Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დატოვებს თუ არა საპატიმროს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 19 წლის ბრიტანელი ქალი?


ილუსტრაცია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და ეყრდნობა სასამართლოში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნანახს. პირველი ივლისი, თბილისის საქალაქო სასამართლო, ბელა მეი ქალი გაჰყავს ბადრაგს
ილუსტრაცია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ და ეყრდნობა სასამართლოში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნანახს. პირველი ივლისი, თბილისის საქალაქო სასამართლო, ბელა მეი ქალი გაჰყავს ბადრაგს

მოკლედ

  • „ეს ჩვენთვის ძალიან დიდი თანხაა“ - ბელა მეის დედა
  • „ბელას მდგომარეობა ნამდვილად გვაფიქრებს და გვაღელვებს“ - მოსამართლე
  • ვინ არის ბელა მეი ქალი?

ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით დაკავებულმა 19 წლის ბრიტანელმა ბელა მეიმ, რომელიც 27 კვირის ორსულია, შესაძლოა, საპატიმრო მალე დატოვოს. ამ ალბათობის შესახებ 2 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

არც პროკურატურა და არც დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, შესაძლოა, ბელა მეი ქალიმ საპატიმრო უახლოეს პერიოდში, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვოს.

„ეს ჩვენთვის ძალიან დიდი თანხაა“ - ბელა მეის დედა

საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია. ახლა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის საჭირო პროცედურებია შესასრულებელი.

მომდევნო სხდომა, სადაც, დიდი ალბათობით, სწორედ საპროცესო შეთანხმების შესახებ გახდება ცნობილი, 9 ოქტომბერს დაინიშნა. თუმცა, მოსამართლე გიორგი გელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები შეთანხმებას უფრო ადრე მიაღწევენ, ის მზად არის „ხვალვე დანიშნოს სხდომა“.

2 სექტემბერს გამართულ სხდომას დარბაზიდან ადევნებდნენ თვალს ბელა მეის დედა, ბაბუა და მამიდა.

ბელა მეი ქალის მამიდა და ბაბუა სხდომის დასრულების შემდეგ, 2 სექტემბერი, 2025 წელი
ბელა მეი ქალის მამიდა და ბაბუა სხდომის დასრულების შემდეგ, 2 სექტემბერი, 2025 წელი

დედა, ლაიან კენედი, ბრიტანულ „ტაიმსთან“ მცირე რეპლიკით შემოიფარგლა:

დედა, ლაიან კენედი, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, 2 სექტემბერი, 2025 წელი
დედა, ლაიან კენედი, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, 2 სექტემბერი, 2025 წელი

„ეს ჩვენთვის ძალიან დიდი თანხაა. შემოგვთავაზეს ეტაპობრივი მიდგომა. შემოთავაზებული თანხის გადახდის შემთხვევაში, ის მაშინვე გათავისუფლდება. ხოლო მეორე შეთავაზების მიხედვით, თანხა უფრო ნაკლებია გადასახადი და ამის მიხედვით, ის გარკვეული ვადით მაინც მოიხდის სასჯელს. არ ვიცი, რა გავაკეთო“.

ადვოკატ მალხაზ სალაყაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროკურატურასა და ბელა მეი ქალის ოჯახს შორის და ახლა მხოლოდ კონკრეტული დრო არის საჭირო იმისათვის, რომ დაკავებული ბრიტანელის ოჯახმა საპროცესო შეთანხმების წარმატებით დასრულებისთვის საჭირო თანხის შეგროვება მოახერხოს.

რა თანხაზეა საუბარი, ამაზე ბელა მეი ქალის ადვოკატი არ აზუსტებს. სავარაუდოდ, მელა მეის ოჯახს შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ რამდენიმე ასეული ათასი ლარის გადახდა მოუწევს:

ადოკატი მალხაზ სალაყაია
ადოკატი მალხაზ სალაყაია

„საუბარია იმაზე, რომ სრულად გაუუქმდეს საპატიმრო სასჯელი. ეს დამოკიდებულია თანხის ოდენობაზე. ახლა სწორედ ამ საკითხზე მიდის მოლაპარაკება. თანხის ოდენობას ვერ დავასახელებ. ის, რომ ბელამ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად შემოიტანა, ეს დადგენილია. ჩვენ იმაზე ვაპელირებთ, რომ 19 წლის გოგოს ეს აიძულეს. რაც უფრო მაღალი იქნება ჯარიმის ოდენობა, მით მეტია შანსი, რომ საპატიმრო სასჯელი გაუქმდეს“.

საპროცესო შეთანხმების დეტალებზე არ ლაპარაკობს არც ბრალდების მხარე. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მხოლოდ ის დაადასტურა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს:

პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი, ფოტო არქივიდან
პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი, ფოტო არქივიდან

„დაცვის მხარე, ბუნებრივია, ცდილობს, რომ მისთვის სასურველ პირობებზე მიაღწიოს შეთანხმებას. მუხლი, რომელიც ახალგაზრდა ქალს აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს მინიმუმ 15 წლიან პატიმრობას. კანონის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება იძლევა საშუალებას, რომ მინიმუმს ქვემოთაც ჩამოვიდეს სასჯელი. ეს თეორიულად ნიშნავს საპატიმრო სასჯელის სრულ მოხსნასაც, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს შეთანხმებული არ არის.

მიმდინარეობს მოლაპარაკება და შემდეგი პროცესისთვის ალბათ უკვე შეჯერებული გვექნება მხარეებს პოზიციები. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ უდაოდ გახადა მტკიცებულებები, ახლა უკვე მთავარია, მხარეები შევთანხმდეთ. სხვა, ხელის შემშლელი გარემოებები, არ არის“, - თქვა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველი ხდება საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება.

„ბელას მდგომარეობა ნამდვილად გვაფიქრებს და გვაღელვებს“ - მოსამართლე

2 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სასამართლომ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე.

დაცვის მხარე პატიმრობის შეცვლას და სანაცვლოდ, 50 000 ლარის გირაოს გადახდას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 19 წლის ბელა მეი ქალი კვლავ პატიმრობაში დატოვა:

გიორგი გელაშვილი, ფოტო არქივიდან
გიორგი გელაშვილი, ფოტო არქივიდან

„იმისათვის, რათა პირისთვის გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს, უნდა გამოვლინდეს რაიმე ახალი გარემოება. ამ შემთხვევაში, დაცვის მხარე უთითებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც დაკავშირებულია მის ორსულობასთან...

სასამართლო მიიჩნევს, რომ საფრთხეები, რომელსაც პროკურატურა სახავს, მიმალვის, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიში, ეს საფრთხეები არ განეიტრალებულა. აქედან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა რჩება. ბელას მდგომარეობა ნამდვილად გვაფიქრებს და გვაღელვებს. რა თქმა უნდა, ბავშვი ნამდვილად თავისუფალ გარემოში უნდა იზრდებოდეს და გაიზრდება კიდეც.

თუ ვინიცობაა, დაცვა უზრუნველყოფს იმ პირობის შესრულებას, რასაც ბრალდების მხარე აყენებს, ჩვენ გავაკეთებთ შეღავათს და ნებისმიერ დროს გადმოვწევთ პროცესს და ხვალაც რომ შემოიტანოთ შუამდგომლობა, ჩვენ ხვალაც ვიმსჯელებთ“, - თქვა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა.

გამოძიება ბრიტანეთის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვასა და გასაღებას ედავება (გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს).

ბრალდების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 11 მაისს, ტაილანდიდან ჩამოსული 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.

ფოტოილუსტრაცია - ბელა მეი ქალი დაკავებისას, 10 მაისი, 2025 წელი
ფოტოილუსტრაცია - ბელა მეი ქალი დაკავებისას, 10 მაისი, 2025 წელი

ბელა მეი ქალის ადვოკატი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ტაილანდიდან ჩამოვიდა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიძულა, ნარკოტიკებით დატვირთული ჩემოდანი საქართველოში ჩამოეტანა.

„აჩვენე მარჯვენა ხელი მოსამართლეს“, - უთხრა მალხაზ სალაყაიამ პირველ ივლისს გამართულ სხდომაზე ბელას: „შეხედეთ მის ხელს, მას გახურებული რკინა, ჩვენთან შამფურს უწოდებენ, დაადეს ხელზე. შეხედეთ ეს იარა მას ახლაც ამჩნევია და ასე წამების შედეგად აიძულეს, რომ ტვირთი წამოეღო საქართველოში“...

ადვოკატის ინფორმაციით, ძირითადი საქმიდან ცალკე საქმედ არის გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ბელა მეი ქალის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

ვინ არის ბელა მეი ქალი?

ბელა მეი ქალი ქალაქ ბილინგემიდანაა. ის საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულია და სწავლის გაგრძელებას აპირებდა.

ოჯახის მონათხრობით, აპრილის ბოლოს, სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, ბელა არდადეგების გასატარებლად მეგობართან ერთად ჯერ ფილიპინებისკენ გაეშურა, მაისის დასაწყისში კი ტაილანდში წავიდა.

ბელა მეი ქალი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს მოგზაურობიდან. თუმცა 5 მაისის შემდეგ ის სოციალური ქსელებიდან გაქრა.

ბელას დედა, ლაიან კენედი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ შვილთან დაკავშირებას 3 მაისის მერე ვეღარ ახერხებდა. ტელეფონი გათიშული იყო, თუმცა სიგნალის მიხედვით, ის ბანგკოკთან ახლოს უნდა ყოფილიყო.

მშობლებმა შვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს პოლიციას. ძებნაში ჩაერთო ტაილანდის პოლიციაც. ბელას მამა, ნეილ ქალი, შვილის საძებნელად ტაილანდში გაემგზავრა.

შვილის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია ბელას მშობლებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებშიც. ისინი ხალხს გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ.

თბილისში დაკავებული გოგოს დედა ბრიტანელ ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ გაუჩინარებამდე ბელას ყოველდღე ელაპარაკებოდა:

„მოგზაურობიდან უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. 3 მაისს ტაილანდში წავიდა. ბოლო მესიჯი მისგან მივიღე შაბათს (3 მაისს), საღამოს ექვსის ნახევრისთვის. მწერდა, რომ მოგვიანებით "ფეისთაიმით" დამიკავშირდებოდა“.

ქალი გამოცემა THE SUN-თან საუბრისას ამბობს, რომ შვილს სთხოვდა, არ წასულიყო ტაილანდში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG