Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 კვირა არჩევნებამდე - 17 პარტია პროცესში, "საერთაშორისო სტანდარტები" ეუთოს მისიის გარეშე


4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 17 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 17 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა.

7 კვირაზე ცოტა მეტი რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელშიც არ მონაწილეობს პროდასავლური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი. ცესკოში 17 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა. საარჩევნო კალენდრით, ახლა საოლქო და საუბნო კომისიებს აკომპლექტებენ.

წევრების დანიშვნა შეუძლიათ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე [ცესკოს შედეგებით] 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. „ქართული ოცნების“ გარდა, ასეთი უფლება აქვს ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს, მათგან:

  • თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“.
  • უარს აცხადებენ და საარჩევნო პროცედურებს არ მისდევენ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. ისინი არ დარეგისტრირდნენ და საარჩევნო ნომრებიც დაკარგეს.


უფლებამოსილ 5 პარტიას [„ქართული ოცნების“ ჩათვლით] თითო-თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვთ როგორც 73 საოლქო კომისიაში, ასევე 3051 საუბნო კომისიაში. საოლქო კომისიებისთვის მათი ბოლო ვადაა 12 აგვისტო; ხოლო საუბნო კომისიებისთვის - 25 აგვისტო.

ცესკოში გვითხრეს, რომ თუკი ესა თუ ის პარტია საოლქო და საარჩევნო კომისიების წევრების დანიშნის შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან - ახალი კონკურსი აღარ გამოცხადდება და ეს ადგილები ვაკანტური დარჩება.

თუმცა საუბნო კომისიებში შესაძლებელია სპეციალური ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.

„ოლქში პრობლემა არ იქნება. თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიების შემთხვევაში, ჯერ უნდა დაველოდოთ 25 აგვისტოს. თუკი [ოპოზიციური პარტიები] არ დანიშნავენ [საუბნო] წევრებს, წესით, არც ეს შეუშლის ხელს, რომ პროცედურები განხორციელდეს კანონის დაცვით. მაგრამ თუ რაიმე მსგავსი იქნება, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც სპეციალური ჯგუფი იქმნება ხოლმე, როცა კომისიის წევრთა რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე საჭიროა უბნის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ასეთ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს ხოლმე არჩევნებამდე ახლო პერიოდში. ასეთ დროს კონკურსი ცხადდება სპეციალური ჯგუფისთვის და არა საარჩევნო კომისიის წევრებისთვის“, - გვეუბნება ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

ცესკოს თითოეულ საოლქო კომისიაში დანიშნული ჰყავს 5 მუდმივი წევრი. 10 აგვისტოს, სხდომაზე, ოლქებისთვის დამატებით აირჩიეს 3-3 დროებითი წევრი, ჯამში - 219.

თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 3051 საუბნო კომისიისთვის 9 ათასზე მეტი - ხელმძღვანელი პირი და 15 ათასზე მეტი წევრი უნდა აირჩიონ. ასარჩევ წევრებზე შესაძლებელია ხელახალი კონკურსის ჩატარება. ამ დროს კანდიდატებს აღარ სთხოვენ პროფესიული მომზადების სერტიფიკატს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, წევრი ერთადერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავს და ეს არის - „ძლიერი საქართველო - ლელო”. ეს უფლება შენარჩუნებული აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებმაც წინა არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, მიუხედავად იმისა, რომ სადავო პარლამენტმა მათი მანდატები გააუქმა, თავად კი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას.

ცესკოს გადაწყვეტილებებზე ოპოზიციური აზრის ზეგავლენა პრაქტიკულად შეუძლებელია - ეს საკითხი მწვავე დისკუსიების საგანი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც.

  • 2024 წლის ივნისში, საარჩევნო კოდექსში ამოქმედებული ცვლილებებით, თუკი ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილებას 2/3-იანი მხარდაჭერით ვერ იქნება მიღებული, შესაძლებელია, რომ იმავე სხდომაზე - საკითხი სრული შემადგენლობის უმრავლესობით დამტკიცდეს.
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ცესკო 13 წევრიანია. საარჩევნო კოდექსის თანახმად, 8 წევრს [თავმჯდომარის ჩათვლით] ირჩევს საქართველოს პარლამენტი ან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
  • “საარჩევნო კოდექსში” [2024 წლის 20 თებერვალს] დამტკიცებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეს აღარ ჰყავს მოადგილე, რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა.


ბოლო წლებში თანდათან გამარტივდა ცესკოს თავმჯდომარისა და სხვა წევრების არჩევის წესი. გაუქმებულია მაღალი კვორუმის გარეშე მხოლოდ 6-თვით არჩევის მექანიზმი - რაც "შარლ მიშელის შეთანხმებით" იყო დანერგილი.

ელექტრონული კენჭისყრა - იმავე აპარატურით, მარკერით

ისევე, როგორც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბერსაც, ამომრჩეველთა 90% [2284 უბანზე] ისევ ელექტრონულ პროცედურებს გაივლის, ხოლო დანარჩენი 10% [767 უბანზე] - ტრადიციული წესით.

ცესკოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი მანქანები ისევ Smartmatic-ის იქნება და იმავენაირი იქნება ბიულეტენების ქაღალდის, კონვერტებისა თუ მარკერების ხარისხი.

ერთადერთი სიახლეა ის, რომ - “ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატზე დამატებულია დამცავი საფარი”, რომელიც, ცესკოს პრესსპიკერის - ნათია იოსელიანის განმარტებით, კონკრეტულად ბიულეტენის აპარატში შეცურების ადგილს ეფარება.

ცესკო არც შარშან იზიარებდა და არც ახლა იზიარებს ბიულეტენებზე მელნის გაჟონვასთან და ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, რომელიც დამკვირვებლების ანგარიშებშიც მოხვდა. თუმცა “საფარის” დამონტაჟება მაინც გადაწყვიტეს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვუპასუხოთ წუხილებს, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობს”, - გვეუბნება ნათია იოსელიანი.

გასული, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და კენჭისყრა გაყალბებულად გამოაცხადეს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა. არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს საერთაშორისო პარტნიორებმა.

“ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია დასავლელი პარტნიორების უდიდეს ნაწილს.

დამკვირვებლები - არჩევნები ეუთო/ოდირის გარეშე

2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები პირველია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - როდესაც თბილისმა არჩევნებზე არ მოიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის [OSCE/ODIHR] სადამკვირვებლო მისია, რომლის დასკვნაც ყველაზე სანდო კომპასია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

მანამდე, ერთადერთი შემთხვევა იყო, 2014 წელს - როდესაც თავად OSCE/ODIHR-მა არ გამოგზავნა მისია და მიზეზად მაშინ ორგანიზაციის შიდა ფინანსური პრობლემები დასახელდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ.

  • ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“ და ამ შემთხვევაშიც „ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა“.
  • 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ODIHR-ი „სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ეუთო/ოდირი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან“.
  • ეუთო/ოდირის მისია აკვირდებოდა თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში - 2006, 2010, 2017 და 2021 წელსაც.


ცესკოს გრაფიკში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ბოლო ვადად 27 სექტემბერია მითითებული; ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის - 24 სექტემბერი.

ამ ეტაპზე ცესკოში დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია - ა(ა)იპ „სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის“.

ყველაზე მსხვილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [ISFED] მომავალ კვირაში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას - საერთოდ დააკვირდება თუ არა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს.

ამ ეტაპზე გვეუბნებიან, რომ ორგანიზაცია მისთვის ჩვეული მასშტაბის სამუშაოს არ/ვერ შეასრულებს.

„როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და მათ შორის არის ოთხიდან ორი დიდი პარტია, რომელმაც წინა არჩევნებში ბარიერი გადალახა, ეს აზიანებს ნამდვილი არჩევნების ჩატარების თეორიულ შანსსაც კი.

პარტიები, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას მოუწოდებენ ამომრჩევლებს არ მივიდნენ არჩევნებზე - ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები ვერ იქნება კონკურენტული. სადაც არ არის კონკურენცია, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის პროცესის დაკვირვებას დიდი აზრი არ აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ISFED-ის ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი. ასახელებს სხვა ხელის შემშლელ ფაქტორებსაც:

  • „ სხვადასხვა კანონის მიღების შედეგად მნიშვნელოვნად შეიზღუდა რესურსები სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის“
  • „დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების შესაძლებლობა საარჩევნო უბნებზე, ცესკოს გადაწყვეტილებით" და "ეს პრობლემას ქმნის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანად განხორციელებისთვის“.


ცესკოს მიერ დადგენილი წესი მეთვალყურეებს უკრძალავს მაგალითად ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას, რაც ISFED-ის შეფასებით, შეუძლებელს გახდის წინა არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევასთან - „ე.წ. მრავალჯერადი ხმის მიცემის პრაქტიკასთან“ ბრძოლას. ცესკო აცხადებს, რომ პირადი მონაცემების შემოწმება კანონმდებლობით ყოველთვის აკრძალული იყო.

ISFED-სთვის გასაგებია იმ პარტიების გადაწყვეტილება, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, რადგან - “ძალიან ნეგატიური ნაბიჯები გადაიდგა “ქართული ოცნების” მხრიდან, მათ შორის - ადამიანის უფლებების [შეკრებისა და გამოხატვის] შეზღუდვის მიმართულებით”, „გაუარესდა საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო სისტემა“, “გაუარესდა მდგომარეობა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის”, “ციხეში არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები”.

რა გაუარესდა საარჩევნო სისტემაში?

ლევან ნატროშვილი გვეუბნება, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სისტემა ბევრად უფრო პრობლემურია, ვიდრე ეს 2021 წლის არჩევნებზე იყო.

2024 წლის 13 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა მთელი რიგი ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მნიშვნელოვნად გაიზარდა მაჟორიტარების კომპონენტი, შემცირდა პროპორციული სისტემის წილი.

  • თბილისის 50-წევრიან საკრებულოში თანაბრად გადანაწილდება მანდატები პროპორციულ და მაჟორიტარული წესით: 10-დან 25-მდე გაიზარდა მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა; ხოლო პროპორციული წესით არჩეულთა რიცხვი 40-დან 25-მდე შემცირდა.
  • სხვა თვითმმართველ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) საკრებულოების წევრთა რიცხვი 35-დან 25-მდე მცირდება: აქედან, მაჟორიტარული წესით [7-ის ნაცვლად] 10 წევრი; ხოლო პროპორციული წესით [28-ის ნაცვლად] 15 წევრი.
  • მაჟორიტარების კომპონენტი მნიშვნელოვნად გაზრდილია თვითმმართველი თემების საკრებულოებში და ის პროპორციულს აღემატება.


გაიზარდა პროპორციული სისტემის საარჩევნო ბარიერიც.

  • თბილისში - 4%-მდე 2.5%-დან,
  • სხვა მუნიციპალიტეტებში 4%-მდე 3%-დან.


მანამდე, 2024 წლის მაისში - სადავო პარლამენტის დამტკიცებული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად:

  • გაუქმდა მაჟორიტარული წესით კანდიდატის ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი.
  • გამარჯვებულად გამოსაცხადებლად საკმარისი გახდა ამომრჩეველთა მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.


ამ ცვლილებების შედეგად, გაუქმდა ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის აპრილში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე გატარებული საარჩევნო რეფორმა, რაც წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდებოდა.

ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ - „საარჩევნო ადმინისტრაცია არის სრულად მზად იმისთვის, რომ ჩაატაროს კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული არჩევნები“ და რომ მათთვის მნიშვნელოვანია - „ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული“.

„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ სივრცე სპეკულაციებისთვის. ის წუხილები, რაც წინ უსწრებს ამ არჩევნებს, ანუ გასული არჩევნებიდან მომავალ არჩევნებამდე, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული, მათ შორის - ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ჭრილშიც...

არჩევნები მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საკეთებელი საქმე არ არის; არჩევნები საერთო საქმეა და ყველა ჩართული მხარე უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ყველამ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები“, - გვეუბნება იოსელიანი.

ევროპარლამენტის მიერ ივლისის დასაწყისში დამტკიცებული მორიგი მწვავე რეზოლუციის მიხედვით, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად, ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო. დაკავებულთა შორის არიან ორი ლიდერი პოლიტიკური გაერთიანებიდან - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ამ პარტიის წარმომადგენელმა, ცესკოს წევრმა - გიორგი სიორიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „უთანასწორო ბრძოლაში“ შესასვლელად არიან მზად და „დე ფაქტო თვითმმართველობის არჩევნებს“, მათ შორის - „წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერების გზადაც“ განიხილავენ, მთავარი მიზნების მისაღწევად, რომ „საქართველოში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესებითა და ახალი [საარჩევნო] ადმინისტრაციით და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“.

პარტიები „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის თანამშრომლობაზე არიან შეთანხმებული. მათ მიმართ მწვავე კრიტიკით გამოდიან პროდასავლური პარტიები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ. მათი პოზიციით, არჩევნებში მონაწილეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარების ტოლფასია და ეს ნაბიჯი 9 თვის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს აზიანებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG