„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 28 აპრილს, მეორე ოფიციალური ვიზიტი დაიწყო საზღვარგარეთ.
- პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც მან ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: „არაერთხელ გავხდით გარე ძალების ჩარევის ობიექტები“;
- მეორე ვიზიტი ასევე მეზობელ ქვეყანაში, სომხეთის რესპუბლიკაში იმართება.
ერევანში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში, ყაველაშვილის დელეგაციას სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.
როგორც ყაველაშვილი ფეისბუკზე წერს, ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს შემდეგ პირებთან:
- სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან;
- სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, - ერთ-ერთია იმ იშვიათ ლიდერთაგან, რომელმაც ყაველაშვილს გაპრეზიდენტება საჯაროდ მიულოცა;
- სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.
ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 28 აპრილს, ესტონეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით - დღეს საღამოს ის პრემიერ კრისტენ მიხალთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა ტალინში. ყაველაშვილს ის, სავარაუდოდ, 29 აპრილს შეხვდება.
„საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა არსებობს და მოხარული ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ვიზიტიც სწორედ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში იმართება“, - წერს ყაველაშვილი ფეისბუკზე.
„მოხარული ვარ, რომ ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობაც მომეცემა“, - წერს ყაველაშვილი ფეისბუკზე.
გარეგინ მეორე vs ფაშინიანი
გარეგინ მეორე, - ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჩმიაძინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია.
უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა და არც ამჟამად არ ეტყობა სამომავლო მოგვარების ნიშნები.
- გარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას; ეჩმიაძინმა გარეგინ მეორის ეს პოზიცია 2024 წლის ოქტომბერშიც დაადასტურა;
- ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, პატრიარქს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
- გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გაქრობას და ა.შ.
- 2024 წლის გაზაფხულზე ერევანში დაიწყო ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციები; მოძრაობას, „ტავუში სამშობლოსათვის“, სათავეში ედგა მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ფაშინიანს „ანტიქრისტეს“ უწოდებდა;
- ფაშინიანი აცხადებდა, რომ „პროცესის რეალური ლიდერი“ გარეგინ მეორე იყო, მათ უკან კი „უცხო ძალებს“ ხედავდა. გალსტანიანი არქიეპისკოპოსად 2023 წელს აკურთხა გარეგინ მეორემ.
სომეხთა კათოლიკოსმა სომხური საზოგადოებისადმი სააღდგომო მიმართვაში, 2025 წლის 21 აპრილს გააკრიტიკა „სომეხთა გენოციდის უარმყოფელები“.
ამ მიმართვის კონტექსტი კი ისაა, რომ ფაშინიანს, რომელიც ამბობს, რომ გენოციდის აღიარება არ არის სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს.
სულ ბოლოს, 2025 წლის 24 აპრილს, - როდესაც ერევანში მასშტაბურად აღნიშნეს სომეხთა გენოციდის 110-ე წლისთავი, - წიწერნაკაბერდის მემორიალზე გენოციდის მსხვერპლთა პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა, გარეგინ მეორე არ მიუწვევიათ.
პატრიარქ გარეგინ II-ის ძმა, ეზრას ნერსისიანი მსახურობს რუსეთში.
ის არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რუსეთისა და ნოვო-ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღოლი, არქიეპისკოპოსი.
სწორედ მან აკურთხა „ვაგნერთან“ დაკავშირებული მებრძოლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული „სომხური ბატალიონი“, „არბატი“, 2023 წელს.
ამ ცერემონიისას ნერსისიანმა ისაუბრა „მშვიდობიანად, თანხმობითა და უსაფრთხოდ“ ცხოვრების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ „ჩვენს ცხოვრებაში არ [უნდა] ჰქონდეს ადგილი არც ნაციზმს, არც შოვინიზმს, არც ფაშიზმს“. რუსეთის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი უკრაინაში ომის დასაწყებად „დენაფიციკაცია“ იყო.
ქართველი ლიდერები გარეგინ II-სთან
გარეგინ II-ს ერევანში ვიზიტისას წარსულში შეხვედრიან საქართველოს ლიდერები, მათ შორის:
- სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის მარტში, - მან პატრიარქს მოსთხოვა, „აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესია სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციას დაექვემდებაროს“;
- გიორგი გახარია - ასევე 2019 წელს, ოქტომბერში.
თუმცა ამ პერიოდში, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის პირველ ორ წელიწადში, გარეგინ II მასთან ღია დაპირისპირებაში არ ყოფილა.
დაპირისპირება გარეგინ II-სა და ნიკოლ ფაშინიანს შორის 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის მარცხისა და სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თანდათანობითი ცვლილებების პარალელურად იწყება.
ყაველაშვილის დელეგაცია
ერევანში მიხეილ ყაველაშვილის დელეგაციაში არიან:
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე;
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი;
- დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი;
- ასევე, ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
ფორუმი