Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თუ დაგვჭირდა, ევროპაშიც მოგაგნებთო“ - ვინ ესხმის თავს ქართველ ემიგრანტებს?


რადიო თავისუფლება გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და თავდასხმის ფაქტების შეგროვებას.
რადიო თავისუფლება გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და თავდასხმის ფაქტების შეგროვებას.

უკვე რამდენიმე შემთხვევა გასაჯაროვდა, როცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ და საქართველოში უწყვეტ პროტესტს გულშემატკივრობენ, ქუჩაში უცნობი ადამიანები ესხმიან თავს, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

მხოლოდ ბოლო ოთხ დღეში, მსგავსი თავდასხმის შესახებ ორმა ქართველმა დაწერა: ერთს პარიზში დახვდნენ, მეორეს - რეიკიავიკში.

ლევან მოსეშვილმა, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს, საკუთარი ფოტოც გამოაქვეყნა - მას სახეზე თავდასხმის კვალი ეტყობა.

„კარგად ვარ ხალხო, დიდად ვერ იყოჩაღა. ლოყა გამივლის და შენ სულ რუსის მონად დარჩები“, - წერს ლევან მოსეშვილი ფეისბუკზე.

მან გვიამბო, რომ მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად, პარიზში სეირნობდნენ, ბავშვი პარკში მიჰყავდათ საბავშვო მოედანზე, როდესაც მათ უცნობი მიუახლოვდა და ქართულად გამოელაპარაკა:

“იკა ხელში მეჭირა. უცნობმა მკითხა, "ლევანი ხო ხარო?" რომ დავეთანხმე, ეგრევე დაიწყო გინება, მუქარები: ხოდა, შენი დედა მო...ნ, შე ნაბოზ...ო, მოგი...ნ გვარამია-ჯაფარიძე, გეგონა, ევროპაში დაიმალებოდი, შე ნაცების მონაო? სანამ ბავშვი დავსვი, მომაყარა გინება-მუქარები, როგორც იციან ხოლმე… შე რუსის მონა-მეთქი, მივაძახე, მან კი, ჯერ სად ხარო, ხელი დამარტყა სახეში და გაიქცა. ბავშვს ძალიან შეეშინდა და ტირილი დაიწყო”, - ასე აღწერს ლევანი მომხდარს.

კაცი, რომელიც თავს დაესხა, ლევან მოსეშვილს მანამდე არასოდეს უნახავს. თუმცა მომხდარს ლევანი თავის სამოქალაქო აქტივიზმს და "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრობას უკავშირებს:

“აქტიური ვარ სოციალურ ქსელშიც და ვაკრიტიკებ "ქართული ოცნების" ქმედებებს. არაერთი მუქარის შემცველი ტექსტი მიმიღია კომენტარის თუ პირადი მესიჯის სახითაც”.

თუმცა, როგორც ლევან მოსეშვილი გვიყვება, მას სოციალურ ქსელში არ დაუწერია, რომ საფრანგეთშია. არც რაიმე ახალი ფოტო გამოუქვეყნებია.

“მხოლოდ ქავერზე მიდევს პარიზში გადაღებული ძველი ფოტო, მაგით თუ ჩათვალეს რომ აქ ვარ, არ ვიცი. ბოლო პერიოდში არ დამიდია არცერთი სურათი რაც ჩემს ადგილმდებარეობას მიუთითებდა… თუმცა კომენტარებში კი დაუწერიათ, რომ ევროპაშიც მომაგნებდნენ თუ დასჭირდებოდათ. ეს ადამიანი, ვინც თავს დამესხა, პირველად ვნახე, შეიძლება თვითონ მიცნობდა ფეისბუკიდან ან ჩემი ფოტოები ჰქონდათ ევროპელ ტიტუშკებს”, - გვითხრა ლევან მოსეშვილმა.

კიდევ ერთი მსგავსი ამბავი, ოთხი დღის წინ, ისლანდიაში, რეიკიავიკში მოხდა.

ამჯერად სამიზნე იქ მცხოვრები ქართველი, ინგა წიკლაური გახდა, რომელიც რეიკიავიკში ტურისტულ სააგენტოში მუშაობს და ქართველებთან ურთიერთობაც უწევს ხოლმე. თავდამსხმელს არც ის იცნობს.

ინგამაც ფეისბუკით გაასაჯაროვა ამბავი, რომ სამსახურში თავს დაესხა კაცი, რომელმაც მას ქართულად მიმართა სახელით, შემდეგ კი გინება და მუქარა დაუწყო. ინგამ უცნობი გააფრთხილა, რომ პოლიციას გამოიძახებდა და ასეც მოიქცა, თუმცა თავდამსხმელი აგრძელებდა აგრესიას - გინებას და მუქარას.

„სანამ ეს ინციდენტი მოხდებოდა, 20 ან 30 წუთით ადრე, რამდენიმე ქართულად მოლაპარაკე ტიპი შევნიშნე, ზუსტად მაგ დროს ვასრულებდი სამსახურში ჩემს ცვლას. რომ დავასრულე და დავიძარი გასასვლელისაკენ, მაშინ დამიძახა და მომიახლოვდა. სავარაუდოდ ამდენი ხნის განმავლობაში იქ იყო და რადგან მითხრა, რომ იცოდა ჩემს შესახებ ყველაფერი, სად ვცხოვრობ, სად ვმუშაობ, სავარაუდოდ, ისიც იცოდა, იმ დღის რომელ კონკრეტულ მონაკვეთში ვმუშაობდი“.

ინგა წიკლაური იხსენებს, რომ მისი თანამშრომლები თავიდან ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, რადგან ეს შელაპარაკება ქართულ ენაზე გრძელდებოდა. ინგა იმ წუთებში ვიდეოსაც იღებდა და მოგვიანებით, პოსტთან ერთად, თავდამსხმელის ფოტოც გამოაქვეყნა.

ამ პოსტის ქვეშ მალე ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცის, სახელად თემო ქვარცხავას კომენტარებიც გამოჩნდა:

“აგერ ვარ და თუ ვინმეს გაინტერესებთ რაშია საქმე პირადში მომწერეთ…ამ ნაბ….რის პოსტის ქვეშ დისკუსიას არ ვაპირებ ... პატივისცემით თეიმურაზ ქვარცხავა. თან როგორი არაფოტოგენური რაკურსი შეურჩევია ცუდად რომ გამოვჩნდე”, - წერს ის.

ინგა წიკლაურის სიტყვებით, მომხდარს პოლიტიკური საფუძველი აქვს და მასზე თავდასხმის მიზეზი, ფეისბუკზე “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კრიტიკული სტატუსები და აქტიურობაა, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნების დროს დაიწყო.

ინგა იხსენებს, რომ მას, 2024 წელსაც ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ ერთი კონკრეტული პოსტის გამო და, სავარაუდოდ, ეს თავდასხმაც იმ ამბის გაგრძელებაა.

საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ინგა წიკლაური იმ ქართველ ემიგრანტს შორის იყო, ვინც რეიკიავიკში საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვდა და ამისთვის ხელმოწერებს აგროვებდა.

ამაზე ინგა ისლანდიაში მცხოვრები ქართველების ჯგუფშიც წერდა. თუმცა, როგორც თავად გვიყვება, მაშინ ისევ ქართველებმა გააფრთხილეს, რომ ზედმეტი აქტიურობა არ ღირდა, რადგან “ოპოზიციურად განწყობილი ქართველები არჩევნებში მონაწილეობის გამო, შესაძლოა, ისლანდიიდან გაეძევებინათ” და რომ ამ საქმეს ლობირებდა რეიკიავიკში მცხოვრები “ოცნების” მხარდამჭერი ერთ-ერთი ოჯახი.

მაშინ ინგამ პოსტიც დაწერა და იკითხა, რა იცოდნენ ამ ოჯახის შესახებ და რომ ეს არ იყოს წასაყრუებელი ამბავი. თუმცა მის ამ აქტიურობას, როგორც გვიყვება, არ ჩაუვლია უხმაუროდ. უცნობები მას ჯერ ონლაინ სწერდნენ, აგინებდნენ, შემდეგ ტელეფონზე ურეკავდნენ და ასე ურჩევდნენ საქმეს. სწერდნენ, რომ ინტრიგანი იყო, რომ ის თავისი პოსტებით იქ მცხოვრებ ქართველებს აწუხებდა. ბოლოს კი, გასულ კვირას სამსახურშიც მიადგნენ.

“მეუბნებოდა, მე ვარ ვისზეც შენ წერდი და ბოდიში მოიხადე, რადგან ქართველი ემიგრანტების ჩაშვებას გვაბრალებ, რაც ტყუილიაო. სადაც გნახავ, ყველგან გაგინებო. ისიც ვიცი, სად ცხოვრობ და სად მუშაობ, ეგეც ხო ვიციო. ჩემი აზრით, ეს არის “ქართული ოცნების” დაკვეთა ოპოზიციურად განწყობილი ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ, ოღონდ, ჩემს შემთხვევაში, ეს კაცი ამოფარებულია იმას, რომ ვითომ ეს არის მისი პირადი შეურაცხყოფა”, - ამბობს ინგა წიკლაური, რომელიც აპირებს, რომ პოლიციაში საჩივარი დაწეროს და თავდამსხმელს პასუხი აგებინოს.

სამი დღის წინ, ვიდეო გამოაქვეყნა ემიგრაციაში მყოფმა ტიკტოკერმა ნიკა ბერიძემ, რომელიც ჰყვება, რომ სავარაუდოდ, მისი კრიტიკული ვიდეოების და ზოგადად, "ოცნების" საწინააღმდეგო მოსაზრებების გამო, რამდენიმე უცნობი ადამიანი, საქართველოში, კერძოდ გურიაში მცხოვრებ მის დედასთან, ძმასთან და სხვა ნათესავებთან მივიდა და ნიკას ტელეფონის ნომერი მოითხოვა.

“უთქვამთ, მაგას ჭკუა უნდა ვასწავლოთო. ჯერ ერთი, დედაჩემს ჩემი ტელეფონის ნომერი არა აქვს, მეორეც, ჩემს ნათესავებთან მე კავშირი არ მაქვს, რადგან “ოცნების” ამომრჩევლები არიან და მესამეც - ვისაც უნდა ჩემთან დალაპარაკება, პირადად მომწეროს და გავცემ პასუხს”, - აცხადებს ნიკა ბერიძე.

ინგა წიკლაურმა ჩვენ ასევე გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, დიდი ზეწოლაა პოლონეთში მცხოვრებ ოპოზიციურად განწყობილ ემიგრანტებზეც, თუმცა მათზე თავდასხმის კონკრეტული შემთხვევების შესახებ ამ ეტაპზე დადასტურებულ ინფორმაციას არ ვფლობთ.

რადიო თავისუფლება გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და თავდასხმის ფაქტების შეგროვებას.

მიშა ანდღულაძე იხსენებს, როგორ დაესხნენ თავს
please wait

No media source currently available

0:00 0:09:37 0:00
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG