Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღსრულების ბიუროს ცნობით, ჯარიმის გადახდის შემდეგ „ლელოს“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა


აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების თანახმად, „ლელოს“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების თანახმად, „ლელოს“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა.

აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ პარტია „ლელოს“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა მოუხსნა მას შემდეგ, რაც პარტიამ ჯარიმა გადაიხადა.

„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ „ლელო საქართველოს“ მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა“, - წერია 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

„შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და „ლელო საქართველოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა“, - აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მათი ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა.

კუპრაძემ განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ხელი შეუშალონ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ბრძოლას. მამუკა ხაზარაძე - თანამოაზრე, მეგობარ და ნათესავ ბადრი ჯაფარიძესთან და სხვა არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად - ახლა ციხეშია.

როგორც აღსრულების ბიურომ მანამდე განაცხადა, ამ შემთხვევაში „აღსასრულებელ ვალდებულებას“ წარმოადგენდა „სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა“.

„აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს“, - აცხადებდა უწყება.

საქართველოში ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აღიარებს, თუმცა ნაწილი („ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ასევე, „გირჩი“) მაინც თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.

ამასთან, 2024 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი ან უკვე ციხეშია („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“/„ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ან საზღვარგარეთაა და მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული („გახარია - საქართველოსთვის).


ფორუმი

XS
SM
MD
LG