდრომს?

– ეს ძალიან სერიოზული დაზიანებებია, რომლებიც პირველად საჭიროებებთან არის დაკავშირებული - წყლის დალევა, ჭამა, ტუალეტში სიარული. დაზიანებები, რომლებიც ასე სწრაფად არ გადის...
ვმკურნალობ. თავიდანვე „კრიზისული ფსიქოთერაპია“ გავიარე და ვგრძნობ, რომ პროცესი ნელ-ნელა ვითარდება. ვგრძნობ, რომ სულ ოდნავ მეტი ძალა მაქვს, რომ უფრო მშვიდი ვარ, რომ ტირილი შემიძლია. რადგან ამ ფსიქოთერაპიის მთავარი მიზანი ჩემი მწუხარების ტირილია, რათა ეს უფრო ადვილად შევძლო. ციხეში ადამიანები იყოფოდნენ ისეთებად, რომლებიც გამუდმებით ტიროდნენ და ისეთებად, რომლებიც გამუდმებით იცინოდნენ. მე ამ მეორე ჯგუფში ვიყავი.

"ევროპაში როცა ფორმიან ადამიანს ვხედავ, არ მეშინია"

საშა სკოჩილენკოს რუსეთიდან წასვლა არ სურდა, მაგრამ იძულებით დაატოვებინეს სამშობლო გაცვლის შედეგად და გერმანიაში დასახლდა, რაც ლამის გადასახლებასავითაა. ევროპაში თავს ამ ეტაპზე კომფორტულად გრძნობს:

- დავდივარ ქუჩაში და არ მეშინია პოლიციელების. უბრალოდ, არ მეშინია. არ მეშინია, როცა ვხედავ ფორმიან ადამიანს. შეიძლება თავიდან ცოტათი შემეშინდეს, როცა თვალს მოვკრავ, იმიტომ რომ "ფლეშბექივით" - უცბად მახსენდება ადრე ნანახი. ადამიანს სხვა ფორმა აცვია და შენ რუსულ ფორმად გეჩვენება.

და ის, რომ არ არის ჰომოფობია, და ის, რომ ყველაფერი ღიად არის, და რომ ადამიანები იმას ჩივიან, რომ გადასახადებს იხდიან... მგონია, როდესმე მეც გავხდები ასეთი ადამიანი, მაგრამ მაშინვე ვეტყვი ჩემს მეგობრებს, რომ გამახსენონ, როგორ ხდება იმ ადგილებში, სადაც ადამიანები გადასახადებს არ იხდიან ან იხდიან, მაგრამ გაუგებარია, რაში იხარჯება ეს გადახდილი სახსრები. აქ კი გასაგებია, სადაც მიდის.

აქ უზარმაზარი ხელმისაწვდომი გარემოა. ვხედავ ბილიკებს ველოსიპედებისთვის, გერმანიაში მთელი ტყე შეგიძლია გადაჭრა და ამ გზებზე ხანდაზმული ადამიანები ძრავიანი სუპერელექტროეტლებით დასეირნობენ. ამ ქვეყანაში სიბერის არ გეშინია.

მე ყველაფერი მომწონს. მაგრამ ციხეში რომ არ ვმჯდარიყავი, ვფიქრობ, რუსეთში დავრჩებოდი, იმიტომ რომ გამგზავრების საშუალება მე არ მქონდა. ამბობენ: ის, ვინც რუსეთიდან არ წავიდა, ომის მომხრეა. მე ვიცნობ ხალხს, რომელსაც იქ ხანდაზმული ნათესავები ჰყავს... და ზემოქმედება იმაზე, რაც ხდება, მხოლოდ რუსეთში შეიძლება და არა საზღვარგარეთიდან.

მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ნებისმიერ გარემოებას მოერგება. აი, ახლა ეს არის ჩემი ცხოვრება, ახლა აქ ვცხოვრობ. მხატვარი გამუდმებით იცვლება და ეს ნორმალურია. მე 29 წელი ვიცხოვრე ვასილიევის კუნძულზე ერთსა და იმავე ბინაში. მე უბრალოდ ამ ადგილების სილამაზე და მომხიბვლელობა წამოვიღე თან, - ამბობს საშა და გვიხსნის, რომ რაღაცნაირად პეტერბურგი არ ენატრება. - ქალაქს ხანდახან ვხედავდი გისოსებს მიღმა, რამე ღრიჭოდან. როცა ავტომობილით მივყავდით წრიული გზით, მთელი ვასილიევსკის გავლით, მე დავემშვიდობე პეტერბურგს.

- ციხე - გამორჩეული ადგილია, თითქოს არც არის ქალაქში, შენ მას ვერ ხედავ. კი, მენატრებოდა, ხანდახან მეზობელთან ერთად იქ ეზოში დავდიოდით, ვითომ ექსკურსიაზე ვიყავით: ახლა კი სასახლის მოედანზე დავდივართ... მაგრამ ორ წელიწად-ნახევარში ყველაფერი რაღაცნაირი მოგონება გახდა ჩემთვის.

ხალხი მენატრება, რუსეთი - არა. ბუნება მენატრება, ვისურვებდი კიდევ ერთხელ წავსულიყავი კარელიაში ან იასტრებინოეს ტბაზე. პიტერთან რომ ტყეა, იმის სუნი მენატრება, იმიტომ რომ იქ ნესტია და ბევრი ხავსია. აქ კი ტყე უფრო მშრალია, ამიტომ ისეთი ძლიერი სუნი არ აქვს.

საშა სკოჩილენკოს თქმით, ამავე დროს საოცრად ბედნიერია, რომ შეუძლია ყოველდღე დაუკრას და კომიქსებიც ხატოს:

- როგორც იქნა, პლანშეტი მაქვს. იქამდე საერთოდ არ მქონდა არანაირი მოწყობილობები, ერთი ძალიან-ძალიან ძველი აიფონი მაქვს, ახლა კი პლანშეტი შევიძინე იმ სტიპენდიის წყალობით, რომელსაც აქ მიხდიან. შემიძლია დამოუკიდებლად ვხატო, ოლდოს ჰაქსლის ილუსტრაციები გავაკეთე.

ახლა ვმუშაობ ივან ვირიპაევის ბიოგრაფიაზე. მალე საკუთარ გრაფიკულ ნოველას დავიწყებ, წიგნს რეპრესიების შესახებ - იმის შესახებ, რა გადამხდა თავს ციხეში, და იმ რაღაცების შესახებ, რაც პარალელურად ხდებოდა. მე უკვე მზად ვარ, ჩავეფლო ამ წიგნში და საერთოდ არ გამოვიდე იქიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG