შოთა ქარუმიძე უკვე თავადაც ბრალდებულია. ის ბაჩიაშვილის სხდომაზე საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა მიიყვანეს. მან ისაუბრა გიორგი ბაჩიაშვილის გაცნობის დეტალებზე, ოპერაციის დაგეგმვასა და გასამრჯელოზე.
ეს მასალა ეყრდნობა მოწმის ჩვენებას - სასამართლო სხდომაზე მონაყოლს.
როგორ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილმა მძღოლი?
შოთა ქარუმიძე ტაქსის მძღოლად მუშაობით ირჩენდა თავს, გიორგი ბაჩიაშვილი კი გააცნო მეგობარმა, დავით გელიაშვილმა, რომელიც სხვა დროსაც ეხმარებოდა, „შეკვეთებს უზიარებდა“. ქარუმიძე და გელიაშვილი ერთმანეთს საპატიმროდან იცნობენ, ერთ საკანში ისხდნენ.
„ერთხელ მითხრა, რომ მეგობარმა დახმარება სთხოვა, თუ ჰყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც მანქანით გადაზიდვებში დაეხმარებოდა. დავთანხმდი. პირველად „პაკრიშკები“ მივიტანე, როდესაც მოხდა ბატონი გიორგის გაცნობა...
მეორედაც დამირეკა ბატონმა გიორგიმ. რაღაც ნივთები უნდა წამეღო და მითხრა, მეც გამოგყვებიო. მანქანაში საუბრის დროს ჩემს ფინანსურ პრობლემებზეც ვილაპარაკეთ, რაზედაც დახმარება შემომთავაზა. თავიდან უარი ვთქვი.
ბოლოს ისე მოხდა, რომ რაღაც საქმე მინდა შემოგთავაზოო - პოლიტიკურად დევნილი ადამიანია და თუ შეგიძლია საქართველოს საზღვრიდან გადაიყვანოო... თუ თანახმა იქნები, თანხა რამდენი გენდომებაო - ვიფიქრე და 30 ათასი დოლარი ვუთხარი“.
მოწმის თქმით, ბაჩიაშვილმა მოსაფიქრებლად ორი-სამი დღე მისცა. ბოლოს კი დათანხმდა.
დაფარული კომუნიკაცია
ტაქსის მძღოლი ჰყვება, რომ შეთანხმების შემდეგ ბაჩიაშვილი მას კიდევ ერთხელ შეხვდა და გადასცა „გუგლის ტელეფონი“, რომელიც თანამგზავრს იყენებდა კომუნიკაციაში:
„თვითონ ბატონმა გიორგიმ ამიხსნა, რომ ამ ტელეფონს არ სჭირდებოდა SIM-კარტა. ჩვენი კონტაქტი იქნებოდა მხოლოდ ამ ტელეფონით, რომ არ ყოფილიყო მოსმენა“.
ახალი ავტომობილი
შოთა ქარუმიძეს პირადი ავტომობილი არ ჰყავდა - დაქირავებულით კი საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა.
„ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომ მანქანას ვიყიდით და შენს სახელზე გაფორმდებაო... მომცა თანხა მანქანის შესასყიდად. შევისყიდე „ქამრი“. სათვალთვალო კამერა დავაყენეთ [ვიდეორეგისტრატორი]...“
როგორ ემზადებოდნენ ქვეყნის დასატოვებლად
მძღოლი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის სომხეთში გადაყვანამდე საქართველო-სომხეთის საზღვარს ხშირად კვეთდა - ვიდეორეგისტრატორის დაყენების მიზანი კი ამ გზის შესწავლა იყო:
„[სანამ გადავიყვანდი] საზღვარზე დავდიოდი აქეთ-იქით, რომ შეგვესწავლა ის გამშვები პუნქტი როგორ მუშაობდა - ჩხრეკდნენ თუ არა.
შევთანხმდით, რომ ხშირად უნდა მევლო. ტურისტებზეც ვმუშაობდი. მითხრა, თუ იქნება ვინმე, რომ გადაიყვანო და გადმოიყვანო, არ არის მაგის პრობლემაო. რაც უფრო ხშირად გადახვალ და გადმოხვალ, უკეთესიაო. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რამდენჯერ გადავედი, ალბათ, 10-ზე მეტჯერ“.
საქართველოდან სომხეთში გადასვლაში და უკან დაბრუნებაში მძღოლი დამატებით ანაზღაურებას იღებდა:
„მე რომ ჩამოვდიოდი, მანქანას ვაჩერებდი. მეორე გასაღები ხომ ჰქონდა. მიდიოდა, კამერას იღებდა... და გადასვლა-გადმოსვლისთვის საჭირო ხარჯს მიტოვებდა მანქანაში...
ადგილი გვქონდა შერჩეული ჩემს სახლთან ახლოს, ავლაბარში. მეც რომ გამოვსულიყავი და ახლოს ყოფილიყო მანქანა“.
სომხეთში გადაყვანა
მძღოლი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მას 28 თებერვალს სომხეთში ყოფნის დროს შეეხმიანა და თბილისში დაბრუნება სთხოვა.
„არ ვიცოდი, რომ ბატონი გიორგი უნდა გადამეყვანა. რომ დამიჯდა მანქანაში, მითხრა მე მოვდივარო. ეჭვი კი მქონდა, რომ თვითონ იქნებოდა. გამიხარდა, რომ სხვა არ იყო“.
მოწმის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი სპეციალურად მოწყობილ სამალავში მცირე პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა:
„რომ მივედით სომხეთის საზღვართან, სადახლოში, იქ გადავიდა სამალავში - ასე გავიარე საქართველოს მხრიდან საზღვარი. მოხვდა დათვალიერება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ნახეს...
ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადმოვიდა სამალავიდან და სომხეთში გაიარა ოფიციალურად საზღვარი“.
სად იყო სამალავი მოწყობილი
საქმის მთავარი მოწმე ამბობს, რომ ავტომობილში სამალავის მოწყობის შესახებ სომხეთში ბაჩიაშვილის გადაყვანის დღეს შეიტყო, როცა სადახლოს მიუახლოვდნენ:
„უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის იყო მოწყობილი. სოფელი სადახლოს შესასვლელში გადავიდა - ავტომობილიდან არ გადმოსულა, უკანა სავარძელი გადმოწია და გადავიდა და მოიკეტა...
ყოველ გადასვლაზე ეგრე მამოწმებდნენ: უკანა კარს მაღებინებდნენ, სავარძელზე იყო თუ არა რამე და საბარგულსაც მახსნევინებდნენ...“
დამშვიდობება
შოთა ქარუმიძის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი ერევანში, აეროპორტში მიიყვანა:
„რომ ვემშვიდობებოდით [თანხა] გადმომცა. ტელეფონი დავუბრუნე“.
- გიორგი ბაჩიაშვილმა, - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტი“, რომელსაც იგი ერთ მილიარდამდე ღირებულების კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა, - მარტის დასაწყისში მალულად დატოვა ქვეყანა. ის, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა;
- ქვეყნის დატოვებიდან რამდენიმე დღეში, 10 მარტს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრიპტოვალუტის საქმეზე“, რომელშიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი იკვეთება, მას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა;
- სამ თვეზე ნაკლებ ხანში, 27 მაისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს - მას შემდეგ, რაც „26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ [ბაჩიაშვილი] წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“;
- გიორგი ბაჩიაშვილმა 29 მაისს სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის გაიტაცეს და „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტით დააბრუნეს საქართველოში.
ფორუმი