Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზის გადაკეტვისთვის დამაჯარიმეს, არ გადამიხდია - საზღვარგარეთ გამიშვებენ?


საპროტესტო აქციის მონაწილე. რუსთაველის გამზირი. მარტი, 2025 წელი
საპროტესტო აქციის მონაწილე. რუსთაველის გამზირი. მარტი, 2025 წელი

შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოდან საზღვრის კვეთისას გაგაჩეროთ მესაზღვრემ, გითხრათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გაქვთ გადასახდელი და ამის გამო ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მოგცეთ?

ამ კითხვაზე პასუხია - არა.

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან და ჯარიმაც აქვს დაკისრებული, ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს იმ დრომდე, სანამ ჯარიმას არ გადაიხდის.

ნიკა სიმონიშვილი, იურისტი
ნიკა სიმონიშვილი, იურისტი

„მე იმას ვერ ვიტყვი, რომ ეს არ შეიძლება გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, დღევანდელობაში აღარაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ის, რომ ჯარიმა მაქვს დაკისრებული და ამის გამო შესაძლოა არ გამიშვან ქვეყნიდან, ამას არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი ნიკა სიმონიშვილი.

კანონში კი ასე წერია, მაგრამ რეალურად რა ხდება?

თუმცა იურისტი ამბობს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს კანონიერი საფუძვლის გარეშე არ აძლევდნენ ქვეყნის საზღვრების დატოვების უფლებას:

„პრაქტიკაში ვხედავდით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც გამოიყენებოდა ე.წ. გაწითლების მექანიზმი, რასაც საკანონმდებლო საფუძველი არ გააჩნდა. მაგალითად, მაშინ, როდესაც სურდათ, რომ პირს არ გადაეკვეთა საზღვარი, აჩერებდნენ საზღვარზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აბრუნებდნენ უკან და ამას საკანონმდებლო საფუძველი არ გააჩნდა“, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

თუკი ქართველი ვარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა არ მაქვს?

ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თქვენი დაყოვნება შეუძლია. იურისტების განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და შესაბამისად, ჯარიმის გადაუხდელობის გამო ქვეყნის დატოვების შეზღუდვა საქართველოს კანონმდებლობით უწესდებათ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონეებს.

ამ შეზღუდვას კი საფუძვლად უდევს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი და ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე, ადამიანმა უნდა გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა.

სწორედ ამგვარი გამოცდილების შესახებ წერდა ორი თვის წინ რადიო თავისუფლება, როდესაც ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის დანიელ მაიკლ ჯონ ტრევისი ამბობდა, რომ ვერ ახერხებდა საქართველოს დატოვებას იმ მიზეზით, რომ, მესაზღვრეების თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული და სანამ არ გადაიხდიდა, ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებდა.

მაშ რა შემთხვევაში შეიძლება მე, საქართველოს მოქალაქე, ქვეყნიდან არ გამიშვან?

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ორი ჩანაწერი არსებობს, რა შემთხვევაშიც შეიძლება ვერ დატოვოთ საქართველო:

  • პირველი - თუკი პოლიცია გეძებთ;
  • მეორე - თუკი საზღვარზე ყალბი ან ძალადაკარგული საბუთები აღმოგაჩნდებათ.


საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი გითხრან იმ შემთხვევაშიც, თუკი მიემგზავრები ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს და საზღვარზე არ წარადგენ, მაგალითად:

  • ბილეთს ან სამგზავრო ბილეთის ჯავშანს;
  • სასტუმროს ჯავშანს ან მასპინძლის მიწვევას, რომელშიც მითითებულია, თუ სად იცხოვრებ საზღვარგარეთ ყოფნისას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობა გაქვს ან, მაგალითად, ვინმე ფარავს ამ ხარჯებს.


შეიძლება ამ ჩამონათვალს კიდევ დაემატოს რაიმე?

კი, იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ იმ საკანონმდებლო ცვლილებას დაასრულებს, რომელზეც პირველად რამდენიმე დღის წინ თქვა.

ამ ცვლილებით, თუკი საქართველოს მოქალაქემ სისხლის სამართლის, კონკრეტულად კი ეკონომიკური, ფინანსური დანაშაული ჩაიდინა და დანაშაულის გამო სასჯელიც კი მოიხადა, შესაძლოა, მაინც შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ როცა კანონი ამოქმედდება, „პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია, გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება სასჯელის მოხდის შემდეგ“.

მისი თქმით, ასე მარტივდება ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდადებულისა თუ მისი გარემოცვისთვის ქონების ჩამორთმევა - „ზიანის ანაზღაურება“.

მისი თქმით, განისაზღვრება ქვეყნის დატოვების შეზღუდვის კონკრეტული ვადებიც: ექვსი, 12 და 16 წელი.

ისე, ვიცით რამდენი ადამიანი დააჯარიმეს ბოლო დროს და რამხელაა ჯარიმა ჯამში?

რადიო თავისუფლებამ არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ბოლო თვეებში დაჯარიმებულთა და ჯარიმების საერთო რაოდენობის სტატისტიკა.

ბოლოს - 22 მაისს - ოფიციალური წერილით მოვთხოვეთ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 31 აპრილის ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 174-ე პრიმა მუხლებით, ერთი მხრივ, დაკავებული და მეორე მხრივ, სასამართლოში დაბარებული მოქალაქეების ჯამური სტატისტიკა და ასევე:

  • მათ მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სასჯელების სახე და რაოდენობა;
  • გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა;
  • ადმინისტრაციული პატიმრობების ხანგრძლივობა და მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჩვენს კითხვებზე ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც რადიო თავისუფლებას სანდო წყარო აწვდის, მაისის დასაწყისის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3000-მდე ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი. ჯარიმების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიწერა თებერვალ-მარტში, როდესაც, ამავე წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავების მიერ ყოველდღიურად იწერებოდა 50-70 ადმინისტრაციული ჯარიმა.

2024 წლის 19 ნოემბერი - 2025 წლის 28 თებერვლის პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 1084 ადამიანის მიმართ, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო 486 ადამიანი.

2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან 10 დაკავებულია 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას, 52 კი 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვალში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" 18 მარტის მონაცემებით, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს (დაახლოებით 720 835 აშშ დოლარს) აღწევს.

შვიდი თვე ხდება, არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. შვიდი თვის წინ კი პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, პარტია აღარ დააყენებს ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე.

„ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად გაამკაცრა კანონები, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოლო ცვლილებებით, რომელიც პროევროპული აქციების ფონზე, 2025 წლის 7 თებერვლიდან შევიდა ძალაში, შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია უწერს და საჯარიმო ქვითრებსაც პოლიცია აბარებს მათ. 5000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმების რაოდენობაც.

დაჯარიმებულთა უმეტესობას შსს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ სამართალდარღვევას, „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. თუმცა ეს მუხლი სხვა სამართალდარღვევებსაც მოიცავს, მაგალითად, „მანიფესტაციების შესახებ კანონის“ დარღვევა - ნიღბის ტარება, ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება.

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG