გამოძიება საქართველოს 2 და ჩინეთის 10 მოქალაქეს, პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ქალებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
ბრალდებულთა ადვოკატების მოთხოვნით, 28 აგვისტოს დანიშნული აღკვეთის ღონისძიების სხდომა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დახურა და სასამართლოს დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის, დაკავებულთა ახლობლები და ჟურნალისტები, დარბაზიდან გაუშვა.
ირმა კურტანიძის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა მოსამართლეს უთხრა:
„საქმე შეიცავს პირადი ცხოვრების შესახებ დეტალებს, საქმიანობას, ეს პირადი სახის ინფორმაციაა და ვთვლი, რომ სხდომა უნდა დაიხუროს“...
„პირადი ხასიათის შემცველი გარემოებები, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის და ვფიქრობთ, რომ დახურული სხდომა უნდა ჩატარდეს“, - დაეთანხმა მას კიდევ ერთი ადვოკატი.
რას ამბობენ ადვოკატები?
28 აგვისტოს, სხდომათა დარბაზში, საბრალდებო სკამზე 12 ქალი იჯდა. ყველა მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
სხდომის დაწყებამდე, ჩინეთის მოქალაქეების ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალების ნაწილი ადასტურებს, რომ ისინი პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები, თუმცა, ადვოკატის თქმით, ეს საქმიანობა საქართველოში სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება არ არის:
„[საქმეში] მხოლოდ ფარული მასალა არსებობს, მეტი არანაირი მტკიცებულება. არავინ არ არის საერთოდ დაკითხული საქმეში, მხოლოდ ის ფარული მასალაა და ასევე იმ ფარული მასალის განმხორციელებელი, ვინც თანამშრომლობს, ის პირია გამოკითხული. მეტი მტკიცებულება ფიზიკურად არ არსებობს. ეს არაფერს ადასტურებს. კონკრეტული სქემა ისეთი იყო, რომ რამდენიმე პირი ფართს ქირაობდა და ეს პიროვნებები თვითონვე ეწეოდნენ ამ საქმიანობას...
ეს არ არის ფართის გადაცემა, ეს არის უბრალოდ ამ საქმიანობის განხორციელება, რაც ადმინისტრაციული წესით დასჯადია და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანმა ფართი გადასცა და ამით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა", - თქვა გიორგი ყავლაშვილმა.
სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატებს კომენტარები აღარ გაუკეთებიათ.
ირმა კურტანიძის (ხატია წერეთლის) ინტერესების დამცველმა, დიმიტრი ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოდ ის თქვა, რომ რაკი მათი მოთხოვნით სხდომა დაიხურა, ისინი სასამართლოს სხდომისა და საქმის შინაარსის დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლის გადაწყვეტილებას პატიმრობის გამოყენების შესახებ, მან თქვა:
„ჩვენ დავაყენეთ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა. ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო გარკვეული თანხა. ყველა ბრალდებულის შემთხვევაში სხვადასხვა თანხა იყო, მაგრამ მოსამართლემ უარი თქვა ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. გირაოს თანხა მერყეობდა 3000-დან 20 000 ლარამდე.
ამ ეტაპზე, ყველა ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც. საქმის მასალებს უნდა გავეცნოთ კარგად. გუშინ გადმოგვეცა მასალები. ძალიან ბევრი მასალაა და ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს ვიტყვი“.
რას ამბობს გამოძიება?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
პროკურატურის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ჩინური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ.
„ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურეობას უწევენ კლიენტებს, თანხის დიდ ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორები იღებდნენ, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავალის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა“.
გამოძიების მიხედვით, ეს, ე.წ. ჩინური მასაჟის სალონები, ძირითადად მდებარეობდა მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, წინამძღვრიშვილის და დადიანის ქუჩებზე.
საქმის პროკურორი თეო გიორგაძე, წინააღმდეგი იყო, რომ 28 აგვისტოს გამართული სასამართლო სხდომა დახურულიყო:
„ჩემი აზრით, საერთოდ არ იყო საჭირო სხდომის დახურვა. ისეთი ინფორმაცია სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ გაჟღერებულა, რაც ხელყოფდა პირის პირად ცხოვრებას. დანაშაულის კატეგორიიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ეს გარემოებები ისედაც ცნობილი იყო ყველასთვის. ამ ეტაპზე, არცერთი ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ, შესაბამისად, დანაშაულსაც არ აღიარებენ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს“, - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა.
პროსტიტუცია და კანონმდებლობა
პროსტიტუცია საქართველოში რეგულირდება როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით.
სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა პროსტიტუციის ხელშეწყობა. ამ კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალის პროსტიტუციაზე დაყოლიება ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
რაც შეეხება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემას, სასჯელად განსაზღვრულია ჯარიმა ან პატიმრობა ოთხ წლამდე, გარკვეულ შემთხვევებში - ექვს წლამდე.
თავად პროსტიტუციაში მყოფი ქალების საქმიანობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ითვლება (172 ტერცია მუხლი) და სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა ეკისრებათ - შრომის ანაზღაურების ნახევარი.
პროსტიტუციის რეგულირების სამი გზა
უფლებადამცველები პროსტიტუციის რეგულაციის რამდენიმე მიმართულებას განიხილავენ:
- პროსტიტუციის დეპენალიზაცია/დეკრიმინალიზაცია
- პროსტიტუცის ლეგალიზაცია
- პროსტიტუციის აბოლიციონიზმი
პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრეები თვლიან, რომ ეს საქმიანობა გათანაბრებული უნდა იყოს სხვა სამუშაოებთან, მასზე უნდა ვრცელდებოდეს შრომის კოდექსი. პროსტიტუციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება ფემინისტთა ერთი ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაცია ნიშნავს ქალთა ექსპლუატაციისა და ჩაგვრის ნორმალიზებას.
აბოლოციონიზმი ეს პროსტიტუციის რეგულირების ისეთი ფორმაა, როდესაც ამ სამუშაოს მომხმარებელი, მყიდველი ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ხოლო პროსტიტუციაში ჩაბმული ქალი ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევა და ის იღებს ყველა იმ სერვისს, რასაც ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალები.
სწორედ ეს მოდელი მოქმედებს სკანდინავიურ ქვეყნებში და ასახავს ადამიანის უფლებებისა და ფემინისტურ მოდელს. ამ მოდელის მიხედვით, პროსტიტუცია, მათ შორის ნებაყოფლობითი, არის ქალთა მიმართ ძალადობის ფორმა და ის ყველა შემთხვევაში დასჯადია, თუმცა, ისჯება არა პროსტიტუციაში ჩართული ქალი, არამედ ამ მომსახურების მყიდველი.
უფლებადამცველი ორგანიზაციის Equality Now ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელი, თამარ დეკანოსიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა ღირებულებითი თვალსაზრისით გამართლებულია, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, ის, ამ ეტაპზე, ისევ პროსტიტუციაში მყოფ ქალებს დააზიანებს:
„აბოლიციონიზმის მინუსი შეიძლება იყოს ის, რომ ამ საქმიანობამ შესაძლოა იატაკქვეშ გადაინაცვლოს. როდესაც საქართველო ეკონომიკურად გაძლიერდება და ქალებს აღარ მოუწევთ თავის გადარჩენის მიზნით პროსტიტუციაში ჩართვა, მაშინ, შესაძლოა, ქვეყანამ ამ მოდელის შემუშავებაზეც იმსჯელოს. დღეს ამ ქალებისთვის ეს საქმიანობა, შესაძლოა, თავის გადარჩენის ერთადერთი წყარო იყოს“.
რაც შეეხება ქვეყანაში პროსტიტუციის ლეგალიზაციას, თამარ დეკანოსიძე ამბობს:
„ლეგალიზაციის წინააღმდეგი ვარ, ვეთანხმები კრიმინალიზაციის მოდელს, თუმცა, მგონია, რომ ეს ვერ დაეხმარება ჩვენს ქვეყანაში ქალებს, რომლებიც პროსტიტუციაში არიან ჩართულნი და ამ საკითხის ადვოკატირებაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან არ ვფიქრობ, რომ ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს მიდგომა ქალებს რაიმეში არგებს. თუმცა, რომ მკითხოს ვინმემ, პრინციპის დონეზე რა არის შენი ხედვაო, ჩემი ხედვა არის ის, რომ პროსტიტუცია, ეს არის ქალის ექსპლუატაციის ფორმა. ეს არის ჩემი ხედვა, მაგრამ ამ ხედვის დანერგვა საქართველოში, მგონია, რომ არ არის მიზანშეწონილი, რადგან ვერ დაეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს“.
რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, როდესაც უფლებადამცველებმა საქართველოს ხუთ რეგიონში პროსტიტუციაში ჩაბმული 30-მდე ქალი გამოჰკითხეს, აღმოჩნდა, რომ ისინი თავადვე არ იყვნენ პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრენი.
თამარ დეკანოსიძე ამის მიზეზებზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან:
„ეს ქალები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ლეგალიზება, რადგან პირველ რიგში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გადაიხადონ გადასახადები და ასევე, ისინი მიუთითებდნენ, რომ ლეგალიზების შემთხვევაში, ჩნდება რეალური საშიშროება, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება. ლეგალიზების შემთხვევაში, მათ მოუწევთ ოფიციალური რეგისტრაციის გავლა კონკრეტულ უწყებაში. ძალიან ხშირად ეს ქალები ოჯახისგან მალავენ, თუ რა გზით გამოიმუშავებენ ფულს. ანუ, გამოდის, რომ ლეგალიზების პირობებში პროსტიტუციაში ჩართული ქალები გააგრძელებენ არალეგალურ მუშაობას და ამ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ გაცილებით დიდი სანქციები, ვიდრე დღეს არსებული ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის“.
დღეს პროსტიტუცია ლეგალიზებულია გერმანიასა და ჰოლანდიაში.
2017 წელს საფრანგეთმა შემოიღო აბოლიციონიზმის მოდელი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ძირითადად საქართველოს მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს.
გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW), რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ქალთა უფლებების მიმართულებით, არ ემხრობა პროსტიტუციის ლეგალიზებას.
ამ კომიტეტმა 2023 წლის 2 მარტის შემაჯამებელი დასკვნაში საქართველოს შესახებ, გამოხატა შეშფოთება, რომ არ აქვთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა საქართველოში ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამები, რომლებიც მათ პროსტიტუციის დატოვებაში დაეხმარებათ.
კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია, მიიღოს ზომები პროსტიტუციის ექსპლოატაციის წინააღმდეგ და შეაგროვოს ინფორმაცია პროსტიტუციაში მყოფი ქალების შესახებ.
ფორუმი