5 აგვისტოს საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, უკრაინელებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ორგანიზატორი სერგეი ლარკო იყო, რომელიც უკვე ორი თვეა სარდაფში ზის. მან რუსეთის ციხეში 10 წელი გაატარა, როგორც თავად ამბობს, ცრუ ბრალდებით. გათავისუფლების შემდეგ მისი დეპორტაცია მოახდინეს. განსხვავებით სხვა უკრაინელებისგან, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან დეპორტირებული, ლარკოს უკრაინის შიდა მოხმარების პასპორტი აქვს, ამიტომ ვერ გაუგია, ბუფერულ ზონაში ამდენი ხანი რატომ გააჩერეს.
„აღარ შემეძლო ასეთი აგდებული დამოკიდებულების ატანა - ეს პირობები, დუმილი ხელისუფლების მხრიდან. თითქოს რაღაცას აკეთებენ, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება. ორი თვე აქ ვარ და არაფერი იძვრის“, - უთხრა მან „ეხო კავკაზას“.
როდესაც სერგეიმ შიმშილობა გამოაცხადა, ქართველ მესაზღვრეებს გადასცა წერილი, სადაც პროტესტის მიზეზები ეწერა: ქართველი მესაზღვრეების უკანონო ქმედება და მისი უფლებების დარღვევა. როგორც ლარკო ირწმუნება, 2025 წლის 21 ივნისს, როდესაც მას რუსეთიდან დეპორტაცია გაუკეთეს და საქართველოში ჩამოვიდა პასპორტი ჩამოართვეს და უკანონოდ აიღეს ბიომეტრიული მონაცემები.
„არაადამიანურ პირობებში მამყოფებდნენ, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალის“ სარდაფში, 97 ადამიანთან ერთად, მათ შორის შიდსით და ტუბერკულოზით დაავადებულებიც არიან. საქართველოდან გასვლაზე უარი მითხრეს, თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადება რომ დამეწერა იმაზეც, ასევე იურიდიულ დახმარებასა და გასაჩივრების შესაძლებლობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოშიმშილეებმა მოითხოვეს მათთან უკრაინის კონსული შეეშვათ. მოგვიანებით მათ „ეხო კავკაზას“ აცნობეს, რომ შეხვდნენ მას და გადაწყვიტეს შიმშილობა შეეწყვიტათ.
„მან განგვიმარტა თუ როგორ უნდა გვემოქმედა სამომავლოდ. დაგვპირდა, ორშაბათს კონკრეტულ გეგმას შემოგთავაზებთო. ვნახეთ, რომ კონსული აქტიურად მუშაობს ჩვენს საქმეზე და ეს იმედს გვაძლევს“, - უთხრეს მათ „ეხო კავკაზას“ და ისიც დაამატეს, რომ თუ რეალურად საქმე არ გაკეთდა და პროცესი გაიწელა, ორი კვირის შემდეგ შიმშილობას განაახლებენ.
„აქ თითქოს მიკროტალღურ ღუმელში ვართ. წითელმა ჯვარმა ასე თუ ისე ნორმალური ვენტილატორები მოგვიტანა. ცოტას მაინც უბერავენ. მაგრამ მაინც სულ ნესტია, ოფლიანობა, სისუსტე“, - ამბობს სერგეი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების შეკითხვაზე უპასუხა, რომ საზღვარზე დარჩენილებს ქართული მხარისთვის ოფიციალური მოთხოვნები არ წარუდგენიათ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ისინი ყოფილი პატიმრები არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან და მათი მიზანია წითელი ჯვრისა და უკრაინის საელჩოს მეშვეობით სახლებში დაბრუნდნენ.
სარდაფში არიან არა მხოლოდ ყოფილი პატიმრები, რომლებიც ხერსონის დეოკუპაციისას ძალით გადაიყვანეს რუსეთში ან თავიდანვე რუსეთში გაასამართლეს და გათავისუფლების შემდეგ საქართველოს საზღვარზე გამოუშვეს, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობდნენ და რუსული პასპორტების აღებაზე უარი თქვეს. ეს მათი დეპორტირების საბაბი გახდა. უკრაინელები ამბობენ, რომ მათ ქართულ მხარესთანაც აქვთ პრეტენზიები იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებშიც იმყოფებიან.
ფარული კრიზისი
იმას, რაც სარდაფში ხდება ლარკო ნამდვილ ტრაგედიას უწოდებს.
„აქ შშმ პირებიც არიან, დამოუკიდებლად სიარული რომ ვერ შეუძლიათ ისეთები. ჩვენ დაგვყავს, მათ შორის ტუალეტშიც. ჩვენ ვაჭმევთ, თავისით ჭამა არ შეუძლიათ. ერთი დამბლადაცემულია, სრულიად უმწეო, მასაც არაფრით ეხმარებიან. კრიტიკული სიტუაციაა. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გავძლებთ. ჯერ ცოცხალია ხალხი, მაგრამ დროის ამბავია. მგონია, რომ მალე ვინმე დაიღუპება“.
ივლისის ბოლოს უკრაინელებიდან ერთ-ერთმა პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა. ექიმებმა გადაარჩინეს, ჭრილობა გაკერეს და სარდაფში დააბრუნეს.
„ძაღლივით გაკერეს და ახლა ნაკერების მოხსნაც არ უნდათ. არ შეგვიძლია, ჰოსპიტალიზება არის საჭიროო. ამის გაკეთებას კი ვერავინ ახერხებს. ძაფები უკვე ლპება, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ. ვიღაც მორიგე ექიმები მოდიან, თუმცა, არაფერს აკეთებენ. მოვლენ, დაგვენახებიან და წავლენ“, - ამბობს ლარკო და ისევ იქ არსებულ პირობებზე ჰყვება - ანტისანიტარია, დამტვრეული საპირფარეშო, „დაბანა პირდაპირ უნიტაზზე გიწევს“. ირწმუნება, რომ ორი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.
ივლისის ბოლოს საქართველოს შსს-მ პირობა დადო, რომ სათანადოდ მოაწყობდა განთავსების სივრცეს მსგავსი ადამიანებისთვის. 300 ათასი ლარი გამოიყო. მაგრამ არც ვადაა ცნობილი და არც რამე დეტალი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. დღემდე ათობით ადამიანისთვის სარდაფი ერთადერთ „ბინად“ რჩება.
„ჩვენთან არავინ ურთიერთობს, არც თანამშრომლები, არც სხვა ვინმე. ვართ, როგორც ცხოველები ფარეხში: არ გვამჩნევენ, არავითარი დიალოგი. მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ჩვენს საკითხს უკრაინა წყვეტს. კონკრეტულად რას წყვეტენ დღემდე ვერ გავიგე“.
საელჩოს წარმომადგენლის ვიზიტი
7 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა შიმშილობა გამოაცხადეს, იქ მივიდა საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ანდრეი ბილიკი. მოშიმშილეები მასთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. ბილიკთან სასაუბროდ ცალკე კაბინეტში ოთხო მოშიმშილე გაიყვანეს. როგორც ლარკო ამბობს, საუბარი არ გამოუვიდათ.
„ეხო კავკაზა“ გეგმავდა დალაპარაკებოდა კიდევ ერთ უკრაინელს კრივოი როგის მკვიდრს ალექსანდრეს. 10 წლის წინ მან ოკუპირებულ იალტაში უკრაინის დროშა აღმართა. ამის გამო რუსმა ძალოვნებმა დააკავეს. საბოლოოდ ის კრასნოდართან მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხვდა.
სერგეი დაგვპირდა, რომ ალექსანდრეს მოგვიანებით დაგვალაპარაკებდა, ახლა ისვენებსო. არა იმიტომ, რომ დაიღალა, არამედ სარდაფის პირობებში „დასვენება“ დაძინების შანს გულისხმობს. ადგილები ძალიან ცოტაა და ნებისმიერ თავისუფალ სივრცეს დასაძინებლად იყენებენ. სანამ ხელისუფლებების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხალხს ცვლაში სძინავს.
გადაწყვეტილების მოლოდინში
რუსეთი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უშვებს ყოფილ უკრაინელ პატიმრებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ოკუპაციის შემდეგ რუსული პასპორტების აღებაზე უარი განაცხადეს. უკრაინელი სამართალდამცველები დეპორტირებულების რაოდენობის ზრდას ვლადიმერ პუტინის ბრძანებას უკავშირებენ, რომლის თანახმადაც უკრაინელებმა ან რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან რუსეთი 2025 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ უმრავლესობა მძიმე დანაშაულისთვის იყო გასამართლებული და საზღვრის კვეთისთვის საჭირო საბუთები არ გააჩნიათ, და რომ მათი ქვეყანაში შემოსვლა „საფრთხის შემცველია“.
ამჯერად მოლდოვა პრაქტიკულად ერთადერთი ტრანზიტული ქვეყანაა საქართველოს შემდეგ, რომლის გავლით დეპორტირებულებს რუსეთიდან უკრაინაში მოხვედრა შეუძლიათ, მათ შორის „თეთრი პასპორტის“ მეშვეობითაც. მაგრამ ივლისის დასაწყისში ადამიანის უფლებათა პროექტის APUS-ის მონაცემებით, მოლდოვა აღარ უშვებს უკრაინელებს, რომლებსაც ვადაგასული დოკუმენტები აქვთ ან ნასამართლევები არიან.
20 ივლისს საქართველოს შსს-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას თავისი მოქალაქეების დაბრუნების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირება. მაგრამ მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
19 ივლისს ზემო ლარსზე შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგას და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ განაცხადეს, რომ დიპლომატები უკრაინის მოქალაქეების გადაყვანის საკითხზე მუშაობენ.
3 აგვისტოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის უკრაინულმა ცენტრმა უარყო მოსკოვის ინფორმაცია, რომ უკრაინამ უარი თქვა საქართველოს საზღვრიდან უკრაინის 90 მოქალაქის მიღებაზე. კიევში ხაზი გაუსვეს, რომ თავიანთი მოქალაქეების დასაბრუნებლად სისტემურად მუშაობენ.
მანამდე რუსეთ-საქართველოს საზღვრებს შორის ჩარჩენილებს ჰუმანიტარულ დახმარებას მოხალისეები აწვდიან. ქართველი უფლებადამცველებისა და თავად უკრაინელების თქმით, იქ ხალხს ხელი არ მიუწვდებათ არც სამედიცინო დახმარებაზე, არც - საკვებზე, რაც ქმნის ისეთ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შესაძლო ლეტალური შედეგითაც დასრულდეს.
ფორუმი