17 ივლისს, უკრაინის რადამ ახალი პრემიერი (262 ხმით) და მთავრობის ნაწილობრივ განახლებული შემადგენლობა (253 ხმით) დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც, 16 ივლისს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საკუთარი მოთხოვნით გადააყენეს დენის შმიჰალი, რასაც ავტომატურად მოჰყვა ყველა მინისტრის გადადგომა.
- პრემიერ-მინისტრის პოსტზე დენის შმიჰალი მისმა პირველმა მოადგილემ, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ ჩაანაცვლა;
- თავად დენის შმიჰალი - თავდაცვის მინისტრად დასახელდა;
- ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩად იქნება წარდგენილი, ხოლო მანამდე შეასრულებს აშშ-სთან ურთიერთობებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციას;
- არ გამართლდა მოლოდინი, რომ აშშ-ში ახალ ელჩად წარდგენილი იქნებოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის კანდიდატურა.
მოსალოდნელ ცვლილებებზე ლაპარაკი უკრაინულმა მედიამ დიდი ხნის წინ დაიწყო.
პრემიერის გადაგდომამდე, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას დათანხმდა.
ტრამპის გეგმით, უკრაინისთვის მისაწოდებელი ამერიკული შეიარაღების საფასური ნატომ და ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაიხადონ. ეს სქემა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ევროპაში.
ამავე დროს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს 50 დღე მისცა - უკრაინაში ომის დასასრულებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში - სანქციებითა და ტარიფებით დაემუქრა.
პრემიერის გადადგომა, კაბინეტის შეცვლა
დადგენილება დენის შმიჰალის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის რადაში 16 ივლისს დილით დარეგისტრირდა, ხოლო დღის მეორე ნახევარში გადაწყვეტილებას უკვე ჰქონდა უკრაინელი დეპუტატების თანხმობა.
„გადმოგცემთ ქვეყანას შენარჩუნებული ფინანსური სტაბილურობით, რესურსების საკმარისი ბაზით და ყველა ჩვენი ვალდებულების 100%-იანი შესრულებით“, - თქვა შმიჰალმა 16 ივლისს, უკრაინის პარლამენტის სხდომაზე. მან მადლობა გადაუხადა უკრაინის დამცველ მებრძოლებს, პრეზიდენტ ზელენსკის, მინისტრების გუნდს, დეპუტატებს, ბიზნესმენებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დენის შმიჰალმა 15 ივლისს, ტელეგრამის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა. პრემიერის თანამდებობას ის 2020 წლიდან იკავებდა.
შმიჰალს ზელენსკი 13 ივლისს შეხვდა, „აღმასრულებელი ხელისუფლების ტრანსფორმაციასთან“ დაკავშირებული სტრატეგიული ნაბიჯების დასაგეგმად. ვარაუდობენ, რომ სწორედ მაშინ შეთანხმდა თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნაც.
“დენის შმიჰალის კოლოსალური გამოცდილება ნამდვილად სასარგებლო იქნება უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე - ზუსტად ამ სფეროშია ახლა ქვეყნის მაქსიმალური რესურსი, მაქსიმალური ამოცანები და დიდი პასუხისმგებლობა”, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 14 ივლისს.
16 ივლისს, საღამოს, პოსტიდან გადადგომის შემდეგ, დენის შმიჰალმა X-ზე გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელთან, ამჟამად კიევში მყოფ გენერალ კით კელოგთან შეხვედრის ამსახველი ფოტო და დაწერა, რომ განიხილეს შეიარაღებასთან, სანქციებთან და მშვიდობის დამყარების გზებთან დაკავშირებული საკითხები.
ტექსტში მადლიერებაა გამოხატული პრეზიდენტ ტრამპის მიმართ - Patriot-ის სისტემებთან და რაკეტებთან დაკავშირებული ნებართვების გამო. "ეს გადაწყვეტილება სიცოცხლეებს გადაარჩენს" - წერს შმიჰალი და ხაზს უსვამს ასევე, რომ უკრაინა დაინტერესებულია შეიარაღების ერთობლივად წარმოებით.
ახალი პრემიერი - იულია სვირიდენკო
14 ივლისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ მთავრობას სათავეში ჩაუდგება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი - იულია სვირიდენკო.
ეს კანდიდატურა შემთხვევითი არავისთვის იყო და მით უფრო ახლა - როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კიევს დახმარების ხელი ღიად გაუწოდა.
„სვირიდეკო სწორედ ის არის, ვისთანაც ამერიკელები მუშაობას შეძლებენ. [სკოტ] ბესენტი, ისევე როგორც ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები იცნობენ მას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ენდი ჰანდერმა, ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა კიევში. იხსენებს, რომ იულია სვირიდენკომ, მათ შორის - კარგი კომუნიკაციის უნარებით თავი გამოიჩინა "სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების" გაფორმების პროცესში.
39 წლის სვირიდენკო აქტიურად იყო ჩართული მოსამზადებელ სამუშაოებში და 2025 წლის 30 აპრილს, უკრაინის სახელით, სწორედ მან მოაწერა ხელი "სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმებას" შეერთებულ შტატებთან, აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან ერთად. ეს შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპისთვის. უკრაინის წიაღისეულის მიმართ ინტერესს ის ღიად გამოხატავდა და საკითხს ასევე განიხილავდა უკრაინისთვის რუსეთთან ომში გაწეული დახმარების ანაზღაურების გზად.
გასულ თვეში სვირიდენკო კვლავ ჩავიდა ვაშინგტონში, მაღალი რანგის დელეგაციის შემადგენლობაში და, როგორც იტყობინებიან - წარადგინა რამდენიმე კონკრეტული პროექტი, აპრილში გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში - სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.
ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა - ახალ ელჩად აშშ-ში
17 ივლისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ახალ ელჩად წარადგინა ოლჰა სტეფანიშინა - ვიცე-პრემიერი, რომელიც მთავრობაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებს უძღვებოდა.
რადგან ელჩის შეცვლის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს, ხოლო ვაშინგტონთან მჭიდრო კონტაქტი კიევისთვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ ეტაპზე სტეფანიშინა დანიშნა თავის სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-სთან ურთიერთობის საკითხებში.
სპეციალურ განკარგულებას ზელენსკიმ 17 ივლისს მოაწერა ხელი და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით შენარჩუნდება მუშაობის ტემპები. სტეფანიშინას მან მადლობა გადაუხადა შესრულებიული მასშტაბური სამუშაოსთვის.
„ბევრს მივაღწიეთ. ბოლო რამდენიმე წელიწადში ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ დავფარეთ იმაზე დიდი მანძილი, ვიდრე წინა რამდენიმე ათწლეულში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სტეფანიშინას აქვს აშშ-სთან მუშაობის გამოცდილებაც. კერძოდ, ის ჩართული იყო უკრაინის აღდგენის მიზნით შექმნილი ამერიკა-უკრაინის საინვესტიციო ფონდის ფორმირების პროცესში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლჰა სტეფანიშინა მუშაობას ასეთ საფუძველზე გააგრძელებს და სამომავლოდ, ორი ქვეყნის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები მეტი ურთიერთსასარგებლო შინაარსით შეივსება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ელჩად თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს ამზადებდნენ. აშშ-სთან უკრაინის სამხედრო თანამშრომლობის განახლების ეტაპზე, პრეზიდენტ ზელენსკის ექსპერტები ამ არჩევანსაც უწონებდნენ; თუმცა მოლოდინი აღარ გამართლდა.
ამ ეტაპისთვის ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, სად გააგრძელებს საქმიანობას ყოფილი თავდაცვის მინისტრი უმეროვი, რომელსაც მომავალ ელჩად ასახელებდნენ. მოელიან, რომ ის მომლაპარაკებლის ფუნქციას შეინარჩუნებს.
უმეროვი ხელმძღვანელობდა უკრაინის დელეგაციას რუსეთთან ტრამპის მოწოდებით გამართული მოლაპარაკებების ორ რაუნდზე; სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ გაფორმდა.
და რატომ დადგა დღის წესრიგში ელჩის გამოცვლა?
„აშშ-სთან ურთიერთობების თვალსაზრისით, ელჩის გამოცვლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ის [ელჩი] დაკავშირებულია იარაღის საწარმოში ვიზიტის ორგანიზებასთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილ ალექსეევმა, სან-დიეგოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მკვლევარმა. ის ოქსანა მარკაროვას გულისხმობს - გამოცდილ, პატივსაცემ დიპლომატად ცნობილ ელჩს - რომელმაც, 2024 წელს, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი რესპუბლიკური პარტიის განრისხება გამოიწვია.
2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ელჩმა მარკაროვამ ორგანიზება გაუკეთა პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობას იარაღის საწარმოში - პენსილვანიის შტატის ქალაქ სკრენტონში. ამ შტატში გამარჯვებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის პროცესში.
მაშინდელი პრეზიდეnტის, ჯო ბაიდენის მშობლიურ ქალაქში მდებარე საწარმოს პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატ კანონმდებლებთან ერთად სტუმრობდა. მას შემდეგ, როგორც იუწყებიან, ელჩის შეცვლის შესახებ კიევს ვაშინგტონიდან არაერთხელ მიუთითეს.
როგორ ხსნის დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს თავად პრეზიდენტი ზელენსკი?
ცვლილებების მიზანს ვოლოდიმირ ზელენსკი მეტი აქტიურობისა და მუშაობის “არსებითად განახლების” საჭიროებით ხსნის. პირველი რიგის ამოცანებად დასახელდა:
- საერთაშორისო პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების აუდიტი - “რაც მოითხოვს გადახედვას ან აქტივიზაციას”;
- უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა;
- უკრაინელების დახმარების პროგრამების გაფართოება:
- სამამულო წარმოების იარაღის წარმოების მასშტაბების გაზრდა.
ტრამპის შემობრუნება უკრაინისკენ
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს დაადასტურა, რომ ამერიკული იარაღი ნატოს გავლით მიეწოდება უკრაინას. ამ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ნატოს გენმდივანს, მარკ რუტეს ოვალურ კაბინეტში მასპინძლობდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-დან გაიგზავნება “მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება”, ნატოს გავლით მოხვდება ბრძოლის ველზე და უკრაინისთვის ხელმისაწვდომი იქნება სარაკეტო-საზენიტო სისტემა Patriot-ის 17 ბატარეა.
15 ივლისს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში გერმანიიდან უკვე გაიგზავნა Patriot-ის სარაკეტო-საზენიტო სისტემები. მას რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
წინასწარი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაპარაკია მხოლოდ ორ ბატარეაზე.
საჰაერო თავდაცვისთვის Patriot-ების მიღება კიევის უმთავრესი ამოცანაა, რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად - თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ უკრაინა მიიღებს მართლაც ძალიან დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკას - როგორც ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე რაკეტებს, საბრძოლო მასალებს.
უკრაინაში ჯერ ზუსტად არავინ არაფერი იცის. მსჯელობენ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რომ აშშ-ს გეგმაში აქვს, უკრაინას მიაწოდოს ATACMS-ისა და Tomahawk-ის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები და ასევე „ჰაერი ჰაერი“ ტიპის რაკეტები - JASSM.
15 ივლისს, ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს დაუსვეს შეკითხვა - გადასცემს თუ არა აშშ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს. პასუხი უარყოფითი იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ - მის ადმინისტრაციას ასეთი გეგმა არა აქვს.
ტრამპის განმარტებებით, ამერიკული იარაღის საფასურს გადაიხდის ნატო, ზოგიერთ შემთხვევაში კი - პირდაპირ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.
მარკ რუტემ 14 ივლისს აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს: გერმანიამ, ფინეთმა, დანიამ, შვედეთმა, ნორვეგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და კანადამ. თუმცა ღია წყაროებში ხელმისაწვდომი არ არის ზუსტი გეგმა - ვინ რამდენ შეიარაღებას და რა პერიოდში გადასცემს უკრაინას.
16 ივლისს გავრცელდა ცნობები, რომ საფრანგეთი და იტალია სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებენ - ამ პროცესში ჩართვაზე. საფრანგეთის არგუმენტია, რომ შეიარაღებას შესყიდვა ევროპელი მწარმოებლებისგანაც იქნება შესაძლებელი; ხოლო იტალია მიზეზად შესაბამისი თანხების არქონას ასახელებს - თუმცა კვლავ იღებს პასუხისმგებლობას მანამდე გაცემულ დაპირებებზე.
დონალდ ტრამპმა ბოლო დროს არაერთხელ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გარშემო მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო განცხადების თანახმად, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა მას ჯერ ისევ არ დაუსრულებია.
რუსეთის "ომის მანქანის" შემბოჭველ ზომად განიხილავენ დონალდ ტრამპის მიერ მოსკოვისთვის გამოცხადებულ 50-დღიან ულტიმატუმს - თუკი ამ ვადაში რუსეთი სისხლისღვრას არ შეწყვეტს, დაწესდება მეორადი სანქციები რუსეთთან ვაჭრობით დაკავებული ქვეყნებისთვის.
ფორუმი