ჟანრის კანონია ეს. ნამდვილი ხელოვანი იმის გვერდითაა, ვინც ბედავს, ვისაც ადამიანობის შენარჩუნება უნდა იქ, სადაც მოითხოვენ, გახდე პაიკი.
„როგორ არ გახდე პაიკი“. ზუსტად ასეთი სათაურით გადავეყარე იუთუბზე საბჭოთა ფილმის, „პრემიის“ ანალიზს.
2021 წლის აგვისტოში დადებულ ამ ვიდეოში ავტორი საუბრობს საბჭოთა ეპოქაზე, თუმცა თავიდანვე ცხადი ხდება, რომ მას არა იმდენად სერგეი მიქაეილიანის ფილმი, და არც მაინც და მაინც ეს ეპოქა, რამდენადაც დღევანდელი რუსეთი და პუტინის მმართველობა აინტერესებს. „როგორ არ გახდე პაიკი პუტინის რუსეთში?“... ეს თითქმის ისევე შეუძლებელია, როგორც შეუძლებელი იყო 1974 წელს, როცა რუსი-საბჭოთა დრამატურგის, ალექსანდრ გელმანის პიესის მიხედვით გადაღებული ფილმი „პრემია“ საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა.
„სამრეწველო თემატიკა“ - ქვეყანა ფუსფუსებს, მაგრამ ცუდად აშენებს
„გზაზე გაიარეთ, სულ ფუსფუსია“, - თქვა ამას წინათ ბაკურ ბაკურაძემ, „რუსთავი 2-ის“ ახალმა ხელმძღვანელმა. ამ სიტყვაზე, „ფუსფუსი“, გამახსენდა 1972 წელს „გოსკინოს“ მიერ გავრცელებული წერილი, რომელიც რესპუბლიკის კინოსტუდიებს გადაეგზავნათ - კინოს ხელმძღვანელობა მოითხოვდა, სტუდიების გეგმაში აუცილებლად შეეტანათ ახალი ჟანრის, „სამრეწველო თემატიკის“ ფილმები. „აჩვენეთ მშენებლობის პროცესი. აჩვენეთ საბჭოთა მშრომელი, რომელიც სულ მოძრაობს!“ - მითითებულია დოკუმენტში.
კინოსტუდია „ქართული ფილმი“ იძულებული გახდა, ბრძანებას დამორჩილებოდა. მით უმეტეს, რომ განკარგულებას დაემთხვა რესპუბლიკის მმართველად ედუარდ შევარდნაძის დანიშვნა და ოფიციალურად გამოცხადებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. „სამრეწველო ფილმისთვის“ აარჩიეს გურამ ფანჯიკიძის რომანი „მეშვიდე ცა“, რომლის მოქმედება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ხდება. იმ რეჟისორებმა, რომლებიც ქართული კინოს სახეს ქმნიდნენ, უარი განაცხადეს დაკვეთის შესრულებაზე. მაგრამ მაინც გამოინახა კაცი, რომელიც ფანჯიკიძის წიგნის ეკრანიზაციაზე დათანხმდა, იმხანად უკვე კლასიკოსი ვახტანგ ტაბლიაშვილი.
„ლევან ხიდაშელი“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფილმია ქართული კინოს ისტორიაში. ცუდად გადაღებული, ცუდად გათამაშებული.
აქ ყველაფერი იმდენად ყალბია, რომ საქართველოს კინოთეატრებმაც კი „ვერ გაუძლეს“ ტაბლიაშვილის ფილმის პათეტიკას... „ლევან ხიდაშელი“ მხოლოდ რამდენიმე დღე იყო ეკრანებზე. უფრო მეტიც, მოსკოვმა, რომელიც კინოპრემიერას, როგორც წესი, მხოლოდ პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით აფერხებდა ხოლმე, გააჩერა ფილმი „დაბალი მხატვრული დონის გამო“ და მხოლოდ 3 წლის შემდეგ, შეცვლილი სათაურით („მწარე გაკვეთილი“) გამოუშვა ეკრანებზე.
„ქარხანა გიყვარს?“ - ეკითხება მეგობარი ლევან ხიდაშელს.
„როცა დიდი რამე გაქვს ჩაფიქრებული, სიყვარული გვერდზე უნდა გადადო“, - ასეთია პასუხი.
აშკარაა, რომ ქართული კინოსთვის სრულიად არაორგანული იყო კრემლის კაბინეტებში შეთხზული ეს „სამრეწველო ჟანრი“. არსებითად - რუსული კინოსთვისაც. იმ ფილმების სანახავად, რომლებშიც მშრომელები „ფუსფუსებდნენ“, რომლებშიც მუშები ერთმანეთს უყვიროდნენ (დაზგების ხმაურის ფონზე), რომლებშიც კარგად აშენებდნენ (ყველამ იცოდა, რომ ხარისხიანად აქ არაფერს აშენებენ), ხალხი არ მიდიოდა. ცარიელი კინოდარბაზები კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა 30-იანი წლების სტალინური კინოს აღორძინების ამ ტენდენციას.
მაგრამ მოსკოვი თავისას არ იშლიდა. „სამრეწველო ჟანრი“ სასწრაფოდ უნდა დამკვიდრებულიყო არა მარტო კინოში, არამედ ლიტერატურაში, თეატრში, მხატვრობაში. ბრეჟნევის ეპოქის მთავარი მხატვრული სახე... ქარხანა უნდა გამხდარიყო, მთავარი მოქმედი გმირი კი საბჭოთა მუშა ან პარტიის აქტივისტი.
აბა, რა ვუჩვენოთ რუსებს?
1975 წელს „კავკასიური ცარცის წრის“ ტრიუმფალური პრემიერის შემდეგ, რობერტ სტურუას სპექტაკლების სანახავად თეატრმცოდნეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ თბილისში. დაიგეგმა თეატრის გასტროლები საზღვარგარეთ. ცხადია, მოსკოვშიც, სადაც სტურუას კარგად იცნობდნენ. „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“... ამ სპექტაკლებზე ბილეთები გასტროლების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაიყიდა. მაგრამ აუცილებელი გახდა რეპერტუარში მოხვედრილიყო „რაღაც სოცრეალისტური“, თანამედროვე საბჭოთა პიესა მუშათა კლასზე.
რობერტ სტურუას ასეთი შინაარსის დრამატურგია არასდროს აინტერესებდა. მაგრამ თეატრმა გამოსავალს მიაგნო - სწორედ იმხანად კინოთეატრებში დიდი წარმატებით უჩვენეს ალექსანდრ გელმანის პიესის, „ერთი სხდომის ოქმის“ ეკრანიზაცია - ფილმი „პრემია“, რომელიც 13 მილიონმა მაყურებელმა ნახა და დაჯილდოვდა მთავარი პრიზით კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე.
თავიდან ფიქრობდნენ, რომ პიესაც და ფილმიც პარტიული დაკვეთა იყო. ჯერ მოსკოვის მხატში ოლეგ ეფრემოვმა დადგა სახელწოდებით „პარტკომის სხდომა“, შემდეგ კი - რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში მშვენიერი სათაურით, „დასაწყისი“.
მაგრამ რისი დასაწყისი იყო გელმანის პიესა?
პიესის გმირი, სამშენებლო ტრესტის ბრიგადირი პოტაპოვი უარს ამბობს პრემიაზე, რათა ასე მაინც აიძულოს ხელმძღვანელობა, მიაქციოს ყურადღება ქაოსს და უწესრიგობას მშენებლობაზე. თუმცა სწორედ ეს იყო მოულოდნელი პიესაში და ვფიქრობ, ამან მოხიბლა სტურუაც - ბოლო მომენტში აღმოჩნდება, რომ ბრიგადის შვიდი წევრი ცვლის გადაწყვეტილებას (დაამუშავეს?) და თანხმდება პრემიის მიღებას. ბრიგადირისთვის ეს მარცხია. იგი ტოვებს სხდომას. და შესაძლებელია - მშენებლობასაც.
პარტიული კომიტეტის სხდომაზე ბრიგადირს ჯერ უყურებენ როგორც შერეკილს, რომელმაც თავისი ექსცენტრიკული საქციელით სისტემა დააზიანა. მერე კი სასწრაფოდ უპოვიან კომპრომატს - დაადანაშაულებენ ლოთობაში.
„ჯერ ერთი, როგორ გაბედეთ და ნასვამი მოხვედით პარტიულ თათბირზე?“ - ასეთი სიტყვებით დატუქსავენ.
მაყურებელს ამ ეპიზოდზე მწარედ ეცინებოდა... ხალხმა იცოდა, თუკი სისტემას არ დამორჩილდები, ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ისევ პაიკად გაქციონ. და თუ მაინც გაჯიუტდი, აუცილებლად მიაგნებენ სამხილს, რათა გმირად არ იქცე, რათა არავინ მოგბაძოს.
ჩვენც ხომ გაგვახსენეს, როგორ ითამაშა გიორგი ცინცაძემ რუსეთის გუნდში... ესეც თქვენი კომპრომატი!
სტურუა და ტოტალიტარიზმი
„დასაწყისში“ რუსთაველის თეატრის საუკეთესო მსახიობები მონაწილეობდნენ. ჟანრი ლოლაშვილი (მთავარ როლში), კახი კავსაძე, ეროსი მანჯგალაძე... მნიშვნელოვანი იყო მაყურებელს, რომელმაც ზეპირად იცოდა „ყვარყვარე“ და „კავკასიური“, არ აღექვა „დასაწყისი“ როგორც კომპრომისი, როგორც პარტიული დაკვეთა.
სტურუამ, რა თქმა უნდა, თავის საყვარელ „გაუცხოების ეფექტს“ მიანიჭა უპირატესობა. მსახიობები თამაშობდნენ დისტანციურად თავიანთ გმირებთან. ამიტომ თუკი ფილმში მსახიობი ევგენი ლეონოვი აძლიერებს თავისი პერსონაჟის ბავშვურ მხარეს (მხოლოდ ლეონოვს შეუძლია კომუნიზმის მშენებლობაზე ისე ილაპარაკოს, რომ სიყალბის განცდა არ შეუქმნას მაყურებელს), ქართულ სპექტაკლში მსახიობები თითქოს მაყურებლის თვალით უყურებენ პერსონაჟებს, რომლებსაც თავად თამაშობენ.
ალექსანდრ გელმანის პიესა მშვენივრად მოერგო თავად რობერტ სტურუას გზავნილებსაც, რომლებსაც ჩვენ მისი საუკეთესო სპექტაკლებიდან ვისმენდით. ეს ის დროა როცა სტურუა ტირანიის ბუნებას იკვლევდა და ამხელდა მას.
„დასაწყისში“ ტოტალიტარული სისტემის ბუნება განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდება, როცა ტრესტის უფროსი დაიწყებს გარკვევას, ვინ დგას ბრიგადირის უკან, ვინ დაუკვეთა (ვინ დააფინანსა) ეს ამბოხი? თუკი ბრიგადირმა, თქვა რა უარი ჯილდოზე, დაანახა მეგობრებს, კოლეგებს, მთელ „მოფუსფუსე ტრესტს“, რომ მონები არიან და უღირსად ცხოვრობენ, ამან შეიძლება არა მარტო შეარყიოს სისტემა, არამედ მართლაც იმოქმედოს გუნდის ერთიანობაზე.
„ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ თავისი მეგობრები არ დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ“, - განაცხადა გიორგი ცინცაძის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა კვირას, 27 ივლისს, რუსთავში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ალექსანდრ გელმანი და საქართველო
“პერესტროიკის” ეპოქაში, როცა ალექსანდრ გელმანი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა, გაირკვა, რომ თავდაპირველად გელმანის პიესის ეკრანიზაციას ანჯეი ვაიდა აპირებდა. სცენარი დაიწერა კიდეც, მაგრამ პოლონეთის კულტურის სამინისტრომ ვერ გაბედა ფილმის დაფინანსება. ერთ ინტერვიუში ვაიდამ აღნიშნა, რომ გელმანის პიესა ლეხ ვალენსას საყვარელი ტექსტი იყო.
აგერ, “რადიო სვობოდასთვის” მიცემულ ინტერვიუში დღეს უკვე 90 წლის დრამატურგი (მის შვილზე მარატზე, ცნობილ არტ-მენეჯერზე, რომელმაც უკრაინას დაუჭირა მხარი რუსეთ-უკრაინის ომში, დღეს რუსეთში ძებნაა გამოცხადებული) ამბობს: “გამოვიდა, რომ “პრემიას”, ერთი მხრივ, მხარი დაუჭირა მთავარმა კომუნისტმა ბრეჟნევმა, მეორეს მხრივ კი, მთავარმა ანტიკომუნისტმა ლეხ ვალენსამ. როგორც ბებიაჩემი ციუპა ამბობდა ხოლმე, “მარჯვნივ, ოი, მარცხნივ, ოი, მე კი შუაში”.
მაგრამ ისტორიის კრიტიკულ ეტაპებზე ეს კაცი “შუაში” არასდროს ყოფილა. ებრაული გვარის გამო თავის დროზე საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირში არ მიიღეს (ეს ორგანიზაცია ანტისემიტიზმით ყოველთვის გამოირჩეოდა), მაგრამ კინემატოგრაფისტებმა სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ელდარ შენგელაია მოსკოვში გაფრინდა და ალექსანდრ გელმანი, კინემატოგრაფისტთა ოთხ მოსკოველ დელეგატთან ერთად, თბილისში ჩამოიყვანა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გელმანმა, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა დაესაჯათ დამნაშავეები, დაწერა: "ჩვენი რესპუბლიკების წარსული იმდენად შეურაცხმყოფელი, არაადამიანური იყო, რომ ამ ხალხს სრული მორალური უფლება აქვს, ოცნებობდეს ჩვენგან გამოყოფაზე. ეს სიმწრით მიღწეული უფლებაა, რომელსაც მათ ვერავინ წაართმევს. ეს უნდა ვაღიაროთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე."
ალექსანდრ გელმანმა მხარი დაუჭირა „მაიდანს“ უკრაინაში და საპროტესტო აქციებს ბელარუსში 2020 წელს. თავის თანამემამულეებს კი ასე მიმართა: "ჩვენ არა გვაქვს თავისუფლების ნორმის შეგრძნების უნარი, ჩვენს სულს არა აქვს გამოცდილება, "გაუზომოს" მოცულობა თავისუფლებას. სისტემური, მყარი თავისუფლების მოსაპოვებლად შრომაა საჭირო...ის, რაც ჩვენ არ გვიყვარს, რასაც არ ვაკეთებთ."
აქ ალექსანდრ გელმანი ფაქტობრივად თავისი გმირის, ბრიგადირის სიტყვებს იმეორებს. თავისუფალ ქვეყანას მხოლოდ თავისუფალი ადამიანები ააშენებენ… თავისუფალ ქვეყანას ვერასდროს ააშენებენ პაიკები.
კალათბურთელ გიორგი ცინცაძის “არა!” შესაძლებელია არის სწორედ ის, რასაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში რობერტ სტურუამ “დასაწყისი” უწოდა.
ფორუმი