Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2012-დან 2025-მდე - 5 აქცენტი ივანიშვილის მორიგი წერილიდან, არჩევნების წინ


2025 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილი ბიძინა ივანიშვილმა მიუძღვნა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კოალიციის გამარჯვებას.
2025 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილი ბიძინა ივანიშვილმა მიუძღვნა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კოალიციის გამარჯვებას.

მოკლედ

  • ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ღია წერილით მხარდამჭერებს 4 ოქტომბრის პროცესებისადმი ყურადღებისკენ მოუწოდა.
  • წერილში ისაუბრა "გარე და შიდა მტრებზე", სუვერენიტეტის გაძლიერებაზე და ყოფილი თანაგუნდელების "მუხანათურ ღალატზე".
  • წინა წლების წერილებისგან განსხვავებით, 2025 წლის ტექსტში აღარ არის ნახსენები ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც მიზანი.

“ქართული ოცნების” მილიარდერი საპატიო თავმჯდომარე, მორიგ ღია წერილში, საქართველოს მოქალაქეებს - "ბრძენ ქართველ ხალხს, რომელსაც ვერავინ გააცურებს" - ეუბნება, რომ კვლავ "ბეწვის ხიდზე" გადიან და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

გარე მტრები, აგენტები, სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვა, “მუხანათური ღალატი” გუნდში - ახალი წერილი ძირითადად ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პირით გაჟღერებული განცხადებების ლოგიკას მიჰყვება; ამასთან, ახალ ეპისტოლეში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი საერთოდ აღარ ახსენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და მხარდამჭერებს 4 ოქტომბერს დაგეგმილი პროცესების მიმართ ყურადღებისკენ მოუწოდებს.

მორიგი წერილი ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კოალიციის გამარჯვების მე-13 წლისთავს მიუძღვნა.

წერილის 1100 სიტყვიდან რადიო თავისუფლებამ 5 აქცენტს მოუყარა თავი.


#1 - 4 ოქტომბრის “გამოცდა”

მხარდაჭერისკენ მოწოდება ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალგზის გამოყენებული წინასაარჩევნო პრაქტიკაა. ყოველ ჯერზე ის ამომრჩევლებს უხსნის, რომ არჩევნებზე მისვლისა და “ოცნებისთვის” ხმის მიცემის გარეშე ქვეყანა მძიმე განსაცდელში აღმოჩნდება.

ამჯერად “კიდევ ერთი გამოცდის” დღედ 4 ოქტომბერი სახელდება.

ივანიშვილი ამბობს, რომ ამ დღეს “ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ”.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, მოძრაობა “რუსთაველის გამზირისა” და მათი თანამოაზრეების მიერ 4 ოქტომბრისთვის გამოცხადებული "მშვიდობიანი რევოლუცია" და “მშვიდობიანი დამხობა” აშინებთ.

“მის [ივანიშვილის] ტექსტში მთავარია არა იაფფასიანი შათირიშვილისტური [ზაზა შათირიშვილის] ბოდვა გამოგონილ მტრებზე, არამედ ის ფაქტი, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა… ივანიშვილი გრძნობს, რომ სწორედ ხალხის ერთიანობა აქცევს 4 ოქტომბერს გარდამტეხ დღედ”, - ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ივანიშვილის წერილში, ერთი მხრივ, მითითებულია, რომ საზოგადოება “შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი”; მაგრამ, მეორე მხრივ, აღნიშნულია, რომ “თვალის ახვევის” რისკიც არსებობს - “გარე მტრებისა” და აგენტების მხრიდან, რომლებიც მას “ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში” ეგულება:

  • "მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება".
  • "მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ".


#2 - აგენტები, მტრები, სუვერენიტეტის გაძლიერება

შარშან, ამავე პერიოდში გამოქვეყნებული მსგავსი წერილისგან განსხვავებით, ივანიშვილის წლევანდელ წერილში აღნიშნულია, რომ გარე და შიდა მტრებმა - “აგენტებმა” - მტრული განზრახვები უკვე აღიარეს:

“მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე გამუდმებულმა ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!”

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყურადღებას ამახვილებს სიტყვებზე - “ვაიძულეთ”, “ვაღიარებინეთ”, ხაზს უსვამს, რომ “ესეც ტყუილია!”

ხიდაშელი ასევე ფიქრობს, რომ 13 წელი სრულიად საკმარისი იქნებოდა რეალური შედეგებით საამაყოდ და მათ შორის - ქართული ჯარის სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებით, მაგრამ “[“ქართული ოცნება”] შემომწყრალია ამერიკელებს და იძულებული გახდა პროკურატურის ძალით სდიოს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ქურდებს საკუთარი გუნდიდან”.

“ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი”, - ეს კიდევ ერთი პასაჟია ივანიშვილის წერილიდან. ტექსტში არაერთხელ არის ნახსენები ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება - როგორც უკვე მიღწეული შედეგი და სამომავლო პრიორიტეტიც.

“სად გამყარდა [სუვერენიტეტი], რომელ წელს და რომელ წერტილში? რუსული ჯარი გავიდა აფხაზეთიდან? იქნებ ცხინვალის რეგიონიდან? იქნებ შავ ზღვაზე აღარ შენდება რუსული ბაზა? ან იქნებ ისეთი ქართულ-ევროპულ-ამერიკული საინვესიტიციო პროექტი დავიწყეთ, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მსგავსად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას”, - აღნიშნავს ხიდაშელი.


#3 - “მუხანათური ღალატი” გუნდში

მოღალატეების თემა ივანიშვილისთვის აქტუალურია საკუთარ გუნდშიც.

თუკი მანამდე მოღალატედ ძირითადად მხოლოდ ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს, ამჟამად ოპოზიციონერ გიორგი გახარიას ასახელებდა, ახალ წერილში “ოცნების” დამფუძნებელი “მუხანათური ღალატის” კონტექსტს უფრო ფართოდ განიხილავს.

“წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ჩვენ ამასაც გავუძელით!” - წერს ივანიშვილი და არ აზუსტებს, ვინ არის გუნდის ის "არაერთი წევრი", ვინც "უცხო ძალებს" დაემორჩილა.

ბოლო პერიოდში ერთმანეთს მიჰყვა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წასვლა; ზოგი დაჭერილია, ხოლო ზოგს დაჭერას სამომავლოდ უწინასწარმეტყველებენ. “ოცნების” ლიდერები ღიად ამბობდნენ, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელები ინფორმაციას აწვდიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, ამჟამად დაჭერილ ლევან ხაბეიშვილს.


#4 - არცერთი სიტყვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ეს პუნქტი არდასმულ აქცენტზეა.

2025 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ღია წერილში საერთოდ არ არის ნახსენები ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შესასრულებელ ამოცანებს შორის ის ასახელებს:

  • რადიკალიზმისა და ურთიერთდაპირისპირების წარსულისთვის ჩაბარებას;
  • და ბრძოლას - “მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის”.


ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ხელისუფლებაში მოსვლის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილ წერილში, ივანიშვილი “ღირსეულ ევროპულ მომავალს!” ახსენებდა და ტექსტს ასრულებდა - მაშინ შერჩეული სლოგანით - “მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!”; მიუთითებდა ასევე, რომ ეს საქართველოსთვის “ერთადერთი გზაა”.

ეს სლოგანი ახლა გამქრალია. თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ქართული ოცნება" თბილისს მეტ სიკეთეს, რეგიონებს მეტ განვითარებას და საქართველოს მშვიდობას ჰპირდება.

2024 წლის 28 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გუნდის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე გადაავადეს. ეს არის აუცილებლად გასავლელი ეტაპი ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ათეულობით აქტივისტი ძალადობის ბრალდებით გასამართლდა. მცირე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გრძელდება და პერიოდულად იმართება მასშტაბური, ხალხმრავალი აქციებიც.


2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პროსახელისუფლებო “იმედთან” ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლეოდა და პირობას დებდა, რომ საქართველოს გაძლიერების შემთხვევაში, ევროკავშირიდან “შეგვეხვეწებიან იქეთ და ისე შევალთ ევროპაში”.

#5 - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება

2025 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილი ივანიშვილმა მიუძღვნა მე-13 წლისთავს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა, როცა “ქართული ოცნების” ახლად შექმნილი კოალიცია საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოვიდა.

  • “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა”,
  • “პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა!” - წერს ივანიშვილი.

“2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული ღირსშესანიშნავი გამარჯვებების გვერდით, კუთვნილ, გამორჩეულ ადგილს იკავებს, რადგანაც ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს, დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში, ერთი მხრივ, ავტორიტარიზმს, გარე ინტერესების მორჩილებას, შიშსა და ტერორს, ხოლო, მეორე მხრივ, დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის უმთავრეს წყალგამყოფად იქცა!” - ესეც ბიძინა ივანიშვილის წერილის ფრაგმენტია.

“ისტორიას აყირავებს”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილზე “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

“დაუშვათ, ბიძინა ვარ - ბოროტი ხელისუფლება დავამარცხე და მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სიკეთე, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ კონტრასტი ვაჩვენო, რომ - ეს იყო ბოროტება და მე ვარ სიკეთე?! - რაც ცუდი იყო, ის უნდა შეცვალო სიკეთისკენ, ხომ?!” - ჩერგოლეიშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, “ქართულმა ოცნებამ” კვლავ შეინარჩუნა წინა ხელისუფლების ნაკლოვანებები და ბევრი რამ კიდევ უფრო გააუარესა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ შეუძლებელია, “სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებად გასაღდეს თარიღი", რომლის შემდეგაც, მაგალითად, სასამართლოს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა:

"[დღეს] არც “ქართული ოცნების” წევრებისთვის არსებობს თავისუფალი სასამართლო”; “ყველაფერი არის აგებული პერსონალური ლოიალურობის არხებზე”.

ამავე ჭრილში განიხილავს ბოლო პერიოდში გამოაშკარავებულ ფაქტებსაც - “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნებისა თუ მათი ნათესავების კორუფციული დანაშაულებისა თუ დიდი ოდენობით ფულის გათეთრების შესახებ.

“ეს ყველაფერი ხომ სისტემური დანაშაულები იყო, ეს ადამიანები ხომ ამ დანაშაულს მწვანე შუქის გარეშე არ ჩადიოდნენ?!... ასე ცხოვრობენ “ქართული ოცნების” წევრები და მათთან დაახლოებული პირები”, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG